გეგა სილაგავა
პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო საჯარო თავდაჯერებულობა და რიხი: „ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს!" _ პირველ რიგში, სურვილია და მხოლოდ ნაწილობრივ ეყრდნობა პრაგმატიზმსა და არგუმენტებს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ რიგ შემთხვევაში არანაირი პრაგმატიზმი, არგუმენტები, ლოგიკა, კვლევები არ იძლევა საფუძველს, რომ ამ ფრაზის წარმომთქმელი პოლიტიკური ლიდერი სიმართლეს ეუბნება ამომრჩეველს. ტელეეკრანთან მყოფი ამომრჩეველი კი, რომელიც შესაძლოა, სულაც ამ ლიდერის ოჯახის წევრი იყოს, სინანულით გააქნევს თავს და სხვა არხზე გადართავს. განა იმიტომ, რომ თავად არ აპირებს ოჯახის წევრის მხარდაჭერას, ზუსტად იცის _ იმ სადარბაზოში ან ქუჩაზე, სადაც ცხოვრობს, ლიდერს ორი ადამიანი არ დაუჭერს მხარს.
პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დიახაც, სჭირდებათ თავდაჯერებულობა, საკუთარი მხარდამჭერების რწმენაში განმტკიცება, მათი მობილიზება, მაგრამ პოლიტიკის საჯარო ნაწილი სულაც არ გახლავთ „რა მინდა მე", პოლიტიკის საჯარო ნაწილია _ „რა უნდა ხალხს"... და ამ პროცესში თითოეულ სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ძალას უპირატესობას სძენს რეალობის აღქმა და ამის სწორად ტრანსლირება. ქართული ოპოზიციის შემთხვევაში, როდესაც მას ჰყავს რიცხვებში ასახული მყარი ელექტორატი, მისი ამოცანა უნდა იყოს მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა (ამ შემთხვევაში თავი დავანებოთ იმ მოცემულობას, რომ პოლიტიკური პარტიები _ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია _ პოლიტიკური პროგრამებით ჯერ-ჯერობით არ პოზიციონირებენ და ახალი იდეებით ვერ ახერხებენ მომხრეების რიგების ზრდას), მაგრამ როგორ? 2012 წლის შემდეგ, უფრო სწორად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია მუდმივად აცხადებს, რომ დაამარცხებს „ქართულ ოცნებას", ანუ აცხადებს: „ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს". ცალკე საკითხია კიდევ ერთი გაცვეთილი სლოგანი: „ჩვენ დავიცავთ ხმებს". არჩევნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ოპოზიციამ ვერ მოიგო. თან დააკვირდით, _ სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისმის ხოლმე განცხადებები, რომ არჩვენები გაყალბდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ ხმები დაიცვეს და ისე დამარცხდნენ. ცალკე საკითხია საარჩვენო გარემოს, უფრო ზუსტად, ადმინისტრაციული რესურის, თემა, უშუალოდ არჩვენების დღისთვის კი კოორდინატორებზე აპელირება. რეალურად, არც ერთი და არც მეორე ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. ოპოზიციამ და ყოფილმა ხელისუფლებამ უნდა გაიხსენოს, რომ ადმინრესურსი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი და მეტიც, 2012 წელს, როდესაც ადმინრესურსსაც „მოსწყინდა" ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა, მათ სპეცუბნებზეც კი წააგეს არჩევნები. კიდევ ერთი მომენტი: ადმინრესურსი სულაც არ გახლავთ ყბადაღებული 25%, რეალურად ეს განწყობებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით 8-10%-ია, მაქსიმუმ. ამიტომ „ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს!" _ დღევანდელ პირობებში საკმაოდ არაპოპულარული სლოგანია და რაც მთავარია _ არადამაჯერებელი.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: ამის შესახებ ვწერ და ვსაუბრობ ბოლო წლებია და, სამწუხაროდ, ეს მოცემულობა არ იცვლება. ანუ ოპოზიცია აცხადებს, რომ ის დაამარცხებს ივანიშვილს. გთხოვთ, დააკვირდეთ, _ დაამარცხებს ივანიშვილს! უფრო იშვიათად ისმის ფრაზა: „დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას". ამას მოყვება ხოლმე განმარტებები, რომ ამის შემდეგ უამრავ თემაზე შეთანხმდებიან, რომ აუცილებელია, პირველ რიგში, „ჭირის", „მაოხრებელი გზირის" დამარცხება. და ვინმეს აქვს გაანალიზებული, რას კარნახობს ქვეცნობიერი ამ ფრაზების მოსმენის შემდეგ ამომრჩეველს? როგორც იტყვიან, ფერი ფერსო და აბა, სხვაგვარად როგორ იქნება, ოპოზიციასა და არა ამომრჩეველს მისსავე ენაზე არ ესაუბროს ხელისუფლება _ „ქართული ოცნებაც" არჩევნებში „ნაცმოძრაობისა" და ოპოზიციის დამარცხებას აპირებს. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ამოცანა არასწორად აქვს გააზრებული და მით უფრო, მათ მხარდამჭერებს. ვინმეს დამარცხებით აშენდება ქვეყანა? იმის გამო, რომ პოლიტკურ ძალებს არ სურთ ზედმეტად აიტკივონ თავი ზემოთ ნახსენები პროგრამებით, დაპირებებით და სწორად განსაზღვრონ საკუთარი სტრატეგია, ძალიან მარტივია ამომრჩევლის, განსაკუთრებით მხარდამჭერების ემოციებით მანიპულირება _ „დავამარცხებთ"! ანუ იმის დემონსტრირება, რომ თვითონ ძლიერია, მისი მოწინააღმდეგე კი _ სუსტი. პოლიტიკურ სუბიექტებს არ სურთ, ხოლო მხარდამჭერები ვერ ხვდებიან, რომ ამოცანა, მიზანი უნდა იყოს გამარჯვება სახელმწიფოს ძლიერებისთვის და არა ვინმეს დამარცხება.
ახლა რაც შეეხება „ქართულ ოცნებას": დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „ოცნების" დარად შეძლო ამდენი თვითდაზიანება მიეყენებინა საკუთარი თავისთვის. ყველაფრის გათვალისწინებით, რადგან ეს ძალა მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკურ სცენაზე მთავარი აქტორია, ზედმეტი ფიქრი და განსჯა არ სჭირდება იმას, რომ მისი თვითგადარჩენის უზრუნველმყოფელი უმთავრესი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია. ამიტომ, როდესაც თავად ივანიშვილის მწირ უნარებზე საუბრობენ პოლიტიკოსები და სწამთ, სჯერათ საკუთარი მოსაზრებების _ ისინი ცდებიან. ივანიშვილის უნარების წაკითხვა და მათი სწორად შეფასება ამ დრომდე ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა თუ ინდივიდმა ვერ შეძლო. სხვა შემთხვევაში ახლა კი არა, ჯერ კიდევ, გუშინ „ოცნება" უიმედო მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო რეანიმაციაში, უგონოდ და თან ხელოვნურ სუნთქვაზე.
და მაინც, „ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს!" „ქართული ოცნების" შემთხვევაშიც სულაც არ ემყარება გამართულ პარტიულ სტრუქტურებს, იდეოლოგიას, რომლის დეკლარირება ამ გუნდმა ვერა და ვერ მოახერხა. მათი ღირებულებები და მისწრაფებები, რომელიც იმდენადაა ერთმანეთში არეული თუნდაც ყველაზე ოდიოზური ფიგურების _ ირაკლი კობახიძისა და გია ვოლსკის _ პიროვნული ანალიზის გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. არც „ოცნებას" ესმის, რა უნდა ხალხს! იქ იციან, რა უნდათ თავად. მათი „შემართება" იმას ემყარება, რომ ყველა წინა არჩევნები მოიგეს, უმთავრესი _ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს. „ოცნება" მიიჩნევს, რომ არჩევნების მოსაგებად საკმარისია ელექტორალური „მხარდაჭერა", მაგრამ ამ არჩევნებს რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია სჭირდება? ეს კი იციან, თუმცა ამაზე არ ზრუნავენ. ერთი ცხელი მაგალითი: როდესაც პარტიის მხარდამჭერი და მხოლოდ მხარდამჭერი კი არა, მისი ოფისის წარმომადგენელი, თუნდაც მოხალისის სტატუსით, სახელისუფლებო პარტიის დამარცხების შემთხვევაში სამოქალაქო ომით იმუქრება, ვინ გინდა დაარწმუნო, რომ საარჩევნო გარემო ნორმალური გექნება? ეს არ არის ფსიქოლოგიური ტერორი? მერე რატომ უნდა გაგიკვირდეს, რომ როცა ეს ნორმა დემოკრატიული სამყაროსთვის მიუღებელია, ეგრევე მოგაკერონ პუტინის რუსეთის მოკავშირის იარლიყი და რაც მთავარია, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხარ საკუთარი მტრის მოკავშირე, სხვადასხვა დოკუმენტში როგორადაც არ უნდა მოიხსენიებდე ამ მტერს _ ნომერ პირველ თუ უმთავრეს საფრთხედ? და შემდეგ, თუ ვინმე ლეგიტიმაციაზე თავს შეიკავებს, ვისთან უნდა დაიწუწუნო?
აქვე ვაღიარებ, რომ „ოცნებას", უამრავ პრობლემასთან ერთად, აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრივილეგია _ მას არ სჭირდება პროგრამებით და ახალი იდეებით პოზიციონირება, რადგან არც მისი ვიზავი _ ოპოზიცია _ აკეთებს ამას. სხვათა შორის, როდესაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც არჩევნების წინ იმით პოზიციონირებენ, რომ გაიზრდება პენსიები და ამომრჩეველი მათი დაპირებებიდან სხვას ვერაფერს იხსენებს, ცხადზე უცხადესია, რომ ორივე ფლანგი მხცოვანი ადამიანების კეთილდღეობაზე კი არ ზრუნავს, არამედ წარსულშია ჩარჩენილი და ახალი გამოწვევების შესახებ წარმოდგენაც არ აქვს.
მოკლედ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ამ ეტაპზე, როცა დეკლარირებენ, რომ „ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს", „ჩვენ დავამარცხებთ...", ცდილობენ საკუთარ მხარდამჭერებს (და არა მხოლოდ მათ) დაანახონ, რომ ძლიერები არიან. მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ამ სიძლიერის მიღმა არ ჩანს გონიერება?
არადა, ხალხს, ელექტორატს სიძლიერე და ვინმეს დამარცხება კი არა, გონიერება და სახელმწიფოს გამარჯვება სჭირდება.
* * *
2012 წლამდე და ახლაც ქართული და არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა ეფუძნებოდა ფორმულას: „ვინც ძლიერია, ის იგებს". ეს ფორმულა მოქმედებდა ათასწლეულების განმავლობაში. სიძლიერე გამოიხატებოდა მრავალ ასპექტში _ პირველ რიგში: ფიზიკურ, რაოდენობრივ, იერარქიულ სიძლიერეში _ ვითარებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
ამჟამად ვითარება შეცვლილია და არა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი დაიღალა. ჩვენ ვცდილობთ, საკითხი გავაანალიზოთ, პრობლემა დავინახოთ ძველი ფორმულით: „ვინც ძლიერია, ის იგებს". ეს ფორმულა, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას სჯერა _ ამჟამადაც კარგად მუშაობს, ტრანსფორმაციას განიცდის და თუნდაც ვინმემ, მისი დახმარებით მოიპოვოს ლოკალური გამარჯვება, ის ვერ იქნება მდგრადი, რადგან ახალი ფორმულის შინაარსი და არსი საერთოდ სხვა გახლავთ _ გონიერება. ახლა არ არის სიძლიერის ან ძალის აკუმულირებისა და შემდგომში მისი გამოყენების ფიქრის დრო. ახალი ფორმულა სხვა რამეს გულისხმობს _ იფიქრე ფიქრამდე და იმოქმედე აქ და ახლა.
და დღეს თუ ვიღაცას არ მოსწონს ხელისუფლება და არც ოპოზიცია, ეს სრულიად პრაგმატული, გნებავთ, გონიერი, იქნებ, ბოლომდე გაუაზრებელი, მაგრამ მაინც, ნაფიქრი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, თუ ვიღაცები ფიქრის შედეგად წავლენ სხვასთან და დამარცხდებიან, ისინი მაინც თვითკმარნი იქნებიან. ხოლო თუ გაიმარჯვებენ, ვაი, იმ ლიდერისა თუ ლიდერების ბედს, რომლებიც ამ გონიერების ძალაში კონვერტაციას შეეცდებიან. წავიდა დრო, როდესაც რევოლუცია თავის შვილებს ჭამდა. ახალ მოცემულობაში შეჭმულიც და მჭამელიც ერთად იღუპება.
* * *
ირაციონალური ფაქტორის გარეშე საქართველოს მართვა შეუძლებელია. და ამას საქართველოს არათუ უახლესი, არამედ უძველესი ისტორია ადასტურებს. ერთ ციტატას მოვიტან ჩემი ადრინდელი პუბლიკაციიდან: „როგორ ავუხსნა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ მათი ენერგია სულს ღაფავს და რებრენდინგი ვერ უშველის? მით უფრო, ის როგორ გავაგებინო, რომ ისინი ვერ შეძლებენ, საკუთარი ზრახვების ინსტრუმენტად აქციონ გონიერი ადამიანები, რაოდენ მძიმე სოციალური პირობებიც არ უნდა შეუქმნან მათ დასამორჩილებლად? ისიც ხომ უნდა ახსოვდეთ, რომ მშიერი ადამიანი უკეთ ფიქრობს და თავგანწირვით მოქმედებს? როგორ ავუხსნა ქართველ პოლიტიკოსებს, რომ მხოლოდ ის შეიძლება გადარჩეს, რასაც და ვისაც აქვს სასიცოცხლო ენერგია და რაც არ და ვეღარ ადაპტირდება რეალობასთან _ იმის გადარჩენა შუძლებელია? როგორ მივახვედრო ეს, ვითომ სახელმწიფოსა და ქვეყანაზე მორუდუნე პერსონები და მათი მხარდამჭერები, რომ დაპირისპირებაში ჩართულ არც ერთ სუბიექტს არ აქვს იმისთვის საჭირო ენერგეტიკული რესურსი, რომ ერთმანეთზე გაიმარჯვონ ან ის ძალაუფლება და გავლენა შეინარჩუნონ, რომელსაც ფლობენ? თან იმ პირობებში, როდესაც არც ერთ მხარეს არ უნდა საკუთარი გავლენის შესუსტება, რეალობის გაზიარება და საკუთარი, ისედაც ზღვარზე მყოფი ენერგეტიკული რესურსით სპობენ არა მხოლოდ სხვას, არამედ _ საკუთარ თავსაც..."
* * *
ვინ მოიგებს არჩევნებს 2020 წელს? თავპირს ვამტვრევთ ერთმანეთს იმის გარკვევაში, ხელისუფლება უკეთესია თუ _ ოპოზიცია. ორივე კარგია! ესეც ხომ ფაქტია _ ზოგისთვის ერთი, ზოგისთვის _ მეორე. ორივე ცუდია! ესეც ფაქტია _ ზოგისთვის ერთი და ზოგისთვის მეორე.
ცხოვრება წინ მიდის და იმედია, ოდესმე, რომელიმე არჩევნებში, საქართველოშიც გაიმარჯვებს გონიერება და არა ძალა, მისი სხვადასხვა გამოხატულებით.