ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროპა უნდა გახდეს უფრო სუვერენული, უფრო პასუხისმგებელი საკუთარ თავდაცვაზე და უკეთ მოემზადოს იმისთვის, რომ იმოქმედოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს უშუალო და მომავალ გამოწვევებსა და საფრთხეებს 360-გრადუსიანი მიდგომით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნებშია აღნიშნული, რომელიც საბჭოს სპეციალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე ცვალებად გარემოში წარმოადგენს ეგზისტენციალურ გამოწვევას ევროკავშირისთვის. ამ კონტექსტში, ევროკავშირი დააჩქარებს საჭირო ინსტრუმენტებისა და დაფინანსების მობილიზებას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ამით, ევროკავშირი გააძლიერებს თავდაცვის მზადყოფნას, შეამცირებს მის სტრატეგიულ დამოკიდებულებებს, აღმოფხვრას მისი კრიტიკული შესაძლებლობების ხარვეზებს და გააძლიერებს ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიურ და სამრეწველო ბაზას შესაბამისად მთელი კავშირის მასშტაბით, რათა უკეთესად შეეძლოს აღჭურვილობის მიწოდება საჭირო რაოდენობით და დაჩქარებული ტემპით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობის გაზრდას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის აუცილებლობას.
„ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის განზრახვას წარადგინოს წინადადება ევროკავშირის ახალი ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილი სესხებით 150 მილიარდ ევრომდე და იწვევს საბჭოს, სასწრაფოდ განიხილოს ეს წინადადება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
საბჭო განსაზღვრავს პრიორიტეტული სფეროების ჩამონათვალს ევროკავშირის დონეზე შესაძლებლობების სფეროში მოქმედებისთვის, უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებით, ევროპის თავდაცვის სააგენტოს ფარგლებში უკვე შესრულებული სამუშაოს შესაბამისად და ნატო-სთან სრული თანმიმდევრობით: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, ზუსტი ღრმა დარტყმის შესაძლებლობების ჩათვლით, რაკეტები და საბრძოლო მასალები, დრონები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სტრატეგიული გამაძლიერებლები, მათ შორის სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებული, სამხედრო მობილურობა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და რადიოელექტრონული ბრძოლა.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ევროკავშირი პოზიტიურად შეუწყობს ხელს გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და შემავსებელია ნატო-სთვის, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოებისთვის კოლექტიური თავდაცვის საფუძველი რჩება.
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.
„ევროკავშირი თავიდანვე უკრაინის გვერდით დგას, რადგან ის იცავს თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის წინააღმდეგ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგომას. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო გავლენა აქვს ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავიანთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ხაზი გაუსვეს მისი დასრულების აუცილებლობას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზით, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ევროპული საბჭო მიესალმება ყველა ძალისხმევას ასეთი მშვიდობის მისაღწევად.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს შემდეგი პრინციპების მნიშვნელობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად : უკრაინის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკება არ შეიძლება; არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომელიც გავლენას ახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე, ევროპის ჩართულობის გარეშე. უკრაინის, ევროპის, ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება გადაჯაჭვულია; ნებისმიერი ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც პროცესის ნაწილი, რომელიც მიგვიყვანს ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებამდე; ნებისმიერ ასეთ შეთანხმებას თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას; მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის რეგულარულ და პროგნოზირებად ფინანსურ მხარდაჭერას.
„2025 წელს ის უკრაინას 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს, აქედან 12.5 მილიარდ ევროს Ukraine Facility-დან და 18.1 მილიარდ ევროს “დიდი შვიდეულის“ მიერ ინიცირებული „შემოსავლების საგანგებო დაჩქარების“ ფარგლებში, რომელიც ანაზღაურდება რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგებით. ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების ფარგლებში დაფინანსების წინასწარ გამოსაყოფად. ის ასევე მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ Ukraine Facility-ს ფარგლებში არსებული ყველა ვარიანტი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტს მხარი ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა დაუჭირეს, უნგრეთმა თავი შეიკავა.