„ნეიშენ ჯორჯიასთვის“ ყოველთვის სიამოვნებით ვწერ, რადგან ვაფასებ მის მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს, შესაბამისად მის მკითხველს და გულშემატკივარსაც.
მაგრამ ახლა, როცა წლის შემაჯამებელი ანალიტიკური სტატია მთხოვეს, უცებ მივხვდი, რომ ძალიან არ მომინდა გასული წლის პოლიტიკური პროცესების შეფასება. გადავწყვიტე, რომ მკითხველისათვის უბრალოდ ჩემი მოსაზრებები გამეზიარებინა ჩვენი, საზოგადოების, მდგომარეობის შესახებ, ჩვენი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების შესახებ.
როგორღაც მეჩვენებინა, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, პოლიტიკოსების და ხელისუფლების როლზე მეტად, ჩვენი პასუხისმგებლობა ას გზის უფრო მნიშვნელოვანია.
გასულ წელს ცხადზე უცხადესი მაგალითი გვქონდა იმისა, რომ ერთიანობა არა პერსონების და პარტიების გარშემო, არამედ იდეებისა და ღირებულებების გარშემო არის უმნიშვნელოვანესი.
შევეცადოთ ერთად გავიხსენოთ როდის და რის გარშემო იყო საზოგადოება ისეთი ერთიანი, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და ვარდების რევოლუციის შემდეგ? მე ჩვენი საზოგადოების ასეთი იდეური ერთობა არ მახსენდება.
შედეგი როგორი მივიღეთ, იმის მიუხედავად რა უნდოდა ხელისუფლებას, რა ოპოზიციას და რას ითხოვდა ჩვენგან ევროკავშირი?
როდესაც არსებობს ნება, ანუ განზრახულობა და შემდეგ თანამიმდევრული ნაბიჯები მიზნისკენ, შედეგი გარანტირებულია.
დიახ, ჩვენ ეს შევძელით. ამიტომ, 2023 წელი, მიუხედავად უამრავი სირთულისა, აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული.
ერთი და უტყუარი მარკერი, რომელიც არასოდეს გიღალატებთ არც პოლიტიკოსის, არც რელიგიური ლიდერის და არც უბრალოდ, ადამიანის შეფასებაში გახლავთ, რომ ნახოთ რას ემსახურება ის, საზოგადოების ერთობას თუ დანაწევრებას და ფრაგმენტიზაციას.
აკი, ყველამ ისედაც ვიცით ალილუიასავით: „ ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებსო“. პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია კარგად ვიცით, მაგრამ ისტორია სადღეგრძელო იქნება, თუ მისგან გამოცდილებას ვერ შეიძინ, თუ მას გაკვეთილად არ მიიღებ და აწმყოს გასუკეთესებლად არ გამოიყენებ.
ჩვენი ხელისუფლება მოკეთედ რომ არ არის მოსული, იმაზეც ეტყობა, რომ სადაც დაპირისპირებისათვის რამე ნიადაგი არსებობდა, ყველგან თავის კვალი გაავლო და ღვარძლი და ბოღმა აღმოაცენა.
ჩვენი საზოგადოებაც თავდავიწყებით გადაეშვა ამ სიძულვილის მკა-თესვაში და გამთლიანების არათუ რესურსი, არამედ სურვილიც დაკარგა.
ხშირად იმასაც არ ვუწევთ ანგარიშს, რომ ჩვენი გაუცნობიერებელი ემოციებით მათ წისქვილზე ვასხამთ წყალს, ვისაც ჩვენს ოპონენტებად მივიჩნევთ. მთავარი, რაც სულ უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ჩვენს რეალობას ჩვენვე ვქმნით.
ამიტომ ხელისუფლებაც და ის პოლიტიკური ოპოზიციაც ჩვენი გონების და ჩვენი ემოციების ნაყოფია, ჩვენი დაუფიქრებელი რეაქციების და ჩვენივე გასროლილი ფრაზების, ჩვენი უმოქმედობისა და ჩვენივე უპასუხისმგებლობების.
მოკლედ არჩევანი ჩვენზეა - შენზეა საქართველოს მოქალაქევ და იქნებ ერთხელაც დაფიქრდე რას ირჩევ:
მოცემულობა:
-თუ სამსახური არ გაქვს და ყოველი დღის გათენების გეშინია;
-თუ უბრალოდ არსებობ და სიცოცხლის ხალისი დაკარგული გაქვს;
-თუ ცხოვრების ერთადერთი მიზანი ამ ქვეყნიდან თავის დაღწევაა;
-თუ მუდმივად გენატრება მშობელი, რადგან შენს გადასარჩენად უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა და თავს არ იზოგავს, რომ სამშობლო შენ მაინც შეგინარჩუნოს;
-თუ კიდევ გაწუხებს საკუთარი უღონობა, რადგან შენი ერთადერთი მარჩენალი ემიგრაციაში მყოფი მეუღლე ან დედაა;
-თუ შვილის ხარისხიან განათლებაზე ფიქრი შენთვის მიუწვდომელი ოცნებაა;
-თუ საკუთარ ქალაქში, სოფელში, უბანში თავს კრიმინალისგან უსაფრთხოდ ვერ გრძნობ;
-თუ სამსახური გაქვს, მაგრამ დილით იქ წასვლა არ გიხარია და საღამოს შინ დაბრუნება, რადგან გრცხვენია საკუთარი თავის და ოჯახის, შენს შრომაში აღებული გროშებისათვის;
-თუ თევზივით მუდმივად წყალი გაქვს ჩაგუბებული, რადგან იცი რომ მუდმივად გისმენენ და გითვალთვალებენ;
-თუ საჯარო სამსახურში დაგღალა უფროსთან მუდმივად მლიქვნელობამ სამსახურის დაკარგვის შიშით;
-თუ იცი, რომ შენი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ვერაფერს გააწყობს ნეპოტიზმთან და ბედს შეეგუე;
-თუ სამსახური გაქვს მაგრამ განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავ და შენც ემზადები გასაქცევად;
-თუ გაწუხებს, რომ თაობების ნაოცნებარ ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს მუდმივად უქმნიან;
-თუ გრცხვენია რომ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ ადამიანების ხსოვნა შეურაცხყოფილია ოკუპანტ რუსეთთან პოლიტიკური ფლირტის გამო;
-თუ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლისთვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაუფიქრებლად სწირავდი და ახლა უცხო ქვეყნის ტრასებს სერავ ტრალერით და ფხიზლობ მხოლოდ ფიქრით „ რატომ“;
-თუ უკვე სათვალავი აგერია რამდენმა წელმა ჩაიარა უცხოობაში და მუხლჩაუხრელ გარჯაში, ოჯახის წევრები და ახლობლები ტელეფონით დაიტირე და ვერ გამოემშვიდობე;
- იცოდე ეს ივანიშვილის საქართველოა! მაგრამ ისიც გახსოვდეს, რომ ჩვენ დავუშვით ეს, იმიტომ რომ ივანიშვილს ზუსტად ასეთი საქართველოს მმართველობა აწყობდა.
და ბარემ, აქვე, ალტერნატივაც:
-როცა დილის გათენება გიხარია და მშვიდობიან ღამეს ელი;
-როცა ცხოვრობ და ცხოვრების ხალისი გავსებს;
-როცა მშობლის სითბო არ გაკლია და მათ გვერდით მუდმივად გრძნობ;
-როცა არსად გასაქცევად არ ემზადები და საკუთარი სამშობლოსთვის იხარჯები;
-როცა შეგიძლია ძვირფასი მეუღლის თვალებში მადლიერების და სიყვარულის მზერას ხედავდე;
-როცა მშვიდად ხარ, რომ შვილს საუკეთესო განათლება მიეცი და შეგიძლია იამაყო;
-როცა შენს ქალაქში, სოფელში და უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობ;
-როცა დილით სამსახურში წასვლა გიხარია და საღამოს ოჯახში დაბრუნება;
-როცა იცი, რომ სიტყვის თავისუფლება გაქვს და შენ სიტყვასაც ფასი აქვს;
-როცა არვის ემლიქვნელები და საკუთარი ღირსების გრძნობა ბედნიერებას განიჭებს;
-როცა შენი პროფესიონალიზმი მოთხოვნადია და დაფასებული;
-როცა შენს ქვეყანაში განვითარების პერსპექტივებს ნათლად აღიქვამ და უცხოეთში ახალი გამოცდილების გასაზიარებლად მიდიხარ;
-როცა ამაყი ხარ , რომ შენი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ცივილიზაციური დონორია და არა მომხმარებელი;
-როცა სახელმწიფო შენზე ზრუნავს და შენ ვალად მიგაჩნია სახელმწიფოზე ზრუნვა;
-როცა ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოს იდეა გაერთიანებს განსხვავებული მრწამსის, ეთოსის, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა იდენტობის ადამიანებთან და ერთიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სხეულის უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიცდი თავს;
როცა შენი ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახარ და არაფერი გაღელვებს ვალის მოხდის გარდა, რადგან ზურგს უკან შენი სახელმწიფო დგას;
-როცა საკუთარ მონატრებულ სამშობლოში ბრუნდები იმედით სავსე, რომ შენ იქ ჭირდებით, რომ იქ გელიან;
ეს ჩვენი - შენი საქართველოა, რომლისთვის სიცოცხლე და ბრძოლა ღირს.
მოდი ასეთი რეალობა შევქმნათ საქართველოში ჩვენი ენერგიით, ხედვით, უნარით, სიყვარულით და იმედით. ეს არ არის „ოცნების“ საქართველო, ეს რეალური საქართველოა, რომელიც ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ.
მაშინ, 2024 წელს, არც ერთი კომპრომისი ევროპულ გზაზე, არც ერთი უკან დახევა, არც ერთი ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და უნარებში და ერთად ვნახავთ, რომ ერთიან ეროვნულ ნებას გაცილებით მეტი ძალა აქვს ვიდრე ერთი, თუნდაც ძალიან მდიდარი კაცის აკვიატებას..
ავტორი: ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი
ნეიშენ ჯორჯია