შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი
იაგო ხვიჩია - კითხვა, რომელსაც ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით?
ოპოზიციური პარტიები - 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ხალხი
პაატა მანჯგალაძე - ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?!
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია
ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს
სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო

ნატალია ქუთათელაძის წარმატება კარდიფის საერთაშორისო კონკურსზე

06.28.2021 | 11:45 ნახვები: 437

კლასიკური მუსიკის (და არამხოლოდ) მოყვარულები კარგად იცნობენ ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანოს, ნატალია ქუთათელაძის შემოქმედებას, რომლის კიდევ ერთი წარმატებისა და აღიარების მოწმენი გასულ კვირაში გავხდით. უელსის დედაქალაქ კარდიფში დასრულდა მომღერალთა სართაშორისო კონკურსი - BBC Cardiff Singer of the World competition, რომელიც უკვე ოთხი ათეული წლის განმავლობაში იმართება.

კონკურსში უამრავი ახალგაზრდა და ნიჭიერი საოპერო მომღერალი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან. მათთვის ეს კონკურსი ერთგვარი ტრამპლინია და გარკვეულწილად, მათ სამომავლო და საერთაშორისო კარიერასაც განსაზღვრავს. ნატალია ქუთათელაძე საუკეთესო ფინალურ ხუთეულში მოხვდა, რაც მომავალში მის კონტრაქტებს განსაზღვრავს ცნობილ საოპერო თეატრებთან.

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის შვილი - ნატალია ქუთათელაძე ნიუ-იორკის ჯულიარდის პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მიუნჰენის „შტატსოპერაში" მიიწვიეს და დღეს მისი სოლისტია. უკვე შესრულებული აქვს რამდენიმე მეორეხარისხოვანი და პატარა პარტია მოცარტის, ჩაიკოვსკისა და ვერდის ოპერებში. თუმცა, კარდიფის კონკურსზე წარმატების შემდეგ, იმედია მალე მთავარ პარტიებსაც შეასრულებს.

სამი ტურის შემდეგ ნატალია ქუთათელაძემ BBC Cardiff Singer of the World competition-ის ფინალურ კონკურსში გავიდა, სადაც დიდი წარმატებით შეასრულა - კარმენის ხაბანერა ჟორჟ ბიზეს „კარმენიდან"; შარლოტას „წერილების სცენა" ( „Ва! Laisse couler mes larmes") ჟიულ მასნეს ოპერიდან „ვერტერი" და ლეონორას არია Fia dunque vero ... O mio Fernando, გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „ფავორიტი ქალი".

ურთულესი და დაბალანსებული რეპერტუარი, ემოციურად შეფერადებული, მსუყე ხმა და ბრწყინვალე არტისტიზმი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისათვის, თუმცა ოპერის კრიტიკოსებისა და საოპერო აგენტების აზრით, ნატალიას ძალიან კარგი მონაცემები აქვს და თითქმის გარანტირებული, ხანგრძლივი კონტრაქტები მსოფლიოს ცნობილ საოპერო თეატრებთან. ამის შესახებ თავად მომღერალიც ამბობს სატელევიზიო ინტერვიუში და პრესტიჟული კონკურსის ფინალურ ხუთეულში მოხვედრა უკვე დიდ წარმატებად მიაჩნია. : „ნებისმიერი კონკურსი ესაა ძიების პროცესი და ჩვეული კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რაც მომავალში ახალი წარმატების საწინდარია", - ამბობს ნატალია ქუთათელაძე.

გამარჯვება და საუკეთესო მომღერლის პრიზი წილად ხვდა 30 წლის სამხრეთ კორეელ ბარიტონს - გიჰუნ კიმს, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა ფიგაროს ცნობილი არია როსინის ოპერიდან „სევილიელი დალაქი". მანამდე მან ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა. უკვე აქვს საკონცერტო გამოცდილებაც: მონაწილეობდა გლაინდბორნის საერთაშორისო საოპერო ფესტივალსა და ბაიერნის „შტატსოპერის" სპექტაკლებში.

როგორც აღვნიშნეთ მიუნჰენის „შტატსოპერის" თეატრის სოლისტია ნატალია ქუთათელაძეც, თუმცა აქამდე მხოლოდ მეორეხარისხოვან პარტიებს ასრულებდა. იმედია, კარდიფის კონკურსის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება. მითუმეტეს, თითქმის მომზადებულია მისი კონტრაქტი ბარსელონის ცნობილ საოპერო თეატრ „ლისეოსათან", რომლის სცენაზე დიდი წარმატებით გამოდის ასევე ქართველი მეცო-სოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე.

მუსიკალური აუდიტორიის ჯილდო - ჯოან საზერლენდის სახელობის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ბრიტანელმა მეცო-სოპრანომ კლერ ბარნეტ-ჯონსმა. აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკელი სოპრანოს, მასაბანე სესილია რანგვანაშას გამოსვლაც ფინალურ კონცერტზე, სადაც მან რიჰარდ შტრაუსის „ოთხი უკანასკნელი სიმღერა" და შუბერტის ციკლიდან - „ზამთრის გზა" რამდენიმე სიმღერა შეასრულა. კარდიფის კონკურსის ფინალში მონაწილეობდა ასევე ავსტრიელი სოპრანო კრისტინა განში, რომელმაც შეასრულა დონა ელვირას არია Аh! Chi mi dice mai, მოცარტის „დონ ჟუანიდან".

კარდიფის კონკურსი „მსოფლიოს ხმები" BBC-ის მხარდაჭერითა და უელსის ნაციონალური ოპერის მხარდაჭერით იმართება, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 22 წლიდან 32 წლამდე. კონკურსის გამარჯვებულს 15 ათასი ფუნტი და სამახსოვრო პრიზი გადაეცემა. მაყურებლის სიმპატიის პრიზი, იგივე მუსიკალური აუდიტორიის ჯილდო - 3 ათას ფუნტს შეადგენს, ხოლო ფინალურ ეტაპზე მონაწილე მომღერლებს 2 ათასი ფუნტი გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კარდიფის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ დღეს უკვე აღიარებული საოპერო ვარსკვლავები: ფინელი სოპრანო კარიტა მატილა (1983), სახელოვანი რუსი ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი (1989), შვედი სოპრანო კატერინა კარნეუსი (1995), გერმანელი სოპრანო ანია ჰარტეროსი (1999).

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა