იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება საქართველოსთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის შესახებ
ხატია დეკანოიძე - უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები იპოვა
დავით მესხიშვილი:ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ადამიანი იღუპება
ადვოკატი:სამედიცინო დასკვნაში ჩამოთვლილია ის მძიმე დაავადებები, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს
პაატა მანჯგალაძე - ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა
ნათია ფანჯიკიძე: „დღეს ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველებს ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ

მომთვინიერებელი რეჟისორის მოუთვინიერებელი მიმინო

08.03.2022 | 19:59

ბოლო პერიოდში ქართული თეატრის ხშირი სტუმარი გავხდი. არ ვიცი ეს საინტერესო სპექტაკლების ნახვამ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებამ გამოიწვია. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ხშირად ვსტუმრობ თეატრებს. განსაკუთრებით, ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლებს ვესწრები. მათ შორის, საბა ასლამაზიშვილის აქტიურ პროფესიული მოღვაწეობას ინტენსიურად ვაკვირდები.

ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორი მაყურებელს თელავში მორიგ პრემიერაზე ეპატიჟებოდა ლაშა თაბუკაშვილის პიესის „ათვინიერებენ მიმინოს“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე. სიმართლე უნდა ითქვას, ჩემი ერეკლეს ქალაქში გამგზავრება რეჟისორის შემოქმედებისადმი ინტერესმა, თელავის სიყვარულმა და ამ კოლორიტული ქალაქის თეატრისადმი ინტერესმა გამოიწვია.

პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თელავის თეატრში როგორც კი შევდგი ფეხი, ოჯახური გარემო დამხვდა, ფუსფუსებდა ყველა მოლარიდან დაწყებული, თეატრის ხელმძღვანელით დამთავრებული. განსაკუთრებულ ატმოსფეროს ამ უძველესი თეატრის ფოიეც ქმნიდა. გარემო კი რეფლექსურად გახსენებს ერეკლე II-ის კარზე შექმნილ დასს მაჩაბელას ხელმძღვანელობით, რომელიც 1795 წელს, კრწანისის ომში ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ხელოვანთა ასეთ თავდადებას არავინ ელოდა.

თელავის თეატრის რეპერტუარის გაცნობისას, აღმოჩნდა, რომ  თანამედროვეობის გამოწვევებს  ხელოვნების ეს კერა ფეხს ნამდვილად საინტერესოდ უწყობს. არ შემიძლია არ აღვნიშნო თეატრის ხელმძღვანელის, ცნობილი მსახიობის პაატა გულიაშვილის, მეურვეობის უნარი, რომელიც თეატრში შესვლისთანავე იგრძნობა.

ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ თელავში მეორედ დაიდგა  და ეს უკანაკსნელი ვერსია მართლაც ინტერესით იცქირება. რეჟისორმა პიესა ფსიქოლოგიურ დრამად წარმოგვიდგინა, რითაც მაყურებელს მოულოდნელობებით სავსე და ამავდროულად ძალიან თანამედროვე ვერსია შესთავაზა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: თემურ ხუნაშვილი (პატრონი), ბექა სონღულაშვილი (იონა), მანანა აბრამიშვილი (მერი), ლაშა წიფლაშვილი (გიო), ნინო დვალიშვილი (ანი), დათა ხუნაშვილი (მელოტი), ეთერ ბაბილაშვილი (ყრუ-მუნჯი ბაზიერი). სპექტაკლის მხატვარია ლიზი ჭიჭინაძე, მუსიკალური გამფორმებელი - საბა ასლამაზიშვილი, ტექნიკური რეჟისორი კი მაყვალა ძამუკაშვილი გახლდათ.  

საპრემიერო წარმოდგენას ამ პიესის პირველი დამდგმელი, თავისუფალი თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ავთო ვარსიმაშვილიც ესწრებოდა, რომელიც თან ძალიან ღელავდა (საბა ასლამაზიშვილი მისი მოწაფეა) და თან გამორჩეული ინტერესით აკვირდებოდა სპექტაკლს მსვლელობისას. 

სცენა ჩაბნელებულია, მელოტი (დათა ხუნაშვილი), მერი (მანანა აბრამიშვილი) და იონა (ბექა სონღულაშვილი) მაგიდასთან სხედან. მელოტი რკინის მავთულებს მელოდიურად აქნევს, იონა კი ამ დრო ღვინის ბოთლს რიტმულად უყოლებს, იონას დასაწყისშივე ეტყობა, რომ ლოთია (ან გალოთებული), მაგრამ ბექა სონღულაშვილი სამსახიობო ოსტატობით გვეუბნება, რომ მისი გალოთების ისტორია, ძალიან მძიმე, ემოციური და ამავდროულად საინტერესოა. იონა დასაწყისიდანვე მაყურებლისთვის საინტერესო პერსონაჟია, ზოგჯერ მელოტზე საინტერესოც კი.

რეჟისორს, ჯგუფი „რეგიონის“ მელოდიები აქვს შერჩეული სპექტაკლისთვის, რაც ზედმიწევნით ზუსტად ესადაგებოდა სპექტაკლის სტილისტიკას და ქმნიდა (შესაბამის) ატმოსფეროს.

სიყვარული არ არსებობს - ამტკიცებს ყველა მოქმედი პირის პატრონი (თემურ ხუნაშვილი). აქვე უნდა აღნიშნოს, ბატონი თემურის სამსახიობო ოსტატობა, მის მიერ პერსონაჟის გააზრება და საინტერესოდ გაცოცხლება.

მთავარი როლის გიოს (ლაშა წიფლაშვილი) შემსრულებელი, ჩემს უკან -მაყურებლის განკუთვნილ ადგილზე იჯდა. მისი სპექტაკლში შემოსვლაც აქედან იწყება - რეჟისორის ეს გადაწყვეტილებაც საინტერესოა, რადგან მთავარი გმირი მაყურებლის ნაწილი გახადა, შემდეგ კი მოგვტაცა...  შესაძლოა, იგივე პრობლემით, დრამით თუ ისტორიით იქ ბევრი ვისხედით. ჰო, ის ჩვენი ნაწილი იყო, ლაშა წიფლაშვილისთვის გიოს როლის შესრულება ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და მას პარტერში გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები არ მოაკლდება. სცენაზე ასვლის შემდეგ, მსახიობი ნამდვილ გიოდ გარდაისახება. მაყურებელს აღელვებს პერსონაჟის ბედი - გიო მაყურებელს დასაწყისიდანვე უყვარდება.

როგორც კი პატრონი ყრუ-მუნჯ ბაზიერს (ეთერ ბაბილაშვილი) ჩააბარებს ბიჭს, ხოლო გოგოს - მერის შესალოცად და ყველას დაეძინება, ერთადერთი ადამიანი იონაა, რომელიც მოახერხებს, რომ გააპაროს ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული გიო და ანი, მაგრამ მელოტი (დათა ხუნაშვილი)  თვალცრემლიანი წარდგება პატრონის წინ და აუწყებს მომხდარს. ბაზიერი (ეთერ ბაბილაშვილი) დაედევნება წყვილს, დაიჭერს „შეულოცავს“, პატრონს კი ცუდ ამბავს აუწყებს - „ბიჭი შავთვალებაა“, ანუ შავთვალება ადამიანის მორჯულება შეუძლებელია, გამოდის, რომ მას სიყვარულის განცდას ვერ დააკარგვინებენ. რაც შეეხება ანის, მას უკვე სიყვარულის განცდა დაკარგული აქვს, მისთვის ეს გრძნობა აღარ არსებობს.

საინტერესოა, რომ რამდენიმე ეპიზოდი რეჟისორმა პლასტიკაში გადაწყვიტა. ქორეოგრაფიული პარტიტურა როკვას ჰგავს - რიტუალურ ცეკვას, რომელიც შთამბეჭდავად იცქირება და თან გმირების შინაგან სამაყაროს ნათლად გამოხატავს. საოცარი ემოცია მოდის, ტკივილი, სევდა, სიყვარული, ტირილი, მამოძრავებელი ფუნქციის დაკარგვა-მაგრამ იონასგან განსხვავებით გიო ჭკვიანია, მისი სიჭკვიანე კი კულმინაციურ სცენაშია გამოხატული.

დაავადმყოფებული მელოტი, სიყვარულ დაკარგული მერი და ანი, ყრუ-მუნჯი ბაზიერი, გიო, იონა ისევ ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. გალოთებული იონა, რომელსაც წლების წინ სწორედ ასე წაართვეს სიყვარული, მაგრამ მასში ვერ მოკლეს სიყვარულის უნარი, თავს ჩამოიხრჩობს. თავის ჩამოსახრჩობი თოკის ყულფს მელოტს გააკეთებინეს. იონას თავის ჩამოხრჩობის სცენის შემდეგ, ვხედავთ რომ მელოტი ტირის - ეცოდება... აქ იონასადმი სიყვარულია გამოხატული, მაგრამ იმდენად სჯერა, რომ სიყვარული არ არსებობს, იმდენად მოწამლულია პატრონისაგან, რომ  ვერ ხვდება - ეს ცრემლები, იონასადმი მეგობრულ სიყვარულს უკავშირდება.

ვხედავთ მერის (მანანა აბრამიშვილი) განცდებს, როგორ გადმოსცემს ტკივილს მისი თვალები, რომ აი, თურმე წლების შემდეგ იონა, რომელსაც უმტკიცებდა, რომ სიყვარული არ არსებობს, რომელსაც ეუბნებოდა რომ არარაობა იყო - ეცოდება. თურმე ჰყვარებია, მაგრამ ის ამ ყველაფერს სიყვარულად ვერ მიიჩნევს, რადგან მას ხომ დააჯერეს, რომ სიყვარული არ არსებობს.

და, ფინალური სცენა... მაშინ, როცა მაყურებლის ინტერესიც უმაღლეს მწვერვალზეა, მაშინ როცა შვილობილი გიოს უფლისწულად კურთხევის ცერემონია იწყება, ყრუ-მუნჯი ბაზიერი გამოდის და ბღავის, ბღავის და ბღავის, ეთერ ბიბილაშვილის მსახიობური ოსტატობა ამ სცენაში უდავოდ უმაღლეს დონეს აღწევს.

ანიმ სამუდამოდ დაკარგა ადამიანის სული, ის თავადვე კლავს გიოს, მის სიყვარულს.

თელავის თეატრის მსახიობების ნიჭიერებით, გამოცდილებით მოხიბლული დავრჩი.

ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც საბა ასლამაზიშვილმა წარმოგვიდგანა, იყო საოცრად დამაფიქრებელი, მრავლის მთქმელი. რაც მთავარია მომთვინიერებელი რეჟისორის მოუთვინიერებელმა მიმინომ მაყურებლისგან დადებითი ემოცია მიიღო და აშკარა იყო, რომ მაყურებელთა უმრავლესობამ კმაყოფილმა დატოვა დარბაზი.

რეჟისორმა იმდენად საინტერესოდ გადმოგვცა პიესის ყველა დეტალი, რომ დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც გავიგეთ.

ასლამაზიშვილი საინტერესო, (შრომისმოყვარე და მოფიქრალი) ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის სპექტაკლებსაც როგორც აღვნიშნე, აქვს შარმი, ერთგვარი მიმიზიდველობა, ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ მისი ყველა ახალი სპექტაკლი ინტერესს იწვევს მაყურებელში. 

და მაინც, რა არის სიყვარული?! და არსებობენ თუ არა პატრონისნაირი ადამიანები 21-ე საუკუნეში, რომლებიც ცდილობენ, სხვებს სიყვარულის უნარი წაართვან?!

სპექტაკლი თუ ნებისმიერი ნაშრომი მაშინაა ნამდვილად გენიალური, როცა ნახვის შემდეგ, კარგა ხანს დაგაფიქრებს წამოჭრილ პრობლემაზე. ასლამაზიშვილმა კი მოახერხა ვიფიქრო მის მიერ წარმოდგენილ ფსიქოლოგიურ დრამაზე, რომლის მთავარი პრობლემაც უსიყვარულობის დაჯერებაა.

სიყვარული მარადიულია, მას წარსული დრო არ აქვს. ალბათ  ყრუ-მუნჯი ბაზიერის და სიყვარულ დაკარგული ანის დარჩენილი ცხოვრებაც უინტერესოა, ამიტომაც სრულდება იქ, სადაც სრულდება ყველაზე მთავარი - გიო, რომელსაც სიყვარული ვერ წაართვეს.

ყველა ადამიანი, რომელსაც სიყვარულის უნარს პატრონი ან ცხოვრება ვერ ართმევს - შავთვალება ძლიერი გიო, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი დაამარცხებს და სიკდილის შემდეგაც გამრჯვეებული იქნება.

კიდევ ერთი დეტალი, სად ხდება მოქმედება?! მიტოვებულ ტაძარში? რომელიც ახლა პატრონის ექსპერიმენტების სამჭედლოდ იქცა? რა ინსტიტუციაა დღეს ეკლესია? თუ სცენოგრაფის და რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ ხაზს გავყვებით, ფაქტია, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუცია დღეს სიყვარულისგან დაცლილია. ალბათ, სწორედ ამიტომაც დარჩა მიმინოც მოუთვინირებელი....

ავტორი: ზუკა ნემსაზე - ნეიშენ ჯორჯიას რედაქტორი

ფოტოკოლაჟი - ნეიშენ ჯორჯია