ირაკლი კობახიძე - სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
Forbes: ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი შესაძლოა, გასამმაგდეს
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა
Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher

ბობოყვათის მიწების სკანდალის უცნობი დეტალები

06.30.2021 | 20:01 ნახვები: 775

ექსკლუზიური ინტერვიუ „თანამდებობისთვის შეუფერებელ" აჭარის ეკონომიკის კარგ მინისტრთან და მის მოადგილესთან

აჭარის მთავრობამ ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორიაზე აუქციონი გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უნდა გაიყიდოს. ინვესტორმა პროექტში, მინიმუმ, 250 მილიონი ლარი უნდა დააბანდოს.

აუქციონის გამოცხადებას საკმაოდ დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა მოყვა. რას ედავებიან აუქციონის მოწინააღმდეგეები აჭარის მთავრობას და რა არის მათთვის მიუღებელი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ასეთი პროექტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? ამ მხრივ საყურადღებოა, მაგალითად, დასაქმება, ასევე საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა. ყველაფერ ამას, ანუ ინვესტიციებს კი, პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მოკლედ, აუქციონის მოწინააღმდეგეს, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ რეზო ხარაზს დავუკავშირდი.
მისი თქმით, შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო ადგილს მიზანმიმართულად, 1 კვ. მ.-ს 165 ლარად, ანუ 51 დოლარად ყიდიან. ხარაზი ფიქრობს, რომ აუქციონის შემდეგ ამ ადგილს ივანიშვილთან დაახლოებული პირები მიისაკუთრებენ, პროექტი კი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა, გაუგებარია.
„ეკონომიკის სამინისტროს აქვს უფლება და ეს მისი ვალდებულებაცაა, რომ ინვესტიციას შეუწყოს ხელი. არ ვარ წინააღმდეგი ინვესტიციის, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, თუ ვინმე იყიდის მიწის ნაკვეთს და ააშენებს სასტუმროს, მაგრამ სახელმწიფოს ადგება ზიანი _ შავ ზღვაზე საუკეთესო ადგილს 28 ჰექტარს, ჩემი გამოთვლით, ყიდიან 165 ლარად, ანუ 51 დოლარად. პარალელურად, ძალიან ბუნდოვანია, აუქციონში ჩადებული პირობები. საუბარია ბინათმშენებლობასა და მდიდრულ ვილებზე. მოკლედ, ყველაფერი ეს გაურკვეველია.
არ მინდოდა, ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ აუქციონის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაახლოებულ პირები ჩაიგდებენ ხელში ამ 28 ჰექტარს", _ რეზო ხარაზმა.
რედაქციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს პიარს რამდენიმე საათის განმავლობაში უკავშირდებოდა, თუმცა ტელეფონს არავინ პასუხობდა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თამუნა დიასამიძე რედაქციის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
საერთოდ, ცუდი ჩვევა აქვთ პიარის სამსახურის თანამშრომლებს _ თუ გიპასუხებენ, „გადმორეკვას" დაგპირდებიან და უნდა ელოდო. ამ დროს მედიისა და ჟურნალისტის ვალდებულებაა, ორივე მხარის პოზიციის გაშუქება. სხვა თუ არაფერი, საჯარო სამსახურს, უწყებას, როდესაც შესაძლებლობას აძლევ მის მიმართ გაჟღერებული კრიტიკა ან ბრალდებები უარყოს, განმარტოს, გაუგებარია ამ შანსის ხელიდან გაშვება და საზოგადოებაში დამატებითი კითხვების გაჩენა ამ „მოუცლელობით" გამოწვეული დუმილით. ასევე გაუგებარი ფენომენია მესიჯებით ურთიერთობა ჟურნალისტებთან.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმღვანელს დავუკავშირდი და დახმარება ვთხოვე. მოვუყევი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არა ერთი, არამედ ორი მინისტრი რომ ჰყავს _ ჯაბა ფუტკარაძე და მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ეს უკანასკნელი იმის ნაცვლად, რომ მინისტრის ღიაობასა და მის კომუნიკაციას უწყობდებს ხელს, იმპერატიულად წყვეტს, მისცეს თუ არა ჟურნალისტს რედაქციას მინისტრთან კონტაქტის უფლება. მთელი დღე ველოდე პასუხს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან, მაგრამ მათ ამ წუთამდეც არ დაურეკავთ, სავარაუდოდ, „გადმორეკვა" აღარ იკადრეს... მე კი მთელი დღის ლოდინის შემდეგ, სხვა რა გზა მქონდა, შევაწუხე ყველა, ვინც კი შემეძლო და, არც მეტი-არც ნაკლები, ჯერ აჭარის ეკონომიკისა და ფინასთა მინისტრის ნომერი გავიგე, შემდეგ კი მისი მოადგილის. მინისტრმა რედაქციის ზარებს არ უპასუხა, ხოლო მოადგილე საოცრად ჰუმანური აღმოჩნდა, მეორე ზარზევე გვიპასუხა.
აქვე განვმარტავ: ჟურნალისტი რედაქციის დავალებას ასრულებს და მას აქვს ვალდებულებები, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე ასრულებს მისთვის კანონით დელეგირებულ უფლებას და მასაც აქვს ვალდებულებები. ამ ვალდებულებებში კი ერთ-ერთი, როგორც ჟურნალისტისთვის, ასევე საჯარო მოხელისთვის, არის საზოგადოების, მოსახლეობის ინფორმირება და ძალიან ცუდია, როდესაც საჯარო მოხელეები ჟურნალისტებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაში წინააღმდეგობებს ახვედრებენ, არადა, ეს მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს.
მოკლედ, მიუხედავად გაბრაზებისა, ზრდილობიანი ფორმით, ჯერ მივესალმე მინისტრის მოადგილეს, ბატონ თორნიკე კუჭავას, შემდეგ ვკითხე, თუ ეცალა, ანუ ცუდ დროს ხომ არ ვურეკავდი და ვუთხარი, რომ სამინისტროს პრესსამსახური მათთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევდა, რის გამოც ასე პირდაპირ მიხდება მასთან კომუნიკაცია. ბატონმა თორნიკემ მყისიერი რეაგირება მოახდინა და 5 წუთში სამინისტროს პიარიდან დამირეკეს, _ დაკავებულები ვიყავით და თქვენი ზარის ხმა არ გვესმოდაო.
აი, აქედან დაიწყო საოცარზე საოცარი ამბავი _ მინისტრთან ინტერვიუს საშუალებას ეს ახალგაზრდა გოგო არაფრის ნებით არ მაძლევდა და დაჟინებით მოითხოვდა, ჩამეწერა მინისტრის მაოდგილე _ თორნიკე კუჭავა. გვერდიდან, ალბათ, ძალიან სასაცილო და, ამავდროულად, დამაინტრიგებელიც იყო ჩვენი დიალოგი: _ მე ვითხოვ მინისტრის ჩაწერას, პიარსამსახური კი დაჟინებით ამბობს უარს, თითქოს, დუელში ვიწვევდე დ'ანტესი პუშკინს და პუშკინს მალავენ ჩემგან. რეალური სიუჟეტი რომ სხვაგვარი იყო პუშკინი-დ'ანტესის დუელის, ეს სხვა თემაა.
სამინისტროს პიარის წინასადუელო მდგომარეობაში ტელეფონზე მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავას ზარი შემოვიდა. პრესსამსახურთან საუბარი დაჩქარებულად დავასრულე. როგორც აღმოჩნდა, ბატონი თორნიკე „თანამდებობისთვის შეუფერებელი", ანუ ძალიან კარგი ადამიანი და მოსაუბრეა. „შეუფერებელი", მგონი, მიხვდით, რატომაც დავწერე _ ხელისუფლებების წარმომადგენელთა უმეტესობისთვის „შესაფერისი" ხომ „მაღლა" ყოფნა და თავის გაუყადრებლობაა.
უკაცრავად ამდენი გადახვევისთვის, მაგრამ თქვენც მინდა გაგიზიაროთ, რა რთულად მივედი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრამდე, რომ ინტერვიუ ჩამეწერა, თან იმ პირობებში, როდესაც მასაც და მის მოადგილესაც, როგორც აღმოჩნდა, მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ ბიუროკრატია რისი ბიუროკრატიაა, თუ ხალხზე ზემოთ არ დგას და პრობლემებს არ ქმნის.
ამასობაში, იმედია, არ დაგავიწყდათ, რომ ბობოყვათის მიმდებარედ 28 ჰექტარი მიწის აუქციონის თემასა და 250-მილიონიანი ინვესტიციის ბედზე ვარკვევ.

მოკლედ, რედაქცია მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავას დაუკავშირდა:
_ ბატონო თორნიკე, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, რას ისახავს მიზნად აუქციონი?
_ პირველ რიგში, ტერიტორია არის საკმაოდ დიდი. რამდენიმე ტელევიზიამ არასწორად გააჟღერა ტერიტორიის ფართობი, დაახლოებით არის 28 ჰექტარი. შესაბამისად, 28 ჰექტარ ტერიტორიას ქობულეთის გენგეგმის მიხედვით აქვს განსაკუთრებული, დაგეგმარების სტატუსი. განსაკუთრებული ურბანული სტატუსი უნდა ჰქონდეს ამ ტერიტორიას, შესაბამისად, ჩვენი სააუქციონე პირობები რაც არის, სწორედ ამ ტერიტორიის განსაკუთრებულობის გამოძახილია.
_ რას გულისხმობთ?
_ ასე ვთქვათ, არ მივიღეთ ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ალბათ, იცით ცნობილი კომპანია „ქოლიეფსი", მან შეადგინა ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია, რომელიც შესაბამისად ურბანულად სწორ განვითარებასაც გულისხმობდა და ასევე ბიზნესსექტორის დაინტერესებასაც უზრუნველყოფდა. ხელისუფლების მთავარი თემა არის, საჯარო და კერძო ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ჩვენ მარტო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვერ მოვთხოვთ კომპანიას, არამედ სწორ ურბანულ განვითარებასაც. თვითონ ტერიტორიის ურბანული განვითარება აისახა სააუქციონე პირობებში, რაც გავქვს იქ ჩადებული.
_ რადგან აუქციონმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განმარტეთ, რა პირობებზე საუბრობთ?
_ პირველ რიგში, იმ ტერიტორიას რეალურად ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, კომპანიამ უნდა მოაწყოს. შემდგომ უნდა მოაწყოს ბულვარი, ამის შემდგე იწყება სწორი ურბანული განვითარება.
_ რას გულისხმობთ სწორ ურბანულ განვითარებაში?
_ პირველ ზოლში რომ არ იყოს რაღაც შენობა, რომელიც დაფარავს მეორე ზოლის რომელიმე შენობას. კონცეფცია ცალსახად მოითხოვს შემსყიდველისგან, რომ ეს იყოს ტერასული განვითარება, ანუ ნელ-ნელა მიდიოდეს ზრდა, რომ ზღვის ჰაერის განაწილება და ხედებიც იყოს განსაკუთრებულად ხელმისაწვდომი. შესაბამისად, შეიქმნას გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურა. პირველ ეტაპზე, ანუ პირველ ზოლში, დასაშვებია მხოლოდ ვილები ან/და სასტუმრო, მაგრამ მათი სიმაღლე არ უნდა იყოს 10 მეტრზე მაღალი. დაახლოებით ეს გამოდის 3-სართულიანი ვილები. მეორე ზოლში უკვე დასაშვებია სხვადასხვა ტიპის შენობები, შესაძლებელია იყოს აპარტამენტები ან ინგლისური ტიპის სახლები. მოკლედ, ზოლებად არის დაყოფილი ბულვარი და შესაბამისი კაფეები, რესტორნები და მსგავსი ტიპის შენობები.
შემდეგ მოდის აპარტამენტები, რომელთა სიმაღლეც არ უნდა იყოს 15 მეტრზე მაღალი, ეს არის, დაახლოებით, 5 სართული. შესაბამისად, პირველ ზოლში 3-სართულიანი შენობები უნდა იყოს, მეორეში _ 5-სართულიანი. ზოლის სიგრძეც შეზღუდული გვაქვს _ არ უნდა იყოს 80 მეტრზე ნაკლები, ეს კი საკმაოდ დიდია. მესამე ზოლში იქნება არაუმეტეს 30-მეტრიანი შენობები, რაც არის 9-10 სართული. გარდა ამისა, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის მიხედვით, ტერიტორიაზე სტანდარტული მიდგომა არის 70% რეკრეაციული ზონა. ჩვენ ეს მოთხოვნა გავამკაცრეთ და ვითხოვთ 75%-ს.
_ და ეს იქნება ჩაკეტილი სივრცე?
_ არა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წვდომა უნდა იყოს. ესეც წერია აუქციონის პირობებში.
_ ანუ?
_ შესაბამის ტერიტორიაზე კომპანიას არ აქვს უფლება, რომ შეზღუდოს მესამე პირთა გადაადგილების უფლება. ნებისმიერს უნდა შეეძლოს იქ მისვლა.
გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ 500 ავტომანქანაზე გათვლილი საპარკინგე ზოლი, ასევე ნავმისადგომი, მოვითხოვეთ ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, პირობებში ჩადებულია არანაკლებ 300-ნომრიანი სასტუმრო.
დასაქმებულთა 80% უნდა იყო საქართველოს მოქალაქეები.
_ ამ ეტაპზე საკმაოდ ამომწურავი პასუხია. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: არის ხალხი, ვისაც ამ აუქციონთან დაკავშირებით პროტესტი აქვს. ისინი იქ მიწის ნაკვეთებს ნაგებობებს ფლობენ. მათთან მიმართებით რა ხდება?
_ ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, მინისტრს შეხვდნენ. საუბარში თავად მოსახლეობამაც დაადასტურა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებული კანონმდებლობის მიხედვით მათ არ გააჩნიათ.
_ ანუ ისინი აქ ამ საკუთრებას უკანონოდ ფლობენ? ამას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ არ აქვთ სამართლებრივი საფუძველიო?
_ ეს ლოგიკურია, რადგან არაერთი საქმე იყო შეტანილი აღიარებაზე. საჯარო რეესტრმა, იმის გამო, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს მათთვის საკუთრების უფლების აღირების, ეს სამართლებრივ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდეთ ამ საქმეების წარმოების დასრულებას. თუ ვინმეს ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი იქ მიწის საკუთრების აღიარების, ჩვენ ამას გავითვალისწინებით. ეს არავის აქვს, ყოვლ შემთხვევაში, ვინც აქამდე შეიტანა საბუთები რეესტრში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე და იმისთვის, რომ ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი, თუ ეს პროექტი ამ პირობებით შედგება, რა პირობებითაც გვაქვს გამოტანილი აუქციონზე, შექმნის ძალიან დიდ ბაზას ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებისთვის.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ეს ერთ კონკრეტულ მშენებლობას არ მოიცავს, არამედ ის იქნება მთელი კომპლექსი. ამხელა ტერიტორია შექმნის სამუშაო ადგილების საკმაოდ დიდ ბაზას. გაჩნდება დიდი მოთხოვნა როგორც ადგილობრივ პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ მუშახელზე. გარდა ამისა, ეს ისეთი ტერიტორიაა, რომელმაც უნდა მოიზიდოს შედარებით უფრო მაღალმხარჯველი ტურისტი, რაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მოსახლეობაც აღიარებს, რომ სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. ასე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააყენოს მოთხოვნა, რომ ჩემი წინაპარი დადიოდა და, შესაბამისად, მე მეკუთვნის მიწაო. მაგრამ ყველაფერი უნდა გადავიტანოთ სამართლებრივ ჩარჩოებში. თუ ვინმეს მოთხოვნა აქვს, რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია გაასაჩივროს, თუნდაც რეესტრის ფარგლებში, ასევე სხვა ორგანობეში ან მიმართოს სასამათლოს და დაიცვას თავისი უფლებები. რეალურად, ამ მოსახლეობის ინტერესები იქ გათვალისწინებულია.
_ რით არის გათვალისწინებული ამ მოსახლეობის ინტერესები, ბატონო თორნიკე?
_ სწორი ურბანული დაგეგმარება, რაც აუცილებელი პირობაა, ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ პროექტით არის გათვალისწინებული, მათთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება.
_ თქვენი ოპონენტები აპროტესტებენ ამ აუქციონს. ისინი ამბობენ, რომ აუცილებლად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი დაიპატრონებს ამ მიწის ნაკვეთს. რას უპასუხებთ მათ? რამდენად იქნება აუქციონის დეტალები გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი?
_ აუქციონი არის გამჭვირვალე და საჯარო პროცედურა ყველასთვის ხელმისაწვდომია. გამომდინარე აქედან, ყოველი ასეთი ტიპის ბრალდება უსაფუძვლოა. ძალიან მარტივია, გადახედონ სააუქციონე პირობებს და იმას, რომ ეს არის აუქციონი და არა კონკრეტულ პირზე მიყიდვა.
_ ჩვენ ვიცით ბევრი დაწყებული პროექტი და შემდეგ მიტოვებული. რამდენად იღებენ პასუხისმგებლობას დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები ამ აუქციონის დასრულების შემდეგ პროექტის ბოლომდე მიყვანაზე?
_ გონივრული ვადები არის მიცემული, რადგან დიდია ტერიტორია, ეს ერთ დღეში ვერ დაპროექტდება. გონივრული ვადებია სამშენებლო საქმიანობისთვის და მთელი პროექტის დასრულებისთვის ვადა არის 84 თვე. გარდა ამისა, თვითონ საინვესტიციო ვალდებულების უზრუნველსაყოფად კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, რომ ის შეასრულებს კონკრეტულ ვალდებულებებს, რასაც ჩვენ მოვითხოვთ აუქციონის პირობებით.
_ და თუ არ შეასრულებს კომპანია თავის ვალდებულებას?
_ ხელშეკრულება უქმდება და გადახდილი თანხა არ უბრუნდება უკან.
ჩემი აზრით და ჩვენი გუნდის აზრით, ამ პირობებში არის მაქსიმალურად გათვალისწინებული საჯარო ინტერესი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნას სწორი ურბანული დაგეგმარების ადგილი და გარდა ამისა, კერძო ინვესტორსაც დავუტოვოთ თავისი ინტერესი, რის მიხედვითაც ის მიიღებს ამ აუქციონში მონაწილეობას.
მე არ მინახავს სხვა აუქციონი, სადაც ამდენი საჯარო ინტერესი იქნებოდა გათვალისწინებული.
_ დიდი მადლობა, საინტერესო საუბრისთვის...

ბატონმა თორნიკემ, ჩემდა გასაკვირად, ინტერვიუს შემდეგ ჩემი მოსაზრებაც მოისმინა აუქციონის შესახებ. მასთან ჩემი პროტესტიც გამოვთქვი, რომ სამინისტროს პიარსამსახური, სამწუხაროდ, მინისტრთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ მაძლევდა ან თავად არ სურდა მოეცა ჩვენთვის კომენტარი. ისიც ვუთხარი, რომ 20 წლის ვიყავი და სისხლი მიდუღდა, _ მინდოდა, დამესვა ობიექტური და კრიტიკული კითხვები, რომ საზოგადოებას გაერჩია, ეს აუქციონი კარგია თუ ცუდი?! და ისიც დავუყოლე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, გულწრფელად ვიყავი დაინტერესებული ამ აუქციონით.
არც მეტი-არც ნაკლები, როგორც მინისტრის მოადგილის რანგიდან არა, როგორც რიგითი ლექტორის პოზიციიდან, რჩევაც მომცა: „ასე გააგრძელე, ბოლომდე ობიექტური და კრიტიკული იყავი, ოღონდ, ერთ მხარეს არაო". მინისტრის მოადგილის რჩევა მივიღე და ცოტა შევიფერე კიდეც.

რამდენიმე საათში რედაქციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პიარი დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ 10 წუთში ბატონი ჯაბა ფუტკარაძის ჩაწერა შეგვეძლებოდა. სიმართლე გითხრათ, მინისტრის მოადგილის პასუხების შემდეგ არანაირი კითხვა აღარ იყო, მაგრამ ამ „უკარება" მინისტრთან გასაუბრების საშუალება იყო და ხომ არ გამოვტოვებდი! თან მინისტრის მოსაზრების მოსმენაც საყურადღებო იყო _ არანაკლებ კეთილგანწყობილმა მინისტრმაც საინტერესო პასუხები გაგვცა.
მოკლედ გეტყვით: ის 10 წუთი 2 წამში გავიდა.

მაშ, ასე! _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, ბატონ ჯაბა ფუტკარაძესთან დავრეკე:
_ ბატონო ჯაბა, გმადლობთ, პირველ რიგში, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით, რადგან თქვენთან კომუნიკაციის დამყარება, პირადად ჩემთვის, ძალიან რთული აღმოჩნდა, არ ვიცი, რატომ.
ბობოყვათის აუქციონის შესახებ მინდა თქვენთან საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მოადგილეს დავუსვი ამ თემის ირგვლივ კითხვები, პრინციპული იყო თქვენთან, როგორც მინისტრთანაც დამესვა ის შეკითხვები, რაც მაინტერესებდა, რათა სტატიაში არ წარმომედგინა ერთი პოზიცია და მხოლოდ არ ყოფილიყო იმ ადამიანების მოსაზრება, რომელიც ამ აუქციონის წინააღმდეგია.

_ პრიველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარს არასდროს ვამბობთ. ჩვენ ღია ვართ და გამჭვირვალე. ბობოყვათთან დაკავშირებით რამდენიმესაათიანი შეხვედრა მქონდა პრესის წარმომადგენლებთან და მოქალქეებთან. მანდ რაღაც ზედმეტი კითხვები, ვფიქრობ, არ იქნება, სწორი.
_ ბატონო ჯაბა, მაშინ, ერთ რამეს დაგიზუსტებთ: მე ერთი თვის განმავლობაში, ბულვარის დირექტორის გადაყენებიდან დღემდე, ვცდილობ თქვენთან დაკავშირებას და, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მომეცა. ერთი არის ის, რომ მედიის წარმომადგენლები ესწრებიან შეხვედრებს და მეორე არის ის, რომ ვიღაც ამზადებს ამაზე სტატიას და უნდა კონკრეტული მინისტრის ჩაწერა შესაბამის საკითხზე.
_ მოკლედ, სხვა თემებზე რომ არ გადავიდეთ, კონკრეტულად გავყვეთ ბობოყვათის თემას. ვისაც უნდოდა დასწრება შეხვედრაზე, შეეძლო დასწრებოდა. ამიტომ კრიტიკასა და რაღაც რეკომენდაციებს ამ საკითხზე, პრესასთან გამჭვირვალობის საკითხში, ვერ მივიღებ, იმიტომ რომ არ გეთანხმებით.
_ გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ჩემს კონკრეტულ ფაქტში აშკარა იყო, რომ ჩვენ შორის კომუნიკაცია ვერ შედგა, თქვენი პრესსამსახური მუდამ უარს ამბობდა. მაგრამ არა უშავს. მე 20 წლის ვარ, მაინც დავსვამ იმ კითხვებს, რაც თქვენ შეიძლება არ გესიამოვნოთ, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა აუცილებელია და მოგიწევთ. ამას ჩემი პროფესია მავალდებულებს.
_ კარგი, მეორე საკითხი: მე ვიცი, რომ ჩემს მოადგილეს ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრეთ, რომელიც უშუალოდ ხელმღვანელობს ამ თემას. თუმცა კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. მე თუ დროს ვერ გამოვნახავ ხოლმე, ჩვენი რომელიმე თანამშრომელი პასუხობს მედიის კითხვებს.
_ ბატონო ჯაბა, მანამ არ იყო პასუხი, სანამ თავად არ დავრეკე. მთელი დღის განმავლობაში თქვენი პრესსამსახური ჩემს ზარებს არ პასუხობდა. მე თავად დავურეკე ბატონ თორნიკეს, რასაც 5 წუთში თქვენი პრესსამსახურის ზარი მოჰყვა, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი მოადგილე ჩამეწერებოდა.
ბატონო ჯაბა, უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ და მაინტერესებს, მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მიწის ნაკვეთებს წლებია, ფლობს. აუქციონის დასრულებისა და პროექტის დაწყების შემთხვევაში რა ალტერნატივას შესთავაზებს მათ აჭარის მთავრობა?

_ საკითხი დგას შემდეგნაირად: ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ არანაირი კანონიერი დამადასტურებელი საბუთი არ არის იმისა, რომ ამ მიწის ნაკვეთს ვინმე ფლობს. შესაბამისად, მათი მოთხოვნა უკანონოა. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვთ, რომ მე რაიმე ტიპის ნაბიჯი გადავდგა. მიუხედავად იმისა, მინდა თუ არა, მათ დავეხმარო, მე კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედო. ამ შემთხვევაში შემიძლია აჭარის მთავრობის საკუთრებაში მიწის ნაკვეთი განვკარგო აუქციონის წესით, ამ ქმედებას ვახორციელებ.
_ ადგილობრივი ოპოზიციის წევრები, ამბობენ, რომ მსგავსი აუქციონის ბოლო არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ჩაიგდებს საკუთრებაში ამ ტერიტორიას და შემდეგ თავის ჭკუაზე განკარგავსო.
_ აუქციონი, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეგიძლიათ ამოიღოთ წინა აუქციონები და დარწმუნდებით ამაში. კანონით გათვალისწინებული პროცედურებით არის გავლილი ყველა ეტაპი. ყველა ქონება არის შეფასებული საბაზრო ღირებულებით. აუქციონზე აბსოლუტურად ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და სხვა ნებისმიერ პიროვნებას. შესაბამისად, აქ რაიმე კითხვის გაჩენის საფუძველი არ არსებობს. ასეთ განცხადებებს ისინი აკეთებენ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. ეს ყველაზე ცუდი და სამწუხარო ფაქტია საინვესტიციო და საპრივატიზაციო პროცესების შეფერხებისთვის.
_ მთავრობები და მინისტრები იცვლებიან, ამ ფონზე კი ჩვენ გვაქვს არაერთი ფაქტი, როდესაც აუქციონის პირობები არ სრულდება და საკმაოდ ბევრი პროექტი ჰაერში გამოკიდებული რჩება. ამ პროექტის განხორციელებას 84 თვე სჭირდება. გაქვთ გარანტია, რომ ეს პროექტი დასრულდება?
_ ის, რომ რაღაც პროექტები არ სრუდლება, ეს არ არის კავშირიში მთავრობასთან, მთავრობის თავმჯდომარის ან სხვა საკადრო ცვლილებასთან. გარდა ამისა, 2018 წელს აჭარის მთავრობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, განკარგულების სახით, რომლის საფუძველზეც მაქსიმალურად დაბალანსდა კერძო და საჯარო ინტერესები, შეიქმნა ერთიანი ჩარჩო, რომლის საფუძველზეც, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს, რომ მას მიეცეს დამატებითი ვადები, უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია. ნახეთ, როგორი საინტერესო მექანიზმია: ფაქტობრივად, ამით, რა თქმა უნდა, ხელშეწყობას აღმოვუჩენთ კერძო სექტორს _ მაქსიმალურად ვეხმარებით მას. თუ ის ვერ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ჩვენ გამოვიხმობთ ამ საბანკო გარანტიას. შესაბამისად, მაქსიმალურად არის დაინტერესებული კერძო სექტორი, ეს ვალდებულებები დროულად შეასრულოს. მინდა მოგიყვანოთ სტატისტიკა: ჩვენ ამ განკარგულების ფარგლებში, დაახლოებით, 50-მდე პროექტის გაცოცხლება მოვახერხეთ _ 1000 000 000 მილიარდ ლარამდე პროექტები გაცოცხლდა, მშენებლობა დაიწყო. მათ შორის ძალიან ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაწყებული პროექტების, რომლებიც წლებია, გაჩერებული იყო. ახლა ნახეთ, მთავრი რა არის _ აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროექტებისა იყო შეჩერებული პარტნიორებს შორის დავების გამო.
_ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, საინტერესო განმარტებებისთვის.

ბატონი ჯაბაც, როგორც მისი მოადგილე, „თანამდებობისთვის შეუფერებელი" - კარგი ტიპი აღმოჩნდა, რომელსაც სულაც არ უგრძნობინებია, რომ ხალხზე ზემოთ დგას და ჩვენი საუბრის ბოლოს შეეცადა, საბოლოოდ გაეგო, რომ მე აუქციონისა და ეკონომიკური განვითარების მომხრე ვიყავი. ეს ამბავი კი ნამდვილად მოეწონა და ღიმილიც მაჩუქა ბოლოს საჩუქრად, მადლობასთან და წარამტებების სურვილთან ერთად.
მოკლედ, ასე! ამ ინტერვიუს შემდეგ, იმედია, ბევრი ადამიანი, როგორც აუქციონის მომხრე, ასევე მოწინააღმდეგე, დეტალურად გაიგებს მიზნებსაც და გაიაზრებს მის გრძელვადიან სიკეთეებსაც. სამინისტროს პიარსამსახური კი ერთხელაც მიხვდება, რომ არც მინისტრი და არც მოადგილე მისი ხელქვეითები არ არიან და მათ ირგვლივ ჯადოსნური გალავანი არ უნდა აღმართოს, მით უფრო, როდესაც თავად ამ ადამიანებს მედიასთან კომუნიკაციის პრობლემა და საკითხის თუნდაც მეასედ განმარტება არ უჭირთ.
აუქციონის დეტალები კი მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის.


ავტორი: ზუკა ნემსაძე

ქრონიკა +

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა