„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

ვკვდები, როგორც კულტურა... ვცოცხლობ, როგორც მეამბოხე არტი

31.12.2023 ნახვები: 2255

ცხადია, უფრო მხნედ, მაჟორულად და საახალწლო განწყობით უნდა დაგვეწყო... მითუმეტეს, კულტურის შემაჯამებელი ტექსტი უფრო ჰეფი ენდსა და „ღიმილიანი საქართველოს“ მზერას გულისხმობს.

თუმცა შობამდე ორიოდე კვირით ადრე ნანახმა წარმოდგენამ, სახელწოდებით „ვკვდები, როგორც ქვეყანა“, სრულიად შემიცვალა განსჯის ტონალობასაც და ზოგადად კულტურისადმი პოზიტიური განწყობაც... ამიტომ 2023 წლის არტ-მიმოხილვას ცოტა პირქუში და დეპრესიული ინტონაციით დავიწყებ.

ახალი თაობის გამორჩეულად საინტერესო რეჟისორმა, მიხეილ ჩარკვიანმა „ახალ თეატრში“ დადგა ალბათ, გასული თეატრალური სეზონის გამორჩეული, დაუნდობელი, ემოციურად მძიმე და ხაზგასმულად პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც თანამედროვე ბერძენი მწერლისა და დრამატურგის, დიმიტრის დიმიტრიადისის რომანის, უფრო ზუსტად მისი პუბლიცისტური ტექსტის – „ვკვდები როგორც ქვეყანა“, სცენური ადაპტაციაა.

უმთავრესი, რასაც სცენაზე ამჩნევთ, ესაა მოყვითალო და დახრილი სცენური ფიცარნაგი, რომლის სათავეში მოქცევას დაღლილი და ღონემიხდილი ადამიანები გულმოდგინედ ცდილობენ. დროთა განმავლობაში ისინი ერთგვარი მორიდებული სასოწარკვეთით ჩამოსრიალდებიან და სადღაც ქვემოთ, ანუ ფსკერზე გაუჩინარდებიან…

ეს გამეორდება მთელი სპექტაკლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ, მტანჯველი ძალისხმევით და შენელებულ რიტმში, რაც მუდმივი ასვლა-ჩამოსვლის წყევლად ქცეულ რიტუალს უფრო წააგავს.

მონდომებული მაყურებელი ამ დაზეპირებულ მოძრაობებსა თუ გამეორებაში სიზიფეს მითის არქეტიპებსაც დალანდავს და აღმართზე აცოცებულთა უნაყოფო შრომასაც შეაფასებს. ისევე როგორც გაზომავს დროსა და მანძილს სოციალურ ქვესკნელად ქცეულ აწმყოსა და გამანადგურებელ, მოწყვლად პოლიტიკურ მომავალს შორის.

ეს აწმყო კი მტკივნეულად ახლოა და ლამის ფიზიკურად გაუსაძლისი. სპექტაკლის ენა, მსახიობთა ჟესტების, ხმებისა და რიტმის მორგება უკვე გაცვეთილ თეატრალურ ფორმებთან ლამის უხერხულად გეჩვენებათ, რადგან ისინი კი არ თამაშობენ, არამედ კითხულობენ პუბლიცისტურ ტექსტს - ისინი განასახიერებენ ქვეყანას, რომელიც ცოცხლად კვდება...

საინტერესოა ისიც, რომ სპექტაკლში გამოყენებულია ვიდეომასალა „ბლუმბერგის“ ცნობილი ინტერვიუდან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, როცა ის 2023 წლის გაზაფხულზე, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებოდა.

მთავარი სლოგანი, რომელიც ჩვენი კულტურისათვის 2023 წელს ყველაზე შესაფერისია, ალბათ ასე უნდა ჟღერდეს: ვკვდები, როგორც კულტურა...მაგრამ ვცოცხლობ, როგორც მეამბოხე არტი.

კულტურის პოლიტიკამ, რომელსაც ქალბატონი-მინისტრი (დიახ, სწორედ ასე მოვიხსენიებთ, რადგან თეა წულუკიანი რეჟისორ მარიამ ჭაჭიას, რომლის დოკუმენტური ფილმის შესახებაც ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ, ასე უწოდებს მას „ტვ-იმედთან“ ინტერვიუში  - ქალი-რეჟისორი) 2021 წლიდან განაგებს, წელსაც უხვად მოიტანა აკრძალვა, მოხსნა, გარიყვა, დასმენა....

ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებული „სამუზეუმო წმენდის“ პოლიტიკა მან წარმატებით განაგრძო და 2023 წელს რეორგანიზაციაც ასევე „წარმატებით“დაასრულა.

ქალბატონმა-მინისტრმა მწერალთა სახლის ყოფილი მენეჯმენტის და დირექტორის, ნატა ლომოურის წინააღმდეგ ამ ზაფხულში ისეთი კამპანია წამოიწყო, რომ უკვე ნათელი იყო, რით დასრულდებოდა მწერალთა სახლის დამაინტრიგებელი დრამა.

უკვე სექტემბერში გათავისუფლებული ლომოურის ნაცვლად, მწერალთა სახლის დირექტორად პარლამენტარი ქეთევან დუმბაძე დანიშნა, რომელსაც სამინისტრომ „სამახსოვროდ“ მიაყოლა ლიტერატურული კონკურსი „მუზა“, რომელიც ადრეც არსებობდა და რომელიც ახლა გაცილებით მასშტაბური გახდა. გაზრდილი ნომინაციების რაოდენობა, კიდევ უფრო გაზრდილი ბიუჯეტი - 100 ათასი ლარი და ახალი მწერლების მოზიდვა-მოთაფვლა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი...

რადგან როცა თავყრილობას ისეთი ექსცენტრული, არაპროგნოზირებადი მწერალი და პერსონა ესწრება, როგორიც ირაკლი კაკაბაძეა, ბოლომდე სიტუაციას მაინც ვერ გააკონტროლებ... ამდენად 25 დეკემბერს, მწერალთა სახლში გამართული კონკურსის - „მუზას“, გამარჯვებულთა დაჯილდოებისას, ქალბატონ-მინისტრს ფრიად უსიამოვნო სიტყვების მოსმენა მოუხდა.

ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც პრემია „მუზას“ გადაცემის ცერემონია ხმაურით დატოვა, ქალბატონ მინისტრს და „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა. მან კულტურის მინისტრი  კულტურის განადგურებასა და რეპრესიულ პოლიტიკაში დაადანაშაულა. თუმცა, ეპატაჟურობით ცნობილ მწერალს არც თეა წულუკიანის და მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკური პატრონი - ბიძინა ივანიშვილი დავიწყებია: „გადაეცი ბიძინას, მაგ ვაჭრუკანას, მათხოვარს, რომ ახალგაზრდობაზე იფიქროს“...

მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ვარაუდისა თუ მოსაზრების მიუხედავად, ეს ნამდვილი შოკი იყო დამსწრე, „დავარცხნილი“ ქოც-პუბლიკისთვისაც, რომელიც მოვლენის ასე განვითარებას არ ელოდა.

რეალურად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც არტის წარმომადგენლებისგან ქალბატონ-მინისტრს ასეთი სიტყვების გაგონება და ატანა მოუხდა.

შეთქმულების თეორიის მომხრეები ამ ფაქტში სიმბოლიზმსაც ხედავენ და სჯერათ, რომ ეს სკანდალი ქოცკულტურის და ქოცრეჟმის დასასრულის დასაწყისს მოასწავებს.

მაგალითად, პოეტი რატი ამაღლობელი ამბობს, რომ „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია. ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა დროს დაუბრუნდა. მაგრამ ეს დიდ ხანს ვეღარ გასტანს და ჩვენ მალე ვნახავთ თხისფეხება „მონსტრების კორპორაციის“ ჩამოშლას“.

მწერალთა სახლში მომხდარ სკანდალს მალევე მოჰყვა სტატია გავლენიან ბრიტანულ გაზეთ Financial Times-ში, სათაურით : „თბილისის მწერალთა სახლში რეპრესიები ისევ ბრუნდება“.

სტატიის ავტორი ნადია ბერდი წერს, რომ „მწერალთა სახლის“ ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობა პოლიტიკური ნიშნით დაიკავა, რადგან ქვეყნის არალიბერალური მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო პარლამენტში და შესაბამისად, მის მიმართ ლოიალურად განწყობილი“.

არანაკლებ მცხუნვარე და მღელვარე იყო 2023 წელი კინემატოგრაფისტებისთვისაც. კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის ადგილზე დანიშნულმა კახა სიხარულიძემ ისე დაამთავრა თავისი ერთწლიანი მუშაობა კინოცენტრში, რომ სამსახურში ის თითქმის არავის უნახავს. მის ნაცვლად, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დაინიშნა კობა ხუბუნაია, რომელიც ამავე დროს კულტურის მინისტრის მოადგილეცაა. რაც სრული ნონსენსია, რადგან არ შეიძლება სამინისტროს წარმომადგენელი თან დამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყოს.

ქალბატონმა-მინისტრმა მალე კინოცენტრის საქმიანობაში პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი და წამყვანი ბაჩო ოდიშარია ჩართო, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა...

სწორედ ამ დანიშვნას მოჰყვა რეჟისორების, ოპერატორების, სცენარისტების, არტისტების პროტესტი. დაახლოებით 250 კინემატოგრაფისტის მინისტრისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს მხოლოდ არჩეული - არა დანიშნული და თანაც არჩევა უნდა მოხდეს საჯაროდ, გამჭვირვალედ.

„მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული დირექტორის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვის და შემოქმედების თავისუფლება. დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“

როგორც ამბობენ, სწორედ კინემატოგრაფისტთა ამ მკვეთრმა, პოლიტიზებულმა და მძლავრმა ერთობამ შეაშფოთა ხელისუფლების იდეოლოგები, რომლებიც პასუხს სწორედ წულუკიანს სთხოვდნენ. ჰოდა ქალბატონი-მინისტრმაც საფირმო ცინიზმი მოიმარჯვა და კინოცენტრის ურჩი თანამშრომლები გაათავისუფლა და მორჩილები დატოვა: „ჩვენ არ გვაინტერესებს რას ლაპარაკობენ ისინი ქუჩაში, ხელოვანებმა კინო უნდა აკეთონ და არა პოლიტიკა“.

იდეოლოგია და წარმოება (ანუ ფინანსები) კი ბაჩო ოდიშარიას გადააბარა, რომელიც მინისტრის იდეოლოგიას POSTV-ის ეთერში ასევე დაუფარავი ცინიზმით და წარმატებით განაგრძობს.

ქალბატონ-მინისტრის განსაკუთრებული რეაქცია მოყვა რეჟისორ მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმის, „ჯადოსნური მთის“ ჩვენებას დეკემბერში დასრულებულ თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ეს რეაქცია კარგად წარმოაჩენს ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულებას დოკუმენტური კინოს მიმართ.

თუმცა მანამდე საკმარისია გავიხსენოთ, რა ბედი ეწია გასულ 2022 წელს სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს „მოთვინიერება“. ოლიგარქზე მორწმუნე ბიძინისტებმა მაშინ გადაწყვიტეს, რომ ფილმში „მოცურავე ხეების“ შთამბეჭდავი დოკუმენტური კადრები სახიფათო სიგნალებს შეიცავდა და ოლიგარქის რეპუტაციის დასაცავად მთელი კამპანია წამოიწყეს ფილმის ასაკრძალად...

ამჯერადაც ამბავი ოლიგარქს ეხება. თეა წულუკიანმა ტვ-„იმედში“ სტუმრობისას მარიამ ჭაჭიას ფილმს „ჯადოსნური მთა“ „აფერა“ უწოდა, რომელიც კულტურის სამინისტროსთვის გარკვეულ თავის ტკივილადაც იქცა.

ფილმი კინოცენტრმა დააფინანსა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ რეჟისორმა, რიგი მიზეზების გამო, ფინალი გადააკეთა.

სინამდვილეში, მინისტრს ის კი არ ადარდებს, გადაუხვია თუ არა მარიამ ჭაჭიამ სცენარს, ან დაარღვია თუ არა ფილმის გადაღების ვადები და შინაარსი, არამედ როგორ და რატომ მოხვდა ფინალურ კადრებში აბასთუმნის ტუბდისპანსერის ისტორიული შენობის ნგრევის ეპიზოდი, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა იყიდა, რომელიც მალევე დაანგრია და შემდეგ ახალი რეზიდენცია აიშენა.

უცნაურია, რომ ქალბატონ მინისტრს ჰგონია, რომ თუ კინოცენტრი, ანუ სახელმწიფო, ფილმს დააფინანსებს, მას უფლება აქვს შემდეგ „არასაიმედო“ რეჟისორი მუდმივად შეამოწმოს: სწორად გაანაწილა თუ არა დაფინანსება, რა იდეოლოგიით, ზეგავლენით ან ვის წინააღმდეგ გადაიღო ფილმი, რატომ გადააკეთა სცენარი და თუ რამე არ მოეწონება, მაინც იტყვის, რომ „ფილმის შინაარსის განხილვაში არ შევა“ და იქვე „აფერას“ უწოდებს. არანაკლებ უცნაური იყო 2023 წელს ელენე ნავერიანის ფილმის - „შაშვი, შაშვი მაყვალის“ ისტორია, რომელი მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პროგრამაში „რეჟისორთა კვირეული“ გაიმართა. ფილმმა გაიმარჯვა ასევე სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც და მოხვდა ევროპული კინოაკადემიის ნომინაციაშიც.

თუმცა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ელენე ნავერიანის ფილმს რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“ ამჯობინა.

დამოუკიდებელი კინოს მხარდასაჭერად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოს კინოინსტიტუტის შექმნა, რომელიც კინოცენტრის საპროტესტო მოძრაობის ტალღაზე დაფუძნდა და რომელიც 2024 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ სტენდს ცალკე წარადგენს. კულტურის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ასეთ დიდ კინოფორუმში მონაწილეობა ერთგვარი პასუხია თავად სამინისტროს მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკის მიმართ.

ფაქტობრივად, კინოინსტიტუტის წევრები დღეს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი კინემატოგრაფისტები არიან. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა დიდმა საერთაშორისო კინოფესტივალებმაც გაიგონ!

რადგან დამოუკიდებელი ხელოვანების დევიზია „ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია“, ამიტომ მომავალი 2024 წელი სრულიად გასაგები მიზეზების გამო, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და გამბედაობას მოითხოვს....

და თუ ვკვდებით, როგორც სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკის მორჩილი წევრები, მით უფრო მეტს ვცოცხლობთ, როგორც მეამბოხე არტის წარმომადგენლები.

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა