პარლამენტმა, 83 ხმით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში “სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი, რომლის თანახმად, “სისხლის სამართლის კოდექსს“ 307¹ მუხლი ემატება, პირველი მოსმენით მიიღეს.
307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ქმედება, რომელიც “სამშობლოს ღალატის” ჩამონათვალში შედის, “სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა მუხლებით ისედაც ისჯება.
პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანონპროექტში მოცემული “სამშობლოს ღალატის“ ფორმულირება ზუსტ შესაბამისობაშია იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კანონმდებლობაში შეიტანა.
პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.
ასევე,
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მიიღო.
“ქართული ოცნების“ კანონის პროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტით უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებები განიმარტება. პროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი.
უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას და კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.
კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.
პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთივე ბერკეტები ჰქონდეს, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია. გორდულაძემ პარლამენტში პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხთან ერთად, ქართველ ხალხსაც აქვს უფლება, საკუთარი სუვერენიტეტი გააძლიეროს.
“როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, გააძლიეროს საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამასთან, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვის მიერ ჩარიცხული თანხები სად ირიცხება, ვინ მოიხმარს ამ ყველაფერს და საბოლოოდ, რა მოქმედებებში ტრანსფორმირდება.
საქართველოში დღეს მოქმედი კანონი გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს არის ამერიკული კანონი - გაცილებით მსუბუქია როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში, ასევე იმ პირთა წრიდან გამომდინარე, ვისზეც კანონი ვრცელდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამავდოულად,
პარლამენტმა სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების შემოღების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
“მაუწყებლობის შესახებ“ ორი კანონის პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.
პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს "უცხოური ძალისგან" დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. კანონის ამოქმედების შედეგად, მედიაორგანიზაციები "უცხო ძალისგან" ვერც ფულადი და ვერც ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღებას შეძლებენ.
უფრო კონკრეტულად, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება ნორმები, რომელთა თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება.
ამასთანავე, აიკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) და პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი მიღების შედეგად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი:
. ახალი ამბების გაშუქების დროს “სამართლიანობისა“ და “მიუკერძოებლობის“ პრინციპებს არ დაიცავენ.
. თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;
. წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);
. თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა, ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება;
. თუ სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;
. თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონით, თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს. თუ მაუწყებელი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მას დააჯარიმებენ.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.