ჩვენს ქვეყანაში უკვე დაიწყო მორიგი საარჩევნო ციკლი. მართალია საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ 2 წელია, ხოლო ადგილობრივ არჩევნებამდე 3 წელი, საქართველოში ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურა და ე.წ. “პოლიტიკური ლანდშაფტი” განსაკუთრებულ დინამიკას გულისხმობს!
გულისხმობს იმის მიუხედავადაც კი, რომ უახლეს ისტორიაში ამ “ლანდშაფტის” ბინადარნი (ესე იგი პოლიტიკური ძალები) უკვე ბევრჯერ შეიცვალნენ, - წავიდნენ ძველნი, მოვიდნენ ახალი აქტორები, თუმცა გარემო და მისი ხასიათი არ შეცვლილა.
ეს არც “კარგია” თავისთავად და არც “ცუდი” - “გააჩნია” ვინ როგორ იმოქმედებს და რით უპასუხებს დინამიკური დროის გამოწვევას.
ამ მხრივ მამუკა ხაზარაძის ინიციატივა “გაერთიანების” შესახებ, იმ პირობებში როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი მოჯადოვებულ წრეზე დადის, არ ჰგავს წინა პოლიტიკურ ეპოქებში გაჟღერებულ უამრავ ანალოგს. იმიტომ, რომ....
ა) მამუკა ხაზარაძე აშკარად არ გულისხმობს მხოლოდ და იმდენად პარტიულ გაერთიანებას, არამედ გაერთიანებას კონკრეტული იდეის, იდეების და მათ საფუძველზე შექმნილი პროგრამის გარშემო;
ბ) ხაზარაძე გახდა პირველი, ვინც ღიად თქვა, რომ წარმატებისთვის არასაკმარისია პოლიტიკური და სამთავრობო კოალიცია: აუცილებელია დიდი ეროვნული, სოციალური შეთანხმება, - კონსენსუსი ამ იდეის, იდეების და შესაბამისი პროგრამის გარშემო.
ეს ფრანგული გამოთქმა ქართულადაც კარგად ჟღერს
“დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება”, რასაც “დაუწერელ საზოგადოებრივ კონსტიტუციას” უწოდებენ (და ხშირად ქცეულა დაწერილ კონსტიტუციადაც საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან დაწყებული) ბევრად მეტია, ვიდრე კულუარებში მიღწეული პარტიული კომპრომისი თუ თანამდებობათა გადანაწილება.
იმავდროულად, ბევრად რთულიცაა, რადგან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა სრულ კონსენსუსს თუ არა, კომპრომისს მაინც გულისხმობს, რაც ძალიან ძნელი მისაღწევია: თუმცა თუ რომელიმე ლიდერმა ეს შეძლო, თუ ამგვარი პროგრამა “დადო”.... დიდი ისტორიული ძალა შეიძლება ჰქონდეს და ეპოქალური ცვლილებებიც გამოიწვიოს.
“აუცილებელია შეთანხმდნენ მოქალაქეები და არა პარტიები” - ამას გულისხმობს, როგორც ჩანს, ხაზარაძის ინიციატივა.
ეს სულაც არ ნიშნავს ტოტალურობას, ანუ ყველა სოციალური ჯგუფის შეთანხმებას, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის აუცილებელი უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი ფენის და მრავალფეროვანი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური “სტრატების” სრული კონსენსუსი. ეს მიუღწეველი ამოცანაა და საეჭვოა მამუკა ხაზარაძეს არ ესმოდეს. მით უმეტეს საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით.
თუმცა კაცობრიობის, მათ შორის ელექტორალური დემოკრატიის ისტორია გვასწავლის: პროგრესული, შინაარსით კეთილშობილური და ნაყოფიერ ცვლილებებზე, განახლებაზე გათვლილი საერთონაციონალური “პროექტის” ირგვლივ დიდი სოციალური და საზოგადოებრივი შეთანხმების ფორმით გაერთიანება აუცილებლად მისცემს ბიძგს ქვეყანაში სასიკეთო ცლილებებს, არ დაუშვებს “ქვეყნის გაჩერებასა” და დაჭაობებას.
“მომხრედ და არა საწინააღმდეგოდ”
ინიციატივის კიდევ ერთი ნიშანდობლივი ასპექტი ისაა, რომ ხაზარაძე არ გულისხმობს გაერთიანებას “წინააღმდეგ”, როგორც უამრავჯერ მომხდარა უახლეს ისტორიაში.
ამ იდეის არსია კონსოლიდაცია “მომხრედ” და არა “მოწინააღმდეგედ”!
ამ ეტაპზე ესეც სწორ მიგნებად უნდა ჩაითვალოს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, როდესაც “სახალხო ფრონტების” ტიპის გაერთიანება სლოგანით “ყველა ერთის წინააღმდეგ”, ხელისუფლების ძალადობრივი ან არაძალადობრივი შეცვლის შემთხვევაშიც კი, საბოლოოდ ამ “ფრონტის” დაშლას და ურთიერთდაპირისპირებას იწვევდა, რაკი ამგვარი “ერთიანობა” გულისხმობდა სრულებით განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის, მიმართულების, “მემარცხენე” თუ მემარჯვენე” იდენტობის პოლიტიკურ ძალთა შეკოწიწებას.
შესაბამისად, ეს იყო “ქვიშაზე აგებული” ერთობა - მყარი საძირკვლის გარეშე, რასაც მხოლოდ და მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება ქმნის არა “წინააღმდეგ” არამედ “მომხრედ”...... არა უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელად, არამედ ხელისუფლების შესაცვლელად კონკრეტული “პროგრამის”და იდეების განსახორციელებლად, რომელიც წინასწარ იქნება ცნობილი “სოციალური კონტრაქტის” ყველა “ხელმომწერისათვის”.
ეს არის “კონტრაქტი” მოქალაქეებს, მათ სოციალურ ჯგუფებსა და იმ პოლიტიკურ ძალას შორის, რომელსაც დაეკისრება მისი განხორციელება მშვიდობიანი და კონსტრუქციული, თუნდაც საპროტესტო ფორმებით, უეჭველად დემოკრატიულ არჩევნებზე წარმატებით და ხმების შემდგომი დაცვით ყველა კონსტიტუციური მეთოდის გამოყენებით.
მამუკა ხაზარაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოაქვეყნა კიდეც “მარშალის გეგმა”, რომლის “ღერძულა იდეა” ეკონომიკაში ლიბერალური რეფორმების გაღრმავება, პიროვნების კერძო ინიციატივის წახალისება/დაცულობა, თავისუფალი ბიზნესის მხარდაჭერა და ღირებულებითად ჯანსაღი კონსერვატიზმი იყო.
როგორც ჩანს, ახლა იგულისხმება მეტი კონკრეტიკის გამოკვეთა და გეგმის “ხელშესახებად” ქცევა ქართული საზოგადოების ფართო ფენებისთვის.
რა გაგვაერთიანებს?
ოღონდ ისმის კითხვა: ამჯერად რა შეიძლება იყოს ყველასათვის იოლად გასაგები, უმრავლესობისათვის კი მისაღები “ღერძულა იდეა”, რაზეც მომავალი პროგრამის პრიორიტეტები და მიმართულებები აიგება?
გასაგებია, რომ ყველანი ვთანხმდებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე: თუ უბადრუკ მარგინალებს არ ჩავთვლით, ქართულ საზოგადოებაში არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი რუსული ექსპანსიონიზმის, რუსული ოკუპაციის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალით დამყარებული აგრესიული სეპარატისტული რეჟიმების “არაღიარების” თაობაზე.
არასდროს, არც ერთი ხელისუფლება საქართველოში ამ ვითომ “დამოუკიდებელი” სეპარატისტული რეჟიმების აღიარებას ხელს არ მოაწერს! სამშობლოს მთლიანობის აღდგენა ეჭვმიუტანელი პრიორიტეტია.
დრომ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ამ საკითხში ერთიანობა საკმარისი არ არის: “ტერიტორიული მთლიანობისთვის” ბრძოლა, როგორც ღირებულება, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ როგორც პოლიტიკური პრიორიტეტი, “აქ და ახლა”, იგი შესაძლოა დაცლილი აღმოჩნდეს შინაარსისგან, რაკი გეოპოლიტიკური ვითარება საქართველოს გარშემო, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, როგორც “არაღიარების” პოლიტიკის გაგრძელებას.
საეჭვოა მამუკა ხაზარაძე სამხედრო მეთოდებს და ამ მიზნით სახელმწიფო რესურსების მობილიზაციას გულისხმობდეს, რადგან ეს გზა ქვეყანამ ერთხელ უკვე სცადა, რამაც როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზიანი მოიტანა. და ახალ ეპოქაში ჩვენთვის უპერსპექტივოცაა.
როგორც ჩანს იგულისხმება რაღაც ახალი, განსხვავებული იდეა; დიდი ალბათობით, ეს იქნება საქართველოს იმდენად გაძლიერება ეკონომიკური თვალსაზრისით და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანისთვის იმდენად მომხიბვლელად ქცევა, რომ ადამიანის შეუჩერებელმა, დაუძლეველმა მისწრაფებებმა უკეთესი ცხოვრებისა და თავისუფლებისკენ თვითონ გადალახოს გამყოფი ბარიერები.
თუ ასეთი მიმზიდველობა გაჩნდა, მას ვერანაირი ჯებირები, საოკუპაციო/სასაზღვრო ჯარები, ადგილობრივ მარიონეტთა რეპრესიები და მავთულხლართები ვერ შეაჩერებენ.
მაშასადამე, ასევე მაღალი ალბათობით, წინადადება გულისხმობს ისეთი “საყრდენი წერტილების” პოვნას მოდერნიზაციის პროცესში, რის შესახებაც სოციალურ მატრიცაზე უკვე არსებობს კონსენსუსი.
მაგალითად, საქართველოში არავინ ან თითქმის არავინ იმავე მარგინალების გარდა, არ აყენებს ეჭვქვეშ კერძო საკუთრებას როგორც ასეთს; ოღონდ აუცილებელია ამ სიკეთით, მათ შორის კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული დიდი თუ მცირე ბიზნესით, “საქმის კეთების” საშუალებით სარგებლობდნენ არა მხოლოდ ელიტები, არამედ საზოგადოების ფართო “სტრატები”, - მილიონობით ადამიანი, რომელიც შექმნის საშუალო ფენას, რასაც ეფუძნება თანამედროვე დასავლეთი და დასავლური ელექტორალური დემოკრატია.
გარდა ამისა, კონსენსუსი ევროატლანტიკური ორიენტაციის გარშემო, (რაც აბსოლუტური უეჭველობით დადასტურდა ზაფხულის გრანდიოზული, მრავალასეულ ათასიანი მიტინგების დროს) უნდა შეივსოს კონკრეტული შინაარსით - ისევ და ისევ ქვეყნის გაძლიერების, ადამიანთა გამდიდრების, მათი თავისუფალი ინიციატივის განხორციელების პირობათა შესაქმნელად. სხვაგვარად პროდასავლური ორიენტაცია მხოლოდ ილუზია და დემაგოგიაა - შინაარსის გარეშე.
მეორე “საყრდენი” წერტილია ყველა მოქალაქის თანასწორობა კანონის წინაშე იმ აზრით, რომ ყოველი მოქალაქე, მისი ქონებრივი ცენზის ან პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, თანაბარია როგორც უფლებებში, ასევე ვალდებულებებშიც.
მილიონერს, მსხვილ ბიზნესმენს კანონის მიმართ იგივე მიმართება აქვს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს, ხოლო სახელმწიფო მოხელეს არ ექნება საშუალება, თანამდებობის “კონვერტირებისა” ნეპოტიზმში თუ სხვა სახის უკანონო პრივილეგიაში.
მესამე: თუ ყურადღებით წავიკითხავთ ხაზარაძის “მარშალის გეგმას”, მომავალი პროგრამაც უეჭველად იგულისხმებს სოციალური სისტემის იმ მახინჯი სტრუქტურის შეცვლას, როდესაც დასაქმებულთა რაოდენობით სახელმწიფო სექტორი ბევრად მრავალრიცხოვანი და ხელოვნურად “საარჩევნო მიზნით” “გაბერილია, ვიდრე კერძო.
ეს აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა: ნამდვილად ვერ ჩაითვლება პერსპექტიულად ქვეყანა, სადაც კერძო სექტორი ორჯერ პატარაა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებულთა რიცხოვნობაზე.
ოღონდ ეს ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს არა სახელმწიფო ხარჯების ხელოვნური შემცირებით, არამედ კერძო საქმიანობაში, მცირე, საშუალო თუ დიდ ბიზნეს-სექტორში შესაძლებლობათა, ასევე ცხოვრებისეულ შანსთა მიმზიდველობით და უნარიანი, შრომისმოყვარე ადამიანის დაფასებით.
ხაზარაძემ, მოკლე გამოსვლაში არაფერი თქვა “პოლიტიკურ კონსულტაციებზე”, რადგან მისი იდეა ადამიანებთან და სოციალურ ფენებთან დიალოგს უფრო გულისხმობს.
სწორედ ამ საფუძველზე უნდა გამომუშავდეს ახალი საერთონაციონალური პროექტი მისი “ღერძულა იდეებით”.
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი