სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ექვსი ერის გაერთიანებაში მიათრევს

07.04.2021 ნახვები: 598

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექვსი ერის (სახელმწიფოს) გაერთიანებულ ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.

CNews-ისთვის ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა კონულტაციები „ქართული ოცნების" ცალკეულ წევრებთან და მხარდამჭერებთან.

„სალომე ზურაბიშვილს კარგა ხანია, კონსულტაციები აქვს როგორც „ქართული ოცნების" ცალკეულ წევრებთან, ასევე, საზოგადოების საკმაოდ ოდიოზურ წარმომადგენლებთან, რომელთაც ქვეყანაში წითელ ინტელიგენციად ან მის მემკვიდრეებად მიიჩნევენ. ამ კონსულტაციების მიზანი პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში პარლამენტსა და ქართულ დიპლმატიურ კორპუსთან გაჟღერებული „კავკასიური სამშვიდობი პლატფორმის" მხარდაჭერაა. რეალურად, ეს ინიციატივა ექვსი სახელმწიფოს გაერთიანებული ფორმატია. უბრალოდ, ზურაბიშვილს ასე შეაფუთინეს. ინიციატივა 10 დეკემბერს გააჟღერეს ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, 11 დეკემებერს კი სალომე ზურაბიშვილმა იგივე, ოღონდ ქართულად შეფუთული, პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა", - განუცხადა CNews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს მაღალი თანამდებობის პირმა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, საკუთარი ვანაობის საჯაროდ გამხელისგან თავს იკავებს.

ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სწორად ან არსებულ საფრთხეს არ აფასებს, ან მისი მიზანი ქვეყანაში ისეთი კრიზისული ვითარების შექმნაა, როდესაც საზოგადოებას ერთადერთ გამოსავლად ამ პლატფორმაში გაერთიანებას შესთავაზებს.

მისივე თქმით, საქართველოში ექვსი სახელმწიფოს გაერთიანებულ ფორმატზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ, პოლიტიკურ წრეებს და თავად ხელისუფლებასაც.

„ყარაბაღის მეორე კონფლიქტიდან ძალიან მალე გაჩნდა „ექვსი ერის" (სახელმწიფოს. რედ) პლატფორმის - ახალი გეოპოლიტიკური კავშირის კონცეფცია, რომლის ერთადერთი მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის ინტერესების მაქსიმალურად შევიწროებაა. რეგიონის სამივე გეოპოლიტიკური მოთამაშე - რუსეთი, თურქეთი და ირანი თითქმის შეთანხმებულია, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ძალიან ღრმა წინააღმდეგობები არსებობს. სამივე მათგანი თანხმდება, რომ სადღეისოდ პირველი რიგის ამოცანა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერესების მაქსიმალურად შევიწრობაა", - აცხადებს CNews-თან საუბარში ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.

მართლაც, თუ ფაქტებს მივყვებით, 10 დეკემბერს, ბაქოში, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკვე მოქმედი ფორმატების შერწყმის შესაძლებლობისა და ექვსი სახელმწიფოს გაერთიანებული ფორმატის ჩამოყალიბების ინიციატივა გააჟღერეს.

თურქეთის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ „რუსეთი, თურქეთი აზერბაიჯანი, ირანი, საქართველო და სომხეთი - ამ ქვეყნებს შეუძლიათ ამ პლატფორმაში გაერთიანება, თუკი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას".

„თურქეთში პოლიტიკური ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან ბოლომდე კმაყოფილები ყარაბაღის ომის შემდეგ თურქეთისთვის დამდგარი შედეგით - თურქეთის მონიტორინგის ფუნქციით წარმოდგენა აბსოლუტურად არ არის რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის საპირწონე. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსები არასამშვიდობოების მანდატით დგანან სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე. ბუნებრივია, ეს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის მდგომარეობა, რომელიც რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ინტერესებს შორის ბალანსს წარმოქმნის და ისიც ბუნებრივია, რომ თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, შეცვალოს მოცემულობა", - აცხადებს ჯეჯელავა.

აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ინიციატივას მყისიერი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდეტმა.

ჯეჯელავა განმარტავს, რომ რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა, მეტად აღარ დაუშვას თურქეთის გავლენების გაფართოვება და ამის მექანიზმს სწორედ რეგიონში არსებული სამხედრო პოზიციები აძლევს. თუ სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას დიაქრონულ ჭრილში განვიხილავთ, ძნელი აღმოსაჩენი არ იქნება, რომ დღევანდელი სტატუს ქვო ძალიან წააგავს 100 წლის წინანდელ ვითარებას, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა სამხრეთ კავკასია საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადაინაწილეს.

„ცხადია, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც და, პირველ რიგში, ეს დღევანდელი საერთაშორისო კონტექსტია. რადგან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, აშშ და დიდი ბრიტანეთი თვლიან, რომ თურქეთი გარკვეულწილად ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მათი მოკავშირე და სტრატეგიული ინტერესების გამტარია, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ლიდერი რეჯებ თაიფ ერდოღანი საკმაოდ არაპროგნოზირებადი ფიგურაა და ხშირად უწყობს უსიამოვნო სიურპრიზებს პარტნიორებს", - აცხადებს ანალიტიკოსი.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ბაქოში გაკეთებულ განცხადებას ირანიც გამოეხმაურა და ექვსი სახელმწიფოს ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი ღიად განაცხადა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ამ პლატფორმის დეტალებზე სამსჯელოდ ესტუმრა მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თითქმის ყველა ჩამოთვილი ქვეყნის დედაქალაქს.

„ახლო აღმოსვლეთში ინტერესთა დაპირისპირების მიუხედავად, სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ირან-თურქეთის პოზიციები საკმაოდ თანხვედრილია და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში სწორედ ამის დასტურია. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის დროს ის სერიოზულად ლობირებდა ექვსი ერის გეოპოლიტიკურ პლატფორმას. ახალი გეოპოლიტიკური პროექტის მიმართ მეზობელ სომხეთშიც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება. მას საკუთარი პირობები აქვს და ეს უკავშირდება ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნებას, რომელიც ბოლო ომის დროს აზერბაიჯანელებმა დაიკავეს და ასევე, ითხოვს ყარაბაღის სტატუსის განსაზრვრას", - აღნიშნავს CNews-თან საუბარისას ჯეჯელავა.

რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ, გნებავთ, გეოპოლიტიკურ ფაზლს ერთი ფიგურა აკლია - საქართველო. ყველა გეოპოლიტიკურმა აქტორმა, რომელიც ექვსი ერის (სახელმწიფოს) პლატფორმას უჭერს მხარს, გადასარევად იცის, რომ საქართველოს მონაწილეობის გარეშე ამ პროექტს აზრი ეკარგება და ვერც თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს.

„საქართველო ამ პროექტში მონაწილეობა კი გამორიცხავს ჩვენს ევროატლანტიკურ მომავლას. სწორად ამიტომ ძალიან სახიფათო გახლდათ ჩვენი პრეზიდენტის მიერ ექვსი ერის პლატფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება. იმის მიუხედავად, როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ის გამოცდილი დიპლომატია და შეუძლებელია, არ ესმოდეს, რომ ექვსი ერის პლატფორმა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სრულიად არათავსებადი გეოპოლიტიკური ვექტორებია. ამიტომ კიდევ უფრო მაფიქრებს პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის ხისტად დასმის ისტორია და გარეჯთან დაკვაშირებით წამოწყებული სახიფათო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ხელს ნამდვილად არ უწყობს ორ მეზობელ და პარტნიორ სახელმწიფოს შორის ჯანსაღ ურთიერთობას", - აცხადებს ლელა ჯეჯელავა.

სალომე ზურაბიშვილი რომ ამ თემაში საქართველოს მხრიდან მთავარი აქტორია, ეს მისი საჯარო გამოსვლებიდანაც ჩანს. 2020 წლის 21 დეკემბერს, Twitter-ით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც - მეორეხარისხოვანი". ეს არის პრეზიდენტის მიმართვა „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ონლაინცერემონიაზე.

ეს „ინიციატივა" უმალ შეაფასეს დასავლეთში:

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი: „- ეს „მშვიდობის აღდგენა" რუსეთის ჯარების მიერ ხორციელდება და რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის, ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?"

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი: „ - შეცდომა... განა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სუვერენიტეტს არ განასახიერებს? რატომ უნდა მიესალმოს საქართველო გეგმას, რომელიც რუს ოკუპანტებს აძლიერებს მისი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებზე? რატომ უშვებს საქართველო რუსი "მშვიდობისმყოფელების" მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას სომხეთის მიმართულებით, როდესაც რუსულ ჯარებს საქართველოს მიწა აქვთ ოკუპირებული?"

ამ და სხვა მწვავე რეაქციების მიუხედავად, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი ძალიხმევას არ აკლებს, რომ „კავკასიის სამშვიდობო პლატფორმაში" შეფუთული ექვსი სახელმწიფოს გაერთიანების იდეის სასარგებლოდ გასწიოს მუშაობა და ამ შრომაში მას ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებიც ეხმარებიან თუნდაც იმიტომ, რომ ზურაბიშვილისთვის მისი უფლებამოსილებები კარგადაა ცნობილი.

„საქართველოს პრეზიდენტსთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მონაწილეობის კუთხით კონსტიტუციით მინიჭებული უფლება-მოსილება ძალიან შეზღუდულია და ძირითადად, შემოფარგლულია წარმომადგენლობითი ფუნქციით. კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებს განსაზღვრავს პარლამენტი. პრეზიდენტს შეუძლია, აწარმოოს საერთაშორისო მოლაპარაკებები, მაგრამ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. მართალია, მას შეუძლია, გააჟღეროს გარკვეული საგარეო-პოლიტიკური ინიციატივები, მაგრამ არ აქვს უფლებამოსილება, ისინი ქვეყნის ოფიციალურ კურსად, პარლამენტისა და მთავრობის თანხმობის გარეშე აქციოს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ეთიკის მიხედვით, წესით, არც უნდა აჟღერებდეს პარლამენტსა და მთავრობასთან შეუთანხმებელ ინიციატივებს, მაგრამ ჩემი აზრით, ზოგჯერ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევს", - აცხდებს CNews-თან საუბრისას დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ ექვსი სახელმწიფოს გაერთიანების პლატფორმა საქართველოს წამგებიან პოზიციაში აყენებს.

„რაც შეეხება ექვსი სახელმწიფოს გაერთიანების პლატფორმას, უნდა ვაღიაროთ, რომ ამდაგვარ ფორმატში საქართველოს ყველაზე სუსტი პოზიცია ექნება, რადგან იქ გვევლინება ისეთი დაწყვილებები და ალიანსები, რომელთა წევრი ჩვენი ქვეყანა არ არის, რაც ჩვენ ძალიან წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს, - აცხადებს ვაშაკიძე და დასძენს, - ზოგადად, ფორმატის იდეა ემსახურება რეგიონში დასავლეთის, აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირის გავლენის შეზღუდვას, ამდენად, ის ჩვენთვის მეტად სახიფათოა. საქართველოს ასეთ პირობებში, უბრალოდ, არ ექნება სერიოზული რესურსი, დაიცვას თავისი ინტერესები, თუმცა მინდა, ისიც ვთქვა, რომ სასურველია, დასავლეთმა კავკასიის რეგიონის სტაბილურობის საკითხში მეტი სიმტკიცე და აქტიურობა გამოიჩინოს. საქართველოსთვის ძნელი იქნება, ექვსი სახელმწიფოს ფორმატის იდეას, მკაფიო და ქმედითუნარიანი დასავლური ალტერნატივების გარეშე, წინააღმდეგობა მარტო გაუწიოს, მით უმეტეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს გვყავს".

სამწუხაროდ, ქართველი ობივატელი და პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით, ბოლო დროს, საკუთარი ინტერესებისა და სურვილების მიღმა ვერ იყურება და სააფრხეების აღქმის უნარიც მნიშვნელოვნად აქვს დაჩლუნგებული.

„პირველად საქართველოსთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიწყეს საუბარი მხარდაჭერის პირობითობაზე და ეს იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონით დაინტერესებული სამი მსხვილი გეოპოლიტიკური აქტორი- რუსეთი, თურქეთი და ირანი ძალისხმევას და მათ ხელთ არსებულ გავლენის ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებენ 6 ერის გეოპოლიტიკური პლატფორმის რეალიზებისათვის, რომელიც საქართველოს მონაწილეობის გარეშე, უბრალოდ, აზრს კარგავს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ამ პლატფორმის მიმართ იყო ერთგვარი კბილის მოსინჯვა ქართული საზოგადოებისთვის და რეაქციის შემოწმება. მიმაჩნია, რომ არც პოლიტიკურმა სპექტრმა და არც საზოგადოებამ ჯეროვანი შეფასება არ მისცა პრეზიდენტის ამ სახიფათო ინიციატივას და ის სალომე ზურაბიშვილის მორიგ არაადეკვატურობად აღიქვა", - აცხადებს CNews-თან საუბრისა ლელა ჯეჯელავა.

ამ ფონზე კი ერთი ქართული იგავი მახსენდება მგელზე... ჩვენს შემთხვევაში, მგლები ისე გავაშინაურეთ, რომ მათ უკვე ვერც კი ვხედავთ და ისიც გვავიწყდება, რომ ვიღაცისთვის მოხუცი დედაკაცი, რეალურად, საქართველოს პრეზიდენტია და სულაც არ აქვს სურვილი, მუდამ ბუტაფორია იყოს

 

CNews

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა