Blinken after G7 meeting: support for Ukraine must remain strong
ირანის საგარეო უწყება - მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
მიხეილ ყაველაშვილი - მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უკანონო არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს
მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან

უცნობი წყარო ჯვაროსნებისა და ქართველების ურთიერთობების შესახებ

14.09.2020 ნახვები: 1308

ავტორი: ბექა ჭიჭინაძე - საქართველოს ისტორიის მკვლევარი

საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ყველა მკითხველს შესაძლებლობა აქვს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე პირველად გაეცნოს საქართველოს ისტორიის ახალ, უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც ქართველთა და ჯვაროსანთა ურთიერთობებს ეხება. ცნობები ეკუთვნის მე-17- საუკუნეს, თუმცა ავტორი ცნობილი წყაროების გარდა ეყრდნობა ჩვენთვის უცნობ მასალებსაც.
საქართველოს ისტორიის შესახებ მრავალი წყარო კვლავაც გამოსავლენია, არცთუ ისე იშვიათია მათი გამოვლენის შემთხვევები, მაგრამ ამგვარ წყაროთა მეტი წილი ფრაგმენტულია, ლუდოვიკო მამბურგელის ცნობა კი თავისი შინაარსიანობითა და მრავალმხრივობით უდავოდ იშვიათი გამონაკლისია, რომელიც დიდი შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისათვის.
იეზუიტი ბერისა და ისტორიკოსის ლუდოვიკო მამბურგელის (1610-1686) (Ludovicus Mamburgus) შრომაში - ,,წმინდა მიწის დაპყრობისათვის" (1685-წლის გამოცემა), საუბარია ლაშა-გიორგის მიმოწერაზე ჯვაროსან რაინდებთან. აქვე მოცემულია ქართველი ხალხის საინტერესო ფსიქოლოგიური პორტრეტი, ფიზიკური თავისებურებები, ვარცხნილობაც კი.
ავტორი ერთმანეთს ადარებს ძლევამოსილ ერთიან საქართველოსა და სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულ ქვეყანას, რომელიც მეზობელთა მოხარკედ ქცეულა. ლუდოვიკო მამბურგელი მოხიბლულია ქართველთა გალანტური თვისებებით, მაგრამ არც მათი ნაკლოვანებები რჩება მხედველობის არიდან. მასვე მოეპოვება ყველაზე სრულყოფილი მითითება ქართველთა დამოკიდებულების შესახებ კათოლიკურ ეკლესიასთან. ლუდოვიკოს შესანიშნავი ცნობები დიდი სამეცნიერო ღირებულებისაა, თავისი მრავალმხრივობით ის ერთ-ერთი უიშვიათესი წყაროა საქართველოს ისტორიის შესახებ.
___
,,წმინდა მიწის დაპყრობისათვის"
„ჯვაროსანთაგან ეგვიპტის სულთანზე და დამასკელებზე მოპოვებული გამარჯვებების ამბავი სწრაფად გავრცელდა ყველგან და გაამხნევა და დააიმედა ქრისტიანები აღმოსავლეთში. განსაკუთრებით ქართველები (Georgian), რომლებიც მაშინ იყვნენ და ახლაც არიან უმამაცესნი ყველა ამ ხალხებში. ეს ხალხი ატარებს ამ სახელს თავიანთი განსაკუთრებული თაყვანისცემის გამო წმინდა გიორგისადმი, რომელსაც უხმობენ ბრძოლებში, ან სიტყვა ,,გურჯი"-დან, საიდანაც მათი ქვეყანა იწოდა ,,გურჯისტანად". მცხოვრებნი ამ რეგიონში, რომელიც ვრცელდება დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე, ევქსინსა და კასპიის ზღვას შუა, ტერიტორიაზე, რომელიც უძველეს ხანაში იწოდებოდა, კოლხეთად, იბერიად, ალბანეთის ნაწილად და აგრეთვე დიდ სომხეთად; შორს, ვიდრე დარუბანდამდე.
მაშინ (მე-13-ს.) ისინი იყვნენ ერთი მეფის მორჩილებაში, ვინც მართავდა მთელ ქვეყანას, გაერთიანებულს ერთ მონარქიაში, და არ იყო დაყოფილი, როგორც ახლაა, მრავალ პატარა სამთავროდ, რომელთაც თურქებისა და სპარსელების მოხარკეობისგანაც არ შეუძლიათ თავის გათავისუფლება. ისინი არიან ქრისტიანები მოყოლებული იქიდან, რაც მოინათლნენ ახალგაზრდა მხევლისაგან, ქრისტიანი ტყვისაგან, კონსტანტინე დიდის მეფობაში, და მისდევენ ბერძენთა მრწამსსა და რიტუალებს, მაგრამ ზოგ რამეში ისინი მათგან ძლიერ განსხვავდებიან. განსაკუთრებით იმაში, რომ მათ არ აქვთ არანაირი ზიზღი რომის ეკლესიისა, როგორიც აქვთ ბერძნებს. მათგან ყველას აქვს (შემოკრეჭილი) თავი შუაგულში, გვირგვინის ფორმით, მაგრამ ეს სხვაობაა მათ შორის, რომ სამღვდელოებს ის აქვთ წრიულად, როგორც რომაელ ღვთისმსახურებს, სხვებს - კვადრატულად. აქვთ დიდი ულვაშები და გრძელი წვერი, რომელიც დაბლა აღწევს მათ სარტყლამდე. უმეტესად, ისინი არიან კარგი აგებულებისანი და კეთილგონიერნი, კეთილნი და თავაზიანნი უცხოელებისათვის, საზარელნი მტერთათვის, დიდებული მებრძოლები, დიდად მამაცნი, ქალებიც კი, რომელთაც ამაზონთა მსგავსად სურთ ბრძოლებში წასვლა, რათა იბრძოლონ ყველაზე მძვინვარედ.
ამ სიმამაცით ბრძოლის ველზე ისინი გამოირჩევიან ყველა აღმოსავლელი ქრისტიანისაგან, ისე რომ სარაცინები შიშით თუ პატივისცემით, აძლევენ უფლებას იერუსალიმში მათი დროშების ფრიალით შევიდნენ, როგორც ჯარისკაცები, რაიმეს გადახდის გარეშე, როდესაც ისინი მოდიან წმინდა საფლავში.
მაგრამ აქვთ ეს დიდი მანკიერება, რომ ისინი არიან ყველაზე დაუნდობელი მსმელები, და არად აგდებენ ხალხს, რომელიც მათთან ერთად არ ტყვრება სასტიკად არიან დაჯერებულები, რომ შეუძლებელია რომელიმე ადამიანი იყოს ჭეშმარიტად მამაცი, ვინც არ არის სმის განსაკუთრებული მოყვარული. ამგვარად, ისინი არასოდეს მიდიან ბრძოლაში სანამ კარგად არ გამოთვრებიან, ამიტომ ისინი ბრძოლის ველზე სულ თან ატარებენ ღვინის ბოთლს თავიანთი სარტყლით და სანამ დაიწყებენ ბრძოლას ლაღად ცლიან მას ბოლო წვეთამდე (ათა მალიქ ჯუვეინი და ოლივერ პადერბონელიც დაახლოებით ამავეს წერენ. ბ. ჭ.) და მაშინ მძვინვარედ უტევენ მტერს, აღფრთოვანებულები ღვინისაგან, ნახევრად მთვრალები.
ესაა ხასიათი ამ ქართველებისა, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად იყვნენ განრისხებულები კორადინზე, რადგან მათ უკითხავად მოარღვია კედლები წმინდა ქალაქს დანისტას ალყის დროს, რითაც საერთო ზიანი მიაყენა ყველა ქრისტიანს უპირველესად. ისინი ხმამაღლა იმუქრებოდნენ, რომ შურს იძიებდნენ მასზე, ამ განზრახვისას, მალევე, როცა მათ ესმათ დამიეტას აღების ამბავი, მათმა მეფემ მიწერა ჯვაროსანთა მეთაურებს, რომ მიანიჭა სიხარული მათმა გამარჯვებამ, და რომ აღძრა ისინი მათ სვებედნიერებასთან შესაერთებლად. არწმუნებდა მათ, რომ მისთვის პირადი შეურაცხყოფა იქნებოდა, თუ კი არ შეუერთდება ამ დიდებულ მაგალითს, რომელიც მათ მისცეს. ამგვარად, მათ საბედნიეროდ მან გადაწყვიტა განეხორციელებინა ძლევამოსილი ლაშქრობა სირიაში, რათა დასხმოდა თავს კორადინს თვით მის სატახტო ქალაქ დამასკოში. მაგრამ ყველა ეს სამართლიანი იმედი ურწმუნოთა განდევნისა წმინდა მიწიდან სწრაფად მოისპო ორი უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც წარწყმიდა ყველა იმედი ქრისტიანებისა აღმოსავლეთში, პირველი ეს იყო, რომ როცა საქართველოს მეფე ემზადებოდა მისი წმინდა ომისათვის, მიიღო ცნობა, რომ თათრები, რომელთაც წამოიწყეს ფართო დაპყრობები აზიაში, მზად იყვნენ შეჭრილიყვნენ მის სამფლობელოში და ამან დააბრკოლა ეს ღირსეული მმართველი იმის განხორციელებაში, რაც ასე გულწრფელად განეზრახა კორადინის წინააღმდეგ".
------
როგორც მკითხველი თავადაც დარწმუნდებოდა, ლუდოვიკო მამბურგელის ცნობები საქართველოს ისტორიის გამორჩეული წყაროა, რომელიც მრავალი სხვა წყაროს მსგავსად მშრალად კი არ გადმოსცემს მოვლენებს, არამედ საფუძვლიანად, ცდილობს დაინახოს კანონზომიერება ხალხის ფსიქოლოგიასა და ისტორიას შორის და ხატავს მთლიან სურათს, რომელშიც მიუკერძოებლადაა ასახული ქართველი ერის ღირსებები და მანკიერებები, შეიძლება ითქვას, რომ იეზუიტი ბერი ლუდოვიკო ქართველი ხალხის გულწრფელი გულშემატკივარი და კეთილსინდისიერი აღმწერია.
ლუდოვიკოს ცნობის გარდა მიკვლეული გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი წყაროებიც, რომელსაც მკითხველს პერიოდულად მივაწვდით, საქართველოს ისტორიის წყაროების ეს სერია იძლევა შესაძლებლობას ახლებურად გავიაზროთ ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის წარსულიდან.

ფოტო: The Morgan Crusader's Bible c. 1250 The Morgan Library and Museum, New York

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა