6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

გიორგი მელაშვილი: 2023 წლის წაგებულ-მოგებული

30.12.2023 ნახვები: 1190

2023 წლის პოლიტიკურ შედეგებზე საუბრისას, მთავარი წაგებული და მოგებული, ლამის - ერთდროულად - ქართული ოცნებაა. როგორ?

მოდით, გავიხსენოთ ამ წლის მოვლენები.

წელი რუსული და პრორუსული ძალებისთვის ომახიანად დაიწყო, თუმცა ჩაფლავებების სერიით დასრულდა. „ქართული ოცნების“ რადიკალურმა ფრთამ, „ხალხის ძალამ“, შემოაგდო რუსული კანონი, რომელიც ყველა პროდასავლური ჯგუფის წინააღმდეგ იყო მიმართული და საუკეთესო რუსულ ტრადიციაში, ხალხის მტრებსა და აგენტებს ეძებდა: ოღონდ, არა ოკუპანტი სახელმწიფოს ამფსონებში, არამედ - იმ ადამიანებში, ვინც საქართველოს დასავლური მომავლის სადარაჯოზე დგანან.

ქართული საზოგადოების შეუპოვარი წინააღმდეგობის შედეგად (ძალიან ვამაყობ, რომ ამ დღეებში მეც ვიგემე წიწაკის მსუსხავი სუნი), „ოცნებას“ (და მის სატელიტებს) ამ კანონის გამოწვევა მოუწიათ, რაც - უდავოდ - ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ყველაზე მეტად და კარგად ამ ეპიზოდში მე, მაინც, მახსენდება მამუკა მდინარაძე და შალვა პაპუაშვილი - პირველმა, მისთვის ჩვეულ სტილში, მოიტყუა, თითქოს კანონის განხილვა იმ დღეს არ იგეგმებოდა; ხოლო მეორემ საოცრად გაითავისა 30-იანი წლების ლექსიკა - იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის ფონდს.

თუმცა, კანონის გაწვევის მიუხედავად, საპოლიციო სისტემის სიღრმეში არსებული პრობლემები კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა - ჯერ ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ, რომელსაც თაროდან ძველი საქმე ამოუჩიჩქნეს, ხოლო შემდეგ - თეთრი ფურცლის პროტესტის დროს, როდესაც აქტივისტები პარლამენტის წინ მხოლო იმიტომ დააკავეს, რომ ხელში თეთრი ქაღალდი ეჭირად. ჰო, სრულიად თეთრი ერთი შავი წერტილის გარეშე. ზოგადად, პოლიციის მიერ ცრუჩვენებების მიცემა და აქციებზე ხალხის კონვეიერული დაკავება არახალი, მაგრამ წლის ერთ-ერთი მახასიათებელი გახდა.

ზოგადად, პოლიციამ წელს გამოავლინა ძალადობის გამოყენებისკენ მიდრეკილება, თან - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ან რუსული ინტერესების დაცვას (გავიხსენოთ სიმბოლური რუსული ხომალდი, რომელიც უკრაინელებმა ცნობილი მიმართულებით გაუშვეს და საქართველოში აღმოჩნდა, ან ლავროვის შვილის „ფართის“ დროს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება), ან როდესაც საქმე პროდასავლური აქციების დარბევას ეხებოდა.

როგორც კი საქმე ეხებოდა პრორუსული ჯგუფების მიერ მოწყობილ მიტინგებს, მსვლელობებსა თუ აქტივობებს, პოლიცია - უცებ კარგავდა ომახიანობას, მუნდირის დაცვის აუცილებლობის შეგრძნებასა და ზოგადად, ყოველგვარ მოტივაციას, გადაიქცეოდა თეთრ და ფუმფულა ბაჭიად და ვერანაირად ვერ ახერხებდა ან გავეშებული რუსეთუმეების შეკავებას, ან ფესტივალის დაცვას. ეს მაგალითებიც საკმარისია, პოლიციის, როგორც ხელისუფლების ინსტრუმენტის წარმოსაჩენად და თავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელისუფლების აშკარა პრიორიტეტების დასანახად.  

ომახიან სტარტსა და მტკივნეულ პირველ ჩაფლავებას მოყვა მეორე გამაფრთხილებელი ზარი - კორუფციაში მხილებული მოსამართლეებისა და რუსეთის „ეფესბესთან“ კავშირში ბრალეული ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირება. აქაც - თითქოს - პრობლემა არახალია: სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე ლეგენდები დადის, და „მურუსიძის სასამართლო“ უკვე ქართული ზეპირსიტყვიერების ნაწილი გახდა, როგორც უპრინციპობის, უსამართლობისა და ნებისმიერ ხელისუფლებასთან „დალაგების“ აღმნიშვნელი სიმბოლო. თუმცა სტრატეგიული მოკავშირის მიერ ჯერ სასამართლო კორუფციის, ხოლო შემდეგ - რუსული აგენტურის გამოვლენა ძალიან სამწუხარო რეპუტაციული დარტყმაა, რომელიც ქვეყანასა და „ქართულ ოცნებას“ კარგად არ ახასიათებს.

საგარეო პოლიტიკაშიც იგივე  ხდებოდა - ფრთხილ პოლიტიკასა და კაპიტულანტურ პოლიტიკას შორის არსებობს ძალიან დიდი სხვაობა; მიახლოებით ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიის საგარეო პოლიტიკასა და ვიშის საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას შორის. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია რუსული ინტერესების ტოტალური დაკმაყოფილებისა და დაშოშმინების პოლიტიკა, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

2023 წელს „ოცნების“ კაპიტულანტური პოლიტიკის არაერთი გამოვლენა ვნახეთ, მაგრამ ყველაზე კარგად ამაზე სამი ფაქტი მეტყველებს: პირველი - ფრენების თემა - მაშინ, როდესაც ყველა ევროპულ ქვეყანას რუსეთთან პირდაპირი ფრენები შეზღუდული აქვს, საქართველომ დაუშვა პირდაპირი ფრენები აგრესორ სახელმწიფოსთან; მეორე - ბრატისლავის ფიასკო, როდესაც საქართველოს პრემიერმა უკრაინაში ომის დაწყებაში NATO დაადანაშაულა; მესამე -  ჩინეთთან გაფორმებული არათანაბარი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს.

ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიებიდან 24/7-ზე რეჟიმში ცდილობს ქართული საზოგადოების მედეგობის შერყევას, დიდხანს არ გავჩერდები - ამის სანახავად საკმარისია რომელიმე სამთავრობო არხის ჩართვა, რომელიც საბჭოთა ნოსტალგიანარევ და საბჭოთავე „დეკადენტური დასავლეთის“ სურათის პროპაგანდით ცდილობს ჩვენს გაგიჟებას (სხვათაშორის, აქაც უშედეგოდ, რაზეც ყველა კვლევა მეტყველებს).

ამ საგარეო პოლიტიკის მოკლევადიან შედეგებს ყოველდღიურად ვიმკით - ეს არის მუდმივი მცოცავი ანექსია, ბიჭვინთას პირდაპირი ანექსია და ოჩამჩირეში რუსული ბაზის საფრთხე. საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მუდმივი ტერორი, გატაცებები და მკვლელობები - კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობა და ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ქვეყნის მედეგობის კატასტროფული შემცირება. არადა, თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც ჯერ კიდევ რომაელებმა ჩამოაყალიბეს - თუ გინდა მშვიდობა, უნდა იყო მზად ნებისმიერი სცენარისთვის, ანუ ომისთვისაც.

არანაკლებ მტკივნეული, ოღონდ ამჯერად უკვე არა „ხალხის ძალას“ ამოფარებული, არამედ თავად „ქართული ოცნების“ ჩაფლავება იყო სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით. პრემიერისა და „ოცნების“ დიპლომატიური ფიასკოების სერიის შემდეგ, ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირად, რომელსაც ევროპასა თუ ამერიკაში ავტორიტეტი გააჩნია და რომელთანაც მსოფლიო ლიდერები შეხვედრაზე უარს არ ამბობენ. მისი იმპიჩმენტის ერთი მსახიობის თეატრი და გადაყენების მცდელობა ევროპაში მოგზაურებებისა და ევროპელი ლიდერების საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის  მისანიჭებლად წარმოებული შეხვედრებისთვის ღიმილის მომგვრელი იყო, ხოლო პარლამენტში იმპიჩმენტისთვის ხმების შეგროვებაში წარუმატებლობა - ინდიკატორული.

წლის ბოლოს, საზოგადოების მთავარი წარმატება და პრორუსული ძალების მთავარი ჩაფლავება, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი იყო. ქართული საზოგადოების დაუჯერებელი გამარჯვებაა, რომ ევროკავშირის დროშის დამხევები, რუსული კანონპროექტის ინიციატორები და პირველი მოსმენით მიმღებები, ანტიდასავლური კამპანიების დამგეგმავები და უბრალოდ - უტიფარი - ადამიანები იძულებულები გახდნენ სცენაზე ევროკავშირის დროშის ფონზე დამდგარიყვნენ და კბილებდაკრეჭილებს ესაუბრათ ყველაფერ იმაზე, რაც ქართველი ერის არჩევანია, მაგრამ მათთვის - მიუღებელია.

და ბოლოს - 2024 არ იქნება მარტივი წელი. ნორმალური არჩევნების ჩატარება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, არამარტო ევროინტეგრაციისთვის, არამედ ზოგადად, იმისთვის, რომ ჩვენ დავემსგავსოთ თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოს. შევძლებთ? იმედი მაქვს, რომ კი - საზოგადოებამ საკუთარი სიძლიერე 2023-ში უკვე აჩვენა. თუ გახდება საჭირო - კიდევ აჩვენებს.

 

ავტორი: გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დირექტორი

ნეიშენ ჯორჯია

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა