აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატები, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი, 3 ნოემბერს დანიშნული არჩევნების წინ ერთმანეთს დებატების ფორმატში დაუპირისპირდნენ.
დებატები სოციალური დისტანცირების წესების დაცვით გაიმართა და საათ-ნახევარი გაგრძელდა.
დებატები ექვს ნაწილად იყო გაყოფილი. ტრამპმა და ბაიდენმა მათ კანდიდატურებზე, აშშ-ს უზენაეს სასამართლოზე, კორონავირუსის პანდემიაზე, ეკონომიკაზე, არჩევნების ხელშეუხებლობასა, ქვეყანაში რასიზმისა და ძალადობის წინააღდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრეს.
---
დებატების პირველი შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის ვადებს ეხებოდა. ოპონენტებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის დროსთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპის თქმით, რესპუბლიკელებმა 2016 წლის არჩევნები მოიგეს, რასაც თავისი შედეგები მოაქვს. პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატ ემი კონი ბარეტზეც, რომელიც მისი თქმით, გამორჩეული მოსამართლე იქნება.
„ჩვენ მოვიგეთ არჩევნებში შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება ავირჩიოთ ის", - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს, თუ ვინ დაიკავებს უზენაეს სასამართლოში გარდაცვლილ რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილს.
„ჩვენ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა იქნება ამ არჩევნების შედეგი", - აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მოსამართლეობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს, სადაც ამჟამად უმრავლესობას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაპარტიელები - რესპუბლიკელები ფლობენ.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა.
----
აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შეფასებით, მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.
როგორც ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველ საპრეზიდენტო დებატებისას აღნიშნა, „ვირუსს 200 000 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი კი, პანიკაში ჩავარდა და ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა, რადგან ის ეკონომიკაზე უფრო მეტად ღელავდა".
„ის ჯერ კიდევ არ აღიარებს, რომ იცოდა რაც ხდებოდა, იცოდა რამდენად საშიში იყო ჯერ კიდევ თებერვალში და არ გითხრათ. მრავალი ადამიანი დაიღუპა და კიდევ მრავალი დაიღუპება, ვიდრე ის დაჭკვიანდება. ეს არის კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ვირუსი აღდგომისთვის გაქრებოდა. იქნებ, მათეთრებლის ინექცია გაგეკეთებინა ვენაში და ამას მოეგვარებინა" , - განაცხადა ბაიდენმა დონალდ ტრამპის მისამართით.
თავის მხრივ, როგორც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაიდენის მოწოდებების შესაბამისად, რომ ემოქმედათ და საზღვრები არ დაეხურათ, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.
ოპონენტებმა დებატების დროს ერთმანეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებითაც დაუპირისპირდნენ. ტრამპის განცხადებით, ვაქცინა ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში იქნება, როგორც ამის შესახებ მას ფარმაცევტული კომპანიები ატყობინებენ. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა დაავადებათა ეროვნული ცენტრის განცხადებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამედიცინო წრეებში ვაქცინას მხოლოდ წლის მიწურულისთვის ელიან.
ჯო ბაიდენმა დებატებისასა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს, თავიდან მოიშოროს ყველასათვის ხელმისაწვდომი „ობამაქეარის" ჯანდაცვის პროგრამა.
დებატების მოდერატორის, კრის უოლასის კითხვაზე, რა არის ტრამპის ჯანდაცვის გეგმა, რომლითაც ის გეგმავდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „ობამაქეარის" პროგრამის შეცვლას და დღემდე არ განუხორციელებია, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მან „ობამაქეარიდან" ინდივიდუალური მანდატის სისტემა ამოიღო.
----
აშშ-ს საპრეზიდენტო დებატებისას რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა და მისმა დემოკრატმა მეტოქე ჯო ბაიდენმა საკუთარ სამომავლო ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრეს.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მის მიერ შემუშავებული გეგმა ამერიკას შვიდი მილიონით მეტ სამუშაო ადგილს და ერთი ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს უდიდესი კომპანიებისთვის გადასახადებს 21 %-დან 28 %-მდე გაზრდის.
ბაიდენის ამ განცხადების პასუხად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ შემოღებული დაბალი გადასახადების ფონზე, აშშ-ს ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზარდა.
„თუ ოდესმე შენ (ბაიდენი) გახდები პრეზიდენტი და ჩემს გადასახადებს შეცვლი, ახლავე გეტყვი რაც მოხდება, კომპანიების ნახევარს დაკარგავ, ისინი სხვაგან წავლენ და ისეთი ეკონომიკური უკუსვლა გექნება, როგორიც არასდროს გინახავთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ოპონენტის მისამართით.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციამ ქვეყანა უდიდესი რეცესიის დროს გადაიბარა, რისი გამოსწორებაც წარმატებით შეძლო.
„ჩვენ შევძელით ეკონომიკის გაძლიერება და შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მას (ტრამპს) აყვავებული ეკონომიკა ჩავაბარეთ და ის წარუმატებელი აღმოჩნდა", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ მიღწეული სავაჭრო ხელშეკრულებები არც ისეთი მომგებიანია, როგორც ამას თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს.
„პრეზიდენტი ამ სავაჭრო ხელშეკრულებებზე ლაპარაკობს, თუმცა ჩინეთმა ქურდობის ხელოვნება დახვეწა, ჩვენ ახლა ჩინეთთან უფრო დიდი დეფიციტი გვაქვს, ვიდრე ადრე, ასევეა მექსიკასთანაც", - აღნიშნა ბაიდენმა
საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიერ რუსი მილიარდერის, ელენა ბატურინასგან 3,5-მილიონ დოლარიანი სესხის აღება გაიხსენა.
„ჩინეთმა შენი ლანჩი შეჭამა. ეს 100 %-ით სიმართლეა. შენი შვილი მიდის და მილიარდობით დოლარს იღებს სესხის სახით, მილიონებს აკეთებს. უბრალოდ მაინტერესებს მოსკოვის მერის ცოლმა შენს შვილს 3.5 მილიონი დოლარი მისცა. რა გააკეთა ამის დასამსახურებლად", - მიმართა ტრამპმა ბაიდენს.
დემოკრატმა კანდიდატმა ტრამპს უპასუხა, რომ მისი შვილის მიმართ არსებული ბრალდებები უკვე სრულიად დისკრედიტირებულია.
„მე არ მინდა ოჯახებზე საუბარი. მის (ტრამპის) ოჯახზე რომ დავიწყოთ საუბარი, მთელი საღამო აქ ვიქნებით. ეს არ არის დებატები ჩემს ოჯახზე, ეს არის დებატები ჩვენს ოჯახებზე, ამერიკელ ხალხზე. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სჭირდება ამერიკელ ხალხს", - განაცხადა ბაიდენმა.
-----
აშშ-ის საპრეზიდენტო დებატებისას რესპუბლიკელმა, დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტია ყოველთვის იბრძოდა თანასწორობისა და სამართლიანობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბოლომდე ვერ მიაღწია.
„ჩვენ ყოველთვის ამ იდეის ერთგულები ვიყავით ტრამპისგან განსხვავებით, რომელმაც ეს იდეა მიატოვა. მართალია, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ჩავერთე ბრძოლაში", - განაცხადა ბაიდენმა.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპი ქვეყანაში რასიზმის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.
ტრამპმა საპასუხოდ ბაიდენის 1994 წლის გამოსვლა გაიხსენა, სადაც მისი თქმით, ბაიდენმა, აფრო-ამერიკელებს სუპერ მტაცებლები უწოდა.
„შენ მათ მტაცებლები უწოდე და ეს მათ არ დავიწყებიათ. შენ აფრო-ამერიკელებს ამ ქვეყანაში ყველაზე ცუდად ექცეოდი, მე კი მათ ციხეებიდან ვათავისუფლებ", - განაცხადა ტრამპმა ოპონენტის მისამართით.
ტრამპმა ბაიდენს ასევე სამართალდამცველების საკითხზე მისი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა და განაცხადა, რომ დემოკრატ კანდიდატს სიტყვა „პოლიციის" წარმოთქმაც კი არ შეუძლია.
„პორტლენდს რომ დაერეკა, იმ ცეცხლს ნახევარ საათში ჩავაქრობდით, თუმცა არ გვირეკავენ, რადგან პორტლენდს დემოკრატი გუბერნატორები მართავენ. ტოპ 40 უდიდეს ქალაქს დემოკრატი, ხშირ შემთხვევაში რადიკალი მემარცხენე გუბერნატორი ჰყავს და ისინი შენ სრულიად გაკონტროლებენ იმ დონეზე, რომ შენ საერთოდ არ გინდა კანონისა და წესრიგის ხსენება. ამ ქვეყნის ხალხს კანონი და წესრიგი უნდა და შენ ამის თქმისაც კი გეშინია", - განაცხადა ტრამპმა.
ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში განათლებისა და სამართლის სფეროებში სისტემური რასიზმია.
„პოლიციელების დიდი ნაწილი ღირსეული ქალები და კაცები არიან. ისინი ყოველდღე საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა ჩვენი სიცოცხლე დაიცვან, თუმცა არის გამონაკლისები და ამას გადაწყვეტა სჭირდება. მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ თავიანთი ქმედებების გამოც", - განაცხადა დემოკრატმა კანდიდატმა.
ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორი რეაგირება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია და არა ძალადობა.
დონალდ ტრამპის განაცხადებით, რასობრივი საკითხებთან დაკავშირებით შესახებ ტრენინგები შეაჩერა, რადგან აღნიშნულ ტრენინგებზე ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა.
„ეს ტრენინგები რასისტულია. ჩვენს არმიაში, სკოლებსა და საზოგადოებაში რადიკალური რევოლუცია იწყებოდა და ეს თქვენ იცით. ჩვენ ადამიანებს ათასობით დოლარს ვუხდიდით, რომ მათ ხალხისთვის ძალიან ცუდი იდეები ესწავლებინათ. ისინი მათ აშშ-ს სიძულვილს ასწავლიდნენ", - განაცხადა ტრამპმა.
რესპუბლიკელი ოპონენტის ამ განცხადების საპასუხოდ ჯო ბაიდენმა მას რასისტი უწოდა.
„ამას არავინ აკეთებს, უბრალოდ ის რასისტია. ქვეყანაში არსებობს ეს პრობლემები. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა არის შეურაცხმყოფელი სხვისთვის. ეს მათთვისაა, ვინც სხვებს ზემოდან უყურებს, მაგალითად, დონალდ ტრამპი მე ირლანდიელ კათოლიკეს სკრენტონიდან, ადამიანებსაც, ვისაც მასზე ნაკლები ფული აქვს, სხვა აღმსარებლობისაა, ან განსხვავებული ფერის კანი აქვს, ზემოდან უყურებს", - განაცხადა ბაიდენმა.
----
აშშ-ის საპრეზიდენტო დებატებზე საკუთარი კანდიდატურის უპირატესობებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის მცდელობებისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, მისმა ადმინისტრაციამ მაინც მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც ვერც ერთმა სხვა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო.
„არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი თუ ადმინისტრაცია, რომელმაც სამ წელიწად-ნახევარში იმდენი გააკეთა რამდენიც მე. კოვიდამდე ჩვენ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვქონდა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი, ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ კოვიდმა დაგვარტყა, თუმცა ახლა ხელახლა ვაშენებთ ეკონომიკას. მე თავიდან ავაშენე სამხედრო ძალები, მათ შორის კოსმოსური ძალები და ვეტერანების საქმეები მოვაწესრიგე, რომლებიც სრულიად არეული იყო ბაიდენის დროს", - განაცხადა ტრამპმა.
-----
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის ლეკვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ ოპონენტ დონალდ ტრამპთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
„დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ჩვენ უფრო სუსტები, ავადმყოფები, ღარიბები, დაყოფილები და მოძალადეები ვხდებით. მე პუტინს პირისპირ ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მის ქცევას არ მოვითმენდით. ის პუტინის ლეკვია. მას ჯერ კიდევ არაფერი უთქვამს რუსეთისთვის ამერიკელ ჯარისკაცებზე გამოცხადებულ ნადირობაზე", - განაცხადა ბაიდენმა.
დემოკრატმა კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ქვეყანაში დანაშაულის დონე 50 %-ით დაბალი იყო ახლანდელ მაჩვენებელთან შედარებით.
---
შეგხსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.