დრო და დრო აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი მწვავე დისკუსიების საგანი ხდება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.
პირველად ეს თემა გაახმოვანა „ქართულმა ოცნებამ“, ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი პოზიცია ამ მხრივ მნიშვნელოვნად შეიცვალა. რაც გასაკვირი არც არის - ერთია რაღაცაზე ლაპარაკი ოპოზიციაში ყოფნის დროს და სულ სხვა - ხელისუფლებაში ყოფნისას, როდესაც პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია.
ხანმოკლე დებატების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ მცირე ფინანსური მოგების გარდა, ქართული მხარე ამ იდეის რეალიზებისგან ვერანაირ პოლიტიკურ სარგებელს ვერ მიიღებს და ეს თემა დიდი ხნით დაიხურა.
ამის შემდეგ აფხაზური ტრანზიტის გახსნის შესახედ რეგულარულად საუბრობს მხოლოდ სომხური მხარე - რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ მუდმივ მრავალკილომეტრიან რიგებს ზემო ლარსთან და პერიოდულ კლიმატურ კატაკლიზმებს ჯვრის უღელტეხილზე.
აღსანიშნავია, რომ მთელ ამ დებატებში თითქმის არ იღებდა მონაწილეობას აფხაზური მხარე - სოხუმი ქედმაღლურად არიდებდა თავს ყოველგვარ დისკუსიებს ამ თემის ირგვლივ ისე, თითქოს რკინიგზის გახსნა აინტერესებს ყველას - თბილისს, ერევანს, მოსკოვს, ვაშინგტონს, ბრიუსელს, ოღონდ არა აფხაზებს: „ჩვენ ეს რკინიგზა არაფერში არ გვჭირდება. თუ გჭირდებათ - აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და მერე შესაძლოა, განვიხილოთ თქვენი თხოვნა“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოშიც ამ იდეას აღიქვამენ როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და შესაბამისად, ქვეყნის ღალატს, გასაკვირი არაა, რომ რკინიგზის გახსნაზე ჯიუტად ოცნებას მხოლოდ ერევანი განაგრძობს.
მაგრამ ბოლო პერიოდში აფხაზურმა მხარემ, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა და ამ ეტაპზე უკვე საჭიროდ მიიჩნევს რკინიგზის გახსნას და ტრანზიტული დერეფნის ამოქმედებას - ამის თაობაზე ცნობილი გახდა სპეციალური სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ, სადაც ბოლო 30 წლის მანძილზე აფხაზურმა მხარემ ამ საკითხით დაინტერესება პირველად გამოხატა.
ნეტავ რატომ? რა მოხვდა ამ თვეებში აფხაზეთში ისეთი, რაც 30 წელი ამ მომხვდარა? აფხაზური მხარე არანაირ პოლიტიკურ კომპრომისზე არ ფიქრობს და რკინიგზის გახსნას კვლავაც აფასებს, როგორო სოხუმის მიერ სხვა მოთამაშეებისთვის მირთმეულ საჩუქარს. მაშ რატომ, რაშია საქმე?
ამ უეცარ ცვლილებას შესაძლოა რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. მაგალითად ის, რომ ბოლო თვეებში, რუსეთს საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, საქართველოს გავლით ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და აფხაზებმა დიდი, და რაც მთავარია, იოლი ფულის სუნი იყნოსეს. საქართველოსთვის ეს ტრანზიტი ფინანსური მოგების კუთხით მეორეხარისხოვანია, მაგრამ 280 000-ანი აფხაზეთის მოგება კოლოსალური იქნება,
შესაძლოა, ამ ინიციატივის უკან დგანან რუსები, რომლებიც საქართველოსთან მიმოსვლის შესაძლებლობების ზრდით არიან დაინტერესებულები და ამ შემთხვევაში აფხაზების ჯიუტობა სრულიად ზედმეტი და უადგილოა.
არც ისაა გამორიცხული, რომ აფხაზეთს და რუსეთს შორის ბიჭვინთის ყოფილი საბჭოთა პანსიონატის ირგვლივ გაჩენილი უთანხმოების გამო, აფხაზების დამოკიდებულებაში რუსეთისადმი სერიოზული ბზარი გაჩნდა. ამ ვითარებაში შესაძლოა, სოხუმი უჩვენებს მოსკოვს, რომ არჩევანი ყოველთვის არსებობს და რამე რომ იყოს, „ენგურსგაღმელები“ ყოველთვის მზად იქნებიან აფხაზებთან ძმური ჩახუტებისთვის".
თუმცა, იმედია ქართულ მხარე ამ ხრიკს არ წამოეგება - სინამდვილეში აფხაზური მხარე კვლავაც მიიჩნევს, რომ ტრანზიტის გახსნა არ გულისხმობს არანაირ პოლიტიკურ ვალდებულებებს თბილისის მიმართ. ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ და მიიჩნევენ, რომ ქართული მხარე ვალდებულია მუდმივად იხადოს ბოდიში აფხაზების წინაშე, ამიტომაც მათი მხრიდან არანაირი დათმობის შესაძლებლობა არ განიხილება.
ბოლო თვეების თუ წლების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილია და მთავარ საკითხად ისევ რჩება „სად დადგება საბაჟო?“. ეს არ არის მხოლოდ „ტექნიკური საკითხი“ როგორც ბევრი იდეალისტი ქართველი მიიჩნევს, ეს საკითხთა საკითხია - სად იწყება საქართველო - ფსოუზე თუ ენგურზე?
ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ქართული საბაჟო ენგურზე ნიშნავს ფაქტობრივად აფხაზეთის აღიარებას, რასაც ვერც ერთი, ყველაზე უნამუსო ქოციც კი ვერ გაბედავს.
ხშირად გაიგონებთ., რომ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ე.წ. „დერეფნების“ კონცეფციით, რომელიც გულისხმობს ფსოუზე და როკის გვირაბთან გაურკვეველი შვეიცარიული კომპანიის დაყენებას და მის მიერ ქართული სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ჩანაცვლებას.
ამ იდეის რეალიზება შეუძლებელია პირველ რიგში იმის გამო, რომ ამ შეთანხმების მიღების დროს მისი შესრულება არც იყო გათვალისწინებული. ის მხოლოდ ფარატინა ქაღალდია, რომლის მიზანიც იყო რუსეთის შეშვება საერთაშორისო სავაჭრო
ორგანიზაციაში ისე, რომ ქართულ მხარეს სახე ბოლომდე არ დაეკარგა.
ამ შეთანხმების არც ავტორებს, და არც ხელმომწერებს სულაც არ უგულისხმიათ, რომ ის რეალურად ვინმეს მიერ უნდა შესრულდეს. ამიტომაც, რკინიგზის გახსნისთვის არც ერთი პირობა არ არსებობს და აფხაზური მხარის უეცარ სახეცვლილებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - აფხაზეთის რკინიგზა არ აღდგება მანამ, სანამ არ გადაწყდება პოლიტიკური საკითხი, პირველ რიგში კი -აფხაზეთის სტატუსი.
და საერთოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქართული მხარე აღმოჩნდა თავისთვის უჩვეულო რეალობაში, სადაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა - არსად არ იჩქარო, არაფერი მოიმოქმედო - როგორც ჩინელები ამბობენ, „დაელოდო, სანამ მდინარეში მტრის გვამი გაცურავს“. ეს სწრაფი პროცესი არ იქნება, თუმცა კიდევ 30 წელი ნამდვილად არ გაიწელება.
ავტორი: თენგიზ აბლოთია
ნეიშენ ჯორჯია