დღეს, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნება
14.01.2023
ნახვები: 534
დღეს, 14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნება.
ქართულ თეატრს უძველესი ისტორია აქვს. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანები) გამოსახულია მისტერია _ ნიღბოსანთა ფერხული. კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები.
კოლხურ ქალაქ აფსარუნტში თეატრის შენობა და იპოდრომი იყო, კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში კი (ძვ.წ. III-II სს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორკესტრისა და მაყურებლისთვის განკუთვნილი ნაწილით ადასტურებს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნის 30-იანი წლები) შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა „ბერიკაობა", მოგვიანებით _ „ყეენობა".
შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი _ სახიობა, ანუ ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით. ქართველმა მეფეებმა _ თეიმურაზ I-მა და არჩილ II-მ სახიობისთვის შექმნეს დიალოგები და პოლემიკური დრამატურგიის ნიმუშები, ე. წ. გაბაასებანი.
XVIII საუკუნის 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან, გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საერო თეატრი, სადაც, ორიგინალურთან ერთად, რუსულიდან ნათარგმნი და გადმოქართულებული პიესებიც იდგმებოდა. ამავე პერიოდში მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი სახიობა, რომელსაც დავით მაჩაბელი ედგა სათავეში.
XIX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრეები. 1845 წელს თბილისში დაარსდა რუსული დრამატული თეატრი, 1850 წელს კი, მოწინავე ქართველ საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით და გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით, აღორძინდა ქართული პროფესიული თეატრი (1850-1856 წლები).
1851 წელს, თბილისის ქარვასლის თეატრში, პირველი საოპერო წარმოდგენა გაიმართა, 1880-86 წლებში კი გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) აიგო სახაზინო თეატრი, სადაც 1896 წლიდან თბილისის სახაზინო ოპერის თეატრი, დღეს კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ფუნქციონირებს.
XIX საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მოღვაწეობდა რეალისტური სამსახიობო სკოლის წარმომადგენელთა თვალსაჩინო პლეადა; XX სუკუნის დასაწყისში კი ასპარეზზე გამოვიდნენ პროფესიონალი რეჟისორები. 1921 წლის 25 ნოემბერს თბილისის ქართულ თეატრს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.
ქართული თეატრის აღმავლობა, ახალი სათეატრო ფორმებისა და პროფესიული რეჟისურის პრინციპების დამკვიდრება დაკავშირებულია ორი დიდი რეჟისორის _ კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელთან. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.
გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაარსდა პროფესიული თეატრები, რომლებიც დღესაც განაგრძობენ ფუნქციონირებას. XX საუკუნეში, მსახიობთა სახელგანთქმულ თაობებთან ერთად, ქართული თეატრის ისტორიას ქმნიდნენ რეჟისორები: დოდო ალექსიძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი, არჩილ ჩხარტიშვილი, ვასილ ყუშიტაშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, ლილი იოსელიანი, შალვა გაწერელია, რევაზ გაბრიაძე, მედეა კუჭუხიძე, გიზო ჟორდანია, ამირან შალიკაშვილი, ლევან მირცხულავა, გოგი ქავთარაძე.
XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან ნოვატორული ძიებებისა და სხვადასხვა თეატრალურ-ესთეტიკური მიმართულების დამკვიდრება თანამედროვეობის გამოჩენილ რეჟისორებს _ მიხეილ თუმანიშვილს, რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძეს უკავშირდება. სტურუა და ჩხეიძე დღესაც განაპირობებენ ქართული სასცენო ხელოვნების მაღალშემოქმედებით ხარისხს და საერთაშორისო ავტორიტეტს. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ, საბჭოთა რეჟიმის დროს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე ტრიუმფალური საგასტროლო ტურნეები გამართა. XX საუკუნის მიწურულს, საქართველოში სახელმწიფო თეატრების გვერდით, გაჩნდა კერძო პროფესიული თეატრები, კამერული სცენები და ექსპერიმენტული სივრცეები, რომელმაც ქართულ სათეატრო პროცესში ხანმოკლე პერიოდში დაიმკვიდრა ადგილი.
ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმის, თოჯინებისა და მარიონეტების თეატრები; სცენის აღიარებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა. ქართული თეატრების გვერდით წარმატებით მუშაობენ რუსული, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი თეატრალური დასები.
საქართველოში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრალური ფესტივალიც იმართება.