ჯო უილსონი - ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს
ჯო უილსონი - ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა
გიორგი გახარია - პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს
ანალენა ბერბოკი - საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ - განვიხილავთ შემდგომ ზომებს
სალომე ზურაბიშვილი - არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია
ირაკლი რუხაძე: კობახიძეს ვუთხარი, უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით
რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა
In Black Sea, one enemy missile carrier with total volley of up to 4 “Kalibr”

ჩემი ყვავილების თაფლი და მისი ფუტკრები

16.09.2020 ნახვები: 548

ლელა ოჩიაური

თითქოს მართლა „არაფერზეც არ არის ეს ამბავი. თუმცა, შეიძლება იმ ფუტკრებზეა, დაუკითხავად რომ გადადიან სხვის ეზოში. ან იმაზე, სკოლაში წასვლის წინ თმას რომ ჩამოიწნავ და გაიფიქრებ, რომ მამაშენი უკვე მთელი ცხოვრებაა, იმ ერთ გაზეთს კითხულობს"... შეიძლება იმაზეც, რომ მარტო ხარ და სამყარო უშენოდ აგრძელებს სვლას, შენ კი გინდა, ვიღაც დაგელაპარაკოს. იქნებ სიყვარულზეა ან უსიყვარულობაზე, რომელსაც კონტურები და ჩარჩოები არ გააჩნია. შეშლილობაზეც. ტკივილზეც. შეიძლება ყველაფერზეა.
ეს ამბავი „არაფერზე" და ყველაფერზე ბათუმში „მოხდა". სასტუმრო „კემპინსკის" მეორე სართულზე, სადაც რეჟისორმა პაატა ციკოლიამ, მონოპიესების ფესტივალის (ორგანიზატორი - „არტ ვეი", დაფინანსება - ბათუმის მერია) ფარგლებში, პოეტ ლია ლიქოკელის მოთხრობა „წყლის პირას, მურყნის ჭალაში" (2014 წლის „წეროს" გამარჯვებული) წარმოადგინა, ანი ცეცხლაძის მონაწილეობით.

ლია ლიქოკელის პოეტური, გრძნობებგაშიშვლებული, სულის ღრმა შრეებიდან გამოგლეჯილი ამბები (ლექსად თუ პროზად) თავისუფალი აზროვნებისა და მხატვრული სტილის, სიტყვის ტყვეობიდან გათავისუფლებისა და ახალ ფორმებად ჩამოყალიბების თავისთავადი ნიმუშებია. ასეთივეა პაატა ციკოლიას პირქუში, შეუბრალებელი, ზოგჯერ სასტიკიც და უფსკრულის პირას მოთამაშე რეჟისურაც. და მათი რადიკალური განსხვავებულობის მიუხედავად, სწორედ თავისუფლების - ახალი სამეტყველო ენის მფლობელობის, არსებული კლიშეებისა და დაკანონებული ნორმების - „შეიძლება-არ შეიძლება" - თავისთავდმა ორმხრივმა უარყოფამ (შეიძლება სხვა რამაც) „აპოვნინა" რეჟისორს მოთხრობაში ის, რაც შემდეგ განსხვავებულ რეალობად აქცია.მისებურად, თავისებურად, დაინახა სხვისი სამყარო და დაისაკუთრა. საკუთარი (მანამდე დადგმული სპექტაკლების) თემატიკაც, პრობლემებიც, ფორმაც, სტილიც, ხელწერაც შეცვალა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ „წყლის პირას, მურყნის ჭალაში" მონო სპექტაკლია (რაც ბუნებრივად გამოიწვევდა რამდენიმეპერსონაჟიანი დადგმებისგან განსხვავებულ გადაწყვეტას), არამედ, სხვა კარი შეაღო. იქნებ, საკუთარ თავშიც. სხვა განწყობები აღმოაჩინა. იღბლიანი აღმოჩნდა ორის ეს საბედისწერო გადაკვეთა.

პიესასა და სპექტაკლს შორის რეჟისორი ჩადგა და მისი ტონალობა, ჟღერადობა, ინტონაცია - სიტყვის, ფრაზის, მოქმედების თავისებურება, ტემპო-რიტმი და ხასიათი განსაზღვრა. ისე, რომ არსად გადაუხვია ტექსტს, არაფერი მოაკლო, არაფერი შეცვალა, ოღონდ „გაემიჯნა" და მისი გავლენის ძალას აჯობა.

მონოსპექტაკლია და შესაბამისად, ერთი მოქმედი გმირი ყავს - ქალი/გოგო. ან ორივე ერთად, რაც აქ არა სქესობრივი და ა.შ. ნიშნითაა საინტერესო (ვთქვათ, ქალის პრობლემები თანამედროვე საზოგადოებაში ან არსებული პრობლემების სოციალური თანადროულობა), არამედ იმ ტევადობით, რომელიც ზოგადად ადამიანზეა და მის სულიერ განცდებს ეხმიანება. ისეთებსაც, მხოლოდ საკუთარი თავისთვის რომ შეიძლება გამხელა. რისი აღიარებაც ძნელია და ნიღბით იფარება.
ამბავიც მონოლოგითაა გადმოცემული - მოგონებების, ემოციების, გრძნობების განცდის გახსენებით, ცხოვრების პატარ-პატარა ფრაგმენტების გახსნილი თუ ჩაკეტილი გამომჟღავნებით. ასოციაციების სპირალით.

თითქოს შეუმჩნეველი გამომსახველი ხერხები სარეჟისორო გადაწყვეტასა და სამსახიობო შესრულებაში. თავშეკავებული, ცივი, დისტანცირებული ტექსტისგან, მისი ემოციური და პოეტური ჟღერადობისგან. დამუხტულ, ნერვიულ, სრულ სიჩუმეში. დროდადრო მუსიკალური ფრაზების ყრუ, ტრანსული, მონოტონური ჟღერადობა რომ ერევა. ამ დაელექტროებულ ატმოსფეროში გეშინია არ დაარღვიო „მყუდროება", რომელსაც ისედაც ყველაფერი ანგრევს; რომ არ გაწყდეს კავშირი მოქმედებასთან, რადგან სამყაროში კავშირები ისედაც დარღვეულია. აქ კი მხატვრული მთლიანობაა, ამ, თითქოს დაშლილ, დამდნარ, ცეცხლწაკიდებულ, ჩირაღდნების (ქუჩის ლამპიონების) მოციმციმე შუქის, შემოდგომის ნისლიანი დღეებისა თუ ზამთრის გრძელი ღამეების, სიცივის, განწირულობის, სიგიჟის გარემოცვაში - ყოველ სცენასა თუ მთლიანად სპექტაკლში.

ასეთი ზუსტად განსაზღვრული და დასახული ამოცანა მსახიობსაც შესაძლებობას აძლევს ყველაფერი ისე მიიტანოს მაყურებლამდე, როგორც რეჟისორს უნდა, რასაც თვითონაც გრძნობს და არა, „როგორც პიესაშია".

გულისგამგმირავი ამბავია. გულსატკენი, თუმცა ყოველგვარ სენტიმენტალურობას მოკლებული. არა გულისამაჩუყებელი. სიცივე, დისტანციურობა, თან - თანაგრძნობიანი და თან - განტევებული ახლავს. ნერვული დაჭიმულობა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში, ჯერ კიდევ მის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც იგრძნობა, თითქოს წინააღმდეგობაშია თავშეკავებულ ემოციებთან. თუმცა, მეტად უსვამს ხაზს, ამძაფრებს დრამას, რომელიც ადამიანის - პერსონაჟისა და მის მიღმა (სპექტაკლის) ადამიანების გარშემო ტრიალებს. სწორედ ეს ორმაგობა იქცევა სპექტაკლის მთავარ ძალად და უთქმელად გაზიარებული დარდის შენიღბულ მკვეთრ სიმბოლოდ.

ანი ცეცხლაძეს ყველა ნერვი დაძაბული აქვს. ოღონდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს დაძაბულობა, ეს სულიერი რყევები გარეთ არ გამოდიან. მსახიობი ინარჩუნებს დამოკიდებულებას - მკვახედ და „გულცივად", დისტანცირებულად ყვება თავსგადახდენილ (მთელი ცხოვრების მომცველ), თუ წარმოსახვაში, აბსურდულ ფანტაზიაში გამჯდარ ამბავს. მხოლოდ რამდენჯერმე ღალატობს თავშეკავება და „ხმაურს" იწყებს. უმწეოა, მარტოსული და მიუსაფარი. ტირილიც უყვარს და ჩუმად სიმღერაც. ძლიერიცაა - შეუძლია ცეცხლის წაკიდებაც და გამარჯვება. სახლიდან გამოხმობა. დუმილის ამგვარად დარღვევა და მრავალი წელი სიყვარულის ასე მოთმენა.
მსახიობი აჩვენებს, რა გრძნობაა, როდესაც ყველა ერთის წინააღმდეგაა და ყველაფერი ცარიელია. როდესაც ცხოვრებას სევდის მოუშორებელი სურნელი, თუ გემო დაჰკრავს. წინააღმდეგობის კედელია. კონფლიქტი. საკუთარ თავთან. დანარჩენებთან. საჯარო მარტოობა, როდესაც არავინ ელაპარაკება და უნდა, რომ ელაპარაკონ! თხზულებასაც აკითხებდნენ და უსმენდნენ. ხედავდნენ. ისიც ხედავდეს! უყურებდეს! ხედავდეს!!! მას!
პერსონაჟი-მსახიობი ყველაზე მნიშვნელოვანზეც ისევე საუბრობს, როგორც ყოველდღიურობის ერთფეროვან რიტუალზე - ხბოების მწყემსვა და ძროხის მოწველა, მამისთვის საუზმისა და თაფლწყალის მომზადება; სათიბში სიარული, კარტოფილის თხრა, შეშის ჭრა - შრომის პასტორალური სურათების აღწერილობა სიმშვიდისა და იდილიურობის ნაცვლად მღელვარებასა და აფორიაქებს იწვევს.

მსახიობის უსასრულო (არც კი ვიცი, სპექტაკლი რამდენ ხანს გრძელდება) სვლა - აქეთ-იქით, ერთი კუთხიდან მეორეში, მაყურებელთან ახლოს და მისგან შორს, გაშიშვლებული დარბაზის სიღრმეებში, სადაც სიბნელეა და მხოლოდ ფარნის თუ რაღაც სხვა ნათების (ზუსტად არც ეს ვიცი) შუქზე შეუძლია გზის გაგნებაც და ჩვენც მისი დანახავა. აღმოჩენაც. ან დაკარგვა. გასასვლელის ძიება. შეცვლილ რეალობაში.

ანი ცეცხლაძის პერსონაჟი საუბრობს მენახირეებზე, რომლებმაც სხვანაირი დარდი იციან; მენახირის გარდაცვალებაზე მურყნის ჭალაში; დედის სიკვდილზე, რომელიც არ ახსოვს და რომლის არყოფნაც ადარდებს; მამის „სიკვდილზეც", რომელსაც ამ ამბავში არსებობის უფლება თან აქვს და თან არა აქვს. გაზეთზე, რომელსაც მამა მთელი წელი კითხულობს და სოფლის ქალებზე, რომლებიც სულ ჭორაობენ. საუბრობს იმ ქვეყანაში წასვლაზე, სადაც დაელაპარაკებიან, წითელი ბერეტიდან ჩამოწვრილებულ თეთრ ნაწნავებზე, იმ კაცის თვალებზე, რომლებშიც, გეგონება, ფუტკრები უსხედან...

ყველაფერი თითქოს მანამდე მოხდა და წარსულში დარჩა. თუმცა არსად გამქრალა. დრო, ბევრი დრო გავიდა. მაგრამ რაღაც გაჩერდა - სწორედ ეს შეგრძნება - გასული დროსა და შეცვლილი ადგილების, დროსა და დროში გაყინულობის განცდა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს სათქმელის მარადიულობასა და უჩარჩოობას და მეორე მხრივ, კონკრეტული ადამიანის (ადამიანების) აღსარების მთავარ ნაპერწკალს.

გარესამყაროს დესტრუქციას პერსონაჟის დასახიჩრებული შინაგანი სამყარო ესატყვისება (თუ, პირიქით) და ჩვენ თვალწინ ნელ-ნელა, ნელ-ნელა იწყებს გაშიშვლებას, ნგრევას - დნობას, დაფერფვლას და მორიგ, უსასრულო წრეზე ასასვლელად იწყებს მზადებას.
პაატა ციკოლია ადამიანის შინგან სამყაროში აღწევს. პიროვნების (პიროვნების!) ბუნების სიღრმეებს, მიმალულ კუთხეებსა თუ კუნჭულებს აშიშვლებს. ხედავს იქ, სადაც ადამიანის თვალი ყოველთვის ვერ სწვდება და მხოლოდ რეჟისორის გრძნობებს, შეგრძნებებს აქვს მათი ამოცნობის უნარი. გვანახებს, რა ხდება ჩვენში, რა ხდება სამყაროში, რომელიც თვითონვე შევქმენით და თვითონვე დავანგრიეთ. წყლად, ცეცხლად და ნაცრად ვაქციეთ, რადგან არ გვეყო რწმენა ან იმედი. იქნებ შეგვეშინდა მათი, ვისთანაც საუბარი გვინდოდა და საკუთარ თავში ჩავიკეტეთ მაშინ, როდესაც დრო დადგა - ყველაფერი მშვიდად და უშიშრად გვეთქვა.
რეჟისორის პოზიცია სიტყვასთან, ყოველ წარმოთქმულ სიტყვასთან ერთად ახალი ადგილის ათვისებით - თეატრის სამაყურებლო დარბაზის კედლებიდან გასვლითა და სპექტაკლის არასტანდარტულ სივრცეში წარმოდგენით იწყება. მათი თანაარსებობა რეალობისა და ფიქრების შეჯახებაში, გრძნობების აბსტრაგირებაში და მათი ყოფიერების დამაჯერებლობაში გამოიხატება. ერთდროულად იქმნება ჩაკეტილობისა და გახსნილობის ატმოსფერო. ზუსტად ისე, როგორც წყლის პირას მურყნის ჭალაა - ბევრ ფარულ თუ გამხელილ საიდუმლოს რომ მალავს და თან ააშკარავებს. გამოგონილიც და ნამდვილიც.
სამოქმედო არეს ერთი მხრიდან ქალაქის, ახლომდებარე შენობების ფასადები, განათებული ქუჩა, მოძრავი მანქანები და გამვლელები ქუჩაში ესაზღვრებიან. იქ, თითქოს სხვა ცხოვრებაა. აქ - სხვა. მინის კედლებით გადატიხრული. გამჭვირვალე და მოუხელთებელი.
ილუზორული. მეორე მხრივ, უკაცრიელი შენობის ბეტონის შეულესავი კონსტრუქცია, მტვრიანი იატაკი და მოუპირკეთებელი ბოძები. და არავითარი სხვა ელემენტი, რომელიც ოდნავ მაინც მოერეოდა სულში შეპარულ და გამჯდარ სიცივეს. ერთადერთი, ფერადოვანი, ცოცხალი ლაქა, რაღაცნაირად ჩაკარგული ამ უზარმაზარ სივრცეში, თავადაც სევდიანი და სევდისმომგვრელი - ცისფერი პატარა საკლასო მერხია. მისი ადგილი. მარტოსულთა თავშესაფარის მეტაფორა.

დროს შიდა დინება, ქრონოლოგია დარღვეულია. შეიძლება - დროთა კავშირიც. მაგრამ მოქმედება დღეს, XXI საუკუნეში, ამ დღეებში, ამ წუთებში ხდება. ყველგან და არსად. უცნაური განზომილება უცნაურ შეგრძნებებს იწვევს. განყენებულ დროსა და წარმოსახვითი ადგილების ფიზიკურამდე მისული აღქმის პროცესი მიდის. თითქოს უხმო დიალოგი საზოგადოებასთან (რომელიც ფრთხილად იჭერს სპექტაკლის გზავნილებს, შემაშფოთებელსა და ამაფორიაქებელს) წარმატებით მთავრდება. მათთვისაც, ვისაც უშუალოდ განუცდია წლების ასეთი გასვლა და მათთვისაც, ვისაც არ განუცდია. მათთვის, ვინც მდგარა ეზოში, „იმის მხრებისკენ გაწვდილი, ძვლებზე კანგადამჭკნარი ხელებით და უკივლია - „ჩემ ყვავილებთან დადიან-მეთქი, შენი ფუტკრები, ბიჭო"... და ვინც არ მდგარა.
რადგან ეს თანამედროვე ადამიანის ვნებებია, წუხილებია, პრობლემებია, რომლებიც საუკუნეების სიღრმიდან მოდიან და დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ თავს. განსაკუთრებით მძაფრად - დღეს, რადგან ადამიანი დაშორდა ნიადაგს, რომელზეც მყარად უნდა მდგარიყო და „მხოლოდ სიცოცხლისათვის! მხოლოდ სიცოცხლისათვის! მხოლოდ სიცოცხლისთვის" ებრძოლა.

კონტრასტული და კონტრაპუნქტულია - ყველაფერი ერთად - მსახიობი - გარეგნობა (ექსტრავაგანტურიც კი - ნახევრადაპარსული კეფითა და სხვადასხვაფრად შეღებილი თმებით), ჩაცმულობა (წვივებამდე ნარინჯისფერი ვიწრო შარვალი და ამოჭრილი თავისუფალი მაისური) - ტექსტი და მოქმედების ადგილი, რომელიც პერსონაჟის წარმოსახვაში არსებობს. როგორც ის ყვავილები, რომლებსაც ფუტკრები ეწვევიან ხოლმე და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ შენ - ფუტკრის პატრონი თუ - ყვავილების ბაღის. როგორც გარემო და მურყნის ჭალის - ორმაგი ხატი. სიკვდილისა და სიცოცხლის ადგილი. სამყაროს ანარეკლი. მისი ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი.

მაყურებელი ერთდროულად დამკვირვებელიცაა და მონაწილეც. ამ ზღვარის მოხელთება რთულია და უსარგებლოც. არაფრისმომცემი. არ არსებობს თავსმოხვეული განწყობა. არსებობს ასოციაციები, შეგრძნებები. განცდებიც. როლები ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს. ყოველთვის შეიძლება აღმოჩნდე (ვიღაც, ნებისმიერი) ღობის ან ერთ ან მეორე მხარეს. ცისფერ მერხზე მარტო მჯდომი, უცნაურ, პატარა პლასტმასის სათამაშო არსებასთან ერთად (თილისმა? მეგობარი? ორივე?). ან იყო რომელიღაც მარტოსული ადამიანის გამოუთქმელი ვნების, ფიქრის თუ გაუმხელელი სიყვარულის ობიექტი.

აქ ორი, სამი, იქნებ მეტი სამყაროცაა თავმოყრილი, ისინი ისე კვეთენ ერთმანეთს, როგორც სიზმარი, ობობას ქსელი, ქარიშხლიანი და წვიმიანი ღამეები, მოთიბული ბალახისა და ყვავილების სურნელით გაჟღენთილი მზიანი დღეები, თოვლიანი გრძელი ზამთრები და უპასუხო კითხვა - სადღაც სივრცში გამოკიდებული და უპასუხოდ დარჩენილი მარადიული კითხვა - ყოფნა-არყოფნა?

პაატა ციკოლიას „წყლის პირას, მურყნის ჭალაში" ესაა სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც აღარ არიან; ოცნებებზე, რომლებიც არ ხდება; დამსხვრეულ ილუზიებზე, რომლებშიც ადგილს არ გიტოვებენ; ამ ილუზიების ძალადობრიობაზე, რომლებსაც ადამიანები თვითონ იგონებენ; მოუშორებელ დარდზე, რომელიც მაშინაც კი არ ნელდება, როდესაც ცხოვრება გადის და წარსული და აწმყო მიჯნას კარგავს.

„წყლის პირას, მურყნის ჭალაში" დიდხანს გაფორიაქებს, თან მოგყვება, არ გეშვება, გაფიქრებს. ყოველთვის ასეა, როცა „ვიღაცას" ხვდები და შეხვედრა გიხარია. იქნებ იმიტომაც, რომ, შეიძლება, შენც ვიღაც „ისე გიყვარდეს", მის ფუტკრებსაც ცნობდე, ზოგს თვალებით ან მაშინ, შენს ეზოში, შენს ყვავილებთან რომ მოფრინავენ და მუდმივად გაგრძნობინებენ „მის" არსებობას. ტკივილისმომგვრელ არარსებობასაც. შენ გვერდით. ღობის იქით. კაკლის ხესთან. და თან შორს. ბევრი წლის შემდეგაც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა