ზოგჯერ ისე ჩანს, რომ პრაგმატიზმზე საუბარი ჩვენს პოლიტიკურ დისკურსში მოდურია, ტრენდულია. თუმცა საქმე იმაში კი არ არის, რომ პრაგმატიზმი მიუღებელია - ის ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის სასურველი ისრის გადამრთველი და მრჩეველია. უკრაინის ომმა აჩვენა, რამდენად პირობითი შეიძლება იყოს თვით პრაგმატიზმის ჩარჩოები, როდესაც მეზობლად რუსეთის იმპერიაა. ავიღოთ თუნდაც დსთ-ში შესვლის საკითხი 1991 წლის მიწურულს, როდესაც დაიშალა სსრკ, შეიქმნა დსთ და იმავდროულად დაიწყო საქართველოს აღიარების პროცესი. საქართველო იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მსოფლიოს 28 ქვეყანამ ცნო.
ალმა-ატის სამიტს 1991 წლის 20-21 დეკემბერს, რომელზეც დსთ დაარსდა, ჩვენი დელეგაცია ცხადია, დაესწრო. ამ სამიტს არ დასწრებიან ბალტიის სამი რესპუბლიკიდან არც ერთი. საქართველოს ხელისუფლებამ თავისი დელეგაციის პირით მოითხოვა დრო ხალხთან კონსულტაციისთვის და თუ საჭირო გახდებოდა, რეფერენდუმისთვისაც. ალმა-ატის სამიტის პარალელურად პოზიციები რუსთაველზე პუტჩისტებს თავიანთი გაუბიცებით უკვე დაკავებული ჰქონდათ. ისე ჩანდა, რომ ისინი ელიან რა საბაბით დაიწყონ მოქმედება: თუ დსთ-ზე უარს ამბობ, casus belli იქნება ძველი მოთხოვნების შეუსრულებლობა, (გადადგომა და ა.შ.) თუ დსთ-ზე ხელს აწერ, მაშინ იგივეს წამოწევენ, ოღონდ პლუს დსთ-ში შესვლის ბრალდება დაემატება და ხელისუფლების დადანაშაულება, რომ იგი “ქართველების დახოცვას” დსთ-ს ჯარის მოშველიებით აპირებს. ამ დროს პუტჩისტების ლიდერები ღამეს ათევენ ზაკვოს, ანუ რუსული მთავარი შტაბის შენობაში, შეიარაღებას და კომანდოსი სპეცჯგუფების დახმარებას იქიდან იღებენ. აი ასეთი სურათი რეკონსტრუირდება.
რაც შეეხება უახლესი ისტორიის შავ-პიარულ დამახინჯებებს და ტირაჟირებულ სიყალბეებს, ერთ-ერთი ყველაზე მავნე არის იმის წინა პლანზე წამოწევა, თითქოს ზვიად გამსახურდიას ეთქვას, რომ პუტჩისტებს "ყვავილები უნდა ვესროლოთ" და ყველაფერი თითქოს ამის გამო მოხდა. ეს ფრაზა მართლაც ითქვა, ოღონდ სულ სხვა დროს და სულ სხვა კონტექსტში. მაშინ, ანუ 1991 წლის სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში შეიარაღებული ფორმირება ჩანდა მომიტინგეებთან ერთად და ხელისუფლება სიტუაციის განმუხტვაზე მუშაობდა. იმჟამად ეს სიტყვებიც განმუხტვის მიზნით ითქვა.
სულ სხვა სიტუაცია დადგა 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც მთავრობის სასახლეზე იერიში მიიტანეს გაუბიცებით, რაკეტებით, ჯავშანტექნიკით, ცოცხალი ძალით. ამ ვითარებაში პროცესებს პრაქტიკულად მთლიანად გაეთიშა შსს, (გამონაკლისი იყო სოხუმის, ბათუმის და დედოფლისწყაროს პოლიციის ნაწილები, უფრო დაცვის ფუნქციებით, შეტევით ბრძოლებს ისინი ვერ შეძლებდნენ) უშიშროების სამსახური და შინაგანი ჯარი - ბირთვის დონეზე, თორემ სად იყო "ჯარი". დარჩა გვარდიის მთავარი სამმართველო, რომელიც ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული სამხედრო თვალსაზრისით. სპეცდანიშნულების რაზმის შექმნა თავისი განსაკუთრებული აღჭურვილობით ხელისუფლებამ ვერ მოასწრო იმ რამოდენიმე თვეში, ხოლო თავდაცვის სამინისტრო ასევე ფორმირების პროცესში იყო, (მინისტრი გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი) რამდენადაც სამინისტრო მოსკოვის ჩაშლილ პუტჩამდე ვერ შეიქმნა. მანამდე მისი შექმნის ყველა მცდელობას მოსკოვი ჩაშლიდა, მისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო, სამხედრო დარტყმის ჩათვლით. ამიტომაც 1991 წლის დეკემბერში-1992 წლის იანვარში მთავრობის სასახლეს არსებითად მოხალისეები, ენთუზიასტი ახალგაზრდები იცავდნენ, რომელთა უმეტესობასაც საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა - მით უმეტეს შეტევითი ბრძოლებისთვის. მოწინააღმდეგეს კი ახალი და ახალი რუსული სამხედრო ტექნიკა ემატებოდა, ცხადია, თავისი გაწვრთნილი ეკიპაჟებით. სწორედ ამიტომ მიეცა მოწინააღმდეგეს საშუალება, ამ მოვლენებისთვის "სამოქალაქო ომი" ეწოდებინა. სახელმწიფოს საიმისოდ წესით შეუდარებლად დიდი ძალები აქვს მეამბოხეთა წინააღმდეგ, რომ მათი აქტივობა ძალიან სწრაფად ჩაგუდოს და არავის მოუვა თავში აზრად ამას "სამოქალაქო ომი" უწოდოს.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ჯარი იარაღის მიწოდებით და ცოცხალი ძალით პირდაპირ არ დაეხმარებოდა პუტჩისტებს, ხოლო ხელისუფლებას ეყოლებოდა სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ძალოვანი ბლოკი, ხელისუფლება დიდი ალბათობით ასე იმოქმედებდა: აჯანყებულთა შეიარაღებული ნაწილი თუკი იარაღს არ დაყრიდა, უნდა განადგურებულიყო, (ისინი სავარაუდოდ 300-400 ბოევიკამდე იქნებოდნენ მთლიანად) ნაწილი კი დაკავებული ყოფილიყო. პუტჩის მომხრეთა მიტინგი უნდა დაშლილიყო წყლის და ხელკეტების გამოყენებით, ღიად სახელმწიფო გადატრიალების ყველა მომხრე (იგულისხმება ლიდერები და არა მიტინგის ჩვეულებრივი ფეხოსანი) დაპატიმრებული უნდა ყოფილიყო და პასუხი უნდა ეგო სასამართლოს წინაშე. ეს ის სცენარია, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო გააკეთებდა და გააკეთებს, რა თქმა უნდა იმ "სხვა," ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების არსებობის გარეშე.
კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი)