პირობების ჩამონათვალს, რაც EU-მ დადო საქართველოს ევროინტეგრაციის “პერსპექტივასთან” დაკავშირებით, რა თქმა უნდა საფუძვლიანად შესწავლა სჭირდება, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის საზრისი იყო, რაც ამ დაწერილ ჩამონათვალშიც გაკრთა და გუშინ ურზულას (ურსულა ფონ დერ ლაიენი -ევროკომისიის პრეზიდენტი. რედ.) (სხვათა შორის უძლიერესი და უჭკვიანესი ქალის) ნარატივშიც გაიჟღერა საქართველოს შესახებ.
ქართველი ჟურნალისტი გოგონა (ქეთევან ქარდავა, ტვ. იმედი. რედ) რომელმაც (ბრავო, მადლობა!) მოახერხა პირველს (!) დაესვა კითხვა სამეულიდან... კი დასვამდა ამ კითხვას, მაგრამ ურზულამ და მისმა კოლეგებმა, რომლებიც რასაკვირველია მოელოდნენ ქართველებისგან საყვედურს, თქვეს (თან თქვეს უაღრესად დახვეწილად, რაფინირებულად, დიპლომატიურად, “ევროპული ენით”) ის, თუ რა არის მაინც საქართველოს მთავარი პრობლემა, რაც არ ახასიათებს მოლდოვას და არ ახასაითებს უკრაინასაც კი.... ამ მასშტაბით და ამ სიღრმით, რომ თვით დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის პრობლემად იქცეს: ესაა... სოციუმის, შესაბამისად ელიტათა, მათ შორის პოლიტიკური კლასის თვისებრივი(!) არაკონსოლიდირებულობა!
არ დაიჯეროთ იდიოტიზმები: “ასეა ყველგან, ასეთი რამ ყველგან ხდება, ეს ზოგადად ახასიათებს დემოკრატიას......”
არამც და არამც!
არ არის “ასე” ყველგან!
და მით უმეტეს ეს არ არის დემოკრატიის არც მაჩვენებელი, არც თვისება.
. . . . . . . . . . . . . . . .
დემოკრატია სოციუმის და ელიტათა სტრატეგიულ კონსოლიდაციას გულისხმობს “ღერძულა ღირებულებების” ირგვლივ და არა მუდმივ მარაზმს!
ეს ჩვენ მივეჩვიეთ ამას “მძიმე ჰაერივით”, თორემ ელჩები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ევროპაში ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ასევე ყოველთვიურ ანალიზს აგზავნიან, ამის გამო ზიზღით ისე იმრიზებიან, როგორც იმ “მძიმე ჰაერის” ატმოსფეროში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი.
აბა დავაკვირდეთ, რამდენჯერ გაკრთა ევროკავშირის არა მხოლოდ გუშინდელ, არამედ ბოლო წლების განცხადებებში ტერმინი “პოლარიზაცია”.
მიმდინარე ანუ კონკრეტულად “ეს” პოლარიზაცია როდი იგულისხმება.
და არც მხოლოდ ერთი რომელიმე მხარის დამუნათებაა, არ დაიჯეროთ!
მათ ძალიან კარგად იციან საქართველოს უახლესი ისტორია -ამისთვისაც ჰყავთ აქ საელჩოები.
ჰოდა იციან, რომ სოციუმის, ასევე ელიტათა და პოლიტიკური კლასის ღრმა არაკონსოლიდირებულობა, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის თვისებაა.
ანუ ნაკლი კი არ არის, არამედ... მ ა ნ კ ი ა!
ქართულად ამას ქვია “ქართველები მუდამ ერთმანეთს ვჭამთ”.
როგორც ყოველთვის, გენიალური ქართული ხალხური მსოფლხედვა ბევრად აღმატებული, შინაარსიანი და ზუსტია აკადემიურ თეზისებზე.
ვერც ერთი აკადემიური თეზისით სემანტკურად ასე ღრმად ვერ დაახასიათებთ და/ან აღწერთ იმ გაუთავებელ, ლამის 50 წლიან (მინიმუმ) მარაზმს რაც ხდება
ევროპელებს ასეთი ხალხური გამონათქვამი ალბათ არა აქვთ. ამიტომ აკადემიურ ტერმინს იყენებენ: “პოლარიზაცია”.
ზოგ უწიგნურსა და ჭკუამხიარულს ეს “დემოკრატიის თანამდევი” ჰგონია... თუმცა ნურას უკაცრავად. ასე რომ იყოს, ევროპის ლიდერები მას ნეგატიური კონოტაციით არ გამოიყენებდნენ.
მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირებას არ გულისხმობენ.
ეს ბევრად მარტივი იქნებოდა.
გულისხმობენ უფრო ღრმა და უარეს პრობლემას:
ქართული სოციუმის “არაშეკრებილობას”, - სტრატეგიულ “ბრინჯივით დაბნეულობას” (ესეც ხალხურია!-დ.), ასევე, ფუნდამენტურ ღირებულებით საკითხებზე შეუთანხმებლობას და იმავე საკითხებზე თვით სოციუმის უღრმეს პოლარიზაციას.
. . . . . . . . . . . . . . . .
მაგალითად: თქვენ გგონიათ ევროპელები, ვისაც ქვეყანაზე დაკვირვება ევალება (ესაა მათი პროფესია სინამდვილეში და არა “ალაფურშეტებზე” ხვანჭკარას წრუპვა), ვერ ამჩნევენ, რომ საქართველოში მიმდინარეობს ჯერ მხოლოდ ცნობიერი, თუმცაღა ფარული სამოქალაქო ომი... “ევროპა მაგარიასა” და “პუტინი მაგარიას” შორის?!
და მათ ევრანაირად ვერ მოატყუებთ იმით, რომ პირველი პოზიცია ღიაა, ხმამაღალია, აშკარაა, მოურიდებელია, ამაყად თავაწეულია, მყვირალაა, ხოლო მეორე....ჩუმია, დაყურსულია (რა გენიალური სიტყვაა დააკვირდით), ჩასაფრებულია, უტყვია, მიმალულია, უხმოა, მომლოდინეა.....
და ეს სოციალური ხლეჩის მხოლოდ ერთი მაგალითია.
ასეთი ქვეყნის, ამგვარი ცოფიანი ღია თუ ფარული ურთიერთსიძულვილით სავსე საზოგადოების ევროკავშირში მიღება უბრალოდ ს ა შ ი შ ი ა!
საშიშია ევროპისთვის!
ჰოდა....ზოგჯერ იმედიანი ეჭვი გამკრავს ხოლმე: ეგება მაკრონმაც იმიტომ მოიტანა ის სულელური (დიდი ბოდიში დიდ ფრანგ ერს, მაგრამ ასეა) არგუმენტი “გეოგრაფიაზე”, რომ შემდეგ სიმართლეს ასე ღიად ვერ იტყოდა:
“ჯერ თავად გაარკვიეთ ნორმალურად ქართველებმა, ცივილიზებული თანაცხოვრება თუ ძალგიძთ... და ისიც გამოიკვლიეთ, “ღერძულა ღირებულებებზე” (მაინც) თუ ხართ სოციალურად შეთანხმებული, ანუ საერთოდ თუ გაგაჩნიათ უნარი დემოკრატიული კონსოლიდაციისა (ეს სიტყვათშეთანხმება დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას გულისხმობს) და...... მერე გამოიარეთო.”
დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი