არავინ იცის რატომ? რა დროიდან? და საიდან? რა წარმატებებიდან გამომდინარე იყო ქართველებში საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, თითქოს ეს ერი განსაკუთრებული ნიჭიერებითაა დაჯილდოებული.
სავარაუდოდ, ეს საბჭოური გადმონაშტია - ქართველებმა რუსი მაღალჩინოსნების და მწერალ-პოეტების დათრობის ხელოვნებაში დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს, ამიტომაც სსრკს-ს დროს საქართველოს ქება-დიდებამ ყოველგვარ ზომას გადააჭარბა.
ათწლეულების ქებას უკვალოდ არ ჩაუვლია, საბოლოოდ ერმა თავისი განსაკუთრებული ნიჭიერების ამბავი გულწრფელად დაიჯერა და გაითავისა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ, რომელის შემდეგაც ქართველ ერს ნგრევის და გაპარტახების საოცარი ნიჭის გარდა სხვა განსაკუთრებული ტალანტები არ გამოუვლენია, ამ მხრივ ბევრი ვერაფერი შეიცვალა, დღესაც საშუალოსტატისტიკურ ქართველს მიაჩნია, რომ არის ღარიბი, მაგრამ საოცრად ნიჭიერი ერის წარმომადგენელი.
ძველი რუსული კითხვა: „თუ ასეთი ჭკვიანი ხარ , რატომ ხარ ასეთი ღარიბი?" პრობლემა არაა, ამ შემთხვევისთვის ქართველ ხალხს უამრავი თავის მართლება აქვს: ცუდი მთავრობა (საიდან ასეთ ნიჭიერ ერს?), გლობალიზაცია, მსოფლიო შეთქმულება მართლმადიდებლობის წინაამღდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც გრანდიოზული ქართული მრეწველობა იმისთვის დაანგრია, რომ ქვეყანა ევროპის და ამერიკის პროდუქციის გასაღების ბაზრად გადაექცია.
მოკლედ, სურვილი იყოს და გამამართლებელი არგუმენტი მრავლად მოიძებნება. მთავარია ქართველი ხალხის უსაზღვრო სიკეთეს და „მას" განსაკუთრებულ ნიჭიერებას, ჩრდილი არ მიადგეს.
მაგრამ ერთი წამით პსიქოანალიზს თავი დავანებოთ და დავფიქრდეთ, არის თუ არა სინამდვილეში ქართველი ხალხი ასეთი უსაზღვროდ ნიჭიერი?
უპირველესყოვლისა უნდა ითქვას, რომ ამ წარმოდგენას ჩვენს წარსულში არაფერი ამყარებს, როგორ შეიძლება განსაკუთრებით ნიჭიერად ჩაითვალოს ერი, რომელიც 26 საუკუნე ზღვასთან ცხოვრობდა და არც ერთი გემი არ აუშენებია? ეს ხომ ფაქტია, ძლევამოსილი „ქართული ფლოტი" ქართველი ისტორიკოსების უსაზღვრო ფანტაზიამ და წარმოსახვის უნარმაც კი ვერ გააჩინა.
ნიჭიერების მაჩვენებლად შესაძლოა საკუთარი დამწერლობა ჩაითვალოს, თუმცა, ესეც საკამათოა, საკუთარი ალფავიტი ისეთ, არაფრით გამორჩეულ ერებსაც აქვთ, როგორც ეფიოპები, ბირმელები, ტაილანდელები, კხმერები და ა.შ. საკუთარი დამწერლობა უდაოთ ისტორიული მიღწევაა, მაგრამ არა განსაკუთრებული ნიჭიერების მაჩვენებელი.
ქართველი ერის წარმოუდგენელი ნიჭით არც არქიტექტურაში გამოირჩეოდა, ფაქტიურად, ეკლესია-მონასტრების გარდა, ქართველებს არაფერი უშენებიათ, და ის, რასაც „არქიტექტურა" ჰქვია, საქართველოში სხვისი შემოტანილია. აბანოთუბანი სპარსებმა ააშენეს, სოლოლაკი სომხებმა, „პლეხანოვი" გერმანელებმა. სად იყო ამ დროს „საოცრად ნიჭიერი ერი"? არავინ იცის. ალბათ ეკლესიაში..
თუმცა, ეს ყველაფერი ღრმა წარსულია. იქნებ ბოლო 50 წელი რაღაცა საინტერესო ხდებოდა? სამწუხაროდ აქაც ხალხური ცეკვის და სიმღერის გარდა, რომელიც 300 წლის წინ შეიქმნა სატრაბახო თითქმის არაფერია.
ახლა კი ქართველთა განსაკუთრებული ნიჭიერების მოტრფიალეთა მთავარ საყრდენს მივადექით, წარმატებული ქართველების სიას: გიორგი ბალანჩივაძით დაწყებული დავით ყიფიანით დამთავრებული.
ალბათ ხშირად გსმენიათ გამონათქვამი, „ასეთ პატარა ერს ამდენი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს!" თუმცა, ეს მიდგომა არასწორია.
რას ნიშნავს „ნიჭიერი ერი" და რითი განსხვავდება ის ცალკე აღებული ნიჭიერი ადამიანისგან?
მაგალითად, თუ საქართველოში დაიბადა ბირთვულ ფიზიკაში ნიჭიერებით გამორჩეული ადამიანი, არის თუ არა ეს ქართველი ერის განსაკუთრებული ნიჭიერების მაჩვენებელი? სამწუხაროდ არა.
„ნიჭიერი ერი" ნიშნავს სისტემურობას, იმას, რასაც „სკოლას" ეძახიან. არა ერთი კონკრეტული ადამიანის წარმატება, არამედ თაობათა ცვლა და კონკრეტულ დარგებში წარმატებული ადამიანების პერიოდული გამოჩენა.
„ნიჭიერი ერი", არ ნიშნავს დავით ყიფიანს ან თუნდაც დავით ყიფიანების თაობას. „ნიჭიერი ერი" ნიშნავს დავით ყიფიანებს ყოველ 3-5 წელიწადში, როგორც ეს ევროპაში და ლათინურ ამერიკაში ხდება. ერთ ვარსკლავს მოჰყვება მეორე, მეორეს მესამე, და ამ ჯაჭვის უწყვეტობა ნიშნავს, რომ ბრაზილიელები და გერმანელები ფეხბურთში ნიჭიერი ხალხია.
როდესაც ერს ამხელა წყვეტა აქვს და დავით ყიფიანის შემდეგ ფაქტიურად არაფერი განსაკუთრებული ქართულ ფეხბურთში არ ხდება. ვერანაირ „ნიჭიერ ერზე" ვერ ვისაუბრებთ. შეიძლება იყოს კონკრეტული ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ სისტემურობის, უწყვეტობის და თაობათა მუდმივი ცვლის არარსებობის პირობებში, არანაირი „ნიჭიერი ერი" არ არსებობს.
გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი უდავოდ გენიალური ბალერონი იყო, თუმცა, ათწლეულების მანძილზე ქართულ ბალეტს განსაკუთრებული მიღწევები არ გააჩნია - არის და არის, საშუალო დონეზე. ეს კი ნიშნავს, რომ ნიჭიერი ცალკე აღებული ბალანჩინი იყო, და მისი ნიჭიერება ზოგადად ქართველთა ნიჭიერებასთან არავითარ კავშირში არ იყო.
ერი, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე ძირითადად კაი ბიჭებს და თამადებს ზრდის, თავის თავზე ვერ აიღებს ცალკეული შრომისმოყვარე და ნიჭიერი ქართველის მიღწევებს. მათი მიღწევები, მხოლოდ მათი ინდივიდუალური შრომის და დისციპლინის შედეგია.
არის რამდენიმე დარგი, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ქართველების ეროვნულ ნიჭიერებაზე, მაგალითად ქალთა ჭადრაკში, სადაც სწორედ სკოლას, მუდმივ განახლებას, და თაობათა ცვლას აქვს ადგილი.
შესაძლოა კიდევ რამდენიმე მიმართულება მოიძებნოს, რომელშიც ქართველი ხალხი ეროვნულ ნიჭიერებას ავლენს, თუმცა ის იმდენად ცოტაა და ყრუ, გაუნათლებელ მასასთან შედარებით იმდენად მცირეა, რომ სამწუხაროდ ნათლად ვხედავთ. ჩვენ ყველამ ეს უნდა გავითავისოთ, არავითარი განსაკუთრებული ნიჭიერება ქართველ ხალხს არ გააჩნია.
ავტორი:თენგიზ აბლოთია