უკვე დაიწყო დამნაშავეების ძებნა. ვისი ბრალია, რომ საპროტესტო აქციების ახალი ტალღა, რომელიც 3 შთამბეჭდავად მასობრივი მიტინგით დაიწყო, რამდენიმე საათის მანძილზე ჩაიფუშა რამდენიმე ასეულ აქტივისტამდე, რომელმაც კანცელარიის ბლოკირებაც კი ვერ მოახერხა.
დაიწყო ნიშნის მოგებით ლაპარაკი, ისე თითქოს ვიღაცა ფლობს გამარჯვების რეცეპტს და მის რეალიზების საშუალებას არ აძლევენ. ისე, თითქოს ვიღაცამ იცის, რა უნდა აკეთოს, და ამაში ხელს უშლიან.
ეს უკვე ვერ დაითვლი მერამდენე მარცხია და ყველაფერიო ხდება უკვე კარგად ნანახი, ერთი და იგივე მოდელით - პირველ დღეს იმართება დიდი აქცია, ყველა აღფრთოვანებული და დაიმედებულია, თუმცა, მეორე თუ არა მესამე დღეს მუხტი, რომელიც თითქოს უზარმაზარი იყო, მოულოდნელად ქრება..
ასე გრძელდება წლების მანძილზე და ვერავინ ვერ მოახერხა ამ სამწუხარო ტრადიციის დაძლევა.
ერთად-ერთი რაც არ გვაკლია ამ პერიოდებში - ესაა ახსნა-განმარტება და მეისრეების ძიება.
ყველა თავისი გადასახედიდან უყურებს.
ოპოზიციის მომხრეები მარცხს იმით ხსნიან, რომ მოძრაობის ლიდერებმა პოლიტიკოსებისგან დისტანცირება გადაწყვიტეს - მართლაც, ვის და სად უნახავს აქცია პოლიტიკური მოთხოვნებით - პოლიტიკოსების გარეშე?
არასამთავრობოების მომხრეები პირიქით, იმას ჩივიან, რომ პოლიტიკოსები აფუჭებენ ყველაფერს და თავიანთი ბინძური ხელების ნებისმიერ საღ იდეას წაბილწავენ.
მიშას მომხრეები ამბობენ, რომ პროტესტი ჩავარდა იმის გამო, რომ მიშა არ იყო, ანტიმიშისტები კი თვლიან, რომ პირიქით, ნაციონალების აჩრდილმა დაღუპა გამოსვლები, რომლებისგანაც ამდენს ველოდით.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მოქმედებების გეგმა იყო ზედმეტად აბსტრაქტული, ზოგი კი მიიჩნევს, რომ არანაირი პროგრამა საერთოდ არ არის საჭირო, რადგანაც ცხოვრება თავად გვიჩვენებს სად წავიდეთ და როგორ.
მოკლედ, მარჯვნივ წახვალ - თავს მოგჭრიან, მარცხნივ - დაგახჩობენ. ქართულ პოლიტიკაში რაც არ უნდა გააკეთო - ყველა შემთხვევაში გაილანძღები.
თუმცა, ძალიან ნაკლებად მოისმენთ იმის ანალიზს, თუ მართლაც რაშია, საქმე, და რატომ იშლება მრავალათასიანი აქციები უკვალოდ, 1-2 დღეში?
ახსნა-განმარტება, ისევე, როგორც გაპრავება - ძალიან ბევრია - დაწყებული სააკაშვილის ფაქტორით, დასრულებული საზოგადოების ზოგადი ინერტულობით.
თუმცა, რა ხდება რეალობაში?
რეალობაში კი ის ხდება, რომ თითქმის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა არც აქციის ორგანიზატორის ვინაობას და არც ზონდერების მზადყოფნას ჩაარტყან ვინმეს თავი იმიტომ, რომ კურატორებმა ასე უბრძანეს,
ქართულ ქუჩურ დემოკრატიას აქვს ერთი თანდაყოლილი სისუსტე - ოპოზიციის მომხრეთა დიდი ნაწილი, ბირთვი არის საშუალო ფენა. საკმარისი იყო გენახათ 20-24 ივნისს და 3 ივლისს შეკრებილი ადამიანები და სრულიად ნათელი იქნებოდა - საპროტესტო მოძრაობის ბურჯი სწორედ საშუალო ფენაა.
ეს ერთის მხრივ კარგია - რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, როდესაც მხარდამჭერებად გყავს ჭკვიანი, დამოუკიდებლად მოაზროვნე და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მასა.
მარგამ ამ ფენას თანდაყოლილად აქვს ერთი უზარმაზარი ნაკლი სახალხო დემოკრატიის თვალსაზრისით - ისინი მეტწილად დაკავებულები არიან,
ესაა ფენა, რომელიც ბევრს მუშაობს, ხშირად 2-3 სამსახურში, რომელსაც საღამოს შვილები სპორტზე ან მასწავლებელთან მიჰყავს. ისინი როგორც წესი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან და ეს პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი ოჯახის მიმართაც.
ისინი დადიან ყველა საპროტესტო აქციაზე, ოღონდ 3-4 საათით, შემდეგ მიდიან სახლში, სამსახურში, სკოლაში, ან საბავშვო ბაღში.
დღეს დილით მათ აქვთ არჩევანი - წავიდნენ კანცელარიასთან ქვეყნის ინტერესების გამო, თუ წავიდნენ სამსახურში? რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქმიანი ადამიანი, რომელიც შვილებს და ოჯახს არჩენს? მგონი კითხვა რიტორიკულია.
სწორედ ესაა ქართული ოპოზიციის აქილევსის ქუსლი - რიგითი მომხრეები კი ჰყავს საკმარისზე მეტი, მაგრამ, აქტიური მოქალაქეები მწვავედ აკლია. ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან ყოველდღე იარონ საპროტესტო აქციებზე, მიიღონ მონაწილეობა გზების გადაკეტვაში, შენობების ბლოკირებაში, და ა.შ.
სწორედ ესაა ოპოზიციური აქტივის მუდმივი წარუმატებლობის ჭეშმარიტი მიზეზი და არა პოლიტიკოსების ყოფნა აქციაზე, ანდა პირიქით, არყოფნა.
ბოლო 10 წლის მანძილზე რამდენი საპროტესტო მოძრაობა წამოუწყიათ ოპოზიციონერებს, და ყველა ჩავარდა, ისევე როგორც ჩავარდა არასამთავრობოების მიერ ინიცირებული რამდენიმე ტალღა.
პროგრამით თუ უპროგრამოდ, მიშათი თუ მიშას გარეშე, გეგმით თუ დაუგეგმავად - აშკარაა, რომ საქართველოში მიტინგმა, როგორც პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის ბერკეტმა სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით დაკარგა აქტუალობა.
ამიტომაც წყლის ნაყვაა ჩავარდნების მიზეზების ძებნა პოლიტიკოსებში ან არასამთავრობოებში.
მიზეზი კი სინამდვილეში ერთია -რაც უფრო ცივილიზებულია და განვითარებულია ადამიანი - მით უფრო მეტად უჭირს მაგ ქუჩაში დღეების მანძილზე ყოფნა, პოლიციასთან ჩხუბი, და ა.შ,
ქართული ოპოზიციური სამიტინგო კულტურა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მის სანაცვლოდ ჯერ არაფერო შემოსულა.
ამას დავარქმევდი „საშუალო ფენის ხაფანგს“, რომლიდანაც დაღწევის გზები ჯერ არ ჩანს.
ავტორი: თენგიზ აბლოთია