პრეზიდენტი - დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად
პრეზიდენტი - მოგმართავთ თქვენ, ქართულ ჯარს, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას
Russian army loses 1,250 more soldiers in Ukraine over past day
General Staff: 115 combat clashes on front lines in past day
Yermak, U.S. delegation hold third round of talks on bilateral security agreement
Sandu - EU needs "Marshall plan" for Moldova, Ukraine
PMs of Ukraine and Ireland discuss confiscation of Russian assets
Zelensky on war: Partner intelligence agencies are informed about threats and prospects

კობა ბენდელიანი: მე და ძალიან ბევრს საბოდიშო არაფერი გვაქვს

09.29.2023 | 18:29 ნახვები: 505

მოვითხოვ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჩვენოს ფილმი „იარე ლიზა“!

ასე იმიტომ კი არ ვფიქრობ, რომ ფილმი მომეწონა, არა, იგი ბევრმა უნდა ნახოს და მშვიდად გამოიტანოს დასკვნები. ვიდრე ჩემს შთაბეჭდილებს გაგიზიარებთ, მანამდე უნდა თქვა:

ჩემი კოლეგა დამიკავშირდა და მითხრა, რომ რეჟისორს სურდა სხვა ჟურნალისტებთან ერთად მენახა მისი ფილმი დახურულ ჩვენებაზე. თავიდან ვიუარე, რადგან, აფხაზეთის თემაზე გადაღებული ქართული ფილმების ნახვებისგან უკმარისობის განცდა მქონდა დარჩენილი. მაგრამ, გარკვეული ყოყმანის შემდგომ, 16 სექტემბერს, მაინც წავედი ფილმის სანახავად.

ფილმის დასრულების შემდეგ და კიდევ 2 დღე არაერთგვაროვანი გრძნობები მქონდა, მაგრამ, საკენ-ჭუბერის გზაგამოვლილს, არ გამჭირვებია გრძნობებთან გამკლავება. თუ შეიძლება ასე ითქვას, „გადავფურცლე“ კიდეც, მაგრამ ამ თემას ისე მახსენებს სოციალური ქსელი - ფბ, საზოგადოებაში ამავე თემაზე პოლემიკა, რომ მეტი არ შეიძლება. ბევრ, საკმაოდ კვალიფიციურ აზრს გავეცანი, კიდევ უფრო მეტ არაკვალიფიციურს, ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ აზრის გამოთქმა.

თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და არც იმ ასაკში ვარ, ტაში მახარებდეს და რეიტინგი მაღელვებდეს. პოლიტიკასაც არ ვეკარები და პოლიტიკოსებისგან დისტანციაზე ვარ გაცნობიერებულად. ვისი აზრიც მაინტერესებს, თვალყურს ვადევნებ.

დემოკრატიულ და პლურალისტურ საზოგადოებას ვაშენებთ, ვთვლი, რომ გარკვეულწილად დემოკრატიამ და სიტყვის თავისუფლებამ გადამარჩინა კიდეც. ამიტომ „ცენზორობას“ არ ვიკადრებ, რადგან მიმაჩნია, რომ მათ რიცხვში ვარ, ვინც თვლის, რომ „ხელოვნება დამოუკიდებელია და თავისუფალია“.

მთელი ომი აფხაზეთიდან არ გამოვსულვარ, ბევრი რამ მახსოვს, ნეტა არც მახსოვდეს, მაგრამ მახსოვს. ომი რომ დიდი უბედურებაა ყველა თვალსაზრისით, ვიცი კარგად, რადგან ომის დროს ადამიანების უამრავი სიმდაბლეც მაქვს ნანახი და უამრავი სულის სიმტკიცე, სიდიადე და სიწმინდე. და ეს ყველაფერი, „ტელევიოზინშჩიკებმა“ რომ იციან თქმა, „ლაივში“, უფრო სწორად - 13 თვე და 13 დღე.

ვიდრე საქმეზე გადავალ, უნდა დავაზუსტო - ცხოვრებაში დაუკითხავად სხვისი ასანთიც კი არ ამიღია, არასდროს არაფერი მომიპარავს და არც ვაპირებ. ომამდე არც გამორჩეული „პატრიოტი“ ვყოფილვარ და არც „ცრუპატრიოტი,“ ომის დროს ვიქცეოდი, როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის ამ ფილმში ყველაზე გაუგებარი აღმოჩნდა ის, რომ ყველა ქართველი მეომარი ყაჩაღი, მოძალადე და ნარკომანია.

ომის დროს ნარკომანიც ბევრი მინახავს და ყაჩაღიც, მაგრამ ფილმში ისეთი სურათია დახატული, რომ ყველა ქართველი მეომარი ასეთი იყო. ეს კი, როგორც მინიმუმ, სიმართლე არაა და მეტიც, გაუგებარიც არის უახლესი ტრაგიკული ისტორიის ასე წარმოსახვა.

აღარაფერს ვამბობ ფილმის გმირისა და მისი ყოფილი მეუღლის დიალოგზე, სადაც აფხაზეთში ნაომარი ყოფილი ჯარისკაცი ამბობს - „ჩვენ მართლა გმირები კი არ ვიყავით, წამალი მოგვაყარეს“.

რისი თქმა უნდოდათ ფილმის ავტორებს - ქართველი ჯარისკაცი აფხაზეთში იმიტომ იბრძოდა, რომ „წამალი მიაყარეს“?

კი მაგრამ, ვინც წამლის მომხმარებელი არ იყო, გულანთებული ჩამოვიდა აფხაზეთში ქვეყნის დასაცავად და შეუერთდა ადგილობრივ წესიერ ხალხს, იმათ რას ვეუბნებით? რა უნდა იცოდნენ მათზე მომავალმა თაობებმა?

კარგა ხანია იმ ყველაფერზე, რაც ჰეროიკულად და პათეტიკურად გამოიყურება, ასეთ „პროდუქციაზე“, დროს არ ვკარგავ. მაგრამ, როცა ამხელა თემას ეჭიდები, ერთი კეთილშობილი ქართველი ჯარისკაცის ადგილი და თუნდაც ერთი პასაჟის ჩვენება ფილმში რატომ აღმოჩნდა პრობლემური, გაუგებარია.

ფილმში კეთილშობილი მხოლოდ აფხაზი მეომარია, რომელმაც ფილმის გმირი რუსი ქალბატონის თხოვნით გადაარჩინა. ამ ხაზის პოლიტიკური ასპექტიც შესაძლოა საკამათო იყოს, მაგრამ ფილმი მხატვრულია და ავტორს რაც უნდოდა გადაეღო, გადაიღო.

ეს იმისთვის გავიხსენე, რომ სულ მესმის ხმები ფილმის ანტირუსულობის შესახებ. კეთილშობილ რუს ბებიას, რა თქმა უნდა, რუსეთთან ვერ გააიგივებ, მაგრამ გვინდა თუ არა, „მხატვრული გააზრების“ შედეგი ასეთია.

კინო მხატვრული გააზრებების ხელოვნებაა. კადრსმიღმა მსჯელობა, რომ რუსეთია ამ ომში დამნაშავე, კადრსმიღმა ტექსტადვე დარჩა. მხატვრულ გააზრებაში კი, რაც მაყურებელს უნდა დამახსოვრებოდა - კეთილშობილი არიან აფხაზი მეომარი და მოხუცი რუსი ქალბატონი, რომლის თხოვნითაც აფხაზმა ფილმის გმირი გადაარჩინა.

სხვათა შორის, ბევრი აფხაზი მართლაც ღირსეულად მოიქცა და გადაარჩინა ის ნაცნობები, ვისთანაც ომამდე ოდნავ შეხება ჰქონია.

ფილმში ასევე არის ერთი ადგილი, სადაც ხმა კადრს გარეთ საუბრობს ახალდაბის ტრაგედიაზე, მაგრამ იქვე დასძენს, აფხაზებმა ეს „ათმაგად“ იმიტომ გააკეთეს, „ჩვენმა ქართველებმა“ სოფელ აძიუბჟაში მანამდე უარესები ჩაიდინესო.

არადა, ქართველებს აძიუბჟაში არაფერი მსგავსი არ გაუკეთებიათ. აძიუბჟის ზედა ზონაში მცხოვრები 4 ქართული ოჯახის წევრები აფხაზებმა ომის დაწყების პირველ ეტაპზე გაანადგურეს. გაუგებარია, რატომ ამართლებს მთხრობელი ენით აუწერელ აფხაზურ სისასტიკეს ახალდაბაში.

ეს ვითომ არაფერია? რა გითხრათ, მე აფხაზების სასარგებლო ტყუილად დამამახსოვრდა. არადა, როცა ამბობ, ყველაფერი ფაქტებზეა აგებულიო, ეს თუნდაც „პატარა უზუსტობა“ გაუგებარია.

ფილმის იდეა მოწოდებაა, მოხდეს აფხაზეთის ტრაგედიის გააზრება და გადააზრება. ეს გასაგებია. ომის შემდეგ მომხდარის გადააზრებისა და გააზრების გზა, სხვების მსგავსად, გარკვეულწილად მეც გავიარე, სხვათა შორის, დასავლელი პარტნიორების ფონდების მხრიდან „დახმარების“ გარეშე.

ეს პროცესი ქართულ საზოგადოებაში კარგა ხანია დაწყებულია და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ წინაც ვარ. მაგრამ, თუნდაც უნებლიეთ „ბალანსის დაუცველობამ“, სამწუხაროდ, უკუშედეგი რომ გამოიღო, ჩანს.

იმიტომ კი არ ვართ წინ, რომ ქართველები ზოგადად ვართ კარგები, იმიტომ რომ ერი ვართ, მეტ-ნაკლებად თვითკმარი ერი, რომელსაც აქვს უნარი, იყოს კრიტიკულიც და სამართლიანიც. შესაძლოა, ამანაც გადაგვარჩინა იმპერიებთან დაპირისპირებაში.

ყურადღებით ვადევნებ თვალს, თუ რა ხდება ამ თვალსაზრისით ენგურს გაღმა. ვგულისხმობ მომხდარის გადააზრებასა და სხვაგვარად გააზრებას. სამწუხაროდ, ამის მსგავსი ჯერ არაფერი ჩანს. არც მაქვს მოლოდინი, რომ მსგავსი რამ იქნება, ვიდრე რუსეთის ჯარი ენგურზე დგას.

ბოლო ხანებში გარკვეული მოძრაობები კი შეიმჩნევა, მაგრამ ეს უკრაინაში განვითარებული პროცესების შედეგია. აგრეთვე და განსაკუთრებით კი იმის, თუ როგორ დასრულდა მთიანი ყარაბაღის 30 წელზე მეტხნიანი ისტორია.

სოხუმში პოლიტელიტისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობები საქართველოს მიმართ ისეთივეა, როგორც ომამდე და ომის შემდეგ იყო. დევნილთა აფხაზეთში დაბრუნებაზე მათი პოზიცია ასეთია - ქართველები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე არ უნდა დაბრუნდნენ. მაქსიმუმ შეიძლება დაბრუნდნენ გალის რაიონში. ანუ მათი აზრით, „ეთნიკურ საზღვარზე“.

მე ესეც სათუო მგონია, მაგრამ სოხუმის ხელისუფლების „აქაური მხარდამჭერები“ ამ ხაზს „აწვებიან“.

ჩემი ვარაუდით, ფილმის ავტორები იმედოვნებენ, რომ სოხუმში შეამჩნევენ ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთთან დაკავშირებით მომხდარ ცვლილებებს და გაითვალისწინებენ. არადა, სოხუმი ჩვენგან დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვს.

ჩვენს საზოგადოებაში არიან ასეთი ადამიანებიც, ვინც ამას იზიარებს. იქნებ დროა, მათ ეს ღიად თქვან. რაც უფრო მალე იტყვიან, მით უკეთესი. უნდა იცოდეს ხალხმა მათი ვინაობა.

აქ ფილმის ავტორებს ნამდვილად არ ვგულისხმობ. მათ მხოლოდ იმას „ვერჩი,“ რომ გაუჭირდათ ფილმში მხარეების დანაშაულებზე ბალანსის „დაჭერა“. ეტყობა ვარაუდობენ, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რომ სოხუმში ამას სათანადოდ აღიქვამენ. სულ ტყუილად ფიქრობენ ასე. ამას ყოველი განვლილი დღე გვიდასტურებს.

ბევრი ფიქრობს, რომ აფხაზეთში ახალგაზრდა თაობაში ფილმი პოპულარულია. პოპულარულობა, ისევე როგორც ცნობადობა, ბევრს არაფერს არ ნიშნავს, რადგან ზოგადად, პოპულარულობა და ცნობადობა კვალიფიციურობას სულაც არ ნიშნავს.

ასეც რომ არ იყოს, აფხაზი ახალგაზრდების ხმა აფხაზურ პოლიტიკაში ისეთი ანგარიშგასაწევი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თან ეს ახალგაზრდები უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მეტად აგრესიულებიც კი არიან იმის მტკიცებაში, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და ასე შემდეგ.

ეს ფილმი მათში ასეთ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაამძაფრებს, რადგან ფილმის გმირი ენგურის ხიდთან ბოდიშს იხდის.

სხვისი არ ვიცი და მე და ძალიან ბევრს, ვინც ომის დროს ქვეყნის პასუხისმგებლობიანი მოქალაქე იყო, საბოდიშო არაფერი გვაქვს.

თუნდაც იმიტომ, რომ მსხვერპლი *შეუძლებელია იყოს დამნაშავე. თან ისეთი მსხვერპლი, რომელსაც ომამდე აფხაზური პროპაგანდა ლამის ყოველ დღე მოუწოდებდა - „წასულიყვნენ ენგურს გაღმა“.

ასე იყო სსრკ-ს ბოლო წლებში ღიად და ყველა ხელისუფლებების დროსაც.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ დევნილებს ფილმი იმის გამო არ მოეწონათ, რომ „დევნილები ტრავმირებული ხალხია“ და „არაჰუმანურები“ არიან.

ყველაზე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც ცდილობდა სოხუმთან ჰქონოდა კავშირი.

სოხუმიდან ახალი გამოსულები ვიყავით, დევნილ მამაჩემს რომ ვუთხარი, ჩვენს სახლში ბავშვებიანი აფხაზი ოჯახი ცხოვრობს-მეთქი. არც კი დაფიქრებულა თქვა - დროზე შეატყობინე, რომ ჩვენთან ელექტროსადენებია დაზიანებული და დროულად გააკეთონ, - ბავშვებს არაფერი დაემართოთო... დევნილი პედაგოგი დევნილობაშიც პედაგოგად და ღირსეულ კაცად დარჩა.

არ გვესწავლება ჩვენ ჰუმანიზმი. ბევრი აფხაზი ნაცნობ-მეგობარი ჩვენი ოპონენტები არიან, მათ და მათ შვილებს გულწრფელად ვგულშემატკივრობთ. ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა.

ზედმეტი ხმაურის გარეშე თან დავატარებთ დიდ ტკივილს, სოხუმური საუბრის რუსულ სლენგსა და ჟარგონს, მეგრული ენის სილამაზესაც და აფხაზური სიმღერის ჰანგებსაც, ბერძნულ („ტიმანას ნაღამო,“ „აფორიზ მენა“-საც) სიტყვებსა და ფრაზებს. უკაცრავად, ვიცი ცუდი სიტყვებია, მაგრამ რაც ხშირად მესმოდა, ის მახსოვს, და კიდევ ბევრ რამეს „იქაურს“.

დევნილები რომ იდეალურები არ ვართ, ვიცი, მაგრამ მოწოდება იმ ხალხისთვის, ვინც რუსული იმპერიალისტურ-რევანშისტული პოლიტიკის მსხვერპლია - ბოდიში მოიხადეო, გაუგებარია. მით უმეტეს, რომ ეს „არც მუშაობს“ და არც არაფრის მომტანია.

რადგან ყარაბაღის თემას შევეხე, გვერდს ვერ ავუვლი ერთ საკითხს. საზოგადოებაში გაჩენილ იმედებს, რომ საქართველოსაც შეუძლია აზერბაიჯანის მსგავსად მოიქცეს.

ჩვენ იმიტომ კი არ უნდა მოვიქცეთ სხვაგვარად, რომ არც ძლიერი და არც მდიდარი სახელმწიფო არ გვაქვს, არც ეფექტური მმართველობა და არც კონსოლიდირებული ერი არ ვართ, არამედ იმიტომ, რომ გვაკისრია აფხაზობის გადარჩენის, მათი იდენტობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა.

ყველა დონეზე ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო სამართლის ათივე პრინციპით. საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპებზეა საუბარი, უკრაინაში ომის დაწყებით რუსეთმა უკრაინასაც რომ თავზე გადაახია და დანარჩენ მსოფლიოსაც. ჩვენ - გაცილებით ადრე, 1992-1993 წლებში და 2008 წელს.

იმედია, „აბა ომი გინდა“ არ დამბრალდება.

რუსული პოლიტიკის შემოქმედებს ადამიანობა და გონიერება რომ ჰქონდეთ, ჯერ ქართული სახელმწიფოსა და ქართველების წინაშე ჩადენილ დანაშაულებს აღიარებდნენ, შემდეგ იმას, რასაც ახლა უკრაინაში სჩადიან.

ამას ახლა უნდა ითხოვდეს საქართველოს ხელისუფლება. ვითხოვთო, ამბობენ. არ გვესმის. თუ გვესმის, მეტისმეტად ხმადაბლა და ისე შეუმჩნევლად, რომ მგონი ჯერ კრემლსაც არ გაუგონია და ისიც გვაქებს და გვაქებს.

საქართველოში თავის „რბილ ძალას“ აფინანსებს, რაზეც არავის რეაქცია არ აქვს.

რასაც ვხედავთ კიდევ ისაა, რომ კრემლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში რამე სახით უკან დახევას არასოდეს არავის დაჰპირებია. ასეთ ფონზე ჩვენ ხელს ვუმართავთ რუსულ ბიზნესსა და რუსეთის მოქალაქეებს. ხელისუფლებამ უნდა თქვას, რატომ ხდება ასე? თუმცა, ეს უკვე სხვა თემაა.

რატომ უნდა იქნას ფილმი ნაჩვენები?

იმიტომ რომ დღევანდელი საქართველო სსრკ-ს დროინდელი საბჭოთა საქართველო არ არის, როცა ხელისუფლებისთვის არასასურველ ფილმებს თაროზე შემოდებდნენ ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მიმართ კრიტიკული შენიშვნები მაქვს, და ეს ნორმალურია, ფილმი უნდა ნახოს ქართველმა მაყურებელმა - თუნდაც იმის გამო, რომ ფილმში ნაჩვენებია 90-იანების საქართველო, ანუ ისეთი, როგორი სახელმწიფოც არ გვინდა რომ გვქონდეს.

პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ ერეოდნენ ისეთი თუნდაც „კარგი ბიჭები“, რომლებსაც შეუძლიათ ხელში იარაღის იმის გამო აღება, რომ მათ „წამალი მიაყარეს“.

არადა, ამის განმეორების ალბათობა არსებობს, თუმცა სხვა სახით. მთავარია, ქვეყანა არ დაუბრუნდეს 90-იან წლებს. ამ თემაზე მსჯელობას აღარ გავაგრძელებ...

მოკლედ, ჩვენმა საზოგადოებამ ფილმი უნდა ნახოს.

თუნდა იმიტომ, რომ გაიგონ, როგორია ფილმის ავტორების აზრით აფხაზეთისკენ სავალი „ლიზას გზა“.

ნაწილობრივ გამოვთქვი ფილმის შინაარსთან დაკავშირებით აზრი, მაგრამ დავამატებ - არ ჰგავს ეს გზა იმ გზას, დევნილებს რომ აფხაზეთში ჩაიყვანს. მომავალში ახალი თაობები ერთმანეთს გაუგებენ და გამონახავენ საერთო ენასო - ეს თეორიაც უსუსურად გამოიყურება, რადგან გაუგებარია, ამ ურთიერთგაგების საფუძველი რა უნდა იყოს?

იმედი მაქვს, ვინც ფიქრობს, რომ „ჩვენ“ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ახლა მაინც იტყვის თავის გულისნადებს ხმამაღლა. ვიცი, ჩვენს საზოგადოებაში ასეთები ბევრნი არიან, ჰოდა, რაც უფრო მალე იტყვიან, მით უკეთესი იქნება.

ვიმეორებ, აქ ფილმის ავტორებს არ ვგულისხმობ.

ვწუხვარ, მაგრამ მათ მცდელობას აფხაზურ საზოგადოებაში საჩვენო რეაქცია არ ექნება. ან ასე გადათარგმნიან - რაკი ასე ფიქრობთ, გვაღიარეთო! როცა კონფლიქტების თემას ეხები, კონფლიქტის მონაწილე მხარის ეთნოფსიქოლოგიაც უნდა იცოდე, თან სიღრმისეულად.

ქართულ-აფხაზური დიალოგი უნდა შედგეს, თან აუცილებლად. ჩვენ ერთმანეთში საკამათოც ბევრი გვაქვს და სათქმელიც. იგი ორივე მხარისთვის შედეგიანი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როცა რუსი გავა აფხაზეთიდან. ასეთი პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. არც იქნება, თუ არ მოვინდომეთ.

პატივისცემით, არანარკომანი, არაყაჩაღი და არამოძალადე, საქართველოს მოქალაქე, კ. ბენდელიანი

 

ავტორი: კობა ბენდელიანი

 

P.S საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ თუ ამ ორ მასალას გაეცნობით, დამავალებთ.

https://www.facebook.com/koba.bendeliani.3/posts/pfbid02Lpz8WbJjRs6mZhxzUeWaVF3ZniD4TgqnrAdYZfeKpaEJzXbaJwmjVxWYPY2295K7l

 

https://www.ambebi.ge/.239929-akauroba-chemtvis....

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა