სარესტორნო ბიზნესი განგაშის ზარებს სცემს - კორონავირუსის შემდეგ დარგი კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის. ეს ეხება როგორც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს, ასევე უფრო მარტივ სპეციალობებს, რომლებიც განსაკუთრებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს არ საჭიროებს.
ყველამ ვიცით, რომ პანდემიის გამო ბევრმა თანამშრომელმა ჩაძირვაზე განწირული დარგი მიატოვა და სხვა საქმეს მოკიდა ხელი, ისიც ვიცით, რომ ბევრი წავიდა უცხოეთში და იქ მუშაობს, თუმცა, პრობლემა არ ეხება მხოლოდ სარესტორნო ბიზნესს - ყველა დარგის ბიზნესი მუშახელის მწვავე დეფიციტზე საუბრობს - სასტუმროები, სამშენებლო კომპანიები, სოფლის მეურნეობა, რომელსაც სეზონური მუშების დეფიციტის გამო ლამის 2021-2022 წლის მოსავლის კრეფა ჩაუვარდა, საფეიქრო ქარხნები, რომლებიც გაფართოებას ვერ ახერხებენ მუშახელის მწვავე უკმარისობის გამო.
ამ პრობლემის ერთი მხარეა ის, რომ კადრები უფრო მაღალი ხელფასების გამო გაედინება ევროპაში და ეს გლობალური პრობლემაა - ის აქტუალურია ისეთი, საკმაოდ განვითარებული და მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი, როგორც პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, და ა.შ.
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა - მეორე კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში უმუშევრობა 20%-ს შეადგენს. აი, ეს კი წესით დაფიქრების საგანი უნდა გახდეს - ქვეყანაში ორი ურთიერთგამომრიცხავი პრობლემაა - კადრების დეფიციტი და უმუშევრობა. ბიზნესი ჩივის, რომ მუშახელს ეძებს და ვერ პოულობს, ხოლო უმუშევრები ამბობენ, რომ ეძებენ სამუშაოს და ვერ პოულობენ. ფაქტია, რომ მათ შორის რომელიღაცა იტყუება.
საქართველოში ჩვენ წლების მანძილზე ვხედავთ ღრმად ჩამჯდარი სტერეოტიპების ხშირ მსხვრევას. მაგალითად, საყოველთაოდ გავრცელებული იყო წარმოდგენა, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობა იმდენად პროდუქტიულია, რომ მისი მთავარი პრობლემაა საექსპორტო ბაზრების უკმარისობა.
მხოლოდ ბოლო წლებში გახდა ნათელი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა როგორც ეკონომიკური დარგი არათუ ეფექტური არაა, არამედ თითქმის არ არსებობს. ქართველი გლეხი არათუ იმდენ პროდუქციას არ აწარმოებს, რომ ევროპა-ამერიკაში გაიტანოს, არამედ საკუთარ ქვეყანასაც ღვინის, ვაშლის, და მანდარინის გარდა ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს.
დღეს ჩვენ ვართ კიდევ ერთი, სისხლში ჩამჯდარი სტერეოტიპის რღვევის წინაშე - ეს სტერეოტიპია „საქართველოში მაღალი უმუშევრობაა“. ნელა-ნელა ქვეყანა მიდის იქეთკენ, რომ მიიღოს და გაიაზროს ახალი რეალობა - არანაირი „მაღალი უმუშევრობა“ საქართველოში არ არსებობს,
უმუშევართა არმიაში არის მცირე ნაწილი, რომელიც სერიოზულ პროფესიას და შედარებით მაღალი კლასის უნარ-ჩვევებს ფლობს და ამის შესაბამის სამუშაოს ეძებს, ეს კი რთული საქმეა. მათ უმრავლესობას გააჩნია სხვა ტიპის შემოსავალი (უძრავი ქონება, მეუღლე, დანაზოგები) და მათ ურჩევნიათ სახლში ისხდნენ, ვიდრე იმუშაონ შედარებით დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოზე, ეს მათი არჩევანია და როგორც წესი, ეს განათლებული, შრომისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებიც ბოლოს და ბოლოს ასეთ სამუშაოს მიაგნებენ და პატიოსნად შრომობენ.
20%-ანი უმუშევრების 80% არის რეალურად უსაქმურების წილი. მათი დიდი ნაწილი სოციალური შემწეობის მიმღებია და ისე კი, ცოტა არ იყოს ნიშანდობლივია შემწეობით მცხოვრები ადამიანების რაოდენობის (600 000) უმუშევრობის რაოდენობის მაჩვენებელთან სიახლოვე. ვითომ დამთხვევაა?
ამ დროს ქართული თავის მართლების შეუდარებელი და უანალოგო მანქანა ჩაირთვება - ტრადიციულ-მამაპაპური საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ნებისმიერ საძაგლობას და უმსგავსობას გაამართლებს. „გაპარვების“ მანქანა, რომელიც ამტკიცებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ყველაა დამნაშავე - გაუმაძღარი ბიზნესი, ამერიკა, ევროპა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თურქეთი, მთავრობა, პარლამენტი, მოკლედ, ყველა, ვინც გინდა - ქართველი ხალხის გარდა.
ხალხი - ანგელოზია, რომელიც არასდროს არაა არაფერში დამნაშავე, რეალობა კი ისაა, რომ არანაირი "უმუშევრობა" საქართველოში არ არსებობს, და საქმე გვაქვს მოსახლეობის 20%-ის უსაქმურობასთან - იმ მცირე კატეგორიის გამოკლებით, რომელზეც ითქვა ზემოთ.
სხვებს რაც შეეხება - გაიხედ-გამოიხედებთ გარეთ, რამდენი ბრგე ვაჟკაცი დგას ეზოში უსაქმურად წლების კი არა, ხშირად ათწლეულების მანძილზე. მუქთახორები, რომლებიც უცხოეთიდან დედების და ცოლების გამოგზავნილ ფულს ონლაინ-კაზინოებში ფქვავენ. ძველი ბიჭები, ნარკომანები, „მეტადონშიკები“, უბრალოდ ზარმაცები და არაფრის მაქნისები.
დაბალი ხელფასები არის და იმიტომ არ მივდივართო? ჯერ ერთი ვინ არიან, რომ მაღალი ხელფასები დაენიშნოთ, რა იციან, ან რა შეუძლიათ ამ ცხოვრებაში? შეძლებენ კი 2 დღე ზედიზედ სამსახურში დილის 10 საათზე მოვიდნენ და 6-ზე წავიდნენ ისე, რომ არაფერი არ გააფუჭონ, ან არ მოიპარონ? კარგად შეხედეთ, და თუ თქვენი პასუხი დადებითი იქნება - ნამეტანი ოპტიმისტები ყოფილხართ.
ქვეყნის 20% -ის დიდ უმრავლესობას ცხოვრებაში არც ერთი დღე არ უმუშავია და არც აპირებს, დაბალ ხელფასზე გოდება კი - ტრადიციული ქართული თავის მართლებაა.
სტატისტიკა დაუნდობელია - ქართველებს მოგვიწევს რეალობის აღქმა და მისი მიღება - ჩვენი ქვეყნის მინიმუმ 20% არის სრულიად უსარგებლო პარაზიტი, ბალასტი, რომელიც ქვეყანას ძირავს და ახრჩობს.
ავტორი: თენგიზ აბლოთია