კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტერ ფიშერი - გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს

ნახვები: 419 პეტერ ფიშერი - გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს

არსებულ პირობებში, საქართველოს არსებული კურსით, გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს. სინამდვილეში, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს. დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭო, როდესაც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ამას დაადასტურებს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, არავისზე ხორციელდება შანტაჟი ან ზეწოლა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ.

„თუ თქვენ ქართველი ხართ და თქვენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფაა. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში.

გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ანგარიშს. საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რა მოხდა იმ ერთ წელიწადში.

თუკი ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს და ეთანხმება ანგარიშს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის ეს საკითხი (ფაილი) დახურულია. არა იმიტომ, რომ საქართველო არ გვინდა. ჩვენ გვინდა საქართველო; ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი ნდობის საფუძველზე, მაგრამ არსებულ პირობებში, არსებული კურსით, გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს. სინამდვილეში, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს. დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭო, როდესაც ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ. ფაილი დაიხურება ქართული მხარის ქმედებების გამო, არ მგონია ამ ქმედებების თავიდან ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი პროგრამაშია და ველი, რომ ეს მოხდება. დიდი ზეწოლის ქვეშაა თავისუფალი მედია. თუკი ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, უნდა გადმოიტანო ევროპული კანონები შენს კანონებში. ჩვენი კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილები ეხება ჩვენი სახელმწიფოების მოწყობის წესს, ეხება იმას, რომ ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების კავშირი, სადაც ადამიანებს აქვთ სამოქალაქო თავისუფლებები, მოქალაქეებს აქვთ თავისუფლებები. ეს არის საფუძველი და უმნიშვნელოვანესი რამ თუკი ევროკავშირში გაწევრიანება გინდა. თუკი ამის ჩვენება არ შეგიძლია, ვერ გაწევრიანდები და საქართველო წავიდა სხვა მიმართულებით. ეს ნამდვილად არის მწარე და სევდიანი სიმართლე. დავამატებ, ანგარიში ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსი რჩება როგორც თურქეთის შემთხვევაში. ის გადაიდო გვერდით, რადგან ევროკავშირი იმედიანი კავშირია. ჩვენ იდეალისტები ვართ, არასდროს ვკარგავთ იმედს, რომ იქნებ რაღაც ძირეული შეიცვალოს და თურქეთისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნები კიდევ ერთხელ შემობრუნდებიან ჩვენკენ და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. მზად ვართ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, მაგრამ ახლა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. არავისზე ხორციელდება შანტაჟი ან ზეწოლა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ. თუკი არ გსურს, ან ვერ ახერხებ, არც წევრიანდები“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა