კურტ ვოლკერი - კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება
4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება
ლევან ხაბეიშვილი - თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!
თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
FIFA ახალ რეფორმებს ამზადებს
ამინდი 18 მაისს
ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება

უკრაინის ცხელი ცივი ზამთარი

10.12.2022 | 08:51 ნახვები: 769

უკრაინას უმძიმეს ზამთარი ელის. კიევზე და სხვა მსხვილ ქალაქებზე, ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებმა ცხადყო, რომ რუსეთთან ომი ახალ, კიდევ უფრო მძიმე სტადიაში შევიდა. ამიერიდან ომი უკრაინაში იქნება ორმაგად ასიმეტრიული.

პირველი ასიმეტრია იქნება ფრონტის ხაზზე - რუსები, მობილიზაციის წყალობით შეეცდებიან თავს მოახვიონ უკრაინელებს ომის მათი ხედვა - საბრძოლო მოქმედებების წარმოება ცოცხალი ძალის დიდი უპირატესობით. რუსი ტრადიციულად ომობს „ხორცით“, ჯარისკაცებს არ ითვლის, არ ინდობს და მათ ხარჯავს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ასე იყო ისტორიულად და ასე არის დღესაც.

ამ ტაქტიკას უკრაინა უპირისპირებს მცირე, მობილური ჯგუფების შეტევებს და მაღალი სიზუსტის დასავლურ იარაღს. თუმცა, ეს ასიმეტრიულობის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც უკრაინისთვის მომგებიანია, ხოლო არის კიდევ მეორე, რომელიც ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის.

უკრაინა განაგრძობს გამარჯვებებს ბრძოლის ველზე, ამის საპასუხოდ კი რუსეთი კვლავ დაბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ამ ორ მიდგომას შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. ეს ორი პარალელური ხაზია, რომელიც ერთმანეთთან არ იკვეთება - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ქალაქს და სოფელს აიღებს უკრაინის ჯარი, მეტიც, სულ რომ გაყაროს ოკუპანტი თავისი მიწიდან და ყირიმიც კი დაიბრუნოს, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს რუსეთს დაუნდობელი დაბომბვების გაგრძელებაში.

10 ოქტომბერს კიევი და სხვა დიდი ქალაქი დაიბომბა კასპიის ზღვაში მდგომი სამხედრო ხომალდიდან. ის არანაირ კავშირში არაა უკრაინის ფრონტებზე შექმნილ ვითარებასთან, ის ცალკეა, თავისთვის ისვრის, და მისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ აკონტროლებს უკრაინის ამა თუ იმ რეგიონს.

ჩვენ უკვე თვეების მანძილზე ვისმენთ, რომ დღეს-ხვალ რუსეთს დაუმთავრდება რაკეტები და ჭურვები, რომ მოსკოვი ცდილობს იყიდოს რაკეტები ჩრდილოეთ კორეაში და ა.შ. მთელი ეს ჭორები და მითქმა-მოთქმა როგორც წესი სრულდება ახალი დაბომბვებით და ახალი მსხვერპლით. შესაძლოა, რუსეთს მართლაც დაუმთავრდეს იარაღი, შესაძლოა, ეს მოხვდეს უკვე ხვალ დილით, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ რაკეტების და ჭურვების მარაგი მას კიდევ 10 წლით ეყოს - ეს არავინ იცის.

ფაქტი კი ისაა, რომ საბჭოთა კავშირი ბოლო ათწლეულების მანძილზე აწარმოებდა შეიარაღებას, რომლის რაოდენობაც საკმარისი უნდა ყოფილიყო აშშ-ს და ნატო-ს ჯარებთან მრავალწლიანი ომისთვის. ომისთვის, რომელსაც არავინ აპირებდა.

თუმცა, საბჭოელი ლიდერების პარანოია დღეს გამოადგა პუტინს - სწორედ ამ, განუსაზღვრელი რაოდენობის ბომბების და რაკეტების წყალობით, ის ჯერ ახერხებს უკრაინაში ომის გაგრძელებას -რუსული სახმელეთო ჯარის სრული უუნარობის და დემორალიზების მიუხედავად.

ომის ეს ფორმატი - ახალი ჩიხია. უკრაინას შეუძლია ბოლოს და ბოლოს გააგდოს ოკუპანტები თავისი მიწიდან, თუმცა, ამით ის ვერ შეაჩერებს დამანგრეველო დაბომბვებს, რომლებსაც სულ არ სჭირდებათ ჯარების განლაგება მაინც და მაინც უკრაინაში. საკმარისია კასპიის ზღვაში იდგეს ერთი სამხედრო ხომალდი, მეტი არც არის საჭირო.

უკრაინა ახერხებს მიწების განთავისუფლებას, მაგრამ ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მისი ტერიტორიების დაცვას. მას არ გააჩნია საკმარისი სიშორის იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეების განადგურება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, სამწუხაროდ, დასავლეთი მას ასეთი რაკეტებს არ აწვდის და ალბათ არც მიაწვდის.

ამ ვითარებაში უკრაინისთვის ომის დასრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - კრემლის პოლიტიკის შეცვლის პირობებში.

ამის მიღწევა კი ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ხერსონის ან ლუგანსკის აღება. ამიტომაც ზამთარი უკრაინაში ძალიან, ძალიან ცხელი, და ამავე დროს ძალიან ცივიც იქნება...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა