6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

გიგი თევზაძე - რატომ გვჭირს რაც გვჭირს 2.0: საქართველო მე15 საუკუნეში - მომავლის გაკვეთილები

06.06.2023 ნახვები: 1054

რამდენიმე წლის წინათ დაწერილ ტექსტში „რატომ გვჭირს რაც გვჭირს“ (https://www.criticallog.org/post/გიგი-თევზაძე-რატომ-გვჭირს-რაც-გვჭირს), ვმსჯელობდი „აბრეშუმის გზის“ (ამ სიტყვას ბრჭყალებში ვსვამ, რადგან ეს მე19 საუკუნის სახელწოდებაა, რომელიც ევრაზიის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ სავაჭრო გზების ერთობლიობას დაერქვა) მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიის, აწმყოს და მომავლის გაგებისათვის. თუმცა, ერთი მომენტი დამრჩა გაურკვეველი: რამ გამოიწვია საქართველოს დაშლა მე15 საუკუნეში: ერთი შეხედვით, „უცბად“ საქართველოს დაიშალა სამთავროებად, ერთიანი საქართველოს მეფე კახეთის მეფე გახდა და ა.შ. ცხადია, რომ ეკონომიკური და მაკროეკონომიკური პირობები შეიცვალა, მაგრამ რაში მდგომარეობდა ეს შეცვლა? რა იყო ის ფაქტორები, რამაც ჯერ დაშალა საქართველო და სამი საუკუნის შემდეგ რუსეთის დამანგრეველ ანექსიამდე მიიყვანა?

ერთი რამ ცხადია, რომ ჯერ სულხან საბა ორბელიანი, შემდეგ ერეკლე მეორე (მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ) ცდილობდნენ ევროპის მონარქები საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზებით დაეინტერესებინათ, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწიეს. მათი მცდელობა აღედგინათ საქართველოს ძველი ადგილი ევრაზიულ ეკონომიკაში, ჩავარდა.  

 
 
 
 
 
 2019 წელს დაწერილ ზემოთნახსენებ ტექსტში ეს ‘ჩავარდნა“ აღმოსავლეთში ბრიტანელების მიერ რკინიგზის გაყვანას მივაწერე, თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს პროცესი ბევრად ადრე და საქართველოს სამთავროებად დაშლით დაიწყო. ამ ბოლო დროს საქართველოს ისტორიით დაინტერესებულები სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ეკონომიკურ ისტორიას, როგორც პოლიტიკური ისტორიის განმსაზღვრელს (ანუ, ივანე ჯავახიშვილს უბრუნდებიან). ასევე, ცხადია, რომ საქართველოს სამთავროებად დაშლას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ეკონომიკის სხვადასხვა მოწყობა უნდა დადებოდა საფუძვლად. მაგრამ, რა იყო ამ სხვადასხვა ეკონომიკების წარმოშობის მიზეზი, გასარკვევია და ამის გარკვევას ვეცდები ამ ტექსტში.



შესავალი


მიუხედავად იმისა, რომ თბილისი კვლავ რჩებოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი სავაჭრო გზის ჰაბად, აშკარაა, რომ ეს გზა ოტომანების იმპერიის მიერ შეიზღუდა. ცნობილია, რომ ოსმალეთის იმპერიის შექმნამ, კონკრეტულად კი, 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღებამ დაასრულა აბრეშუმის გზის არსებობა, რომელიც ჩინეთიდან და სპარსეთიდან მოდიოდა და შავი ზღვის გავლით ევროპაში გადადიოდა (https://education.nationalgeographic.org/resource/silk-road/). მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, ამ ამბავსაც, ანუ, კონსტანტინოპოლის დამარცხებასაც ხომ უნდა ჰქონოდა თავისი ეკონომიკური მიზეზები.
თუკი მანამდელი, კონსტანტინოპოლის დაცემამდე, სამყაროს ამ ნაწილის წესრიგი „აბრეშუმის გზაზე“ იყო დამოკიდებული, ამ წესრიგის მოშლის მიზეზიც აბრეშუმის გზის ისტორიაში უნდა ვეძებოთ.
მინგის დინასტია და მონღოლეთის იმპერიის ეკონომიკური კრიზისი
1368 წელს მონღოლების მიერ ჩინეთის მართვა დამთავრდა და დაიწყო მინგის დინასტიის მმართველობა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მინგის დინასტიის დამაარსებელი, იმპერატორი ჰონგვუ შეეცადა თვითკმარი, სოფლის ერთობებზე დამყარებული საზოგადოება აეშენებინა, რაც, თავის მხრივ, ძლიერი არმიის გარანტია უნდა ყოფილიყო. ამავე იმპერატორის დროს მოხდა საზღვაო ფლოტის გაძლიერება, რაც, უკვე იმპერატორი იონგლის დროს, მე15 საუკუნეში, საფუძვლად დაედო ინდოეთის ოკეანეში კვლევით ექსპედიციებს აფრიკის ჩრდილო სამხრეთიდან სამხრეთ სანაპირომდე. 
 
 
 
 თუმცა, შიდა ომების და წარუმატებელი სამხედრო კომპანიების გამო მმართველობა და მმართველობის წესი შეიცვალა, საზღვაო ფლოტი დაიშალა, ქვეყნის ეკონომიკა ადგილობრივი მოსახლეობიდან აკრეფილ გადასახადებს დაეფუძნა; ამ უკანასკნელმა, კორუფციის ზრდის (სახელმწიფო მოხელეებთან შეთანხმება გადასახადების თავის არიდების მიზნით) გამო, ეკონომიკური კრიზისის პირას მიიყვანა იმპერია. ამ დროისთვის, მე16 საუკუნეში, ჩინეთში ევროპელი საზღვაო მოგზაურები და ვაჭრებიც გამოჩნდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, როგორც ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, ასევე, ახალი კრიზისების წარმოშობაში (Andrew, Anita N.; Rapp, John A. (2000), Autocracy and China's Rebel Founding Emperors: Comparing Chairman Mao and Ming Taizu, Lanham: Rowman & Littlefield).
მაგრამ, ესეც არ არის საკმარისი აბრეშუმის გზის კრიზისის გასაგებად. მინგის იმპერატორების მიერ აბრეშუმის გზაზე უარის თქმას და საზღვაო მოგზაურობებისკენ ყურადღების გადატანას თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები უნდა გქონოდა.
ტიბეტი მონღოლების მმართველობით და მონღოლების მმართველობის დასრულების შემდეგ
დღეს როდესაც თანამედროვე პოლიტიკურ რუკას უყურებთ, ჩინეთი უზარმაზარი სახელმწიფოა, რომლის საზღვრები წყნარი ოკეანიდან დასავლეთით ინდოეთამდე, ყაზახეთამდე, ყირგიზეთამდე და ა.შ. -მდეა.
 
 
 
 
 
 
 მაგრამ, შუა საუკუნეების და უფრო ადრე ასე არ იყო: დღევანდელი ჩინეთის თითქმის ნახევარს, დასავლეთ ნაწილს ტიბეტი ერქვა და დამოუკიდებელი, ან - სემი-დამოუკიდებელი ქვეყანა იყო (გააჩნია, ვინ წერს ისტორიას). ჩვ.წ. მეათე საუკუნემდე 200 წლის განმავლობაში ტიბეტმა იმპერიად ყოფნაც მოასწრო (Kapstein, Matthew T. (2006). "The Tibetan Empire, late eighth-early ninth centuries"The TibetansChichester, West SussexWiley-Blackwell. p. XX.).
 
 
 
 
 
 
 
 
ჩინეთში მონღოლების დინასტიის დროს ტიბეტი ნახევრად დამოუკიდებელი ქვეყანა იყო: საკია ლამა ნიშნავდა ტიბეტის ადმინისტრაციულ მმართველს, რომელსაც იმპერატორი ამტკიცებდა ბეიჯინგში. სწორედ ტიბეტის ტერიტორიაზე გადიოდა შუა აბრეშუმის გზის მთავარი მონაკვეთები, აქვე უერთდებოდა ამ გზას ინდოეთიდან და ინდოეთში მიმავალი ტვირთები. ამიტომაც, ტიბეტი იყო ერთსა და იმავე დროს სასურველი და მოსაფრთხილებელი ტერიტორია ჩინეთისათვის. 
 
 
 
 
 
 
 
 
 მინგის აჯანყების პარალელურად, ტიბეტშიც დაიწყო მონღოლების წინააღმდეგ გამოსვლები, რაც ტიბეტისთვის წარმატებით დასრულდა და მე14 საუკუნიდან მე18 საუკუნის ბოლომდე ტიბეტი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. მე18 საუკუნის ბოლოდან სამი იმპერიის ინტერესი გადაიკვეთა ტიბეტში - ბრიტანეთის, ჩინეთის და რუსეთის, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია.
 
 
 
 
 
 
 
 
 ტიბეტის ჩინეთის დაქვემდებარებიდან გამოსვლით ჩინეთს კიდევ უფრო შეეზღუდა შუა აბრეშუმის გზაზე ოპერირება.
მაგრამ, ესეც არ არის ბოლომდე იმის ახსნა, თუ რა იყო ტიბეტის აჯანყების და ჩინეთთან დაპირისპირების მიზეზი.
მონღოლების მიერ ევროპის მიტოვება
მე13 საუკუნის შუა წლებში მონღოლებმა ევროპის დატოვება დაიწყეს. მონღოლების მიერ ევროპის დატოვების სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებულიყო. ბოლო დრომდე ამის მიზეზად იმპერატორის - ოგედეი ხანის გარდაცვალება (1241) და მის მემკვიდრეებს შორის დაპირისპირების დასაწყისი მიაჩნდათ. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევებით ირკვევა, რომ ამის მიზეზი კლიმატის ცვლილება იყო, როდესაც უნგრეთის და როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ევროპის სტეპები (სადამდეც სწვდებოდა მონღოლების გავლენა) ფაქტობრივად ჭაობებად გადაიქცნენ და მონღოლების ცხენებს კვების და გადაადგილების შესაძლებლობები შეეზღუდათ (Büntgen, Ulf; Di Cosmo, Nicola (May 26, 2016). "Climatic and environmental aspects of the Mongol withdrawal from Hungary in 1242 CE". Scientific Reports. 6).
კლიმატური რუკები გვაჩვენებენ, რომ კლიმატის მცირე ცვლილებები მსოფლიოში 1200 წელს დაიწყო, რაც, 1350 წლისთვის ტემპერატურის დიდი ვარდნით დასრულდა. ბუნებრივია, კლიმატის ცვლილებებს გადაადგილების შეზღუდვაც უნდა მოჰყოლოდა, რაც, თავის მხრივ, შეზღუდავდა აბრეშუმის გზაზე გადაადგილებას.
 
 
 
 
 
 
 
 
 ამას დაერთო 1347 წელს დაწყებული შავი ჭირი, რომელმაც 40-60 მილიონამდე ევროპელი შეიწირა.
აბრეშუმის გზამ, რომელსაც ბევრი მნიშვნელოვანი ტვირთი დაჰქონდა ევროპაში ჩინეთიდან და ინდოეთიდან (მათ შორის კომპასი და საფანტი), ამავე დროს „შავი ჭირიც“ შეიტანა, რამაც, ფაქტობრივად, დაასრულა აბრეშუმის გზის ევროპის მონაკვეთი. ამან მონღოლებს დიდი პრობლემა შეუქმნა: ევროპელების ძირითადი შენატანი მონღოლეთის იმპერიაში ვერცხლი იყო, რაც მონღოლეთის ძირითად სავაჭრო გაცვლით ერთეულს წარმოადგენდა. ამ ეკონომიკურმა დარტყმამ, რაც მონღოლეთის იმპერიას აბრეშუმის გზის შეზღუდვით მიადგა, როგორც ჩანს, მე14 საუკუნის ბოლოსკენ ჩინეთში და ტიბეტში მონღოლური დინასტიის მმართველობაც დაასრულა. მონღოლები კონცენტრირდნენ ევრაზიის ჩრდილო-ცენტრალურ სტეპებში საცხოვრებლად და „სამხრეთის აბრეშუმის გზის“ (რომელიც პალესტინაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს პორტებთან მიდიოდა) სრულ კონტროლზე, სადაც კლიმატი მათთვის ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო.
დაიწყო ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელებისთვის ბრძოლა, რაც მონღოლებისთვის ნიშნავდა აფრიკის სახმელეთო (სუეცის არხი მაშინ არ არსებობდა J ) და საზღვაო კარებს და ახალ ბაზრებზე გასვლას. მონღოლებმა ეს ბრძოლები მამლუქებთან და მათ მოკავშირეებთან წააგეს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ცოტაოდენი ჯვაროსნური ლაშქრობების ეკონომიკურ მიზეზებზე
 
ჯვაროსნული ლაშქრობები 1099 წელს დაიწყო წარმატებით, და 1291 წელს წარუმატებლად დასრულდა. მიზეზები, ცხადია, ეკონომიკური და პოლიტიკური იყო: მე9 საუკუნეში დაწყებული დათბობის პერიოდის გამო ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრება გაადვილდა, ყოველწლიურად უფრო მეტი მოსავალი მოდიოდა. იქ, სადაც ადრე ვერ წარმოედგინათ ნათესები, პურის და სხვა კულტურების ველები იყო. შესაბამისად, გაჩნდა გამდიდრების სურვილი და შესაძლებლობა.
ამ დროისთვის მთავარი სავაჭრო გზის დასავლეთის ნაწილს, და შესაბამისად, გამდიდრების მთავარ წყაროს აღმოსავლეთ რომის იმპერია (ჩვენ რომ ბიზანტიას ვუწოდებთ) აკონტროლებდა, კონკრეტულად, იმ სავაჭრო წერტილებს შავი ზღვის სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებთან, რომლებიც ევროპისთვის იყო საინტერესო.
მაგრამ, არსებობდა კიდევ ერთი გზა, რომელიც ასევე აბრეშუმის გზის ნაწილი იყო და ახლანდელი ირანის და ერაყის ტერიტორიის გავლით, იერუსალიმში შედიოდა. იქიდან - ეგვიპტეში და ევროპაში როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო გზით ადვილად შეიძლებოდა გადასვლა. მე7 საუკუნემდე პალესტინა და იერუსალიმი ჯერ რომს და შემდეგ აღმოსავლეთ რომის იმპერიას ეკუთვნოდა. მუსულმანების წარმატება ადრეულ შუა საუკუნეებში ხმელთაშუა ზღვის აუზში იმით იხსნება, რომ აბრეშუმის გზის აღმოსავლეთის ნაწილი დაიკავეს და შედეგად, მუდმივი შემოსავლის წყარო და სტაბილურობა შეიძინეს. აქვე - საქართველოს დაპყრობის ცდები უკვე „შუა აბრეშუმის გზის“ კონტროლის მცდელობები იყო.
ამიტომ, ევროპულმა სამხედრო და სასულიერო ელიტამ გადაწყვიტა იერუსალიმის დაბრუნება, და ამით - აბრეშუმის გზის დასავლეთის ნაწილების ევროპული სამყაროს ხელში მოქცევა. შეიძლება უფრო ადვილი იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაპყრობა, მაგრამ, მე11 საუკუნეში, მიუხედავად უკვე არსებული სქიზმისა (1054), ძალიან ძნელი იქნებოდა იდეოლოგიური საფუძვლის, და შესაბამისად, მასიური „ფანდაიზინგის“ დაწყება. აქვე - ცხადია, 1054 წლის სქიზმასაც ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა: „შუა აბრეშუმის გზის“ გამო უზომოდ გამდიდრებული „ბიზანტიის“ კონტროლის შესუსტება ცენტრალურ და ჩრდილო ევროპელებისათვის აღმოსავლური პროდუქტის და მოგზაურობის გაიაფებას ნიშნავდა და პირიქით: ცენტრალურ ევროპასთან პოლიტიკური კავშირის გაწყვეტა ბიზანტიას მოგზაურობის ტარიფების და ბაჟის დაწესებაში სრულიად უხსნიდა ხელ-ფეხს.
მაგრამ, სულ სხვა საქმე იყო, თუკი ევროპას აღაგზნებდნენ „წმინდა მიწის განთავისუფლების“ ლოზუნგით. ამ გზამ გაამართლა, ჯვაროსნული ლაშქრობის პირველი წლები ძალიან წარმატებული იყო, შედეგად მოიტანა ჯვაროსნული მინი-სახელმწიფოების გაჩენა წინა აზიაში: სამხრეთის „აბრეშუმის გზის“ კონტროლი ჯვაროსნების, ანუ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპელების, ანუ, რომის ეკლესიის ხელში გადავიდა. 
 
 
 
 
 
 
 

მონღოლები და იერუსალიმი

როგორც ზემოთ ვთქვი, მონღოლები, მე13 საუკუნის შუა წლებში, აღმოსავლეთ ევროპაში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ჩრდილოეთის აბრეშუმის გზა“, რომლებსაც ისინი თავიდან ბოლომდე მართავდნენ, რომელიც კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან შავი ზღვის ჩრდილოეთით მიდიოდა, კლიმატური ცვლილებების გამო, ნელ-ნელა კონტროლისთვის და მართვისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა.

ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ სამხრეთის აბრეშუმის გზის კარები - პალესტინა და იერუსალიმი ჩაეგდოთ ხელში. ამ შემთხვევაში ისინი ბოლომდე გააკონტროლებდნენ სამხრეთის სავაჭრო გზას. ამავე დროს ემთხვევა მონღოლების საქართველოში შემოსვლა, რადგანაც, საქართველოსაც პორტების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰქონდა, და გარდა ამისა, სახმელეთო გზებით, როგორც იერუსალიმს, ასევე, კონსტანტინოპოლს უკავშირდებოდა.
აქ არ დავიწყებ ლაშა გიორგის მონღოლებთან დამარცხების ამბების განხილვას. მგონია, რომ ტენდენციური საეკლესიო პირების მიერაა დაწერილი და სერიოზულ რევიზიას მოითხოვს.
 
 
 
 
 
 
 
საქართველოსთან საქმეების მოგვარების შემდეგ მონღოლებმა (და მათთან ერთად, ქართველებმა, სომხებმა, და სხვათა შორის ჯვაროსნებმაც) პალესტინაზე და იერუსალიმზე გაილაშქრეს 1299 წელს; მცირე წარმატებასაც მიაღწიეს, იმდენად, რომ 1300 წელს რომში ჩავიდა მონღოლების ელჩობა იერუსალიმის რომისთვის დაბრუნების მოლაპარაკების დაწყების მიზნით.
 
 
  
 
 მაგრამ, საბოლოოდ, 1300 წლის ბოლოს, მონღოლები და მოკავშირეები დამარცხდნენ მამელუქებთან და უკან დაიხიეს.

რადიკალური კლიმატური ცვლილება და „შუა აბრეშუმის გზის“ დასასრული

მე14 საუკუნეში ევროპისთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: 1350 წელს დაწყებული კლიმატის რადიკალური გაუარესება და 1347 წელს დაწყებული შავი ჭირი. ეკონომიკურად ევროპაში ვაჭრობა აღარ იყო მომგებიანი, ალბათ უკვე წამგებიანიც იყო, „სამხრეთის აბრეშუმის გზის“ დაპყრობა, როგორც უკვე გითხარით, მონღოლებმა ვერ შეძლეს. ამიტომ, მონღოლები ნელ-ნელა, „აბრეშუმის გზების“ გამო წარმოშობილი ეკონომიკური კრიზის გამო კარგავდნენ გავლენას დაპყრობილ ტერიტორიებზე, მათ შორის ჩინეთშიც. ეს პროცესი საბოლოოდ, 1368 წელს დამთავრდა მონღოლთა დინასტიის გაუქმებით და ტიბეტის აჯანყებით. „აბრეშუმის გზამ“ მე15 საუკუნის შუა წლებში საბოლოოდ შეწყვიტა ფუნქციონირება. ის ჩანაცვლდა აბრეშუმის სამხრეთის (ინდოეთი - ხმელთაშუა ზღვა) გზით, საიდანაც ინდური და სპარსული პროდუქტები რთულად და ძვირად აღწევდნენ ევროპამდე.
მონღოლების შემდგომმა ჩინეთმა, რაკი აბრეშუმის გზებზე მოგზაურობა ეკონომიკურად სულ უფრო და უფრო არამომგებიანი ხდებოდა, დაიწყო საზღვაო გზების მოსინჯვა. მოგვიანებით, დაახლოებით 100 წლის შემდეგ, როდესაც შავი ჭირის დამანგრეველი შედეგები ნელ-ნელა შესუსტდა, ევროპაშიც დაიწყო საოკეანო მოგზაურობებისათვის მზადება, რაც, მე15 საუკუნის ბოლოდ დაგვირგვინდა ვასკო დე გამას ინდოეთში საზღვაო მოგზაურობთ, რამაც, შეიძლება ითქვას, სულზე მიუსწრო ჩინეთის იმპერიას და იზოლაციის გამო შექმნილი ეკონომიკური და ფისკალური კრიზისი შეასუსტა.
 
 
 
 
 
 
 საქართველოს სამეფოს დაშლა მე15 საუკუნეში


ალბათ უკვე ხვდებით, რომ მე14 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ის ეკონომიკური საფუძველი, რომელიც საქართველოს აერთიანებდა, ანუ, „შუა აბრეშუმის გზა“, დასუსტდა და ვეღარ ასრულებდა თავის ამოცანას: საქართველოსთვის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის აუცილებლობას.

გარდა ამისა, მართალია, სამხრეთის, ინდოეთის გზაც არსებობდა, მაგრამ, ჯერ ერთი, საქართველო უკვე აღარ იყო ამ გზის ცენტრში, როგორც ჩინეთი-შავი ზღვის შემთხვევაში, და გარდა ამისა, თუკი ვინმეს, მაგ. სამხრეთ საქართველოს ან გურია/სამეგრელოს მმართველს, მოუნდებოდა სავაჭრო საქონლის ინდოეთიდან წამოღება შავი ზღვით გადასაზიდად, აღმოსავლეთ საქართველო აღარაფერში სჭირდებოდა. სპარსული საქონლით მოვაჭრეებსაც, ცხადია, ერჩივნათ იერუსალიმის გზით გადაეზიდათ და გადმოეზიდათ ტვირთები, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სპარსეთიდან და ინდოეთიდან იერუსალიმამდე და პალესტინის პორტებამდე სახმელეთო გზა უფრო მოკლე გამოდიოდა, ვიდრე, მაგ. სომხეთის ან აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან ჯავახეთის ზეგანზე ასვლა და მერე შავი ზღვის პორტებამდე მისვლა, და მეორეც - მე14 საუკუნის შუა წლებში ევროპაში, შავი ჭირის გამო, კარგა ხნით შეჩერდა/შემცირდა წარმოება, მათ შორის, ვერცხლის მოპოვება, რაც, აღმოსავლეთისათვის ევროპაში ყველაზე უფრო მეტად ფასობდა.

ამიტომაც, მე14 საუკუნის ბოლო მე15 საუკუნის დასაწყისის ერთიანი საქართველოს მეფეებისთვის, ვინც აღმოსავლეთ საქართველოში ისხდნენ, ერთიანობის შენარჩუნებისათვის სულ უფრო მეტად სჭირდებოდა სამხრეთ საქართველოსთვის ომი, ვიდრე ერთიან სავაჭრო ტარიფებზე მოლაპარაკება სამხრეთ საქართველოს მმართველებთან.
თუმცა, სამხრეთ საქართველოს მმართველები, მცირე გამონაკლისის გარდა, მე15 საუკუნემდე მედასავლეთეებად და პრო-ევროპელებად რჩებოდნენ. ალბათ, სწორად აფასებდნენ ევროპულ პერსპექტივას როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ და საომარ საკითხებში.
ამიტომაც იყო, რომ საქართველოს დაშლის შემდეგ ყვარყვარე II-მ (1466 რომ დაამარცხა გიორგი VIII და ფაქტობრივად, საფუძველი დაუდო საქართველოს საბოლოო დაშლას) და გიორგი VIII-მ ერთად მიმართეს რომის პაპს, კალიქტუს III-ს საქართველოსთვის ერთი კათალიკოსის დამტკიცების და ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ. ეს ამბავი საინტერესო ღუზაა კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზების გასარკვევად, რამაც თავის მხრივაც, იმოქმედა საქართველოს დაშლაზე სამეფოებად და სამთავროებად.



ფლორენციის საეკლესიო კრება და კონსტანტინოპოლის დაცემა


1453 წელს კონსტანტინოპოლი აიღეს მუსულმანებმა. ამ დროისათვის კონსტანტინოპოლი და მთლიანად, აღმოსავლეთ რომის იმპერია აღარ იყო მნიშვნელოვანი ჰაბი ვაჭრობისათვის: ხმელთაშუა ზღვაზე სამხრეთის აბრეშუმის გზის გააქტიურებამ განაპირობა მისი უმნიშვნელობა.
 
 
 
 
 მანამდე, 1449 წლებში ჩატარდა ფლორენციის საეკლესიო ეკუმენური კრება, რომლის მიზანიც იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიებს შორის ქსიზმის დაძლევა. დაძლევის მიზანი იყო ქრისტიანული სამყაროს კონსოლიდაცია მოსალოდნელი მუსლიმური შეტევის წინააღმდეგ. ფორმალურად კრება წარმატებული იყო, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და ასევე, ბერძნული წესის ეკლესიების უმეტესობამ (საქართველოს ეკლესიამაც) აღიარა რომის პრიმატი (Florence, Council of", Oxford Dictionary of the Christian Church, Oxford University Press, 2005,).
მაგრამ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი კონსტანტინოპოლის დაცვისათვის. მიზეზი ცხადია იყო ხარჯების შეუთავსებლობა იმ მოგებასთან, რასაც დასავლეთ ევროპის მთავრები მიიღებდნენ კონსტანტინოპოლის დაცვიდან, რომელიც უკვე აღარ იყო ეკონომიკური მოგების ცენტრი.
შესაბამისად, 1453 წელს, კონსტანტინოპოლი დაეცა. მაგრამ, ევროპის რელიგიური და პოლიტიკური ერთიანობის იდეამ კიდევ რამდენიმე წელს გასტანა: საქართველოს სახელმწიფო, ისევე, როგორც უმეტესობა ბერძნული ეკლესიის წევრები, ასრულებდა ფლორენციის კრების გადაწყვეტილებას. ამის საბუთია რომის პაპის, კალიქტუს III-წერილი 1457 წელს საქართველოს მთავრების (ძირითადად, ალბათ გიორგი VIII და ყვარყვარე III) მიმართ: „მათ ვინც აღმოსავლეთში რომის წესს მისდევენ“ (https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_VIII). კალიქტუს მესამის მცდელობის მიუხედავად, ანტი-ოსმალური კოალიცია ვერ შედგა (ეს იგივე პაპია, რომელმაც დალოცა და ხელი შეუწყო პორტუგალიელების მოგზაურობებს აფრიკისკენ). რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია საქართველოს საბოლოო დაშლა სამთავროებად და სახელმწიფოებად, რადგან, აღარ არსებობდა არაფერი, რაც მათს პოლიტიკას და ეკონომიკას ერთიანობისკენ (საერთო ინტერესებისკენ) უბიძგებდა.
აქვე: რომის ეკლესიასთან საქართველოს ეკლესიის ეს ერთიანობა, როგორც ჩანს, შენარჩუნდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატამდე, რომლის მიხედვითაც საქართველოს კათალიკოსი რუსეთის სინოდის წევრი გახდა. 1467დან სავარაუდოდ 1560 წლამდე რუსეთის საპატრიარქო ბიზანტიის ეკლესიასთან სქიზმაში იმყოფებოდა, რაკი არ დაეთანხმა 1449 წლის ფლორენციის კრებაზე რომის ეკლესიის პრიმატის აღიარებას და ამის შემდეგ ბიზანტიის ეკუმენურ ეკლესიასთან მოლაპარაკებებში მოითხოვდა კათალიკოსის დამოუკიდებელი დანიშვნის უფლებას (ავტოკეფალიას) (https://esxatos.com/basil-lourie-prekrashchenie-moskovskogo-cerkovnogo-raskola;Ágnes Kriza (2022). Depicting Orthodoxy in the Russian Middle Ages The Novgorod Icon of Sophia, the Divine Wisdom. Oxford University Press). გაურკვეველია, მან ეს უფლება მიიღო თუ დღემდე დე ფაქტოდ ასრულებს. როგორ გადაგვიწერეს რუსებმა და მათმა მომხრეებმა ისტორია, ალბათ ხვდებით. ამის შესახებ, სხვა დროს.

მომავლის გაკვეთილები

რაც ზემოთ აღვწერე, ძალიან ჰგავს იმას, რაც დღეს ხდება: ძველი ერთიანობების რღვევა, ახალი ერთიანობების პერსპექტივა.
ცხადია, დღეს კლიმატის ცვლილება ვერ მოახდენს გავლენას პოლიტიკაზე და შავი ზღვაც მხოლოდ გასასვლელი არ არის ხმელთაშუა ზღვაში.
ჩრდილოეთის აბრეშუმის გზაც, რომელსაც მონღოლები თითქმის 8 საუკუნე ინარჩუნებენ, როგორც ჩანს, კარგა ხნით გამოეთიშა სავაჭრო გზებს.
მაგრამ, უალტერნატივო გზები არ არსებობს. როგორც მე14-15 საუკუნის ევროპელებმა ხელი ჩაიქნიეს სახმელეთო გზებზე და საზღვაო გზების განვითარებას მიჰყვეს ხელი, რაშიც უზარმაზარი როლი შეასრულა ჩინეთიდან სახმელეთო გზით შემოტანილმა კომპასმა (რა მოიტანა ამ გადაწყვეტილებამ, იცით), ასევე, შეიძლება თანამედროვე სახმელეთო, ტრანს-ევრაზიულ გზასაც (შუა დერეფანსაც) მოეძებნოს ტექნოლოგიური ალტერნატივა. თავისით არაფერი ხდება.

მთელი ეს ტექსტი იმის აღწერას მოვანდომე, რომ კარგი მიზნების მიუხედავად, მთელი რეგიონი შეიძლება ჩაიძიროს ნაცრისფერი მასაში.

არ არსებობს პოლიტიკური ძალისხმევა, რომელსაც შეიძლება საკმარისი დაარქვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა