ჩვენს საზოგადოებაში, გნებავთ, სახელმწიფოში, დიდია „სასარგებლო იდიოტების" ხვედრითი წილი, რომლებიც ვერასოდეს ათვითცნობიერებენ სახელმწიფოებრივ საფრთხეებს. მათ ჰიბრიდულ ომზე, მის შედეგებზე მეტად რომელიმე სახლის სახურავიდან გადმოვარდნილი აგურის უფრო ეშინიათ. ამ დამოკიდებულების შედეგი ის არის, რომ საზოგადოებაში, სახელმწიფოს მოქალაქეებში, სამშობლო, სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა ნიველირდება. მასის, გნებავთ, ელექტორალური მასის მთავარი მოტივატორი კი კვება და ჩეჩმა ხდება.
ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემ მიერ გაჟღერებული ფორმულის _ „გაიტანეთ რუსეთი საჯარო პოლიტიკიდან" _ მართებულობაში. მაგრამ ისიც მესმის, რომ ქართული პოლიტიკური კლასისთვის ამ ფორმულის ნგრევა სასურველი არ არის, რადგან ეს ოპონენტებთან ბრძოლის ადვილი გზაა. თუმცა ეს კლასი ვერ ხვდება, აღნიშნული ფორმულის მეშვეობით როგორ აზიანებს სახელმწიფოს და როგორ დაჰყავს ქართული პოლიტიკა „კვება-ჩეჩმის" პოლიტიკამდე (სოციალურ პრობლემატიკაში არ აურიოთ).
ძალიან მარტივი დაკვირვება: აბა, ოდნავ დავძაბოთ მეხსიერება და გავიხსენოთ, არსებობდა დამოუკიდებლობის განმავლობაში რომელიმე ლიდერი და პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსულ ტალახში არ აგორავეს ოპონენტებმა? თვით გამსახურდიაც კი, რომელიც პუტჩის მხარდამჭერად გამოცხადდა და მოგვიანებით მისი გროზნოდან დაბრუნება რუსულ პროექტად შეფასდა? შევარდნაძეზე არც ღირს საუბარი, თუმცა ყველა ცოდვის მიუხედავად, არავის სურს ჯიუტად გაიხსენოს სტამბოლის ისტორიული სამიტი, რომელმაც რეალურად განსაზღვრა ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანი. სააკაშვილს ხომ „კგბ"-ს ჯარებში მსახურობიდან დაწყებული, ბიძამისის რუსული კავშირებით დასრულებული, რუსეთთან პოლიტიკური ფლირტის ყველა ცოდვა აჰკიდეს ოპონენტებმა. რაც ხდება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ, ამას გადასარევად ვხედავთ ახლა.
ქართული ხელისუფლებებისთვის „პრორუსულის" იარლიყად მიკერება პოლიტიკური გაიძვერობაა, რომელიც კარგად იყიდება, მაგრამ რომელიც ძალიან აზიანებს სახელმწიფოს. ჩვენ არ ვართ ისრაელი, უფრო სწორად, აშშ-ისთვის არ ვართ იმავე გეოპოლიტიკური ღირებულების, როგორც ისრაელი, რომ მან ჩვენ გამო ღია სამხედრო მოქმედებები დაიწყოს და ყველაფერში მართალი აღმოვჩნდეთ, როგორც ძლიერის მეგობარი. დამოუკიდებლობის განმავლობაში, რუსეთთან მიმართებით, საჯაროდ გვქონდა ოთხი განსხვავებული სტრატეგიული მიდგომა: რადიკალური (გამსახურდია), ლოიალური (შევარდნაძე), რეაქციული (სააკაშვილი), მთვლემარე (ივანიშვილი). სამი სტრატეგიის პირობებში დავკარგეთ ტერიტორიები და თან საომარი მოქმედებებით, მეოთხე სტრატეგიის პირობებშიც ვკარგავთ, მაგრამ უომრად. აქ დამოკიდებულება პროცესისადმი არის ორგვარი: „ჩვენ ვიომეთ და ისე დავკარგეთ!", „თუ კარგავ, გმირულად მაინც დაკარგე!" არ დავიწყებ ამ დამოკიდებულებების არსობრივი იდიოტიზმის ახსნას, რადგან ორივე მცდარია. მით უფრო, პირველი, რომლის უკან ასობით კუბო ჩანს ნათლად. ამ დროს ხომ ჩვენ გვავიწყდება, რომ პოლიტიკაში, მით უფრო ისეთი მოწყვლადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უმნიშვნელოვანესია პრაგმატიზმი. უმნიშვნელოვანესია მშვიდობა და არა _ ომი. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ისრაელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც აზერბაიჯანი, რომელსაც მოკავშირედ თურქეთი ჰყავს. კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა ხდება რეგიონში: თურქეთი იომებს აზერბაიჯანისთვის; რუსეთი იომებს სომხეთისთვის (ეგეც საკითხავია საქმე საქმეზე რომ მიდგეს), მაგრამ საქართველოსთვის არავინ იომებს!
ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ემოცია და ვითარების სიმწვავე, შინაგანი ბოღმა, გარდასულ დღეთა მოგონებები გეუბნება: „თუ კარგავ, გმირულად მაინც დაკარგე!" მით უფრო, რომ ძალიან არ გინდა, ქვეყნის მოღალატე და „რუსეთუმე" გერქვას. ამ დროს ხომ არავის ახსოვს, თუნდაც, ისტორია _ რა ხდებოდა მანამ, სანამ გიორგი ბრწყინვალე „ბრწყინვალე" გახდებოდა. დიახ, ეს არ ახსოვდათ არც გამსახურდიას, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის ოპონენტებს და რატომ უნდა ახსოვდეთ ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს, როდესაც ხელისუფლებისგან „გმირობას" ითხოვ, განა სხვა რამეს?
რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება უფრო უკეთ, უფრო წარმატებულად და, ამ მხრივ, ვერც ერთ ხელისუფლებაზე იტყვი, რომ მას არ შეეშალა, რამე არ დააკლო. ნებისმიერი ხელისუფლების ოპონენტი ხომ მშვიდობას კი არა, ომს ითხოვს _ რუსეთის პრეზიდენტების (ელცინი, პუტინი, მედვედევი, პუტინი) დამხობას კი არა _ რუსეთის დაშლა-განადგურებას ითხოვენ მოქმედი ხელისუფლებებისგან. ღიად რომ არ საუბრობენ, იმას კი არ ნიშნავს, რომ გამსახურდია-შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილისგან სოჭის დაბრუნებასაც არ ითხოვდნენ და ითხოვენ. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ყოველი ხელისუფლების ოპონენტმა იცის, რომ არც ერთი ხელისუფლება საქართველოში არ ყოფილა და ვერც მომავალში იქნება რუსების მონა და ვასალი. უბრალოდ, თემაა, ერთი შეხედვით, კარგი, მაგრამ შინაარსობრივად _ დამაზიანებელი.
აქვე, როცა დამაზიანებელზე ვსაუბრობ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ყველა, უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ბრალს სდებდა და სდებს ხელისუფლებებს „პრორუსულობაში", კონკრეტული პროცესის დროს, თავად თანამშრომლობდა „მეხუთე კოლონასთან", აძლიერებდა რუსეთის მთავარ იდეოლოგიურ დასაყრდენს ქვეყანაში _ საპატრიარქოს და წითელ ინტელიგენციას, მათ ნაშიერ-მემკვიდრეებს და ხელისუფლებაში ყოფნისას ვერც ერთმა გაბედა მიეღო ლუსტრაციის კანონი. ხელისუფლებების „პრორუსულობის", ანუ როგორც ჟურნალისტმა და ისტორიკოსმა დათო გამცემლიძემ შენიშნა, „ანტიეროვნულობისა" და ჩემგან დავამატებ _ „ანტისახელმწიფოებრიობის" თემა კარგად იყიდება, მაგრამ, რეალურად, ბლეფია, რადგან დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია „პრორუსული", „ანტიეროვნული" ხელისუფლებები. აი, მითხარით, როგორ უნდა აეხსნა ზვიად გამსახურდიას საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ მეხუთე კოლონა აბრალებდა რუსეთუმეობას? როგორ უნდა აეხსნა, რომ მისი ამომრჩეველი ვერ ხედავდა მისი ცხოვრების საზრისს _ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას? როგორ აეხსნა შევარდნაძეს, რომ რუსეთი მისთვის იყო საშუალება და თუ პიროვნულ ამბიციებამდე დავალთ, მისთვის, რუსეთის პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებული პერსონისთვის, ცხადად იყო გასაგები, შეიძლება თუ არა კრემლის ნდობა და პარტნიორად იგივე ბეიკერი, გენშერი, ანუ დასავლეთი მიაჩნდა. მიუხედავად უამრავი ცოდვისა, თუ გნებავთ, დანაშაულისა, სწორედ მან არ განსაზღვრა საქართველოს პროდასავლური კურსი? როგორ უნდა აეხსნა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ მისი პოლიტიკური შემართება, გნებავთ, „სულსწრაფობა" _ სახელმწიფოს მშენებლობისა და წარმატების უკიდეგანო წყურვილს ემყარებოდა? რომ იგი ქართველი ლი ჰუანის სიმბოლოს ქმნიდა, რომელსაც ყველა ფრონტზე ერთბაშად სურდა გამარჯვება. ამ ბრძოლაში კი რუსეთი მისთვისაც საშუალება იყო მტრის ხატის ფორმირებისთვის, ხოლო ენგურჰესის რუსებისთვის მართვაში გადაცემა (სხვა ბრალდებებს რომ თავი დავანებოთ) გარდაუვალი აუცილებლობა, რომელიც საჯარო ახსნის სფერო არ არის, მაგრამ მშვენიერი „აქტია" მისი რუსეთუმეობაში დასადანაშაულებლად. როგორ ახსნას ივანიშვილმა, რომ მისთვის, როგორც მენტალურად ბიზნესმენისთვის, მნიშვნელოვანია მშვიდობა და სრულიად არარელევანტურია მისი პოლიტიკის შედარება დათვისთვის ბაბაიას დაძახების „ამბავთან". მისი პოლიტიკის არსია: „Не тронь говно - вонять не будет"!
იცით, რა სარგებლობა მოქვს რუსეთისთვის ქართველი „სასარგებლო იდიოტების" სიბრმავეს _ ჰიბრიდული ომის დაუნახავობასა და წინა პლანზე პირადი პოლიტიკური ამბიციების წამოწევას? რუსეთის სპეცსამსახურებმა და დიპლომატებმა კარგად იციან, რომ ადამიანებს ჯაბნიან არა მტრები, არამედ შიშები. ამიტომ, როდესაც ქართული პოლიტიკური კლასის ერთი ნაწილი ბრალს სდებს ხოლმე ხელისუფლებებს „პრორუსულობაში", ამით გაუცხოვებასა და ბრძოლისუნარიანობას კი არ ამაღლებს, _ პირიქით! ადამიანებს უჩნდებათ განცდა, როგორ ხდება, რომ საბოლოოდ ყველა ხელისუფლება რუსეთის მსახურია? ანუ რუსეთი ძალიან მაგარია, ძლიერია და შიში იმისა, რომ ძლიერთან შესაძლოა, დამარცხდე, თუნდაც, გმირულად, გმირობის ელემენტს ანიველირებს, აჩლუნგებს. გმირობის არსი საბოლოოდ გამარჯვებაა. გმირობა და სიმამაცე ერთმანეთში არ ავურიოთ, ნურც სიმამაცეში ავურევთ სიშლეგეს. ანუ ადამიანები იწყებენ ფიქრს: თუ ის _ რუსეთი _ ყოველთვის გვჯაბნის, რისთვის ვიომო, რისთვის ვიბრძოლო? ჩათრევას ჩაყოლა ხომ არ სჯობს? მით უფრო, რომ ლიდერი, რომელსაც ვენდობი, თურმე, პრორუსი ყოფილა. არ არის ეს რუსეთისთვის გაკეთებული საქმე? ამ განცდის შედეგი ხომ არ გახლავთ სხვადასხვა სოცკვლევის შედეგები საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიის მქონეთა, ისევე როგორც სახელმწიფოს ნომერ პირველი საფრთხის _ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილთა რაოდენობის ზრდა?
ჩვენ გვჯაბნიან არა მტრები, არამედ ჩვენი შიშები... ადამიანებთან ბრძოლა ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე შიშთან შერკინება და მასზე გამარჯვება
ან კიდევ როგორი განცდაა მუდმივად იმის მტკიცება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოს „პრორუსული" ხელისუფლებები ჰყავს?
აი, „მე", ამერიკელი ან ევროპელი პოლიტიკოსი, ვზივარ და ვფიქრობ, _ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ეს სახელმწიფო და მისი მოსახლეობა გადავარჩინე შიმშილს, ამოვიყვანე სამოქალაქო ომის „ნარჩენებიდან", გადავარჩინე 2008 წელს, ვაძლევ დახმარებებს, განათლების უფლებას, ვახორციელებ ინვესტიციას მის ეკონომიკაში და ესენი ყოველ ჯერზე ირჩევენ თითქოს პროდასავლურ და ბოლოს აღმოჩნდება, რომ პრორუსულ, ანუ ანტიეროვნულ ძალებს. 2018 წელს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც პრეზიდენტობის კანდიდატად ჰყავდა პრორუსი პერსონა (ეს ხომ მოვახერხეთ, რომ ამ ნარატივს ეცოცხლა)... ვინ არიან ესენი და რატომ უნდა დავეხმარო ან დავახარჯო ამათ განვითარებას რამე სახის რესურსი? და არის შესაძლებელი თუ არა, ერთ დღესაც „თქვან", _ წავიდნენ, ამათი დედაც... ჰო, ამერიკაშიც იგინებიან... ამიტომ, როცა ვამბობ, მაქსიმალურად ფრთხილები უნდა ვიყოთ შეფასებებში რუსული ნარატივით, ამის წინაპირობა არის რიცხვები და/ან ნარატივის ფსიქოლოგიური გავლენა მასაზე.
ვიმეორებ: ჩვენ ხომ ძალიან ხშირად გვავიწყდება, ჰიბრიდული ომის პირობებში რომ ვცხოვრობთ, „სასარგებლო იდიოტებიც" ბლომად გვყავს და არც იმის გახსენება გვინდა, 2008 წლის აგვისტოში 80 კმ.-ში ომი მიდიოდა, მტკვრის ორივე სანაპიროს გასწვრივ მდებარე რესტორნები კი გადაჭედილი გახლდათ მოქეიფე ქართველებით და რუსული ჰანგებიც ბლომად ისმოდა. სწორედ იმ წუთებში კი ანწუხელიძესა და მის თანამებრძოლებს აწამებდნენ და კლავდნენ...
ჰკითხეთ ფსიქოლოგებს, რა ეფექტი აქვს ამ „პრორუსულის" კულტივირებას იმ მასისთვის, რომელიც ხან ბრძენი გგონიათ და ხან 5 კგ. კარტოფილზე გაყიდულები. ეგენი არ წყვეტენ, საბოლოოდ, არჩევნების ბედს? და ბარემ, ეს თემა რომ ამოვწურო, საქართველოში ვერასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც მის დასავლურ კურსს შეცვლის.
ამიტომ პრორუსული _ ანუ „ანტიეროვნული კურსი" რომ ჰქონდეს რომელიმე ხელისუფლებას, პოლიტიკური ხელოვნება იმას მოითხოვს, ეს კურსი სწორ კალაპოტში მოაქციო და არა იმას, რომ „რწმენაში განამტკიცო" „37 მანეთიანი ტრავმის მატარებელი" მოსახლეობა.
დიახ, კვლავ და კვლავ დაბეჯითებით ვიმეორებ: უნდა გავიტანოთ რუსული თემა ქართული პოლიტიკური დისკურსიდან. უფრო სწორად, უნდა დავასრულოთ ხელისუფლებების დადანაშაულება „პრორუსულობაში". ეს აჩლუნგებს საფრთხის განცდას, ეს აგუებს მოსახლეობას იმასთან, რომ ჩვენ მუდმივად _ ყველა ხელისუფლების პირობებში _ ვრჩებით რუსული გავლენის სფეროდ. ყველაზე მთავარი: ეს აგუებს მოსახლეობას იმას, რომ რუსეთი მუდამ „აქ" არის და ეს შეგუება ცვლის მის პრიორიტეტს, მის მსოფლმხედველობას, რომელიც მოქალაქეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლად კი არა, კუჭის მონად და ჩეჩმის მსახურად აქცევს.
ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი