სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

„ნამახვანჰესის" პროტესტი და აჩრდილი თბილისში

25.05.2021 ნახვები: 1379

საქართველოში სოციალური პროტესტის ტრადიცია არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ აქ პროფკავშირები მეტწილად ხელისუფლებასთან არიან აფილირებულნი. ცალკეული საპროტესტო აქციები, სოციალური უკმაყოფილება, საბოლოოდ, მაინც პოლიტიკურში ტრანსფორმირდება. უფრო სწორად, გაბრაზებული, გაწამებული, გატანჯული ხალხი რუსთაველზე, ბოლოს, პოლიტიკური კომპონენტის შემადგენელი ნაწილი ხდება. გააზრება მარტივია - ჩემი პრობლემა მოგვარდება, თუ შეიცვლება ხელისუფლება. მერე, ხელისუფლებები იცვლებიან, გაწამებული და კონკრეტული უფლებების დარღვევის გამპროტესტებელი ადამიანი კი პირში ჩალაგამოვლებული რჩება.
რამდენიმე ადამიანმა მკითხა: „არ უნდა გაპროტესტდეს ნამახვანჰესის მშენებლობა?" ვისაც მიაჩნია, რომ არ უნდა აშენდეს, უნდა გააპროტესტოს, თუმცა ნებისმიერ პროტესტში სიჯიუტე (პრინციპულობა სხვა რამეა), ან ბავშვური კაპრიზი, პოლიტიკური შემადგენელის მატარებელი მოვლენაა. წინააღმდეგობის ფორმულა ხომ მარტივია - აქვს ENKA-ს აუდიტორული, საექსპერტო დასკვნები? დადე შენც!
---
თუმცა, აქ პროცესის დრამატურგიაა საინტერესო: ჰესის მშენებლობა ლეგიტიმური პროტესტით და ამ მოთხოვნებზე ატორღიალებული მოთხოვნების აჯაფსანდალი , რომლის დედააზრი ასეთია - არ გვაქვს სახელმწიფო, ქვეყანას გვართმევს თურქეთი და ფეხქვეშ თელავს სარწმუნოებას. ყველაფერი ეს კი შესაბამისი ატრიბუტიკითა და სიმბოლიკითაა შეფუთული - ემოციებით, ალტერნატიული დასკვნების გარეშე. რეალურად, პრობლემა პოლიტიკურია - თურქეთის კომპონენტით, რომელსაც რწმენის საკითხსაც ადვილად მიაბამ და მიაბეს კიდეც. გარეჯის თემაც წამოიწევს როცა დაჭირდებათ, გელათის არა - ეგ არ სჭირდებათ.
რა შუაშია რწმენა ეკონომიკურ საკითხთან? ჰო, საბოლოოდ, ყველაფერი პოლიტიკაა. საქართველოში კი, საბოლოოდ, რწმენის საკითხია - მეტწილად ცრურწმენის. მთავარი კითხვა სოლიდარობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. როდესაც გონიერი ადამიანი ხედავ, რომ გოთვერანი გულწრფელ პროტესტს „აეტორღიალა", რომ ეს პროცესი „გააკეთილშობილო", ის კი არ უნდა იფიქრო, მეც გავერევი მარქაში და სხვის ქორწილში პატარძალს გამოვეცეკვებიო. მაშინ მკითხვათ, ალბათ, „სოლიდარობას გვიშლი?". სოლიდარობას - არა, ღირებულებით კონტექსტთან აფილირებაზე მაქვს რეაქცია.
---
კითხვები მაქვს:

* ამ პროტესტის ღია და ფარული აქტორები რომ ის პერსონები არიან, რომლებმაც 20 ივნისის საპროტესტო მუხტის მარგინალიზება მოახდინეს, „ფერადებთან არ დავდგებითო", თან ისე, რომ ეს პროტესტი ნამდვილად არ იყო პერსონიფიცირებული რომელიმე სოციალური ჯგუფის დონემდე, კითხვა არ უნდა გაგიჩნდეს და რატომ უნდა გაერიო მარაქაში?
* როდესაც ამ პროტესტის ღია და ფარული აქტორები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ფილმს გამოუტანეს განაჩენი და „მაყურებელს" კომბლებით დასდევდნენ, არც ამ დროს უნდა გაგიჩნდეს კითხვა?
* როდესაც ამ პროტესტის ღია და ფარული აქტორები ის ადამიანები არიან, რომლებსაც არასოდეს გაუპროტესტებით მცოცავი ოკუპაცია, აუგს ვერ დააცდევინებ რუსეთზე და ამ დროს, იგივე ადამიანები სამშობლოზე, მიწასა და სარწმუნოებაზე გესაუბრებიან, არც ამ დროს არ უნდა გაგიჩნდეს კითხვა?
* როდესაც ამ პროტესტის ღია და ფარული აქტორები გეუბნებიან: „იბრძოლებ ჩვენთან ერთად?", „ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ (ვაგრძელებთ)", „ვიბრძვით" და არ იცი და ვერ ხვდები, რომ ეს შინაარსი ერთი-ერთში იმეორებს - Der Angriff-ის მთავარი რედაქტორის იდუმალ მოწოდებას - „შეუტევ ჩვენთან ერთად?", „შევუტევთ 4 ივნისს", „შეტევა!" და მე გაფრთხილებ, კიდევ ჩემთან გაქვს პრეტენზია და მეუბნები, რომ კატას ვეძებ ბნელ ოთახში?
---
აბა, ნახეთ რამდენიმე ფრაზა:
ა) „ჩვენ არაფრის არ გვეშინია, რადგან ჩვენ გვაქვს ეროვნული სულისკვეთება და გული" - როგორ ჰგავს ფრაზას - „ქვემეხები და შაშხანები არაფერია, თუ თქვენ გაქვთ ეროვნული გული";
ბ) „მიზნის მისაღწევათ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, მთავარია, რომ იყოს ეფექტური" - რამე განსხვავებას ხედავთ ფრაზისგან: „ამ მიზნის მისაღწევად კარგია ნებისმიერი საშუალება, მთავარია რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური";
გ) ქართველებს ეკუთვნით საკუთარი ტერიტორია, მიწა. საქართველოს და ქართველებს შეუძლიათ საკუთარი თავის გამოკვება. შეადარეთ: „ჩვენ მოვითხოვთ სასიცოცხლო სივრცეს: ტერიტორიებს, მიწებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ხალხის გამოკვებისთვის და მათი განსახლებისთვის";
დ) როგორ შეიძლება, საქართველოში ნებისმიერ უცხოელს ჰქონდეს უფრო მეტი პრივილეგია და ვერ ხვდებოდეს, რომ აქ სტუმარია. შეადარეთ: ის, ვინც არ არის .... მოქალაქე, შეუძლია, იცხოვროს როგორც სტუმარმა, უცხოელის უფლებებით. ყოველი უცხოელი ვალდებულია, დაიცვას უცხოელებისთვის კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები";
ე) სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, ასაქმებდეს მათ და ისინი არ უყურებდნენ ხელში უცხოელებს. შეადარეთ: „მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, აიღოს ვალდებულება --- მოქალაქეების დასაქმებაზე და სიცოცხლეზე";
ვ) ჩვენ მიწის გასხვისების პრობლემას ვხედავათ, არა მხოლოდ რიონის ხეობის მაგალითზე... აქ საზოგადოების ბრალეულობაც არის, რომ არ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით. ქართველს ხალხს აქვს იმის უფლება, რომ დასვას კითხვა, თუ რატომ არ არის ბუნებრივი წიაღისეული ჩვენს სამსახურში (შეგნებულად არ მოვიტან მმკ-ს ლიდერის, დავით ისაკაძის ტექსტს მიწაზე). შეადარეთ: ჩვენ მოვითხოვთ მიწის რეფორმის გატარებას, რომელიც ერის ინტერესსა და მოთხოვნებს შეესაბამება, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მიწის უსასყიდლო კონფისკაციის კანონის მიღებას";
ზ) აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვქმნით ამ ქვეყანაში პროცესებს და რეალობა არის ეს და არა ის, რასაც მედიისგან ვგებულობთ. არავის მივცეთ ჩარევის საშუალება იქ, სადაც მათი ადგილი არ არის. შეადარეთ: „ჩვენ ვითხოვთ დაუნდობელ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარი საქმიანობით ზიანს აყენებს საზოგადოების ინტერესებს";

ახლა, სხვა მომენტსაც მივაქციოთ ყურადღება ყველაფერ ამის კონტექსტში, ანუ ამოცანებს, მიმდინარე პროცესების პრიზმაში:
* პროპაგანდა უნდა მოქმედებდეს უფრო გრძნობებზე, ვიდრე გონებაზე". რა გვაქვს - სამშობლოს გვართმევს თურქეთი, რწმენას გვილახავენ, ქვეყანა არ გავქვს, არ გვაქვს სახელმწიფო. ამიტომ დავიცვათ წილხვედრი, დავიცვათ ღმერთი და სარწმუნოება.
* „რა მნიშვნელობა აქვს, რა გვჯერა ჩვენ, მთავარია, მათ სწამდეთ. ხალხი რწმენის გარეშე არის ადამიანი სუნთქვის გარეშე" - რამე სხვა ხდება, მანდ ატორღიალებულებს რომ თავი დავანებოთ, გულწრფელებისგან?

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - ის, რაც ტექსტში შავად არის გამოყოფილი - არც მეტი, არც ნაკლები - იოზეფ გებელსის სიტყვები და დოქტრინაა. ახლა, ნუ დამიწყებთ საუბარს ეროვნულ სულისკვეთებასა და გულიდან წამოსულ ემოციებზე. ნურც იმაზე, რომ თქვენს ჯონ სნოუს თუ ქრისტეს (აქ ჩანს თქვენი რწმენა), რომელზედაც შიგა და შიგ ორგაზმი გემართებათ (რატომ? - ეგ ცალკე საკითხია) „უსტანოვკას" არავინ აძლევს. დააკვირდით, აბა, როდესაც კითხვას უსვამ და მისთვის განსაზღვრულ სივრცეს გასცდება, როგორ იბნევა და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
სულაც არ მინდოდა აქ მისი ხსენება, მაგრამ გახარია და თურნავა, ან ნებისმიერი მოხელე თუ მოღვაწე ამ მეგაპროექტზე ივანიშვილის გარეშე გასცემდა თანხმობას? ამ კითხვამ რომ დააბნია, ეგ არაფერი? დაფინანსება - 209 დღეს თავი დავანებოთ. თბილისში ერთი დღე აქცია, ტექნიკური მხარე - 40 ათასი ჯდება მხოლოდ, ეს კვების, საწვავის და სხვა საჭიროებების გარეშე. ემიგრანტები? მილიონერი ემიგრანტები? სად გვყავს ასეთები რუსეთის, ბელორუსის გარდა? სხვა უამრავ მაგალითს არ მოვიყვან. რაშიც მომზადებულია - მანდ პრობლემა არ აქვს, გეთანხმებით. გულწრფელი? გულწრფელიცაა - უბრალოდ მისით კარგად მანიპულირებენ, არა მხოლოდ მისით და ახლა მით უფრო, როცა ატრენიგებენ. მან არ იცის კლასიკა - „რევოლუცია თავის პირმშოებს რომ ჭამს" და აქ არაფერ შუაშია თავდადება. ამ ქვეყანას ბოლო 30 წელის სასარგებლო იდიოტები და გულმხურვალე პატრიოტები ანაგდურებენ. ჰო, სამწუხაროა...

---

მავიწყდებოდა - კიდევ მაქვს კითხვა: რატომ შეხვდა თურქეთის ელჩი ლევან ვასაძეს და არა - რიონის ხეობის მცველებს, ანუ თურქეთის ელჩს და შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია აკლიათ, ვინ და რა ძალა დგას რეალურად ამ პროტესტის უკან?

თუმცა, ეს ერთ რამეს მაინც ფენს ნათელს - რა მნიშვნელობა აქვს, კიკეთში იჯდები, საპატრიარქოში თუ რესპუბლიკის მოედნიდან უდირიჟორებ პროცესს. მთავარია, ადგილზე გყავს „ზნეობის პოლიციის" განყოფილების თანამშრომლები. მოსწავლეც საკმაოდ ნიჭიერია, ანუ „სისტემა" კარგად მუშაობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

---
და ისვე ნამახვანზე: მე რაც მჭირდება იმისათვის, რომ პროექტს საბოლოოდ, შინაგანად, დავთანხმდე, არის ორი კომპონენტი - ეკოლოგიური ექსპერტიზა, თუნდაც სამი სხვადასხვა დამოუკიდებელი კომპანიის დასკვნა და ტარიფის საკითხში გარკვევა, რატომ 6.2 ცენტი და არა - 6,1 ან 4?
და კიდევ - მშენებლობა რომც შეწყდეს, ENKA-ს ვინ უბრუნებს მოსახლეობისთვის გადახდილ კომპენსაციას?

ყველაფერი სხვა, რაც ნამახვანის მიღმაა, ცხადი და ნათელია, ანუ ის, ვინ, რატომ და რისთვის იყენებს მათ შორის გულწრფელი ადამიანების პროტესტს და პროცესს. აჩრდილი, აჩრდილი დადის რესპუბლიკის მოედანზე!
ვისი?
პასუხად გაგიღიმებთ.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა