სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები გაყინა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით
უკრაინაში „რუსული გავლენის" ნეიტრალიზაციის მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს
„ევროკავშირი ისე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც დღე ღამეს და ნათელი ბნელს“ - ლანა ღოღობერიძე
პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე "ოცნება" ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს - გიორგი ბურჯანაძე
ლინდსი გრემი - პუტინო, შენი დრო მოდის
აგვისტოს ვადა – ხალხს და არა ხელისუფლებას
ამინდი 21 ივლისს

აგვისტოს ვადა – ხალხს და არა ხელისუფლებას

21.07.2025 ნახვები: 304

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ დაუსახა ვადა: აგვისტოს ბოლომდე უნდა შესრულდეს რიგი პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. რაც ცოტა ხნის წინ შეიძლებოდა მოგვჩვენებოდა გაფრთხილებად, დღეს უკვე ჩამოყალიბებული მექანიზმია - ევროპა სერიოზულად ფიქრობს სანქციებზე.

მაგრამ სად არის ამ დროს საქართველოს ხელისუფლება?

საშინაო პოლიტიკურ სივრცეში ისმის ღიად ცინიკური და სარკასტული განცხადებები, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკავშირის პირობების შესრულებას - მეტიც, ის იდეურად უპირისპირდება მათ.

არის კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა: საზოგადოება - მათ შორის ის ნაწილი, რომელიც ცვლილებებს ელოდება - კვლავ „მშვიდად“ ელოდება.

ეს სიმშვიდე არ არის შედეგის ნიშანი – ეს გაუცნობიერებლობის, გულგრილობის ან უმწეობის გამოვლინებაა.

ის, ვინც ფიქრობს, რომ თუ მართლაც გაუქმდა ვიზალიბერალიზაცია, ამის შემდეგ ხალხი გამოფხიზლდება და ქუჩაში გამოვა – ძალიან მწარედ ცდება. ხალხი, რომელსაც გაუუქმდება ევროპაში თავისუფლად გადაადგილების უფლება, შესაძლოა გაბრაზდეს. ეს გაბრაზება, იმ კონკრეტულ დღეს არაფერს შეცვლის. გააპროტესტებენ, ერთი-ორი აქცია მოეწყობა და მერე ისევ ჩაწყნარდება ყველაფერი. ჩვენ ხომ ამას წლებია ვხედავთ და ამის იმედი აქვს სწორედ „ქართულ ოცნებას“

მოკლედ, ყველაფერი არის მარტივად, თუ არ ვიმოქმედებთ ახლა - აღარ გვექნება „მერე“.

სწორედ ამიტომ არის მცდარი და საზიანო ის მოლოდინი, რაც ხშირად გვესმის - „დაველოდოთ აგვისტოს ბოლოს, ვნახოთ რას იზამს „ოცნება“, იქნებ არც მოხდეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება…“

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დაველოდოთ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ისევ ვერ შევაფასოთ, ვერ ვხვდებოდეთ სად და როდის უნდა ვიყვიროთ და რაზე და რატომ დავდუმდით.

ხშირად გვესმის – ქართულმა ოცნებამ გააფუჭა, მაგრამ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს.“
ეს ფრაზა, რამდენიც არ უნდა მეორდებოდეს, არასამართლიანია და არაფერს ცვლის.
ვინ უნდა დაასაჯოს ევროკავშირმა? შეადგენოს სიები - ეს კარგი ტიპია, ეს ცუდის პრინციპით? თუ ჩვენ თვითონ უნდა გავიაზროთ, რომ მომავალი დღეს იქმნება – არა პროცესის დასრულების შემდეგ.

2025 წლის ივლისში, ევროკავშირის განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი: „ვიზალიბერალიზაცია ახლა ევრობიუროკრატების ხელში ის ბოლო კოზირია, რომელმაც საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ ვნებათაღელვა უნდა გამოიწვიოს.“
ეს განცხადებაც ხომ გახსოვთ: „თუ ასე დადგება საკითხი - მშვიდობა და სტაბილურობა, თუ ვიზალიბერალიზაცია - რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობასა და სტაბილურობას.“ თითქოს მართლა ვინმე ითხოვდეს ჩვენგან ომის დაწყებას.

ამით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ მმართველი პარტიისთვის ევროპული ინსტიტუტების მოთხოვნები არ წარმოადგენს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტს. პირიქით - ხელისუფლება მათ აღიქვამს როგორც საფრთხეს, როგორც დამხმარე ბერკეტს ოპოზიციისთვის.

ცადია, რომ ეს პროცესი „ოცნების“ მიერ გათამაშებულია, როგორც შიდა პოლიტიკური მანიპულაციის ნაწილი და არა როგორც საგარეო პოლიტიკურ რეალობა.

ამ ფონზე ფრაზა - ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს ოცნების გამო - უკვე სრულიად უსუსურად ჟღერს.

რეალურად, დიახაც - ხალხი ისჯება!“ და ამას არც ევროკავშირი აკეთებს, არც „ბიუროკრატები“ - ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გვაშორებს ევროპულ სივრცეს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო მოქმედება დღეს. ამ ვადამ - აგვისტოს ბოლომ - თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა იმ წამსვე, როცა „ოცნებამ“ ღიად თქვა, რომ არაფერს აპირებს.
მაგრამ ეს ვადა ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის დარჩა.
ეს არის დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა ვაჩვენოთ, რომ: ეს ქვეყანა არ ეკუთვნის ხელისუფებას და დავადასტუროთ რეალურად, რომ ქართველი ხალხი თავად იბრძვის ევროინტერგაციისთვის და ღირსეული მომავლისთვის.

თუ სამოქალაქო საზოგადოება შეჩერდება მხოლოდ შეფასებებზე და აღშფოთებაზე, ქვეყანა დაკარგავს ისტორიულ შანსს. საჭიროა მიზნობრივი, მშვიდობიანი და თანმიმდევრული წინააღმდეგობა, რაც შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს (ჩვენ საკმაოდ გონიერი ადამიანები გვყავს და იმედია ბევრი რამ უკეთაც იქნება მოფიქრებული):

საინფორმაციო კამპანია

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ნათლად, რომ  ხელისუფლების უმოქმედობის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, ამიტომ უნდა დაიწყოს კამპანია:
„ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება ჩვენი თავისუფალი არჩევანის დაცვაა“.

ახლა ნებისმიერ პოდკასტში - ბიოლოგიას ეხება, ფსიქოლოგიას თუ პოლიტიკას, ყველა საავტორო გადაცემებში თუ ვიდეოებში სწორედ ეს თემა უნდა იყოს წამყვანი.

ხალხმა უნდა იცოდეს რას კარგავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, უამრავი ხელმისაწვდომი სიკეთის დაკარგვასთან ერთად მოჰყვება ავტორიტარიზმის დამკვიდრება.

უნდა შეიქმნას პოსტერები. სპეციალისტებმა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში უნდა დადონ არგუმენტები - „რას ვკარგავთ?“

დაიწყოს ხელმოწერების კამპანია

მომზადდეს პეტიცია, მიმართული ევროკავშირისა და „ქართული ოცნებისადმი“, სადაც ათასობით მოქალაქე მოითხოვს პირობების შესრულებას.

ეს არ არის პარტიული მოთხოვნა - ეს არის სახალხო ინტერესის დაცვა.

შეხვედრები მოსახლეობასთან და მშვიდობიანი აქციები

საინფორმაციო კამპანიის შედეგად თუ თვალნათელი გახდება, რომ ხელისუფლება მაინც ჯიუტობს და ეს, ასე იქნება ცხადია, უნდა დაიგეგმოს კონკრეტული თარიღები. სავარუდოდ, 10 აგვისტოდან დაიწყოს აქტიური საზოგადოებრივი პროტესტი.  

არაძალადობრივი წინააღმდეგობის ფორმები: გაფიცვები, პროფესიული გაერთიანებების ჩართვა;

სიმბოლური აქტები - ლურჯი ლენტებით და ევროკავშირის დროშებით;

შეკრებები არ უნდა იყოს მხოლოდ დედაქალაქში. რეგიონების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

მოთხოვნა: ევროკავშირის პირობების შესრულების გეგმის გამოქვეყნება და რეალიზება 20 აგვისტომდე.

საერთაშორისო საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია

წერილები, ვიდეომიმართვები ელჩებს, ევროპარლამენტარებს, აშშ-ის სენატორებს, საერთაშორისო მედიას და ორგანიზაციებს.

გზავნილი: „ჩვენ გვინდა ევროპა - მიუხედავად მთავრობის უარისა“.

მტკიცე მოწოდება: ევროკავშირმა და აშშ-მა საჯაროდ დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის არჩევანს და არა პრორუსულ ხელისუფლებას

საზოგადოებისა და ოპოზიციის სტრატეგიული თანამშრომლობა

სამოქალაქო ჯგუფებმა უნდა დაიწყონ შეხვედრები ოპოზიციასთან და მათ წინაშე დასვან კონკრეტული საკითხი: როგორ აპირებენ დაიცვან ევროპული კურსი რეალურად და არა მხოლოდ სიტყვით?

დიახ - დრო აღარ გვაქვს

დრო არ აქვსოცნებას“? არასწორია.
დრო ჩვენ არ გვაქვს - ხალხს.
თუ ახლა არ იმოქმედებს ხალხი, ერთ დღესაც გვეტვიან: „ვიზალიბერალიზაცია შეჩერებულია.“ ამის შემდეგ პროტესტის იმედი უბრალოდ ილუზიაა. და თუ ასე მოხდება, არავის ექნება მორალური უფლება თქვას, რომ ჩვენ დაგვსაჯეს და არასწორად მოგვექცნენ.

უნდა გვესმოდეს: ჩვენ არ დაგვსჯიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო - ჩვენ დავისჯებით ჩვენი პასიურობისთვის.

ამიტომ, ახლა სრულიად უადგილოა წუწინი დაღლაზე, შესაბამისად, ხალხმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიმოქმედოთ.

ჩვენი არჩევანი ევროპაა და ეს არჩევანი უნდა გავაცნობიეროთ, დავიცვათ და ხმამაღლა ვთქვათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა