მთავარი სიტყვა, რომელიც დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის არის საქართველოს ძირითადი დამახასიათებელი - არის არა შოთა რუსთაველი, ან „მრავალხმოვნება“, ან კიდევ სხვა რამ ისეთი, რაც ჩვენ გვსურს. მთავარი სიტყვა, რომლითაც ჩვენ დღეს მსოფლიო გვიცნობს, არის „პოლარიზაცია“.
ჯერ კიდევ 80-ანი წლების ბოლოდან, ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდან, ქართულ პოლიტიკას ახასიათებდა საყოველთაო მტრობა - ყველასი ყველგან, ზღვარს გადასული ამბიციურობა და ახალ-ახალი პარტიების ჩამოყალიბების უწყვეტი პროცესი. ვერ მოძებნით საქართველოში ვერც ერთ პარტიას, რომლის საფუძველზე 3-5 პოლიტიკური ორგანიზაცია მაინც არ შეიქმნა.
ამასთან დაკავშირებით რამდენიმე გამამართლებელი თეზისი არსებობდა. პირველი იყო „ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, ოღონდ მისი მიღწევის გზებს ვხედავთ განსხვავებულად“. ამ თეზისმა კარგა ხანს გაძლო, თუმცა, საბოლოოდ ის წარსულს ჩაბარდა - ნელა-ნელა გაირკვა, რომ პარტიებს დაშლა-მოშლის პროცესს არაფერო საერთო განსხვავებულ ხედვებთან არ ჰქონდა და მას საფუძვლად ედო მხოლოდ და მხოლოდ პირადი ამბიციები.
შედარებით მოგვიანებით გაჩნდა ახალი გამართლება - „პოლიტიკური თავისუფლება სწორედ ამას ნიშნავს და საერთოდ, მთელს მსოფლიოში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა“. ამ თეზისის გაქარწყლებასაც წლები დასჭირდა და მხოლოდ ბოლო 2-3 წლის მანძილზე საქართველოც და მსოფლიოც ბოლოს და ბოლოს ალაპარაკდა - არა, ასე - არსად, არც ერთი დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება.
როდესაც პოლიტიკური განსხვავება პირად მტრობაში გადადის და ესა თუ ის ძალა მზადაა უარი თქვას ნებისმიერს სასარგებლო შემოთავაზებაზე, თუ ის ოპონენტებისგან მოდის - ასე არსად არ ხდება, ისეთი ზღვარს გადასული გინება-ლანძღვა, როგორიც ნორმად ითვლება ქართულ პოლიტიკაში - არსად არ ხდება - თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ნორმალურ ქვეყნებს ვგულისხმობთ.
ასე, პირველად ხმამაღლად წარმოითქვა სიტყვა, რომელიც თავის თავში შეიცავს ქართული პოლიტიკის მთავარ უბედურებას - ეს სიტყვაა „პოლარიზაცია“. ძალიან იშვიათად, ზოგჯერ ასე ხდება კიდეც განვითარებულ ქვეყნებში და მათთვისაც კი ეს უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, ქართულთან მიახლოებული დაპირისპირების დონე იყო შტატებში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ხანაში და ამან ლამის შეიწირა მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი სახელმწიფო.
ის, რომ საქართველოსნაირი სუსტი და მაჩანჩალა ქვეყანაა 32 წელი ცხოვრობს რეჟიმში, რომელმაც ლამის დააქცია ამერიკა - წარმოუდგენელი სტრესია ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის. როგორც მეტყველებს ტრამპ-ბაიდენის პოლარიზების ისტორია, ეს ორმხრივი პროცესია. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ვიღაცა უფრო მეტადაა დამნაშავე, ვიღაცა კი - ნაკლებად და ცალსახად ამ სიმახინჯის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად პასუხს აგებს ხელისუფლება.
თუმცა, უდანაშაულო და ანგელოზი - არავინაა. დღეს საქართველო მშვიდობიანი და უსისხლო პოლარიზაციის მწვერვალზე იმყოფება - ამაზე ზემოთ - მხოლოდ სრულფასოვანი სამოქალაქო ომია.
რა თქმა უნდა, პირველი ვიოლინოს როლი ამ დამანგრეველ პროცესში უჭირავს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ზიზღის ფრქვევის კუთხით ქართული საზომებითაც კი გამორჩეული პერსონები ჰყავთ - ღარიბაშვილი და კობახიძე, რომელთა ნებისმიერ პირის დაღება უშვერ გინებას და წარმოუდგენელ თავხედობის ტალღას წარმოქმნის.
სავარაუდოდ, ისინი არა მხოლოდ ბუნებით არიან ასეთი ბოღმიანები, არამედ მათ ბორენკაც ახალისებს - ის აშკარა სოციოპატი, ეჭვიანი და ძალიან გაბოროტებულია. ამაზე მეტყველებდა თუნდაც, 2011 წლის ნოემბერში, ქართულ პოლიტიკაში მისი გამოჩენის შემდეგ გაკეთებული პირველი განცხადება - ბოღმით, ეჭვის, და სიძულვილით სავსე.
თუმცა, მოდით, არ გავამარტივოთ - ის, რომ ბორენკა და მისი მომსახურე პერსონალი ზიზღის ენით განსაკუთრებით გამოირჩევიან - ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ პოლარიზაცია საქართველოში ათწლეულების მანძილზე ბატონობს - ბორენკამდე და ორ გონებრივად დაავადებულ ირაკლიმდე ბევრად-ბევრად ადრე. პრობლემა სულ სხვა დონეზეა - პოლარიზაცია - ქართული ხასიათის განუყოფელი ნაწილია - ამ ქვეყანაში ყველა ერთმანეთთან ჩხუბობს და ქართველთა ყოველდღიური ცხოვრება მუდმივი გარჩევებით, ჩხუბებით და წვრილმანი-ორღობე კონფლიქტებითაა სავსე.
გვახსოვს ალბათ ყველას ანეკდოტს მსგავსი რეალური ამბავი - შორეულ ბუენოს-აირესში ცხოვრობს 2 ქართული ოჯახი და ისინიც კი ერთმანეთთან ნაჩხუბრები არიან. არავინ იცის, არის ეს ხუმრობა, თუ რეალობა. მაგრამ რამე რომ იყოს - ალბათ არავის გაუკვირდება, ტრადიციული ქართული მენტალიტეტი - ბავშვურია. მეტწილად, 50 წლის ტრადიციული, მამა-პაპური ქართველი აზროვნებს როგორც 10-12 წლის ბავშვი.
ამ ასაკში დამახასიათებელია მაგალითად, ბუტიაობა და წყენა წვრილმანების გამო. თუმცა, ის, რაც ნორმალურია 10-12 წლის ბავშვებისთვის, სრული სიმახინჯეა ზრდასრული ადამიანებისთვის. პირადი ამბიციები, ზღვარს გადასული ამპარტავნება და ზრდასრულ ადამიანებში ბავშვური ფსიქოლოგია, თვითკონტროლის და ნებისყოფის დეფიციტი - აი ესაა ფაქტორები, რომლებიც ქართულ პოლარიზაციას დრამატულ ხასიათს ანიჭებს.
ყველამ ვიცით, რომ ეს პოლიტიკოსების დაავადებაა, თუმცა. არ ვაღიარებთ, რომ ისინი ამგვარ შეკვეთას თავიანთი მომხრეებისგან იღებენ. საქართველოში მოწინააღმდეგე ბანაკთან ზრდილობიანი, კორექტული და ადამიანური ურთიერთობები გამყიდველობად ითვლება - „ერთმანეთში გარიგებულები არიან, ყველას გვატყუებენ“ - ხშირად გავიგონებთ ასეთ კომენტარს მხოლოდ იმის გამო, რომ, მაგალითად, პარლამენტში ქოცი მიესალმე და გაესაუბრა ნაცს, ან პირიქით.
ორღობე - ბავშვური გაბუტება - ქართული ტრადიციული მენტალიტეტის განუყოფელი ნაწილია. უცნაური იქნებოდა პოლიტიკაში ყოფილიყო სხვანაირად. ქართული ყოფითი კულტურაა უკიდურესად პოლარიზებული და კონფლიქტური. ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ჩხუბით, გინებით, გარჩევებით.. მკვლელობების 90%-იც კი შელაპარაკების ნიადაგზე ხდება. პოლარიზაცია - ეს ქართული ეროვნული თვისებაა და პოლიტიკაში ის მხოლოდ აბსურდის მწვერვალს აღწევს, სულ ესაა.
ამ დამანგრეველ დაავადებასთან ბრძოლა არ იწყება პარლამენტიდან - ის იწყება საბავშვო ბაღიდან, სკოლის პირველი კლასიდან, სადაც ბავშვები აგრესიას და სიძულვილს სწავლობენ, და შემდეგ ამ ნასწავლით აგრძელებენ ცხოვრებას. გინდათ ებრძოლოთ პოლარიზაციას, და გინდათ გაიგოთ ვისი ბრალია, რომ ურთიერთდაპირისპირება ასე შორს წავიდა?
ამაზე მარტივი არაფერია - დილაობით კარგად ჩაიხედეთ სარკეში.
ავტორი: თენგიზ აბლოთია