რაკი აზროვნებას ვერავინ აგვიკრძალავს, მოდით “დავალაგოთ” (კიდევ ერთი ძალიან კარგი სიტყვა შექმნა ქართულმა სემანტიკამ, თანაც ბოლო დროინდელია - თუნდაც ნახევრადჟარგონული) რა მიიღო უკრაინამ, რა მიიღო მოლდოვამ და რა მიიღო საქართველომ ევროკავშირისაგან.
უკრაინამ და მოლდოვამ დეკლარირებულად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ეს არის უძლიერესი პოლიტიკური (!) გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ.... რეალურად არც უკრაინას არც მოლდოვას ნამდვილი “კანდიდატის” სტატუსი არ მიუღიათ.
ახლავე აგიხსნით რატომ.
დაკვირვება უნდა ყველაფერს - იმ პრეს-კონფერენციაზე, სადაც ევროკავშირმა (დიდებულმა ურ(ს)ზულამ) უკრაინისა და მოლდოვასთვის “კანდიდატობის” მინიჭებაზე განაცხადა, იქვე მოაყოლა ძალიან მნიშვნელოვანი თეზისი: კონკრეტული მოლაპარაკება ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვას გაწევრების შესახებ დაიწყება მას შემდეგ, რაც უკრაინა ჩააატრებს რეფორმებს, შეასრულებს პირობებს და ა.შ.
უკაცრავად..... აზროვნებას ვერ აგვიკრძალავთ მეთქი და.... ეს არ არის “ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა” იმ წესდების, დაწერილი თუ დაუწერელი ტრადიციის ან/და რეალურად არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რა ინსტიტუტზეცაა ლაპარაკი.
ლაპარაკია “ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე”.
ეს არის, დიახაც, ინსტიტუირებული და კოდიფიცირებული სტატუსი (NATO-ს MAP-ის მსგავსი), რასაც თან ახლავს ტრადიცია და პრაქტიკა:
ბოლო 70 წლის განმავლობაში, ყველა ქვეყანასთან, ვინც მიიღო “კანდიდატის” სტატუსი, ბრიუსელმა დაუყოვნებლივ (!) დაიწყო მოლაპარაკება გაწევრების პირობების, მოდალობების, კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ.
თვით თავისი სუბსტანციური და ინსტიტუციური არსით, “ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა” ზუსტად ამას ნიშნავს: რომ რაკი თვლი ქვეყანას “კანდიდატად”, მაშინვე იწყებ მოლაპარაკებებს და პირობების წამოყენება ხდება სწორედ ამ მოლაპარაკების პროცესში! სწორედ მოლაპარაკებებია ამ პირობათა შესრულებისა და კონტროლის პროცესი.
ზუსტად ასე იყო არათუ პოსტოკომუნისტური სივრცის (აღმოსავლეთ ევროპის), არათუ პოსტსაბჭოთა სივრცის (ბალტიის) არამედ თურქეთის შემთხვევაშიც: ქვეყანამ მიიღო “კადიდატობა” (დაახლოებით 60-70 წლის წინ) და დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკება სრულფასოვან წევრობაზე ოღონდ.......ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყო, როგორც კი სტატუსი მიიღო!
რა გამოდის? ის, რომ რეალურად უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს არა კანდიდატობა, არამედ “კანდიდატობის კანდიდატობა” და პირველი სტადია რამდენ ხანს გაგრძელდება (არათუ მეორე, მთავარი, არამედ პირველიც კი), კაცმა არ იცის, რაკი ის “ჩამოწიკწიკებული” პირობები მეტისმეტად ზოგადია და მუდამ დატოვებს ინტერპრეტეციების საშუალებას. მაშასადამე, ყველაფერი ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
არავინ უარყოფს: EU ლიდერშიპის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, დადებითი, გარკვეული აზრით “ვაჟკაცური”, გაბედული, უკრაინის და მოლდოვას კეთილშობილად მხარდამჭერი, ოღონდ შინაარსობრივად აბსოლუტურად “არმგულისხმებელი” ევროკავშირის რეალური წევრობისა იმ ფუნდამენტური მიზეზით, რომ..... არც უკრაინა, არც მოლდოვა არ აკმაყოფილებენ მთავარ კრიტერიუმს: არ არიან ის, რაც გამოიხატება სამწუხაროდ ქართულად უთარგმნადი ევროპული ცნება-ტერმინით The Nation.
ანუ არ არიან “ერი-სახელმწიფოები” ამ ფენომენის ორი თვისებით:
ა) საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის კონტროლი;
ბ) სამოქალაქო “შეკრებილობა” ეთნიკური მრავალფეროვნების მიუხედავად - ღერძულა ნაციონალური ღირებულებების ირგვლივ.
რთული თემაა, თუმცა მარტივად: სადმე მარსელში მცხოვრები მესამე თაობის შავკანიანი - ფრანგია (წერტილი). “მოქალაქე” და “ფრანგი” ერთი და იგივეა. “ეროვნების” ჩანაწერი/მითითება” და მსგავსი იდიოტიზმები ფრანგებს პასპორტში ან პირადობის მოწმობებში არა აქვთ. არც ბრიტანელებს.
აი ამ ორ მრისხანე მოცემულობას ვერანაირი” სოლიდარობა” ვერ შეცვლის და ვერ გადასძალავს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას.
კვლავ ვიმეორებ: უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში ეს არის ჯერ მხოლოდ “წევრობის კანდიდატობის კანდიდატობა”, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილება ნამდვილ კანდიდატობაზე, ესე იგი რეალური მოლაპარაკების დაწყება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინა და მოლდოვა დააკმაყოფილებენ “ა” და “ბ” პირობებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა მიიღო საქართველომ? საქართველომ მიიღო ამაზე ნაკლები: “კანდიდატობის კანდიდატობის კანდიდატობა”! (დაარქვეს “პერსპექტივა”)
ანუ ჯერ უნდა შევასრულოთ გარკვეული პირობები (ასევე ინტერპრეტირებადი და ზოგადი, არა კონკრეტული - არავინ მოგატყუოთ-დ.გ.), რათა გადავიდეთ იმ სტადიაზე, რომელზეც ახლა იმყოფებიან უკრაინა და მოლდოვა, ესე იგი მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიმართაც მიიღონ იგივე პოლიტიკური გადაწყვეტილება: ჩაგვთვალონ კანდიდატად, ოღონდ “გადადებული” მოლაპარაკებით წევრობაზე! ამ მხრივ გაგვათანაბრონ უკრაინასთან და მოლდოვასთან.
ესაა სწორედ “წევრობის კანდიდატობის კანდიდატობის კანდიდატობა”.
ოღონდ ამ კონსტატაციიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ რაც მივიღეთ “მეტისმეტად ცოტაა”: არ არის ცოტა!
ამისთვისაც დიდი მადლობა ევროპას, რომ საერთოდ იმსჯელა მაინც და გვახსენა მაინც და მისთვის.... საერთოდ ვარსებობთ მაინც.
დათო გამცემლიძე, ჟურნალისტი, ისტორიკოსი