ვინ ძალადობს ამას სჭირდება შესწავლა და გამოკვლევა - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო
ნატო-ს გენერალური მდივანი - ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და ვგმობ მას
IPN: შსს-ს ინფორმაციით, დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“
საზმაუს 60-ზე მეტი თანამშრომელი: არხი მიკერძოებულია, ვითხოვთ, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს
War update: 201 skirmishes on front lines, most attacks recorded in Kurakhove sector
SOF carry out two raids in Kursk region, capture 8 more Russian servicemen
Russian Army loses another 1,780 soldiers in Ukraine

გურამ ლურსმანაშვილი: საქართველოს ,,ახალი კონფესია" - „დამსჯელი ღმერთის მორწმუნენი"

18.12.2020 ნახვები: 1335

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კაპუცინელმა მღვდელმა რანიერო კანტალამესამ ,,ეპისკოპოსობის ხელდასხმაზე უარი თქვა." მიზეზად კი დაასახელა, რომ ეპისკოპოსად ხელდასხმა უმთავრესად მისიაა, რისი წარმატებით განხორციელებაც მას არ შეუძლია, ამის გამო ურჩევნია საერთოდ არ მიიღოს იგი. 

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დედამიწაზე იდეალური ადამიანები და ინსტიტუტები (მათ შორის საეკლესიო) არსებობენ, თუმცა, ზემოთმოყვანილი ფაქტი წარმატებით შეგვიძლია მსჯელობის თემად გამოვიყენოთ და ჩვენს რეალობას შევუსაბამოდ. საქმე იმაშია, რომ ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად, საერთოდ ვერ ვხვდებით სასულიერო პირების იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებულად აღების ფატებს, რომლისკენაც მათ ქრისტე მოუწოდებს.

საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ცნობილი პრაქტიკაა, რომ ყველა მღვდელს ხელდასხმისთანავე არ ეძლევა აღსარების მიღებისა და ქადაგების უფლება. უფრო მეტიც, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ვერც მიიღოს. რატომ? მიდგომა საკმაოდ მარტივია, შენ შეიძლება იყო ძალიან კარგი ადამიანი, გქონდეს თეორიული ცოდნა საკითხის შესახებ, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად ეხები ცხოვრებისეულ საკითხებსა და პრობლემებს, საჭიროა რიგი საფეხურების გავლა, რათა მიიღო ის გამოცდილება და კომპეტენცია, რაც ასეთი რამის გადასაწყვეტად გჭირდება.
რა ხდება ჩვენთან? საქართველოში ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი ,,პროფესია" სასულიერო პირობა გახდა. დიახ, წარსულის, კომპეტენციის, განათლების, ფსიქოსოფიური მდგომარეობისა, თუ სხვა უმნიშვნელოვანესი ასპექტების ქონის გარეშეც უმარტივესად შეიძლება მღვდელი გახდე. მთავარია რომელიმე ეპისკოპოსს ,,თავი მოაწონო."

იმ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ სკანდალებზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც ბოლო პერიოდში საპატრიარქოს კულუარებიდან გარეთ გამოვიდა, ვხედავთ სხვა და ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა გადაჭრის რეალური გზა რთულად თუ ისახება.

ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენი ეკლესიის პრობლემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ყურადღების მიღმა რჩება ის საკითხი, რაც, ჩემი აზრით, ყველაფრის ამოსავალი წერტილია. ამ პრობლემის სერიოზულობას ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს ჩვეულებრივი მოქალაქე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არსებობს საქართველოს მოქმედი პატრიარქის პიროვნება, რომლის ავტორიტეტიც რეალურად ერთადერთი შემაკავებელია ამ ათასობით ადამიანის არაკომპეტენტური, ეგოისტური თუ სხვა სახის (ხშირად გულწრფელი) მისწრაფებებისა. რას ვშვრებით შემდგ? სად მიდის ეს მასა? რა მექანიზმი არსებობს მათგან წამოსული ზიანის შესაკავებლად? ამაზე პასუხი არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს.

მომავალში მათგან მომავალი პრობლემები შეიძლება არც გახდეს ციანიდის დონის სკანდალის ტოლფასი. ეს უცხო თვალისათვის ბევრად დაბალი რანგის, თუმცა, რეალურად, არანაკლებ სერიოზული პრობლემების სათავე გახდება. ავიღოთ ერთი შეხედვით ბანალური ტენდენცია.
როდესაც ქართველი სასულიერო პირების (ძირითადად ეპისკოპოსების) რაიმე სერიოზული ,,გადაცდომის" (ზნეობრივი, ფინანსური...) შესახებ გავრცელდება ხოლმე ინფორმაციები, აუცილებლად ვნახავთ არაერთი ადამიანის გამოხმაურებას, რომ ,,ამათ ღმერთი არ სწამთ." ალეგორიულად ან ირონიულად გასაგებია, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, არასწორია. პირიქით, ქართველ სასულიერო პირებს ალბათ ,,ყველაზე მეტად სწამთ ღმერთი." უბრალოდ, აქ უნდა გავიგოთ, თუ რომელი ღმერთი წამთ, ან როგორ.

ფურცელზე კი ვამბობთ, რომ ჩვენი ეკლესია და საეკლესიო მოწყობა საუკუნეებისაა და ა.შ. მაგრამ რეალურად, ეს საეკლესიო სტრუქტურა სტალინის მიერაა შექმნილი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე იგი სახელმწიფოს მიერ კონტროლდებოდა, აი დაშლის შემდეგ კი ,,ჩამკეტი მექანიზმი" გაუქმდა. ასე მოხდა საბჭთა კავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა ეკლესიაში (რუსეთის გარდა). ამათგან თითქმის ყველამ თავისი გზა წარმატებით გაიკვლია (საქართველოს გარდა). უნდა ვაღიაროთ, რომ ეროვნული მოძრაობის მოქმედებებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებულმა იდეოლოგიურმა ფონმა, საქართველოში ყველაზე ძლიერ ინსტიტუტად საპატრიარქო ჩამოაყალიბა. პარადოქსულია, რომ ეროვნული მოძრაობის ;იდერების გარკვეული ნაწილი ყველა ხელისუფალზე მეტად იყო დაპირისპირებული საპატრიარქოს ისტებლიშმენტთან.

რეალურად მივიღეთ ერთგვარი უცნაური სიმბიოზი - სტალინური სტრუქტურა ჩამკეტი მექანიზმის გარეშე + კატასტროფულად გაზრდილი სახალხო მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა კი საქართველოში ,,ახალი კონფესია" ჩამოაყალიბა. მასზე ბევრი გვითქვამს და ბევრის თქმა კიდევ შეიძლება, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს ვიტყვი- როგორია მისი ღმერთი? ძალიან მარტივი! თუ „კარგად იქცევი" იგი ყველაფერს გაძლევს, თუ „ცუდად იქცევი" ყველაფერს გართმევს. რაც ნიშნავს, რომ თუ კარგად ხარ, ე.ი. კარგადაც იქცევი და ე.ი. ღმერთმა მოგცა ყველაფერი. ეს ღმერთი წამთ ჩვენებს.
ჩვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესების უმეტესობა ,,ძალიან კარგად ცხოვრობს" (რაც დასაძრახი, პირადად ჩემთვის, საერთოდ არაა). პრობლემა სხვაა. უმეტესობა მათგანი ფიქრობს, რომ რადგან ,,კარგად ცხოვრობს", ე.ი. ,,კარგად იქცევა" და ,,ღმერთმა ამიტომ მისცა ყველაფერი," აბა, კარგად რომ არ იქცეოდეს ღმერთი ,,უსამართლო კი არაა" ამდენი რამე რომ მიეცა? (რეზიდენციები, ხალხის სიყვარული, უძრავ-მოძრავი ქონება, ავტორიტეტი...).

ძვირფასო მკითხველო, თქვენ რომ ამა თუ იმ სასულიერო პირზე ინფორმაციას ნახულობთ, საიდანაც იგებთ, რომ იგი სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევებსა თუ მაქინაციებშია გარეული, ნუ იტყვით, რომ მათ ღმერთი არ წამთ, პირიქით, მათი რწმენა ამ ყველაფერს მხოლოდ აძლიერებს.
P.S. არც ისე დიდი ხნის წინ რამდენიმე ეპისკოპოსი საუბრობდა ჩვენს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რაღაც სერიოზული მოქმედებები იყო აუცილებელი, რათა სამომავლო პრობლემები და სტრუქტურული ჩამოშლა თავიდან აეცილებინათ. ერთმა რა თქვა იცით? მართალია რასაც ამბობთ, მაგრამ თვითონ ღმერთი არ ერევა ხომ ხედავთ და ჩვენც გავანებოთ თავი, იყოს ისე, როგორცააო. მართალია, ღმერთი არ ერევა და არც ჩაერევა. რა შუაშია ღმერთი (ანუ ქრისტე) რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის შიდა-კლანურ ინტრიგებთან, ის ახლაც ჯვარზეა გაკრული და ცდილობს თავისი სახე როგორმე მაინც დაანახოს ,,დამსჯელი ღმერთის მორწმუნე" სასულიერო პირებს.

ავტორი: გურამ ლურსმანაშვილი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა