6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

ბიძინა ივანიშვილის პირადი სამება - მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია

12.01.2024 ნახვები: 2609

ვის, როგორ გაუმართლა იმედები 2023 წლის 14-მა დეკემბერმა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ მიიღო და ეს შემდგარი ფაქტია. საქართველოს ლამის ყველა მოქალაქის პოზიტიური ემოცია და სენტიმენტები ამ ფაქტთან დაკავშირებით შეგვიძლია სასწორის ერთ პინაზე მოვათავსოთ, მისი პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით და მეორეზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის - მუდამ და ყოველთვის პარტიის ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსპირაცია.
2021 წელს პოლიტიკური სცენის ფორმალურად დატოვების შემდეგ, ძალიან ცოტა ადამიანი იფიქრებდა იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ყოფნას ისევ მისცემდა ფორმალურ სახეს. თუმცა, თუ 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა არჩევნების პერიპეტიებს გავითვალისწინებთ ეს ქმედება მისი მხრიდან აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.
ნამდვილად არ შეიძლება სწორი ანალიზის დროს დაგვავიწყდეს, თვითმმართველობის არჩევნები - დავით ნარმანიასთვის გახსნილი შამპანური რომელიც მჟავე აღმოჩნდა და ტორტი მეორე ტურში უჟმური ხასიათით გაიჭრა. 2016 წლის პერიპეტიები, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენები - „ოცნების“ ლიდერები ბილბორდებზე დროებით მოშლილი საკუთარი იდენტობით და ყველას ერთბაშად სალომე ზურაბიშვილად გადაქცევა. 2020 წელს ლამის ატირებული „ბატონი“, რომელიც მზად იყო მის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებსაც დაჩოქებოდა - გევედრებით მხარი დამიჭირეთო.
ჰო, ეგრეა, ივანიშვილის ხვედრი - პირადი კეთილდღეობა იმდენ მსხვერპლს მაინც მოითხოვს მისგან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი სტატუსის ფორმალიზება მოახდინოს და შემდგომი ოთხი წელი მშვიდად მართოს ქვეყანა არაფორმალური სტატუსით.
ევროკავშირის კანდიდატობამ კი უფრო მეტად დაარწმუნა იგი იმაში, რომ სცენაზე გამოჩენა აუცილებელი იყო, სხვა თუ არაფერი მან ხომ გადასარევად იცის, „არაფორმალური მმართველი“ და „ოლიგარქიც“ მხოლოდ თავად არის ამ ქვეყანაში და ამ მიმართულებით საფრთხეებიც სწორედ მისთვის იყო მოსალოდნელი.
ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს მხოლოდ ერთი ამოცანა და მიზანი - პირადი კეთილდღეობა. ამ გზაზე სახელმწიფოს ნებისმიერი მიღწევა თუ წარუმატებლობა მის მიერ აღიქმება, როგორც გვერდითი მოვლენა, რომელსაც სიტუაციურად მუდამ სათავისოდ იყენებს. ყოველ შემთხვევაში აქ, საქართველოში.
ევროკავშირი სხვა წესებსა და ურთიერთობის ფორმებს მოითხოვს. ეს ის ევროკავშირია, რომლის ლიდერების უმეტესობას, სწორედ ივანიშვილის კურთხევით, მისმა მრევლმა და ხელის ბიჭებმა მთელი ორი წლის განმავალობაში უგინებელი არ დაუტოვეს ცოცხალ-მკვდარი.
ბიძინა ივანიშვილს იმდენი ესმის, რომ ეს გინება და პოლიტიკური გადაგდებები - თუნდაც შარლ მიშელის, დროსა და სივრცეში უპასუხოდ ვერ და არ დარჩება. რა თქმა უნდა, იმასაც გადასარევად ხვდება, რომ კანდიდატის სტატუსი მისი პარტიის - როგორც ქვეყნის მმართველისთვის - დამსახურება სულაც არ არის. და მაინც, თუ დამსახურებაზე შევაჩერებთ ყურადღებას - ერთ მხარეს „ოცნება“ და მეორე მხარეს ქალბატონი ნანა მალაშხია ევროკავშირის დროშით ხელში, როგორც ქართველი ხალხის წინააღმდეგობის სიმბოლო ივანიშვილის თანხმობით (!) გაშვებული წყლის ჭავლის ვიზავად. თანხმობა სულაც არ გახლავთ უტრირება. დიახ, თანხმობით, რადგან როცა მიხვდა ვერაფერს გააწყობდა და ვაშინგტონიდან მისმა პრემიერმა უმწვავესი სიტყვები მოისმინა, საფრთხე დაინახა იმ ქონებისთვის, ანუ პირადი კეთილდღეობისთვის, რომელიც ჯერაც სანქციებს მიღმა აქვს, მაშინ გასცა ბრძანება და მაშინ გაკეთდა განცხადებები პირველი მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გაწვევის შესახებ.
ივანიშვილი იმასაც გადასარევად ხვდება, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ უმნიშვნელოვანესია არაფორმალური მმართველის კლიშეს მოშორება ზუსტად წინასაარჩევნოდ. რადგან არჩევნების არა თუ შედეგებს, წინასაარჩევნო გარემოსაც კი მის სამომავლო ბედზე ექნება მნიშვნელოვანი გავლენა.
დიახ, ახლაც მისი მთავარი საფრთხე მისსავე კეთილდღეობას უკავშირდება. ამიტომ მიიღო საკუთარი მდგომარეობის ფორმალიზების გადაწყვეტილება. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ფორმალური ჩართვა მას საშუალებას მისცემს შეიძინოს ერთგვარი იმუნიტეტი და გახდეს დაცული. დასავლეთისთვის უხერხული იქნება საჭიროების შემთხვევაში მას - მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომელსაც წესდებით პრემიერის კანდიდატურის წარდგენის უფლება მიეცა, რაიმე სახის სანქციები დაუწესოს. ჰო, ისე, ფორმალურად თვით დენ სიაო პინსაც არ ჰქონდა ერთმნიშვნელოვნად ჩინეთის კომპარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება.
ჩრდილში ყოფნას - ფანტომის მდგომარეობას მიჩვეული ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კეთილდღეობისთვის შესაძლოა, უფრო შორს წავიდეს და მისთვის, ერთი შეხედვით, არაკომფორტულ ველზეც შევიდეს - პრეზიდენტის სტატუსიც მოირგოს. რატომაც არა, ის ფიქრობს, რომ საკუთარი თავის ლეგალიზებით და თუ პრეზიდენტობაც გადაწყვიტა ამ პოსტით - როგორც თავად აღნიშნა, უკრაინის ომის დაწყების დღიდან დასანქცირებულ ქონებასაც დაიბრუნებს. არც ის გაუჭირდება პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ სახლში გადაიტანოს. 2013 წელს მთავრობის სახლში ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოების დროს მინისტრთა კაბინეტის სხდომებს განა საკუთარ ბიზნესცენტრში ატარებდა? თითქოს ქვეყანაში სხვა სამთავრობო შენობა არ იყო.
გახსოვთ, ერთი პერიოდი ბიძინა ივანიშვილს გაურკვეველი რელიგიური მიმდინარეობის წევრობაც დააბრალეს, რაღაც რიტუალებში მონაწილეობაში დასდეს ბრალი. არ ვიცი ეს მაშინ ვის დასჭირდა, თუმცა ცხადია, რომ ამ თემამ არ იმუშავა და მეტიც, სიმართლესთან ახლოსაც არ იყო. ბიძინა ივანიშვილისთვის რელიგია სულაც არ უკავშირდება მისტიკას. მისი რელიგია მატერიალური და ხილულია - ფული, ქონება, სიმდიდრე. ეს არის მისთვის წმინდა სამება.
ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც მისი ლეგალიზაციის ფაქტორს წარმოადგენს ასევე ფულია. უფრო სწორად სახელისუფლებო, ან როგორც მას რიგითი მოქალაქეები ეძახიან - ელიტური კორუფცია. ივანიშვილმა იცის კორუფციაში საკუთარი გუნდის წევრების მონაწილეობის შესახებ. მან იცის, რომ ხელისუფლება და უწყებები, სხვადასხვა ტენდერების დროს არც კი ელოდებიან სამუშაოების დაწყებას, მისი შესრულების ეტაპებს და კომპანიების მიერ საბანკო გარანტიების წარმოდგენისთანავე სრულად აფინანსებენ პროექტს, თუნდაც მისი დასრულება 2 წლის შემდეგ იყოს ნავარაუდევი. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ოპერაციებიდან კონკრეტული პირები უკან იბრუნებენ შავ ფულს - 20-დან 30%-ის ოდენობით, რაც კორუფციული გარიგებისთვისაც საკმაოდ დიდი მარჟაა.
ივანიშვილი არ მოქმედებს არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის მეთოდებით - აშოვნინა, დაიჭირა, ცოტა მიატანინა და შეარგო. ივანიშვილის ტაქტიკა შემდეგია - ახლა კორუფციაში ჩართული პირების ახლობლებს ან მათ ხელის ბიჭებს შეაწუხებენ, საქმეებს აღძრავენ სიჯიუტის შემთხვევაში და ლიფსიტები მიიტანენ დიდი ფულს პირადად ივანიშვილის სალაროში, ცალკე პარტიასაც დაეხმარებიან საარჩევნო პერიოდში. ჰო, ცალკე ამ ლიფსიტების ღლავებს გაუღიმებს და აგრძნობინებს რომ თუ ჭკვიანად არ იქნებიან ცუდად ექნებათ საქმე. ისინიც მოიღრიცებიან მადლიერი მონების პოზაში. ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების მანდაც ოდნავ შემცირდება და „ქვეყანა“ შვებას იგრძნობს. ხალხს კიდევ მეტი რა უნდა? აი, „ბატონი წესრიგს ამყარებს“, „ნახე რა გარეწარი გარემოცვა ჰყავს“, „ყოჩაღ ბიძინა“! არა და მართლა ყოჩაღ, რატომ უნდა მოიპაროს თავად? მან ხომ გადასარევად იცის - ქურდის ქურდი ცხონდაო. ჰოდა, ფულიც მასთან მივა და ცხონებაც მანდვე არ არის?
ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დინებები და ამბიციები, რომელიც მმართველი პარტიის შიგნით გაჩნდა. ის ამ მხრივ საოცარი სტრატეგია, ნამდვილად. ადამიანებს საკუთარი თავისა და მადის გამოვლენის საშუალებას აძლევს. თავისი არაფორმალური მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ილუზია, რომ ის მართლა არაფერში ერევა და მისმა ხელის ბიჭებმა მომსახურების ზონიდან გასვლა დაიწყეს. პარტიაში და შესაბამისად ხელისუფლებაში რამდენიმე გავლენის ცენტრია. ერთი პარტიის თავმჯდომარის-ირაკლი კობახიძის, მეორე - პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მესამე -ძალოვანი სტრუქტურების - სუსი-შსს, რომლებთანაც აფილიაციას ბიზნესსექტორი აკეთებს.
ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა სუს-ი შსს-ს ცენტრს, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური და პერსონალური კონტროლის მექანიზმიც არის და ფინანსური ნაკადისაც. შესაბამისად, იგი შეეცდება საკუთარი პოზიციები ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიმყაროს. განსაკუთრებით სუს-ის ხელმძღვანელის პოსტის სამომავლოდ შენარჩუნებით, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2025 წელს ეწურება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ივანიშვილმა სუს-ის უფროსი სწორედ ახლა - არჩევნებამდე შეცვალოს, თუ მას უმყარესი გარანტია არ ექნება, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების (ცალკე საკითხია, რომ საარჩევნო პერიოდში ივანიშვილი ხმების უპირობო მისაღებად ერთ-ერთ ვარიანტად ოკუპირებული ტერიტორიების თემას გაათამაშებს). რეალურად, ივანიშვილისთვის სახელმწიფოში მხოლოდ ოთხი პოსტია მნიშვნელოვანი - პარტიის თავმჯდომარის, სუს-ის შეფის, მთავარი პროკურორისა და პრემიერის. შესაბამისად იგი ამ მიმართულებითაც იმოქმედებს პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობის ანალიზის საფუძველზე. ექნება საფრთხე - განახორციელებს ცვლილებს, თუ არა - შეინარჩუნებს სტატუს ქვოს.
ძალაუფლება, რომელსაც ახლა, ფორმალურად პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ივანიშვილი ფლობს, საშიში და საგანგაშოა სახელმწიფოს განვითარების კონტექსტში, რადგან მისი, როგორც ერთპიროვნული მმართველის ძალაუფლების გაწონასწორების და კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
ერთი ნიუანსი - მაინც ხომ მართავდა არის პროცესის არასწორი აღქმა - მართავდა სადღაც შორიდან და მისი გუნდელების აღქმაში შესაძლოა, ყველაფერი არც სცოდნოდა. ახლა კი ივანიშვილის აჩრდილი ყველას ზურგს უკან დაჰყვება.
და ბოლოს, თავად უგვირგვინო მონარქს და მის ვეზირობას შევახსენებ ერთ ციტატას ბიძია ივანიშვილისვე 2021 წლის 11 იანვრის წერილიდან: დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით".
მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან ამ წერილის ცალკეული პასაჟები ცხადად აუხდა თავად ბატონ ივანიშვილს 2023 წლის 8-9 მარტს.
იმედს ვიტოვებ, რომ მისივე ნათქვამის არ იყოს: ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს!

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ნეიშენ ჯორჯია



 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა