მიხეილ სააკაშვილი - „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია
მიხეილ სააკაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება ჩვეულებრივად მოვიქცეთ
ანა ნაცვლიშვილი - კრემლის მსახური ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ჩაკეტვით
ხატია დეკანოიძე - 29 აპრილის აქცია იქნება „რუსული მარში“ „რუსული კანონის“ დასაცავად
ირაკლი კობახიძე - ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
გურამ მაჭარაშვილი - ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები არის დანაშაულებრივი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში
ყალბი ჯანმრთელობის ცნობის დამზადებაზე ერთ პირია დაკავებული - სუს-ი
„ხალხის ძალა“ - ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია

ყაზახური გაკვეთილები საქართველოსთვის - 2 ანუ საქართველო და უკრაინა პუტინის ფასეულობათა სისტემაში

01.11.2022 | 21:37 ნახვები: 1065

ბოლო პერიოდში რუსეთის ურთიერთობები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს პირდაპირ ეხება საქართველოს, რომელიც, უკრაინასთან ერთად, მოსკოვის და დასავლეთის დაპირისპირების საგნად კიდევ ერთხელ იქცა.

თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა რუსეთის კონფლიქტი ამერიკასთან და ევროპასთან, არამედ ის, რომ დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ბევრს გვეუბნება კრემლის დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ.

პრორუსული ძალები საქართველოში მუდმივად ამტკიცებენ, რომ „პუტინს უნდა დაველაპარაკოთ" და მასთან საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ. რომ „ჩვენ თუ კარგად მოვიქცევით და პრობლემებს არ შეუქმნით - ტერიტორიებს დაგვიბრუნებს".

მკვიდრდება ისეთი აზრი, თითქოს რუსეთი საქართველოს და უკრაინას სერიოზულ პარტნიორებად მიიჩნევს და მათთან საუბრისთვის მზადაა. რომ მოსკოვი გაითვალისწინებს ჩვენს კეთილ ნებას და თვითონაც მადლიერების ნიშნად დათმობაზე წავა.
თუ ვინმეს ამ მიამიტური წარმოდგენის სჯეროდა - დღეს წესით უნდა მიხვდეს, რამდენად ცდებოდა.

რუსეთი ესაუბრება დასავლეთს საქართველოს და უკრაინის წევრობაზე ნატო-ში. ვაშინგტონს, ბრიუსელს, ლონდონს, ბერლინს, ვისაც გნებავთ - კიევის და თბილისის გარდა. ამით ის გვაჩვენებს ყველას, რომ მოლაპარაკების სუბიექტად არც კი მიგვიჩნევს.
საქართველო და უკრაინა პუტინის ფასეულობათა სისტემაში - ისტორიული გაუგებრობაა, რომლის აზრსაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

მოსკოვი არათუ არ ცდილობს მათთან რაიმე კომპრომისის მიღწევას - თავად ეს აზრი მისთვის წარმოუდგენელი მკრეხელობაა. შეეცადო გამოძებნო საერთო ენას საქართველოსთან - ეს იგივეა, რომ ადამიანი ხოჭოს აზრით დაინტერესდეს, მასთან დებატები გამართოს და რაღაც პირობებზე მისი დათანხმება სცადოს. სადმე გაგიგიათ, რომ ადამიანი ხოჭოს აზრი აინტერესებდა?

„კარგად თუ მოვიქცევით რუსეთის აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს"- ეს ქართველი წვრილფეხა ვაჭარის რწმენა და პოზიციაა. რუსი იმპერიალისტი კი მასთან ვაჭრობას არც ფიქრობს.

მისი პოზიციაა „ჭკვიანად იყავით, თორემ რაც გაქვთ იმასაც წაგართმევთ".

დაუკვირდით რა მოთხოვნებს უყენებს პუტინი დასავლეთს - ქართველი რუსეთუმეები მხოლოდ ნატო-ში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებაზე ოფიციალური უარის თქმით მოთხოვნას ხედავენ. მაგრამ სინამდვილეში სხვაც არის - დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან და უკრაინასთან, მათ შორის მათი იარაღით მომარაგება და ჯარის მშენებლობაში დახმარების გაწევა.

რუსეთის პოზიციაა - რაში სჭირდებათ ამ ვაჭრუკანებს ჯარი? ძლიერი, კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი არმია - ეს ხომ რჩეულთა ხვედრია, ესენი კი - ისხდნენ თავიანთ რესტორნებში, გასკდნენ ჭამა-სმით, გაწელონ ელარჯი - ეს ბევრად უკეთესად გამოსდით, ვიდრე ჯარის მშენებლობა.

რუსეთს საქართველოსგან არა მხოლოდ ნატო-ზე უარის თქმა უნდა, როგორც ეს ქართველ პუტინისტებს ჰგონიათ. გარდა ამისა, მოსკოვს აქვს თავისი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა მის ირგვლივ - სუსტი, ჩლუნგი, ჩამორჩენილი, არაფრის მაქნისი, უაზროდ ამპარტავანი, უსარგებლო,.

იჯექით თქვენთვის კუთხეში, ისე რომ თვალში არ მომხვდეთ... ეს არის რაც ჩვენ დავინახეთ რუსეთის ბოლოდროინდელ დაპირისპირებაში დასავლეთთან.

ყაზახეთში ჩვენ დავინახეთ რისთვისაა მზად რუსეთი საკუთარი მიზნის მისაღწევად.

ბევრი რუსეთუმე მიიჩნევს, რომ შესაძლო პრორუსული ორიენტაცია საგარეო პოლიტიკას არ გასცდება. მაგრამ ყაზახეთის მოვლენებმა დაადასტურა - პრორუსული ორიენტაცია შიდა წყობილების შეცვლას ნიშნავს და რაც მთავარია - დაივიწყეთ ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა, არჩევნები, თავისუფალი მას-მედია და არასამთავრობო სექტორი.

ქვეყანაში ნელა-ნელა დამკვიდრდება რუსული თამაშის წესები - ოპოზიციის ჩახშობა, ბიუროკრატიის, ძალისმიერი სტრუქტურების და ორგანიზებული კრიმინალის ალიანსი. და რაც მთავარია - ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერ საძაგლობაზე წასვლა.

თანაც, თუ ყაზახეთში ხელისუფლებაში უიდეო პარტოკრატები არიან, საქართველოში საქმე ბევრად უარესად იქნება - ქვეყანას ხელში ჩაიგდებს ბნელების, ფაშისტების, შავრაზმელი მამაოები, და ქურდების ალიანსი. და რაც ასევე მთავარია - ის არასდროს წავა. არჩევნებს გააუქმებს, ხოლო თუ ვინმე ქუჩაში გამოსვლას გაბედავს - ცეცხლს გაუხსნის, თუ თვითონ ვერ გაუხსნის - რუსული ჯარი დაეხმარება.

ეს ყველაფერი აქამდეც ცხადი იყო, თუმცა, დღეს ჩვენ უკვე არა ვარაუდებს, არამედ შემდგარ ფაქტს ვხედავთ.

„თუ არ მოგვეწონება - გადავირჩევთ" - უპატიებელი მიამიტობა აღმოჩნდა ბიძინას მიმართებაშიც კი, რომელიც არაა რუსეთის პირდაპირი აგენტი. ირწმუნო, რომ „გადავირჩევთ" ლევან ვასაძეს, მეუფე შიოს, და ზურაბ მახარაძეს - მიამიტობა კი არა, დანაშაულია.

საკმარისია კრემლმა ერთხელ დასვას თბილისში თავისი ძალა - ის უკვე არასდროს არსად არ წავა.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ფოტო: CNBC.com

p.s. ყაზახური გაკვეთილები საქართველოსთვის 1.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა