ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს
გორში პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად 4 სამართალდამცავია დაშავებული, მათ შორის ორი სამხედრო ჰოსპიტალში, ორი კი „გორმედშია“ მოთავსებული
გიორგი გახარია - მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე
არიან ადამიანები სიჩუმის ორივე მხარეს? - რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს?! - გოჩა მირცხულავას ბლოგი
დონალდ ტრამპი რუსეთზე - თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციებიც, არ მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა
ლინდსი გრემი - თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ
კაია კალასი - “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება
რადოსლავ სიკორსკი - შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს

არიან ადამიანები სიჩუმის ორივე მხარეს? - რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს?! - გოჩა მირცხულავას ბლოგი

16.07.2025 ნახვები: 231

არიან ადამიანები სიჩუმის ორვე მხარეს? - რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს?!

ჩვენ მუდამ გვაფერხებენ არა ხელისუფლებები, არამედ ადამიანები, რომლებიც საკითხავია - „არიან ადამიანები?“

ყოველი ზღვარი, რომელსაც ქვემოთ შევეხები არც გეომეტრიული ხაზია და არც მკაცრი ფორმულა. ნურც იმას იფიქრებთ, რომ „ეს“ პოლიტიკის საკითხია, „ეს“ მორალის“. არა, ყველაფერი რაზეც მოგახსენებთ, ჩვენში ადამიანის რაობის გააზრების მდგენელია. ის ზღვარია, რომლის ერთ ან მეორე მხარეს ყოფნა ჩვენი არჩევანია. სწორედ ისე - „დგახარ რუსთაველზე“ თუნდაც არ იყო მანდ ფიზიკურად, თუ ფეხებით ადგახარ რუსთაველს - ანუ მის ღირებულებებს.

ნებისმიერი ზღვარი ყოველ ჯერზე იქ იცვლება, სადაც ჩვენ ვიცვლებით. რაც უფრო ღრმად ვუსმენთ საკუთარ სიჩუმეს, მით უფრო ნათლად ვხედავთ მის ორ მხარეს.

ჩვენ საკუთარი ცოდნის საფუძველზე  ვიყალიბებთ მსოფმხედველობასა და ღირებულებებს.

ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდები ადამიანებს, მათ ქცევასა და შეფასებებს, ვცდილობ მათ გაანალიზებას.

რაც ყველაზე თვალნათელია ჩვენს ცხოვრებაში,  ხშირად ვამბობთ ერთს და ვაკეთებთ მეორეს, რადგან ის, რასაც ვაკეთებთ, გვგონია ის - რასაც ვამბობთ.

ჩვენ ვცდილობთ ყველაფერს სახელი მოუძებნოთ იმის მიხედვით რა და როგორ, ან როდის გვჭირდება - ეს პოლიტიკაა, ეს მორალია, ეს სოციალური თემაა, ეს ინტელექტის საკითხია....

მაგრამ გვავიწყდება, რომ ბოლოს ყველაფერი - პოლიტიკაც, ინტელექტიც, სოციალური თემაც ერთ საწყისამდე დადის, ერთ მარტივ კითხვამდე: „ვარ მე ადამიანი?“

ის რაზეც ქვემოთ მსურს ვისაუბრო ეს ზღვრების ჩემეული აღქმაა, რომელიც დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას ემყარება.

შესაძლოა, მათი სწორად გააზრება ბევრ ადამიანს დაეხმაროს, რადგან ყველა ზღვარი, რაც გარე სამყაროში გვგონია, პირველ რიგში ჩვენში გადის.

მაშინ დავიწყოთ:

მე ასე ვფიქრობ

პოლიტიკური თმენა სასარგებლოაროცა სისტემას შიგნიდან იცვლი. პროტესტი აუცილებელიაროცა სისტემა გთრგუნავს.“

სად მთავრდება პოლიტიკური თმენა და სად იწყება პროტესტის უფლება

თმენა - მოქალაქეობრივი კულტურის ნაწილია,  პროტესტი - თავისუფლების დაცვაზე პასუხისმგებლობა.

დემოკრატია არ ითხოვს მუდმივ აჯანყებას. მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ როცა ხელისუფლება სამართალს ებრძვის - ჩვენ უნდა ვიყოთ ჩუმად, რადგან “მოთმინება გვევალება”.

პოლიტიკური თმენა სასარგებლოა იქ, სადაც პროცესი მუშაობს. მაგრამ როცა პროცესი დაშლილია და ხელისუფლებას აღარ ესმის ხალხის - თმენა მორჩილებაა.

და მორჩილება - ის ქცევა როცა უსამართლობა ხდება და მაინც ხმას არ იღებ, რადგან “ჯერ არა”, “მე რა შუაში ვარ“, ან “მარტო მე რას შევცვლი”, „ცოტანი ვართ“...

პროტესტი არ ნიშნავს განადგურებას.

პროტესტი ნიშნავს გამოფხიზლებას.

კონსტიტუციური უფლებაა -  „მე ვხედავ. მე არ ვდუმვარ.“

საზღვარი აქ მორალურია.

თუ გრძნობ, რომ დუმილი უსამართლობის დროს შენ სინდისს გაკარგვინებს, მაშინ ვალდებული ხარ იყვირო. თუ იმავეს გრძნობ და დუმხარ - შენ ხარ ის სიჩუმე, რაც უსამართლობას აძლიერებს.

სისტემა, რომელიც ითხოვს “წესრიგს”, მაგრამ პასუხობს რეზინის ტყვიით, გაზით, ცემით, უსამართლობით, სიცრუით, ტერორით - არ იმსახურებს მოთმინებას.

მწარედ, ზღვარზე გამოთქმული და გამოხატული ნათქვამი სიმართლე უფრო მოქალაქეობრივი ნაბიჯია, ვიდრე კარგად გამოზომილი დუმილი.

ყველა დუმილი არ მოდის ღირსებიდან. ზოგი მოდის შიშიდან და სწორედ იქ იწყება ადამიანის ნგრევა.

***

მე ასე ვფიქრობ

კანონმორჩილება ღირსებაა - როცა კანონი სამართლიანია. დაუმორჩილებლობა ვალდებულებაა - როცა კანონი ჩრდილში დგას.“

სად მთავრდება კანონმორჩილება და სად იწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

კანონის პატივისცემა მყარ საზოგადოებას ქმნის. მაგრამ კანონი თვითონ არ ქმნის სიმართლეს - სიმართლეა ის საწყისი, რის გამოც კანონი არსებობს.

როცა სამართალი ადამიანის უფლებებს ეხება, კანონი უნდა გადაიხაროს ადამიანისკენ და არა - პირიქით.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ ნიშნავს არეულობას.

ის ნიშნავს სინდისს, რომელიც ამბობს: თუ ეს კანონი წამართმევს თავისუფლებას, მაშინ ეს კანონი  არ არის ჩემი და მე მას არ ვემორჩილები.

მორჩილება კარგია იქ, სადაც წესრიგს გიცავს.

როცა მორჩილება იარაღად იქცევა უსამართლობის მხარეს - დაუმორჩილებლობა ხდება ის ღირებულება, რომელიც ისტორიას გადაარჩენს.

***

მე ასე ვფიქრობ

დუმილი ზოგჯერ უსაფრთხოა - მაგრამ თანაგრძნობა ვერასოდეს იქნება დუმილი

სად მთავრდება დუმილი და სად იწყება თანაგრძნობის ხმა

ზოგჯერ ვდუმთ, რადგან ვერ ვპოულობთ სიტყვებს.

ზოგჯერ იმიტომ, რომ გვაშინებს საკუთარი ხმა.

ზოგჯერ კი - გვირჩევნია თავი შორს დავიკავოთ - არ ჩავერიოთ.

როცა ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც ტკივილი მიაყენეს და მაინც ვდუმთ, ეს დუმილი თანაგრძნობა ვეღარ იქნება. ეს დუმილი თანამონაწილეობაა - მჩაგვრელის მოკავშირეობა...

თანაგრძნობა ვლინდება ხმაში, პატარა ფრაზაში, შეწუხებულ მზერაში, პროტესტში, რომედესაც შეგიძლია თქვა:  „ასე არ შეიძლება.“

დუმილი - კარგია, როცა ისმის შიგნით. მაგრამ როცა გარეთ არის ჩამოწოლილი სიჩუმედ - ის უკვე გულგრილობის სახეს იღებს.

იქ მთავრდება სიმშვიდისა და დუმილის ფასი, როცა სხვისი ტკივილის წინაშე შენი დუმილი მოძალადის მოკავშირე ხდება.

***

მე ასე ვფიქრობ

ნეიტრალიტეტი  - მაშინ როცა ბოროტებას ხედავ და არ ეწინააღმდეგებიეს უკვე არ არის მიუკერძოებლობა

ეს უკვე პოზიციაა.“

სად მთავრდება ნეიტრალიტეტი და სად იწყება თანამონაწილეობა ბოროტებაში

ნეიტრალიტეტი - როცა ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და შენ არ იცი, სად არის სიმართლე.

მაგრამ როცა ხედავ ძალადობას, ტყუილს, ჩაგვრას და მაინც იხშობ ხმას - შენ ნეიტრალური აღარ ხარ.

ბოროტება ყოველთვის სიჩუმეში ძლიერდება და ყველაზე ხშირად - “ნეიტრალიტეტში.”

რაც დამნაშავეს იფარავს და ახალი დანშაულისკენ უბიძგებს,  ეს იმ აუდიტორიის დუმილია, რომელიც ამბობს: „არ ვიცი, მე არ მეხება, ეს პოლიტიკაა და ჩემი საქმე არ არის - არ ვერევი.“

ან: „ყველა ერთნაირია“,

ან უბრალოდ: „დავიღალე.“

მაგრამ სინდისი მაშინ იბადება, როცა არჩევანის წინ დგახარ:

„იყო მშვიდად და დაეთანხმო ბოროტებას ჩუმად;

ან

იყვირო - დაკარგო სიმშვიდე, მაგრამ შეინარჩუნო ღირსება.“

ნეიტრალიტეტი კარგია, როცა გაწონასწორებაა საჭირო. მაგრამ როცა ადამიანს ჩაგრავენ, შენი დუმილი მხოლოდ ერთ მხარეს აძლიერებს.

სწორედ მაშინ ხდება შენი ნეიტრალიტეტი ფარსი, როცა ხმის ამოუღებლობით ბოროტებას აცოცხლებ შენს თვალწინ.

***

მე ასე ვფიქრობ

სიყვარულის სივრცე თავისუფლებაზე დგას – ძალაუფლების სივრცე კი შიშზე.“

სად იწყება სიყვარული და სად მთავრდება ძალაუფლება

სიყვარული და ძალა - ორი შეურიგებელი საწყისი ადამიანის ბუნებაში... ერთი აერთიანებს, მეორე აკონტროლებს. ერთი პატივს სცემს თავისუფლებას, მეორე — იბრძვის მის დასათრგუნად.

სიყვარული ნიშნავს გულწრფელობას, გრძნობების გაზიარებას, უარის თქმას შიშზე, ბარიერების მოხსნას. ძალაუფლება - ეს არის ზღვრის გავლება, დამკვიდრება, მბრძანებლობა. ერთი - თანაზიარია, მეორე - ბატონობს.

იუნგი წერდა: “სადაც სიყვარული მეფობს, ძალაუფლების წყურვილი აღარ არსებობს, ხოლო სადაც ძალა ჭარბობს, იქ სიყვარული იკარგება. ერთის ბრწყინვალება მეორის ჩრდილია.”

ეს ფრაზა მხოლოდ წიგნის თაროებისთვის კი არ არის განკუთვნილი. ის გვეხება ჩვენ ყოველდღიურად - ოჯახში, პოლიტიკაში, მეგობრობაში, ურთიერთობებში და თქვენ წარმოიდგინეთ - საკუთარ თავთან თანცხოვრებაშიც კი. არჩევანი ყოველთვის მარტივია, მაგრამ არა იოლი: ვიყოთ მზის მხარეს - სადაც სიყვარული ბრწყინავს, თუ ჩრდილში - სადაც მხოლოდ ძალის სიჩუმე ისმის.

და ვინც ამ ორს შორის საზღვარს გაბედულად გადაკვეთს სიყვარულის მხარეს - უკვე ქმნის სამყაროს, რომელშიც ძალაუფლებას ადგილი აღარ აქვს.

***

მე ასე ვფიქრობ

შიში გვეუბნება – არ გაბედო, არ სცადოთავისუფლება კი გვეუბნება – გაბედესცადეთუნდაც შეცდე.“

სად იწყება შიში და სად სრულდება თავისუფლება

შიში - უძველესი მრჩეველია ადამიანის გონებაში. ის გიცავს, გაფრთხილებს, გაგრძნობინებს საფრთხეს. მაგრამ როცა შიში არ ქრება - ის ბნელდება და გაფრთხილებიდან მართვაზე გადადის. სწორედ იქ იწყება თავისუფლების დაკარგვა.

თავისუფლება არ ნიშნავს რისკის უგულებელყოფას. ის ნიშნავს შიშთან თანაცხოვრებას - მის მოსმენას, მაგრამ არა მორჩილებას. შიში ამბობს: „ნუ წახვალ,“ თავისუფლება ამბობს: „წადი, შენ იცი, რატომ მიდიხარ.“

თავისუფლება - ეს არ არის მხოლოდ მოძრაობის უფლება. ეს არის შინაგანი გამბედაობა, მიიღო გადაწყვეტილება, თუნდაც ზუსტად არ იცოდე, რა შედეგი მოჰყვება მას. რეალურად სწორედ ეს არჩევანი გვაცოცხლებს.

შიში უსაფრთხოებას გვპირდება, მაგრამ ხშირად გვამუნჯებს.

თავისუფლება არ გვპირდება არაფერს - გარდა შესაძლებლობისა, ვიცხოვროთ ნამდვილად და არა ყალბად.

ყველაზე დიდი ზღვარი თავისუფლებასა და შიშს შორის ჩვენს თავშია ანუ ხმაში, რომელსაც მივყვებით.

მთავარია გახსოვდეს - დღეს რომ აირჩევ, ხვალ უკვე შენს გზად იქცევა. აირჩევ შიშს უნდა იყო მორჩილებაში, აირჩევ თავისუფლებას - იქნები ახალი აღმოჩენებისა და შესაძლებლობების მარტიცაში.

***

მე ასე ვფიქრობ:  

თავმდაბლობა არის საკუთარი ღირებულების განცდა ზედმეტი ხმაურის გარეშეთავის უარყოფა – ღირებულების დავიწყება სიჩუმეში.“

სად მთავრდება თავმდაბლობა და სად იწყება თავის უარყოფა

თავმდაბლობა – ეს არ არის თავის დახრა და სიბეჩავე. ეს არის იმ სიმაღლეზე დგომა, სადაც საკუთარი მნიშვნელობაზე ყვირილი საჭირო არ არის.  თავმდაბალი ადამიანი ხედავს საკუთარ ღირებულებას, მაგრამ სხვებს ადგილს არ წართმევს. ის არ ამცირებს საკუთარ თავს - ის არ ცდილობს საკუთარი პერსონა ცხვირში ურტყას სხებს.

თავის უარყოფა კი სხვა რამეა. ეს არის შიში იმისა, რომ შენი ადგილი არ არსებობს. ეს არის ფიქრი, რომ შენი ხმა ზედმეტია. ეს არის ჩუმად დგომა იქ, სადაც რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გეთქვა  და არ თქვი, იმიტომ რომ - „ვინ ვარ მე?“, „რას შეცვლის ჩემი ნათქვამი?“

ჩვენ ხშირად ვასწავლით შვილებს თავმდაბლობას, მაგრამ ვუშვებთ შეცდომას – როცა მათ თავისი თავის დავიწყებასაც ვასწავლით.

თავმდაბლობა – ძალაა. თავის უარყოფა – ტკივილი. ერთი ადამიანს აძლიერებს, მეორე შლის.

საზღვარი მათ შორის ხმაშია, რომელიც შიგნიდან გვესმის. თავმდაბლობა გვეუბნება: „შენ საკმარისი ხარ!“ თავის უარყოფა გვეუბნება: „შენ არასდროს იქნები საკმარისი!“

და როცა ეს ორი გააზრება ერთმანეთში გვერევა – ვკარგავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ იმ სივრცესაც, სადაც სიმართლე უნდა გვეთქვა.

***

მე ასე ვფიქრობ

სიმშვიდე არ არის გულგრილობასიმშვიდე ეს არის ყოფნა – მთლიანადგულგრილობა – არყოფნაროცა ჯერ კიდევ ხარ.“

სად მთავრდება სიმშვიდე და სად იწყება გულგრილობა

სიმშვიდე – ეს არ არის გარესამყაროსგან მოწყვეტა. ეს არის სამყაროს მიღება ისე, რომ მისი ხმაური აღარ განგრევს შიგნიდან. სიმშვიდე იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გადარდებს – ნიშნავს, რომ იცი, რას უპასუხო და რას არა. ნიშნავს, რომ ბობოქარ ამბავშიც იცი შენი ადგილის ფასი.

გულგრილობა – არ არის სიმშვიდის გაგრძელება. ეს მისი გაქრობაა. გულგრილობა ჩახშობილი რეაქციაა, არა იმიტომ, რომ ყველაფერი გაქვს გააზრებული, არამედ იმიტომ, რომ აღარ გინდა იგრძნო. გულგრილობა კლავს კავშირს – ჯერ შენს თავთან, მერე სხვებთან.

სიმშვიდე შენს გულში სივრცეს ხსნის. გულგრილობა – ამ სივრცის ტუსაღობაა.

სხვაობა მარტივია, მაგრამ ყოველთვის არა აშკარა.

სიმშვიდე შენს თვალებში არის სითბო. გულგრილობა – სიცარიელე.

სიმშვიდეში მზად ხარ მოუსმინო. გულგრილობაში – არაფრის მოსმენა არ გინდა.

სიმშვიდე – სიყვარულის განშტოებაა. გულგრილობა – სიყვარულის მოშლა.

ხშირად ვფიქრობთ, რომ “მოვეშვით” იმიტომ, რომ დავმშვიდდით.

მაგრამ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: დავმშვიდდით – თუ უბრალოდ გული გავაცარიელეთ?

***

მე ასე ვფიქრობ

ზრუნვა ნიშნავს იყო გვერდითროცა სჭირდებიკონტროლი კი - გადაწყვიტოროდის სჭირდები.“

სად მთავრდება ზრუნვა და სად იწყება კონტროლი

ზრუნვა – სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფორმაა. ის არ ითხოვს არაფერს უკან, არ აწესებს პირობებს, არ ელის მადლობას. ზრუნვა ესაა: „აქ ვარ. გხედავ. გგრძნობ.“

ის არ ცდილობს შეცვალოს ადამიანი – ცდილობს გაუგოს, გვერდით დაუდგეს, გააძლიეროს.

კონტროლი კი ჩუმად შემოდის ზრუნვის ნაცვლად – როგორც მზრუნველობა, რომელიც თავის გზას გკარნახობს.

„მეცოდები, ამიტომ გეტყვი, რა გჭირდება.“

„ვზრუნავ შენზე, ამიტომ გეუბნები, როგორ უნდა მოიქცე.“

ეს უკვე ზრუნვა აღარ არის – ეს არის ჩარევა. სურვილი, მართო სხვა, მაშინ როცა თავად ამას არ გთხოვს.

ზრუნვა აღიარებს ადამიანის დამოუკიდებლობას. კონტროლი შლის მას.

ზრუნვა აძლევს არჩევანს. კონტროლი ართმევს.

ზრუნვა ქმნის ნდობას. კონტროლი თესავს შიშს.

ზრუნვა რჩება, როცა შენს რჩევებს არ იღებენ. კონტროლი კი გვეუბნება: „თუ ისე არ მოიქეცი, როგორც გითხარი – მაშინ ჩემი იმედი ნუ გექნება (ფეხებზე მკიდიხარ)“.

საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა სიღრმისეული უნარია.

იმ ზღვარის დანახვა, სადაც ზრუნვა მთავრდება და კონტროლი იწყება – სიბრძნეა.

***

მე ასე ვფიქრობ:

„მოთმინება ნიშნავს - გელოდები, რადგან მიყვარხარ. მიტოვება კი – აღარ გელოდები, რადგან აღარ მინდა მეტკინოს.“

სად მთავრდება მოთმინება და სად იწყება მიტოვება

მოთმინება ხშირად ითვლება ღირსებად. მაგრამ როცა ის დაუსრულებელ ლოდინად იქცევა – როცა გრძნობ, რომ გკარგავ, მაგრამ მაინც ეჭიდები – მოთმინება ტანჯვად იქცევა.

მოთმინება მისაღებია, როცა კავშირი ორმხრივია, თუნდაც დუმილის დროს.

მაგრამ როცა მხოლოდ შენ ელი, შენ გტკივა, შენ გინდა – ეს უკვე შენი თავს ღალატია.

მიტოვება ყოველთვის არ ნიშნავს გარიდებას.

ზოგჯერ ეს საკუთარი თავის მიმართ იმ სიყვარულის ბოლო აქტია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვბედავდით.

ზოგჯერ წასვლა არ არის დანებება – ეს არის უკანასკნელი ნაბიჯი, რომელიც საშუალებას გაძლევს დარჩე საკუთარ თავთან.

საყურადღებოა, რომ ხანდახან ერთი მეორედ გვევლინება. ვფიქრობთ, რომ ვართ მოთმინებაში, მაგრამ სინამდვილეში ვრჩებით მხოლოდ იმიტომ, რომ ვეღარ ვბედავთ წასვლას. ან პირიქით – მივდივართ, ვამბობთ, რომ დავიღალეთ, მაგრამ გულში ჯერ კიდევ გვინდა ლოდინი.

„საცა არა სჯობს, წასვლა სჯობს“ - ეს არაა სიგიჟე. ესაა სიზუსტე.

მოთმინება მაშინ ფასობს, როცა იგი შენც გიცავს.

როცა განგრევს - მას მორალურ ვალდებულებად ვეღარ ვასაღებთ.

***

მე ასე ვფიქრობ

თავდაცვა - ეს სურვილიაარ დაგაზიანონაგრესია - ეს სურვილიასხვას ატკინო.“

სად მთავრდება თავდაცვა და სად იწყება აგრესია

თავდაცვა – ბუნებრივია. ყველა არსებას აქვს. ეს არის რეაქცია საფრთხეზე - მოძრაობა უსაფრთხოებისკენ. თავდაცვა არ ითხოვს დომინაციას. ის უბრალოდ ამბობს: „არ მომიახლოვდე ასე, მეტკინა.“

მაგრამ როცა ჩვენს შიშს ვეღარ ვაცნობიერებთ - თავდაცვა გადაიზრდება აგრესიაში.

სიტყვა გამკაცრდება. მოძრაობა გახდება მკვეთრი, ტონი - დამამცირებელი და ვეღარ ვამჩნევთ, როგორ ვცვლით “არ შემეხო”-ს სიტყვებით - “შენ ვინ ხარ საერთოდ?”

აგრესია აღარ იცავს - ის  უტევს. არ აშენებს საზღვრებს - ანგრევს სხვისას.

თავდაცვაში პატივისცემაა - საკუთარი თავისა და სხვისი სივრცის მიმართ.

აგრესიაში მხოლოდ იერიშია - საკუთარ სუსტ წერტილებზე გადაფარებული.

თავდაცვა მორჩენის საშუალებას ტოვებს. აგრესია კარს მთლიანად ხურავს.

როცა გინდა ურთიერთობა გადარჩეს - თავდაცვით ილაპარაკე. როცა გინდა გქონდეს ბოლო სიტყვა - აგრესიას აირჩევ.

მაგრამ სინამდვილეში, ბოლო სიტყვა ის არის, რაც ცოცხლებს გვტოვებს.

***

და ბოლოს, რისთვის დავწერე ეს ყველაფერი, მით უფრო ისე, რომ მავანი იფიქრებს - რატომ აურია ყველაფერი ერთმანეთში... მაგრამ თუ ერთხელაც გადაიკითხავთ არაფერი ამირევია.

უბრალოდ დააკვირდით - ამ დაყოფით ვინ სად დგას და მიხვდებით რა არის ის, რაც არ უშვებს წინ ამ სახელმწიფოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა