სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

მეორე რაუნდი დამთავრდა, მესამის გეშინოდეთ ხალხო!

05.04.2021 ნახვები: 873

ბერტოლდ ბრეხტის პერიფრაზია, - „კავკასიური ცარცის წრიდან". დედანში თითქოს სხვაგვარად ჟღერს, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!"

აქ ილუსტრაციად მოსატანია არა იმიტომ, თითქოს ქართულ ისტებლიშმენტში ოდესმე აღმოჩნდება დედა, ვინც მისი შვილის შუაში არგასახლეჩად მას ხელს გაუშვებს (როგორ გეკადრებათ, ჩვენ ხომ ქართველები და „კავკასიელები" ვართ, არა გერმანელები) არამედ უნივერსალური შინაარსის ღირსებით: აქ ომი არ დამთავრებულა - იგი მშვიდობით გრძელდება, რაკი ეს მშვიდობა ომის ნაირსახეობაა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლებოდა დაგვმართნოდა ქართულ ელიტათა ტრადიციული უკულტურობის შედეგად (ვგულისხმობ „კომპრომისის კულტურის" ისტორიულად არქონას), ევროკავშირის რეაქციაა მეორე რაუნდის ჩავარდნის გამო: გავლენიან ევროპარლამენტართა წერილი დაუფარავი გაფრთხილებით სანქციათა შესახებ იმის მანიშნებელია, რომ ევროპამ სილის გაწვნად აღიქვა ქართველების უარი, მიეღწიათ შეთანხმებისათვის ევროკავშირის შუამავლობით და ამ შუამავლობის შედეგად ელჩ დანიელსონის კომპრომისული პროექტის უარყოფა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საერთოდ არ ჩარეულიყო ამ საქმეში, მით უმეტეს პირადად, სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი(!) ჩაერია, საკუთარ მისიად მიიჩნია ქართველთა მორიგება, სპეც-წარმომადგენელიც დასვა მოლაპარაკებებზე, ფაქტიურად მისი ხელით წერდა თავის წინადადებებს და...... „არც ერთმა მხარემ ხელი არ მოაწერაო".
ეს დასკვნა არის პირდაპირი მინიშნება: დაისჯება არა „ქართული ოცნება", მით უმეტეს ოპოზიცია (რაკი „ოპოზიციის დასანქცირება" საერთოდ აბსურდია) არამედ სახელმწიფო და თვით ქვეყანა! ზუსტად ამას ნიშნავს ევროპარლამენტართა მოწოდება ევროკომისიისადმი, შეაჩეროს საქართველოსათვის 60 მილიონი ევროს ტრანშის გამოყოფა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მაშინ, როცა ლარი ქვესკნელში ეშვება, ეკონომიკას კი გამოცოცხლებისა არაფერი ეტყობა.
სხვაც იგულისხმება ბევრი რამ. მაგალითად, გერმანიის მთავრობის წამოწყებული დასაქმების პროგრამის შეჩერება (ბერლინი ასეთ წვრილმანში ბრიუსელს არ აწყენინებს, ეს ბრიუსელის საქმეც რომ არ იყოს), შემდეგ უვიზო რეჟიმის „დაყოვნება" და ბოლოს თვით ევროასოცირების შეჩერებაც, თუ დროზე არ მოვეგებით გონს.
ქართველ პოლიტიკოსებს ჯიუტად არ ესმით მთავარი: ნებისმიერი ბიუროკრატიის ინსტინქტია, შეწყვიტოს(!) პრობლემა, რომელიც დისკომფორტს უქმნის. თუნდაც არა გადაწყვიტოს(!), არამედ შეწყვიტოს (ამ დისკურსში სხვადასხვა რამაა). და თუ ვერ შეწყვეტს, მაშინ „მხარეს" კი არ სჯის, არამედ პრობლემის წყაროს.
ვიმეორებ: შარლ მიშელი საერთოდ არ ჩარეულიყო, სხვაა. მაგრამ რაკი ჩაერია, ევროპა საქმეს ბოლომდე მიიყვანს: ან მოარიგებს ქართველებს ნებისმიერ ფასად, ან ბოლოს თვით ქვეყანას დასჯის.
თანამედროვე მსოფლიოში, როცა გლობალური მნიშვნელობის პროექტზეა საუბარი, როგორიცაა ევროკავშირის პროექტი (ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულა) „პრესტიჟი" საკვანძო ცნებაა. თუნდაც წვრილმანი - დანიელსონის უშედეგოდ გაბუნძულება თბილისიდან.
მით უმეტეს, როცა ამ „წვრილმანის" წარმომშობი თავადაა წვრილმანი და მის დასჯას ბევრი არაფერი უნდა - განსაკუთრებულ „უკუჩვენებებს" მაინც არ მოიტანს.
საქართველო ხომ 40 მილიონიანი უკრაინა არააა - უშუალოდ ევროპის ზღურბლთან
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოპოზიციამ შესანიშნავად იცის: ევროკავშირი მას ვერ დასჯის, ხოლო თუ ბოლოს ქვეყანას დასჯის ზემოთაღწერილი სანქციებით, ამისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას" და მის მთავრობას დაეკისრება პასუხისმგებლობა.
ფინანსური ტრანში შეგვიჩერა ბრიუსელმა და ამით გაუარესდა ვითარება ეკონომიკაში? მერედა ვისი ბრალია? - მთავრობის. აბა ოპოზიციის ბრალი რანაირად იქნებაო - იტყვიან.
მართლებიც იქნებიან, რადგან ასეთია პოლიტიკური ლოგიკა. ოღონდ იმ დათქმით, რომ პოლიტიკას სპეციფიური ლოგიკა აქვს, სადაც „სამართლიანი", „სწორი", „ლოგიკური" და „მართალი" სინონიმები კი არა, ხშირად ანტონიმები არიან - ემოციები კი სრულიად ფუჭია.
ამიტომაც, აქ ქართული ოპოზიცია აბსოლუტურად წაუგებელ თამაშს თამაშობს, რაკი ევროპის ძირეული პოლიტიკური ინსტინქტის შესაბამისად, ოპოზიციას აქვს „უდანაშაულობის პრეზუმფცია", ხოლო ხელისუფლებას, მთავრობას, პირიქით, - პრეზუმფცია დამნაშავეობისა.
ჰოდა ევროპა საკუთარ კულტურულ კოდზე „გრუზინების" გამო უარს ვერ იტყვის მესამე ათასწლეულის დასაწყისში!
შესაბამისად თუ ვინმეს მართებს ახლა „ჭკუის ხმარება" მთავრობაა. ფალოსის ჩვენება კი არა, იდაყვში ამოყრილი მარჯვენით, არამედ ჭკუისა და გონებამახვილობის მოხმობა.
ჯერ ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, თუ რა სისტემური მიდგომა ჩადო დიდებულმა შვედმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა იმ დოკუმენტში, რაც მხარეებს შესთავაზა ხელმოსაწერად. სისტემური მიდგომა იქ ისაა, რომ როდესაც მხარეები ვერ აღწევენ გამარჯვებას და ამიტომ არ აწერენ ხელს, რათა მეორე მხარემ არ გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად, მაშინ ტექნოლოგიურია ისეთი რამ შესთავაზო მხარეებს, საბოლოოდ...... ორივე დამარცხებულად გრძნობდეს თავს.
ოღონდ პრობლემა ისაა, დანიელსონმა საქართველოს არსებობა ბოლო ხანს გაიგო და ჩვენს ისტორიულად „ჩაკირულ" ეთნოფსიქოლოგიას ცუდად იცნობს. შესაბამისად, მას ნაივურად ეგონა, თუ ხელისუფლებას წამოიყვანდა დათმობაზე მელიას, სასამართლო რეფორმის, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თემებზე, მაშინ ოპოზიციაც დათმობდა რიგგარეშე არჩევნების თემას. არადა „ოცნებამ" სწორედ საარჩევნო კომისიათა საკითხი არ დათმო ზუსტად ისეთივე პრინციპულობით, როგორც ოპოზიციამ არ დათმო რიგგარეშე არჩევნები.
და არ დაიჯეროთ დემაგოგია თითქოს „არხელმოწერის" მიზეზი ისაა, ოპოზიციაც არ აწერდა ხელს. სინამდვილეში „ქართული ოცნების" მხრიდან, ელემენტარული ლოგიკით, ძალიან ძლიერი სვლა იქნებოდა საჯაროდ ხელი მოეწერათ და მერე ეთქვათ: ხომ ხედავთ ისინი არ აწერენო. რეალურად კი, ირაკლი კობახიძემ, ასევე არჩილ თალაკვაძემ პირდაპირ თქვეს: „ასეთი წესით კომისიების დაკომპლექტება ქმნის საბოტაჟის საფრთხეს".
აქ იცით რა იგულისხმება? დავუშვათ ჩატარდა რიგითი, რუტინული არჩევნები. საარჩევნო კომისიები კი არ ამტკიცებენ მის შედეგებს. ქვეყანაში უმალვე წარმოიშობა ხელისუფლების (შესაბამისად ძალაუფლების) დეფიციტი, რაც პირდაპირი გზაა რევოლუციისაკენ.
ევროპელი დეპუტატები რასაკვირველია ვერ გაიგებენ, რატომ არ ატარებს საქართველოში არჩევნებს (და ამტკიცებს შედეგებს) შინაგან საქმეთა სამინისტრო (!!!) - როგორც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეორეს მხრივ, ოპოზიციაც ეშმაკობს, როცა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მათთვის მთავარი ნიკა მელიას გათავისუფლებაა (ევროკავშირი გადაუხდიდა გირაოს და გამოაგდებდნენ ციხიდან, რომც არ სდომოდა - დ.გ.) ან საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტება, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, დროში გაწელავს პროცესს. მათთვის მთავარია ხელისუფლების შეცვლა!
„ოცნების" ხელმოწერა პუნქტზე რიგგარეშე არჩევნების შესახებ უეჭველად ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას!!!
საქართველოში ხელისუფლების ბედს წყვეტს ამომრჩევლის ის უმრავლესობა, რომელიც პოლიტიკურ პროცესს უყურებს როგორც გლადიატორთა ბრძოლას: ბოლოს ხმას აძლევს გამარჯვებულს - დამარცხებულის, გაბეჩავებულის და მიწაზე განრთხმულის ყელის გამოსაჭრელად.
ქართული ბიუროკრატიაც (საშუალო და დაბალი რგოლისა, რომელიც სინამდვილეში გადამწყვეტია) ასე გაიგებს: თუ „ოცნებამ" ხელი მოაწერა რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ დროის საქმეა. მორჩა - მე მათ „ნავში" უნდა ვიყო.
ამ „მორჩას" მხოლოდ განამტკიცებს ახალ არჩევნებამდე ოპოზიციის 60 მანდატიანი კორპუსის ყოველდღიური ქუხილი, დაცინვა, ფლიუბისტერიზმი და ვაი-უშველებელი (მედია მხარდაჭერით თან) პარლამენტის სხდომებზე, საკომიტეტო მოსმენებზე და დერეფნებში: ხელისუფლება იცვლება, ესენი წამსვლელი არიან....
ამგვარი იქნება მთავარი აღქმა. აკი თქვა ერთხელ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ საოცრად ღრმა ფრაზა: „რამდენადაც მე ვაკვირდები, სანამ სიტუაცია საქართველოში გამოიყურება (!) როგორც სტაბილური, იგი ასეთად დარჩება".
„საყოველთაო ამნისტიის" და/ანუ მიშას საქართველოში დაბრუნების თემას ოპოზიცია ასე ერთმნიშვნელოვნად და ღიად მხოლოდ იმიტომ არ სვამს, რომ კარგად იცის: „რიგგარეშე არჩევნები" ზუსტად ამას ნიშნავს - უბრალოდ მოგვიანებით. ეს არის და ეს. თორემ სინამდვილეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ნამდვილად ესაა და არა ყველაფერი სხვა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთელი ამ ვითარებიდან, კორონავირუსითა და ეკონომიკური კრიზისით მნიშვნელოვნად შელახულ/დასუსტებულ მმართველ პარტიას აქვს მხოლოდ ორი გამოსავალი: „დაიჭიროს სიტყვაზე ოპოზიცია", თავადაც სერიოზულად გარისკოს და დათანხმდეს ყველას გათავისუფლებას, ყველა რეფორმას საარჩევნო კომისიათა რეფორმის ჩათვლით, ოღონდ არა რიგგარეშე არჩევნების, არამედ ლოკალურ არჩევნებთან ერთად პლებისციტზე ხელმოწერით (საბოლოოდ, ეს მაინც არ აღიქმება ისე, როგორც „რიგგარეშე არჩევნები") ან არაფერი გააკეთოს, ესე იგი საკუთარ სტილში იმოქმედოს, დრო გაწელოს და........ ეგება უკრაინაში უკვე თითქმის გარდაუვალი საზარელი ომის ფონზე ეს ჩვენი ქართული იწილო-ბიწილო ევროპაში აღარავის გაახსენდეს.

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა