იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება საქართველოსთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის შესახებ
ხატია დეკანოიძე - უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები იპოვა
დავით მესხიშვილი:ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით, 450 ადამიანი იღუპება
ადვოკატი:სამედიცინო დასკვნაში ჩამოთვლილია ის მძიმე დაავადებები, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს
პაატა მანჯგალაძე - ალუდა ღუდუშაური თავიდან ლიტერატურული პერსონაჟი მეგონა
ნათია ფანჯიკიძე: „დღეს ქვეყანაში სულ რამდენიმე ადამიანზე ვამბობ ხოლმე ინტელიგენტია-მეთქი და ერთ-ერთია ედუარდ სააკაშვილი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველებს ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ

ქოცები და მშვიდობა - ქოცი ამას ვერასოდეს გაიგებს

10.26.2022 | 09:38

როგორც ცნობილია, ქოცებს უყვართ უსაგნო საუბრები „მშვიდობის შენარჩუნებაზე“.

მათი იდეოლოგიის მიხედვით, ნებისმიერი კონფლიქტის „თავიდან არიდება“ შესაძლებელია „კარგი საქციელის“, „გონივრული მიდგომის“ და „პრაგმატული პოლიტიკის“ პირობებში. ეს მათი ურყევი რწმენა გასაგებია და ბუნებრივი  - წვრილფეხა ვაჭრუკანა ყოველთვის მოძებნის გარიგების შესაძლებლობას.

სამწუხაროდ, ის, რაც სწორია ვაჭრობისთვის  - არ მოქმედებს პოლიტიკაში.

2008 წლის შემდეგ 14 წელი გავიდა,  მაგრამ ქოცები ვერა და ვერ მიხვდნენ, რომ აგვისტოს ომი გარდაუვალი იყო,და მის „თავიდან აცილება“ შეუძლებელი ყველაზე ძლიერი ვაჭრუკანული ინსტინქტებით და ყველაზე პრაგმატული პოლიტიკითაც კი.

2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზი თავად, საკუთრივ, საქართველო არ ყოფილა - ეს იყო პუტინის მხრიდან დასავლეთისთვის კოსოვოს აღიარების გამო სიმეტრიული შურისძიება და ამ პროცესის შეჩერების არანაირი შანსი არ არსებობდა.

შესაძლებელი იყო ომის გარკვეულწილად გადავადება, საბრძოლო მოქმედებებში უფრო გააზრებულად ჩაბმა, საერთაშორისო აზრის შესაბამისი მომზადება, უცხოურ მას-მედიაში ოსური მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვის უფრო აქტიური გაშუქება.

ერთი სიტყვით - შესაძლებელი იყო რუსეთის პროვოკაციებზე უფრო ადეკვატური რეაგირება - ეს ცხადია. თუმცა, თავად ომის თავიდან აცილება სრულიად შეუძლებელი იყო.

ძნელი სათქმელია, რატომ გაჯიუტდნენ ასე ქოცები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულიად არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგაც კი აგრძელებენ მტკიცებას, რომ „წინა ხელისუფლების უგნური ქმედებების გამო ვერ მოხერხდა ომის თავიდან აცილება“. შეიძლება საქმე იმაშია, რომ ისინი ძალიან დიდხანს ამბობდნენ ამას და საკუთარი მრავალწლიანი შეცდომის აღიარება არ სურთ. ან იმდენად ეზიზღებათ სააკაშვილი, რომ ეს მცირე დათმობაც კი მკრეხელობად მიაჩნიათ.

ასეა თუ ისე, ქოცური „თავიდან ომის აცილება ვერ მოხერხდა“ 2022 წლის თებერვლიდან არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ უკვე უკრაინაზეც ვრცელდება. ქოცები კივიან „ზელენსკიმ ვერ მოახერხა ომის თავიდან აცილება“, მათი უნამუსო პროპაგანდა ყალბ ცრემლებს ღვრის „უკრაინელი ხალხის მსხვერპლზე“ და რეგვენ ქოც-მრევლში ნერგავს აზრს, რომ „ზელენსკიმ გასწირა უკრაინელი ხალხი“..

სწორედ ამ კონტექსტში ისმის უკრაინის ხელისუფლების მიმართ ორღობე-სოფლური კრიტიკა - „საცოდავი უკრაინა ამ მასხარას ხელში... ამდენი ბავშვი რისთვის იღუპება?“.

გასაგებია, რომ ქოცებისთვის არ არსებობს არაფერი, რაც ბრძოლად ღირდეს - ფულის და ძალაუფლების გარდა. ყოველგვარი მაღალი იდეები, სახელმწიფოებრივი აზროვნება, ქვეყნის წინსვლა და პროგრესი - ეს მათთვის ცარიელი სიტყვებია და ამიტომაც ისინი ვერასდროს გაიგებენ რატომ იბრძვის უკრაინა, რატომ არ თმობენ ისინი თავიანთ ქალაქებს, უძლებენ სარაკეტო დარტყმებს....

ამიტომაც მათ ვერანაირად ვერ დაუმტკიცებთ, რომ ომი უკრაინაში გარდაუვალი იყო - მათი შეხედულების მიხედვით, ღირებული ფასეულობაა ფული და ძალაუფლება, დანარჩენის დათმობა - არანაირი პრობლემა არაა.

ქოცებისთვის არა, მაგრამ ნორმალური ადამიანებისთვის ცხადია, რომ რუსული აგრესიის თავიდად აცილება ან დღეს მშვიდობის აღდგება შეუძლებელია.

დედამიწაზე ომების 99%-ს კონკრეტული მიზეზი აქვს. მაგალითად, დღეს აზერბაიჯანი ეომება სომხეთს ნახიჩევანში სახმელეთო დერეფნისთვის. იქნება დერეფანი - არ იქნება ომი. არ იქნება დერეფანი - იქნება ომი. ყველაფერი ცხადია, გასაგები, და ვაჭრობაც მოსულა.

პუტინის ომს უკრაინის წინააღმდეგ არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული აზრი  - ის არც ტერიტორიისთვისაა და არც რომელიმე ცალკე აღებული ქალაქის ან რეგიონისთვისაა.

ომის არსია ის, რომ რუსები ვერ ეგუებიან უკრაინელების, როგორც ერის არსებობის ფაქტს. ისინი მიიჩნევენ, რომ არავითარი უკრაინელები არ არსებობენ და ისინი სინამდვილეში არიან პროპაგანდით გაბრუებული და მოტყუებული რუსები. ის, ვინც ჯიუტად ამბობს რომ უკრაინელია -  ფაშისტია და უნდა განადგურდეს.

მათ ეს უკვე სცადეს - ბუჩაში, ირპენში, იზიუმში და სხვა ოკუპირებულ ქალაქებში,  სადაც ამოხოცეს ყველა მოაზროვნე, განათლებული და აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის მქონე ადამიანი. ისინი ამას გააკეთებენ უკრაინის ნებისმიერ ქალაქში, რომელიც ხელში ჩაუვარდებათ.

რუსეთის მიზანია არა ცალკეული ტერიტორიების მიერთება და არც ნატოში უკრაინის შესვლაზე მტკიცე უარია გარანტიის მიიღება - ეს ასე რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა ვაჭრობის საგანი - როგორც აზერბაიჯანისთვის სასურველი დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე.

პუტინის მიზანი ბევრად უფრო მასშტაბური და საშინელია - უკრაინული იდენტობის წაშლა და უკრაინელების გადაქცევა რუსების ერთ-ერთ ნაირსახეობად.

ამ საკითხის ირგვლივ შეუძლებელია რაიმე გარიგება ამ შეთანხმება - საუბარია 40-მილიონიანი, ინდუსტრიულად განვითარებული ერის ცნობიერების შეცვლაზე. ქოცებს, მათი მოკლე ჭკუის გამო ეს არ ესმით და ამიტომაც უკვირთ - რატომ არ ნებდება უკრაინა?

დროებით ზავიც, რომელსაც დღეს მოითხოვს პუტინი, გამოსავალი არ იქნება - სანამ მიზანი - ერის იდენტურობის გადაფორმატირება - არ მოიხსნება, ნებისმიერი ზავი იქნება რუსების მხრიდან ახალი შეტევის მომზადებისთვის გამოყენებული.

ამიტომაც იღვრება სისხლი, ინგრევა ქალაქები, იღუპებიან ბავშვები. ეს ომი - უკრაინელი ხალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა და არა „მასხარა ზელენსკის“ ახირება...

ეს ომი დასრულდება მხოლოდ პუტინის რეჟიმის საბოლოო დამარცხების შემდეგ.

თუმცა, ქოცი იმის ქოცია, რომ ამას ვერასდროს გაიგებს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია