უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით, სპეციალური მიწისქვეშა ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოყენებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და რუსეთის სამხედრო ძალების ზურგში შეაღწიეს.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეორე კორპუსმა „ხარტიამ“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განაცხადა. ოპერაციას კოდური სახელწოდება „ველესი“ ერქვა.
უკრაინული მხარის ცნობით, ოპერაციის შედეგად ტყვედ აიყვანეს 30-ზე მეტი რუსი სამხედრო, ხოლო რუსეთის ძალების დანაკარგმა 100-ზე მეტ ადამიანს მიაღწია.
„მეორე კორპუსის, „ხარტიის“ სარდლობის დაქვემდებარებაში მოქმედმა დაჯგუფებამ მიწისქვეშა შეტევა სახმელეთო ოპერაციებსა და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებთან გააერთიანა. ამან ოკუპანტებს კუპიანსკის ზურგში შეღწევის შესაძლებლობა წაართვა“, – ნათქვამია სამხედრო დანაყოფის განცხადებაში.
„ხარტიის“ მეთაურის, ბრიგადის გენერალ იგორ ობოლენსკის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა თავდაპირველად შეისწავლეს რუსეთის ძალების მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოყენების ტაქტიკა, შემდეგ კი ანალოგიური მოქმედებისთვის თავად მოემზადნენ.
„ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ მოქმედებდა მოწინააღმდეგე მიწისქვეშეთში და შევისწავლეთ მათი მეთოდები. რუსები აპირებდნენ გაზსადენების გამოყენებას ჩვენი ძალების ზურგში შესაღწევად. ამიტომ მიწისქვეშეთში თავად ჩავედით. მოწინააღმდეგის მოქმედებები წინასწარ განვსაზღვრეთ და მიწისქვეშა საბრძოლო ოპერაციების ტაქტიკა ავითვისეთ“, – განაცხადა ობოლენსკიმ.
მისი თქმით, ოპერაციისთვის სამხედროებმა სპეციალური მომზადება გაიარეს შეზღუდულ სივრცეებში მოქმედებისთვის. წინასწარ მომზადდა მიწისქვეშა მარშრუტი, ხოლო კავშირის, ნავიგაციისა და სიცოცხლის უზრუნველყოფისთვის უკრაინული მხარის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გამოიყენეს.
მიწისქვეშა და სახმელეთო მოქმედებები დრონების დარტყმებთან იყო კოორდინირებული. ამ მიზნით შეიქმნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელშიც „აქილევსის“ ბრიგადაც მონაწილეობდა.
ოპერაციაში ჩართული იყვნენ ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადა „ხარტია“, მეორე კორპუსის 23-ე ცალკეული მოიერიშე პოლკი R.U.G., უპილოტო სისტემების პოლკი „ლავა“, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის დანაყოფები, მათ შორის ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“, ასევე 429-ე ცალკეული უპილოტო სისტემების ბრიგადა „აქილევსი“ და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფები.
უკრაინული მედიის ცნობით, სექტემბრის ბოლოს რუსეთის სამხედროები კუპიანსკის რაიონში გაზსადენს სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვისაც იყენებდნენ. უკრაინული მხარე ვარაუდობდა, რომ რუსი სამხედროები ბავშვებისა და ხანდაზმულების გადაადგილებას საკუთარი ძალების გაყვანის დასაფარად იყენებდნენ.
ოპერაციის შედეგებისა და რუსეთის დანაკარგების შესახებ უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული მონაცემები დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.
წყარო: Ukrinform.