სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

საქართველო და რუსული ოპოზიცია

20.01.2021 ნახვები: 1051

ჩვენში მსოფლიო პოლიტიკის შეფასებისას როგორც წესი, პირველ რიგში ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორია ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწის ან პარტიის დამოკიდებულება საქართველოსადმი.

ამ დროს სრულიად იგნორირებულია მთავარი - როგორი იქნება ესა თუ ისე პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნისთვის? რა თამაშის წესებს დანერგავს ის საკუთარ ქვეყანაში, და საბოლოო ჯამში რამდენად წინ წასწევს ის პირველ რიგში თავისივე სახელმწიფოს?

არის ამაში გარკვეული ორღობე აზროვნების ელემენტი, როდესაც ადამიანებს მსოფლიო პოლიტიკა საკუთარ ვიწროკუთხურ ინტერესებამდე დაჰყავთ და მათ არ ესმით - პოლიტიკოსი შესაძლოა, იყოს არც თუ ისე კარგი კონკრეტულად საქართველოსთვის, თუმცა, ძალიან კარგი - საკუთარი ქვეყნისთვის.

რატომ არის ეს მიდგომა საფუძველში არასწორი - ამაზე მოგვიანებით. ახლა კი იმ მიმართულებაზე სადაც ეს ერთგვარი „ქართველოცენტრიზმი" ყველაზე ძლიერად ჩანს - რუსეთზე.

ჩვენში დომინირებს აზრი, რომ ყველა რუსი იმპერიალისტია, და შესაბამისად, ყველა რუსი პოლიტიკოსი ასევე იმპერიალისტია. რომ მათ ყველას რუსეთის გავლენის აღდგენა სურთ, და შესაბამისად, ისინი აპრიორი საქართველოს მტრები არიან.

ამ მიდგომის თანახმად, თბილისისთვის სულ ერთია, ვინ იქნება უფროსი მოსკოვში. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს ვის ჩაბარდება კრემლის გასაღები, თუ არც ერთი რუსი პოლიტიკოსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს?

ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ათას წვრილმანს და დეტალს - ისეთებს, როგორცაა პოტენციური პრეზიდენტის პოზიცია შიდა პოლიტიკაზე, არჩევნებზე, დემოკრატიული ნორმებზე, ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, და სხვა უამრავ საკითხზე, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს საკითხი. დიახ, საქართველოსი, რომელიც რუსულ პოლიტიკაში მეათასე ადგილზეა?

დავაკონკრეტოთ - რითია ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინზე უკეთესი? ის ხომ ჩვეულებრივი რუსი იმპერიალისტია, რუსული შოვინისტური მოძრაობების მხარდამჭერი. ცნობილია კავკასიელების და აზიელებისადმი აგდებული დამოკიდებულებით. ასევე, ცნობილია მისი უხეში და იმპერიალისტური სულისკვეთების განცხადება 2008 წლის აგვისტოში.

თანაც, იმის გამო, რომ ის იმპერიალისტია, ის პუტინის თამაშს თამაშობს, და ფარულად მის მიერ იმართება.

საბოლოოდ - ნავალნი საქართველოსთვის იგივეა რაც პუტინი, შესაბამისად, არც რუსეთისთვის იქნება კარგი.

რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას?

პირველი - ალექსეი ნავალნი ნამდვილად არაა პუტინის აგენტი. რა თქმა უნდა, ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მისი მოწამლვაც მასთან შეთანხმებული იყო, რომ ამით კრემლი მას ვლადიმერ ვლადიმერის ძეს შემცვლელად ამზადებს.

არც იმის წარმოდგენაა შეუძლებელი, რომ მისი ძმა 4 წელი ციხეში ასევე მასთან შეთანხმებით იჯდა. დღესაც ის დაკავებულია ისევ იმიტომ, რომ, როგორც რუსეთში ამბობენ, მას „ბიოგრაფიას უქმნიან".

რა თქმა უნდა, შეიძლება ჩავთვალოთ მოწამლვა და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დაყენება და ოჯახის წევრების გამწარება მომავალი მემკვიდრის შექმნის საუკეთესო მეთოდია... თუმცა, ჩვენ მაინც ვიცით, რას ნიშნავს „მართული ოპოზიცია", და ზედაპირული ანალიზიდანაც ჩანს - არავითარ შეთანხმებას პუტინს და ნავალნის შორის არ არსებობს. მომწამლველი ნივთიერებით გამასპინძლება - ნამდვილად არაა ჯიბის ოპოზიციასთან ურთიერთობის საუკეთესო ხერხი.

თუმცა, ეს მაინც წვრილმანია, მნიშვნელოვანი კი არის მთავარი - არის თუ არა ის უკეთესი, ვიდრე პუტინი? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - რა თქმა უნდა, არის.

პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთში იმპერიული აზროვნება ძალიან გავრცელებულია, მაგრამ ის არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც რაღაცა ერთგვარი, ჰომოგენური.

თეზისი „ყველა რუსი იმპერიალისტია" ისეთივე შეხებაშია რეალობასთან, როგორც თეზისი „ყველა ქართველი მამაკაცი ჰომოფობია". რა თქმა უნდა, ყველა ქართველი კაცი ჰომოფობია, მაგრამ ყველა არაა ლევან ვასაძე. ქართულ ჰომოფობიას ძალიან ბევრი გრადაცია გააჩნია - ფანატიკურიდან ძალიან მსუბუქ ფორმამდე.

ასევეა რუსული იმპერიალიზმიც - არის მძიმე ფორმები, როდესაც ადამიანები მზად არიან საკუთარი სახელმწიფო იმპერიას შესწირონ, არის საშუალო სიმძიმის დაავადება,და არის მსუბუქი ფორმა - როდესაც ადამიანი პრინციპში არაა წინაამღდეგი რუსეთის გავლენის გაფართოების, თუმცა, ეს მისთვის პრიორიტეტი - პირველი რიგის ამოცანა არ არის.

ნავალნი საშუალო სიმძიმის იმპერიალისტია. ის მიიჩნევს - ჯერ რუსეთი, და მერე სხვა. ჯერ რუსეთში სოციალური პრობლემების გადაწყვეტა - საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების, საავადმყოფოების აშენება - თუ რამე დარჩა, შესაძლოა ვიფიქროთ საზღვრების გაფართოვებაზე. იმპერია - მშვენიერია, ოღონდ არა რუსი ხალხის სიღარიბის და ჩაგვრის ხარჯზე.

თუ დავაკონრეტებთ და ვისაუბრებთ აფხაზეთზე, რა თქმა უნდა, ჰიპოტეტური პრეზიდენტი ნავალნი საქართველოს წართმეულ ტერიტორიებს არ დაუბრუნებს, თუმცა, არც სეპარატისტების უპირობო მხარდაჭერას განაგრძობს.

ის აფხაზებს და ოსებს დაახლოებით ამ ტიპის გზავნილით მიმართავს - „ჩვენ არ მიგატოვებთ და საქართველოს არ ჩაგაბარებთ, მაგრამ მუდმივად თქვენი რჩენა და მხარდაჭერაც არ შეგვიძლია. ბოლოს და ბოლოს, დაჯექით და ქართველებთან რამეზე შეთანხმდით".

ყველა რუსი იმპერიალისტია, მაგრამ ზოგიერთთან საუბარი და ვაჭრობა შეიძლება და ახალგაზრდა, სხვა თაობის, განსხვავებული მენტალობის მქონე ნავალნი - სწორედ ასეთია. განსხვავებით პუტინისგან, რომელიც სრულიად ყრუ კედელია.

ნავალნი - არ არის კარგი ვარიანტი საქართველოსთვის. „ქართველოცენტრისტების" გადასახედიდან, რუსეთის იდეალური პრეზიდენტია აწ გარდაცვლილი ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელიც ყველაფერი რუსული სძულდა... თუმცა, ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ.

ამ სამყაროში კი ერთ მხარეზეა მძიმე იმპერიული სინდრომით დაავადებული და სრულიად უკომპრომისო პუტინი, მეორეზე კი - საშუალო სიმძიმის ახალგაზრდა, დასავლეთთან კავშირის მქონე პოლიტიკოსი, რომლისთვისაც იმპერია მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეხარისხოვანი. რაც მთავარია - ადამიანი, რომელთანაც საუბარი შესაძლებელია.

და ბოლოს - დავუბრუნდეთ დასაწყისს - რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორი პრეზიდენტი იქნება ნავალი არა საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვის?

პასუხი მარტივია -საგარეო პოლიტიკა - შიდას გაგრძელებაა. რეჟიმი, რომელიც თავის შიდა მოწინაამღდეგეებს წამლავს - ქვეყნის გარეთაც შესაბამისი იქნება.

რაც უფრო სამართლებრივი, დემოკრატიული, და დასავლეთთან ინტეგრირებული იქნება რუსეთის ხელისუფლება - მით უფრო კომპრომისული და ზომიერი იქნება ის საგარეო არენაზეც.

ამიტომაც - ყველაფრის მიუხედავად, საქართველოსთვის ნავალნი გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე პუტინი.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა