Air defense forces destroy all air targets attacking Kyiv overnight Tue
Russia attacks Kharkiv television infrastructure facility with Kh-59 missile
Ukraine’s top security official points to hypercentralization as Russia’s weakness
Ukraine's special operations forces destroy Russia's Giatsint-S gun on southern axis
Zelensky names four priorities: air defense, modern artillery, long-range capability, and ensuring that U.S. aid arrives ASAP
ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება
გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში ხელისუფლებამ შეზღუდა საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა

კულტურა 2022: ჭირვეული, გამოზრდილი და თან მოუთვინიერებელი

12.31.2022 | 16:14 ნახვები: 381

კიდევ კარგი ხელოვანებს ისეთი სახიფათო გავლენა არა აქვთ, როგორც საბჭოთა ეპოქაში, თორემ იდეოლოგიურად გაკოტრებულ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რთული დრო დაუდგებოდა. თუმცა დანაწევრება-დაყოფის და ყველას ერთმანეთისადმი დაპირისპირების ნაცადმა მეთოდმა, ისე მძლავრად  ისე კარგად იმუშავა ხელოვანთა სამყაროშიც, რომ ქოც-ხელისუფლებას ხელის განძრევაც აღარ ჭირდება პრობლემის გასანეიტრალებლად.

მოუსყიდველები, ლიბერალები, მოთვინიერებულები თუ გაუცხოებულები ისე უცნაურად და ასიმეტრულად შრომობენ და იღწვიან, რომ ლამის „ყოვლისშემძლე, პაწია და საყვარელ მინისტრს“ (ჩემი ტერმინი არ გეგონოთ, ასე ქალბატონი თეა წულუკიანი მწერლებმა შეამკეს ერთ-ერთ მიტინგზე) ძალისხმევა არც ჭირდება არტ-საპროტესტო  ხმებისა თუ მოულოდნელი კამერულ-საპროტესტო მოძრაობების ჩასახშობად.

მთელი ჩვენი არტ-ფრონტი - მწერლები, მსახიობები, მხატვრები თუ მუსიკოსები, ისეთ შიდა დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან თუ სხვებთან, რომ სხვა პრობლემების მოსაგვარებლად დრო და სივრცე არც რჩებათ. თუმცა უმჯობეისა უკვე მიწურულ 2022 წელს მივყვეთ და ვნახოთ ვინ რა გააკეთა, ან ვერ გააკეთა არტისტული სივრცეების უკეთ ასათვისებლად.

ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა ირონიული სლოგანით: „დიდება პარტიას კულტურის მტრების გამოვლენისთვის“. პროტესტის მიზეზი ბოლო დროს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა - ხელოვნების მუზეუმის ძველი შენობის დემონტაჟი და მუზეუმიდან განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების გათავისუფლება. ამას დაერთო სკანდალი, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნს „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ უკავშირდებოდა: წიგნის შემდგენლებმა დაუშვეს შეცდომა და კრებულში შეიტანეს სხვა ქალი-პოეტის, ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ელენე დარიანს მიაწერეს.

საინტერესოა, რომ შეცდომის შესახებ თავად კრებულის შემდგენელმა, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა საჯაროდ. წიგნის გამოცემიდან რამდენიმე დღეში. თუმცა მინისტრისთვის ეს მხოლოდ „დასანანი შეცდომა“ კი არ იყო, არამედ „მასშტაბური რეზონანსის მქონე შცდომა“. კეთილი და ავი ენები მაშინ ერთდროულად ამბობდნენ, რომ წიგნში დაშვებული შეცდომები მხოლოდ საბაბი იყო, ლაშა ბაქრაძის გასათავისუფლებლად. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა და პროტესტმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ  სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება მალევე შეცვალა. ასე რომ, ლოზუნგი - „კულტურა საიმედო ხელშია“, ძალაში დარჩა.

არანაკლებ საკანდალური აღმოჩნდა 2022 წლის კიდევ ერთი ქეისი: არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განცხადა, რომ სასამართლომ უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომელ დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება. საგულისხმოა, რომ თეა წულუკიანს მის დაქვემდებარებულ უწყებებში თავისუფალი აზრის დევნასა და თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში რამდენიმე ადამიანი ადანაშაულებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, 2022 წლის გაზაფხულის მონაცემებით, წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ თანამშრომელთა „უკანონო გათავისუფლების გამო“ ბიუჯეტმა 332 ათასი ლარით იზარალა. 

დღემდე დავისა და სპეკულაციების საგანია კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლების ამბავიც, რომელიც „კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემაში სერიოზული დარღვევების“ გამო გაათავისუფლეს. თუმცა გარდამავალ პერიოდში კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილება კარლო სიხარულიძემ ისე გადაიბარა, რომ კინოცენტრის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.

გასული წლის კიდევ ერთ სერიოზული გამოცდა იყო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული სამუშაოების ხარისხი. კულტურის  სამინისტრო უკმაყოფილო იყო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესრულებული სამუშაოებით და უკვე გადახურული უხარისხო კრამიტის მოსახსნელად ხელშკრულება ახალ კომპანიას გაუფორმა. ამ დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ისტორიული მნიშვნელობის ტაძარს დროებითი გადახურვა უნდა მოუხნას და ისევ თუნუქის ფირფიტებისგან დამზადებული მასალით გადახუროს. ამისათვის კი სამინისტრომ დამატებით 250 ათასი ლარი გამოყო. ამ თანხას კი მხოლოდ იმიტომ დახარჯავს, რომ წლების წინ გელათის რეაბილიტაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ და არაპროფესიონალურ კომპანიებს ჩააბარეს.

ვიდრე გელათის ახდა-გადახურვის უცნაური პროცესი მიმდინარეობდა, ამასობაში ალავერდის ისტორიული ტაძრის გვერდით ერთ-ერთმა კომპანიამ სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, რომელიც ლანდშაფტს და გარემოს მთლიანად ამახინჯებს. საჯარო ინფორმაცია ვის ეკუთვნის შენობა, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის,

არასამთავრობო ორგანიზაციები კი პასუხს სამინიტროსგან ითხოვენ.

თუმცა ცაიტნოტში მყოფმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოახერხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე, მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაციის დაწყება. შრომის კულტურის სახლი საქართველოში შემორჩენილ კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია 30-40-იანი წლების არქიტექტურით და მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. ოზურგეთის, წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის შემდეგ (ეს შენობა საზეიმოდ 2021 წელს გაიხნა), ეს პროექტი ასევე გამორჩეული მნიშვნელობისაა.

ლამაზი თეატრალური შენობები რომ თავად თეატრებში მომუშავე ადამიანების ლამაზ ცხოვრებას არ გულისხმობს, ამაზე მეტყველებს თუნდაც ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძვანელის, ლაშა ჩხვიმიანის ისტორია, რომელიც თეა წულუკიანმა უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლა, თუმცა დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში სხვა კანდიდატი არ არსებობდა და ამის მიუხედავად, კონკურსი რატომღაც ჩაიშალა. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი კი თავად მინისტრმა დანიშნა. დაახლოებით იგივე ისტორია განმეორდა გასულ წელს გორში, როდესაც გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძვანელი, დავით ჩხარტიშვილი მინისტრმა გაათავისუფლა.

რადგან თეატრის შესახებ ვსაუბრობთ, ბარემ 2022 წლის სეზონის შესახებაც აღვნიშნავთ. ქართული თეატრისათვის უდიდესი დანაკლისი იყო სახელოვანი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის გარდაცვალება, რომლის სპექტაკლები ჩვენი თეატრის ისტორიის ნაწილია. მისი ბოლო სპექტაკლი „იდუმალი ვარიაციები“, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში დადგა, პანდემიის სეზონის გამორჩეულ მოვლენად იქცა. ასევე მნიშვნელოვანია თავისი იდეით ლევან წულაძის „კრეიცერის სონატა“ (ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით).

განვლილი სეზონის ყველაზე საინტერესო პრემიერებს შორის უნდა გამოვყოთ: ნინო ხარატიშვილის „ფედრა ცეცხლის ალში“ (პიესის მსოფლიო პრემიერა სწორედ საქართველოში, სამეფო უბნის თეატრში გაიმართა); ახალგაზრდა რეჟისორების - საბა ასლამაზიშვილის („დედაომი“ ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, დათა თავაძის პიესის მიხედვით), გეგა გაგნიძის („მზის ხაზი“, ათონელის თეატრში) და ირაკლი გოგიას („ცუდი გზები“ გლდანის თეატრში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის პირველ წლებს ასახავს).

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრემიერებით გამოირჩეოდა 2022 წლის ქართული კინო. პირველ რიგში ეს არის იოსებ ბლიაძის ფილმი „ჩემი ოთახი“, რომელიც თბილისის 23-ე საერთაშორისო კონოფესტივალის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, ფილმი რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია. მაგალითად, კარლოვი-ვარში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზები გადაეცათ თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს. რეჟისორ დავით ფირცხალავას „დიდი დასვენება“ კი წარმატებით უჩვენეს ბელგრადის კინოფესტივალზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ „დიდი დასვენება“ წარადგინა საქართელოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2022 წლის უცხოენოვან „ოსკარზე“.

დაბოლოს, 2022 წლის ძალიან საინტერესო გამოფენის შესახებ, რომელიც ზაფხულში, წერეთლის პროსპექტზე, ყოფილი მაუდკამვოლის კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნების მრავალფუნქციურ სივრცეში გაიმართა. თვითმყოფადი, თვითნასწავლი და გამორჩეული ნიჭის მქონე მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე წლების განმავლობაში უშგულში ცხობრობდა და პანდემიის დროს, 2021 წელს გარდაიცვალა. ფრიდონ ნიჟარაძის 60-მდე ფერწერული ნამუშევარი გვეპატიჟება სვანეთის უძველეს მითებსა და ზღაპრებში სამოგზაუროდ და ამასთან, ნაივური ფერწერის საოცარ სამყაროს გვიხატავს.

ავტორი: დათო ბუხრიკიძე

"ნეიშენ ჯორჯია" 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა