საქართველო აშკარა ჩიხშია, რომელსაც უკვე ნათლად ხედავს ყველა, მათ შორის ხელისუფლების მომხრეები - თუ არ ჩავთვლით კოლექტიურ ხაინდრავა-მაროშკინას..
აშკარაა, რომ ქვეყანა გაიჭედა, წლების მანძილზე ერთ ადგილს ტკეპნის, კარგავს ყველა იმ უპირატესობებს, რომლებიც ძალიან მაღალ ფასად მოიპოვა 2012 წლამდე. ამას ემატება გაურკვევლობა საგარეო კურსის კუთხითაც - მაშინ, როდესაც რუსეთისგან მისი ვასალებიც კი გარბიან, ქოცები პირიქით, დღეს მოსკოვთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.
ყველა ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას - რატომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში? რა არის გამოსავალი და რატომაა ქართული საზოგადოება წარმოუდგენლად პასიური და შემგუებელი ყველა იმ საზიზღრობების მიმართ, რომლებსაც ქოცები სჩადიან? ერთ დროს საქართველო ნებისმიერ უსამართლობაზე რეაგირებდა და ქუჩაში გამოსვლისთვის მუდმივად მზად იყო, დღეს კი ისეთ რამეებზე არ იმჩნევს, რაზეც გუშინ ქვეყანას შეაზანზარებდა.
რა ხდება? სად გაქრა ეს შეურიგებელი და თავისუფლების მოყვარული ხალხი? ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს, რომელიც ნაწილობრივ სიმართლეა.
მაგალითად, ნაწილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება პასიურობს იმიტომ რომ ვერ იტანს ნაციონალებს. შესაძლოა ამაში სიმართლის მარცვალი იყოს, ოღონდ მხოლოდ მარცვალი. ნაცების მიმართ ზიზღის ხარისხი აშკარად გადაჭარბებულია - აქტიურად მიშას ვერ იტანს მოსახლეობის 10-15%, ეს კი არაა ის რაოდენობა, რომელსაც ქვეყნის ამ დონეზე დემორალიზება შეუძლია.
თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ნაცმოძრაობას ყველა არჩევნებში ხმას სტაბილურად აძლევს 800 000 ადამიანი, ხოლო მთლიანად ოპოზიციას 50%-ზე მეტი - ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა. ეს ხალხიც კი, არჩევნებს შორის პერიოდებში პასიურობას ინარჩუნებს და ამას ვერანაირად ვერ მივაწერთ ანტიმიშიზმს.
კიდევ ერთი მოსაზრებაა - დღევანდელი ქართული საზოგადოების თავისებური მდგომარეობა. მისი სტრუქტურა ბოლო წლებში გარკვეულწილად დალაგდა და გაფორმდა რამდენიმე მსხვილი კატეგორია - პირობითად, საშუალო ფენა და მდაბიოები.
როგორც წესი, ყველანაირი პოლიტიკური აქტიურობა მთელს მსოფლიოში მოდის საშუალო ფენიდან, თუმცა, დღევანდელ საქართველოში საშუალო ფენა დაკავებულია. ამ კატეგორიაში თითქმის არ არსებობს უმუშევრობა, ეს ადამიანები შრომობენ, ოჯახებს არჩენენ, მთლიანობაში უკმაყოფილოები არიან, თუმცა, თავიანთ სტატუსს მაინც უფრთხილდებიან. მათ შეუძლიათ გარეთ გამოსვლა, მაგრამ ამის დრო და განსაკუთრებული პირადი მოტივაცია არ გააჩნიათ.
ქუჩაში გამოსვლისთვის ყველაზე აშკარა მიზეზები მდაბიოებს აქვთ - სწორედ მათ შორისაა განსაკუთრებული სიდუხჭირე, უმუშევრობა და სოციალური პრობლემები, თუმცა მათ პოლიტიკური აქტიურობისთვის არც ნება გააჩნიათ და არც ჭკუა.
გამოდის თავისებური მაკრატელი - საშუალო ფენას პროტესტის გამოხატვის უნარი აქვს, მაგრამ მოტივაცია - ნაკლებად, მდაბიოებს კი მოტივაცია და მიზეზი აქვთ, მაგრამ უნარი და გონებრივი შესაძლებლობები - არა.
თუმცა, არც ესაა საქართველოში გამეფებული წარმოუდგენელი ნიჰილიზმის და საყოველთაო პოლიტიკური აპათიის მიზეზი. სიღრმისეული ახსნა კი სულ სხვა რამეშია - საქართველოში არსებულმა და 30 წლის მანძილზე ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა სისტემამ თავისი თავი მთლიანად ამოწურა.
ბევრი პატარა-პატარა ოპოზიციური პარტია, რომელიც ერთმანეთთან მუდმივი თანამშრომლობა-კინკლაობის რეჟიმშია, პოლიტიკური პროცესები უკიდურესი ისტერიულობა და კონფრონტაციულობა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, თანამშრომლობაზე და კონსტრუქციულობაზე უარის თქმა - ეს არის ამ სისტემის მხოლოდ ნაწილი.
ასევე უცვლელი სურათი გვაქვს არჩევნებში - ოპოზიცია წარდგება ელექტორატის წინაშე 20 პარტიის სახით, რომელიც იღებს 2-5%-ს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებას საქმეს უადვილებს.
ამას ემატება უკიდურესად პოლარიზებული მედია-სივრცე, რომელიც კომპრომისებს არ ცნობს და ერთმანეთის დემონიზებითაა დაკავებული.
აი, ამ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს საქართველო ბოლო 30 წელი. ამ სისტემის ნაწილია მიტინგი - არა როგორც პროტესტის გამოხატვის, არამედ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. საქართველოში არავინ დადის მიტინგზე უბრალოდ უკმაყოფილების გამოსახატად - მიტინგისგან ჩვენთან ყოველთვის ელიან გადამწყვეტ ქმედებებს - „დღეს უნდა დავამთავროთ ესენი“.
სწორედ ეს მოდელი და მისი ერთ-ერთი ბურჯი - ქუჩა, როგორც საკითხების საბოლოო გადაწყვეტის ადგილი - შევიდა ჩიხში.
მიტინგი-რევოლუცია - სუსტი და მოშლილი სახელმწიფოების ხვედრია - ისეთის, როგორიც იყო 2003 წლის საქართველო. იქ, სადაც რაღაც დონეზე არსებობს სახელმწიფო, მიტინგი ხდება მხოლოდ პროტესტის გამოხატვის საშუალება და არა პანაცეა. უკვე სააკაშვილის დროს ოპოზიცია აწყობდა 60 000-ან მიტინგებს, თუმცა, ხელისუფლება ამით მაინც ვერ შეცვალა. მიტინგი-რევოლუციის დრო წარსულს ჩაბარდა.
50 ოპოზიციური პარტიის ძიძგილაობა სასურველ ეფექტს უკვე ვერ იძლევა. დაუსრულებელი პოლარიზაცია, ერთმანეთის ლანძვა-გინება საზოგადოების არა მობილიზებას და „მუხტის აწევას“, არამედ საპირისპირო შედებს - ნიჰილიზმს და აპატია შობს. ყველაფერი, რითაც ცხოვრობდა ქართული პოლიტიკა - სრულ ჩიხშია.
ძველმა სისტემამ საკუთარი თავი საბოლოოდ ამოწურა. თუმცა, ახალი სისტემა და ახალი თამაშის წესები ჯერ არსად ჩანს. ჩიხის დაძლევის გზა და შუქი გვირაბის ბოლოში ჯერ ახლოსაც კი არაა.
ავტორი: თენგიზ აბლოთია
„ნეიშენ ჯორჯია“