კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არასამთავრობო ორგანიზაციები - ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს

ნახვები: 503 არასამთავრობო ორგანიზაციები - ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ხელისუფლება „კლანის“ წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს“.

„ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან იკვეთება, რომ აღნიშნული დათქმა მათთვის მიუღებელია, რის გამოც უარს ამბობენ მექანიზმის შექმნაზე. საგულისხმოა, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

მაგალითად, კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს. ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე, რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და რომელიც, გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს მიერ დასანქცირდა. კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ „ფილიპ მორისის“ საქმესთან არის დაკავშირებული.

მოსამართლეთა შეზღუდული ჯგუფის კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა ასევე უზენაესი სასამართლოც. მათი განცხადებით, ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დამატებით შემოწმებას არ საჭიროებენ, რადგან მოსამრთელეების კეთილსინდისიერება თანამდებობაზე არჩევის პროცესში უკვე გადამოწმდა.

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გარდა ამისა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა. მათ შორის, უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული“,- ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „სასამართლოს გუშაგი“; „დემოკრატიის მცველები“; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა