6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში, სტუდენტებმა აუდიტორიები, სკოლის მოსწავლეებმა კი საკლასო ოთახები დატოვეს და საპროტესტო აქციებს მართავენ
გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!
დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ვადაგასულმა „პრეზიდენტმა“, გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს
მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა
სალომე ზურაბიშვილი - ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს
გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ბერბოკმა დაგვიბარა, ქვეყანაში შუქის ამნთები კი არა - ჩამქრობიც აღარ დარჩება!

26.03.2023 ნახვები: 2777

ასეთ რამეს სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით… გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირში გვექაჩება, ჟანგისგან შეჭმულ რუსულ ღუზას ჩაბღაუჭებული ჩვენი მთავრობა კი ცოცხალი თავით არ მიყვება - "ღირსებას არ წაგართმევინებთ, ქვეყანას არ აგარევინებთ და ომში არ ჩაგართვევინებთო"...

"ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს და ზეწოლას შიგნიდან და გარედან" - გერმანული პირდაპირობით გვითხრა  ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტის წინ, რომელიც ძნელი მისახვედრი არ არის თუ რას ემსახურებოდა: ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა აშკარად დაინახეს თბილისის მხრიდან კურსის ცვლილების საფრთხე და ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს პირველი დიპლომატი ამ "მცდელობების" აღსაკვეთად, ევროკავშირის სახელით საგანგებო ვიზიტით მოავლინეს. თუ ცოტა უფრო დიდ სურათს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს ვიზიტი არა ერთჯერადი აქტი, არამედ მოვლენათა ჯაჭვის ნაწილია: ბერბოკის სტუმრობას წინ უსწრებდა დიდ პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. მანამდე კი, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემაც დაგვდო ჩამოსვლის პატივი. ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი აქტიურობა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: საქართველოს დასავლური გზიდან აცდენის ალბათობა საკმაოდ მაღალი, ხოლო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დასავლეთის კონსოლიდირებული პოლიტიკა, რომელიც სამწუხაროდ აქამდე არ არსებობდა, უკვე არსობრივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებულია.

რა იყო ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილები? მან ოფიციალურად დაგვიდასტურა გერმანიის, ანუ ევროკავშირის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს მხარდაჭერა. თუმცა, ისიც გვითხრა რომ გზა ევროკავშირისკენ ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით როდესაც საქმე ევროპულ ღირებულებებს ეხება. გერმანიის პირველმა დიპლომატმა პირდაპირ გვითხრა: მიუხედავად იმისა რომ ქართველი ხალხის ადგილი ევროკავშირშია, 12 პუნქტის ზედმიწევნით შესრულების გარეშე ქვეყანას ამ გზაზე წარმატება ვერ ექნება. ანუ ვერც საქართველოს მთავრობა - სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და ვერც ხალხი - მთავრობის გარეშე კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ბერბოკმა ხელისუფლებას მოუწოდა დრო აღარ დაკარგოს: სასწრაფოდ საჭიროა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება, რისთვისაც აუცილებელია ქართული საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრების კრიტიკისა და მითითებების გათვალისწინება.

სანამ მინისტრი დარჩიაშვილი ღიმილიანი სახით გერმანელ კოლეგას ყველაფერში კვერს უკრავდა, პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სიძულვილის ნაპერწკლებს ყრიდა და იმის სრულიად საპირისპიროს არათუ ამბობდა - აკეთებდა, რაც ბერბოკმა გვირჩია. დეპოლარიზაციის მცდელობის ნაცვლად, ღარიბაშვილმა, ის სამოქალაქო საზოგადოება, რომლის მიმართაც აღფრთოვანება არ დამალა გერმანელმა მინისტრმა, ანარქისტებად, ექსტრემისტებად და სატანისტებად მონათლა და ოპოზიციასთან ერთად მეხუთე კოლონად და ქვეყნის მოღალატეებად კიდევ ერთხელ გამოაცხადა. არადა, აქამდე, მეხუთე კოლონას ქვეყნის შიგნით მოქმედ რუსეთის მართულ ძალებს ვუწოდებდით, პრემიერისთვის ეს მეხუთე კოლონა დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერილი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფები აღმოჩნდნენ. ხოლო ის დასავლელი მეგობრები, რომელთა კრიტიკის გათვალისწინებაც ბერბოკმა ურჩია, ღარიბაშვილმა კორუმპირებულებად და ნაცმოძრაობის გავლენის აგენტებად მოიხსენია. მოკლედ, ივანიშვილის მარიონეტმა უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან, დასავლეთი მტრად შერაცხა, ევროპელი პოლიტიკოსები ლანძღა, რუსეთის მისამართით გულისამრევი მასშტაბისა და სიღრმის ლოიალობა აფრქვია. ეს ყველაფერი კი პარლამენტში გინებით, ჩხუბითა და თავპირისმტვრევით დაგვირგვინდა, რაც ნდობის აღდგენისა და დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

არ ვიცი ზუსტად რა იყო ანალენა ბერბოკის გზავნილები ივანიშვილის მინისტრების მისამართით კულისებს მიღმა, ან თავად მინისტრმა ვიზიტის შედეგად რა დასკვნები გამოიტანა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გზავნილები ცალ ყურში შეუშვეს და მეორე ყურიდან გაუშვეს. ჩვენ ვერ დავინახეთ ხელისუფლების რიტორიკის თუ პოლიტიკური ხაზის მცირეოდენი ცვლილებაც კი. პირიქით, ეს ხაზი სულ უფრო კონფრონტაციული და ანტი-დასავლური ხდება და პოლიტიკურ ოპონენტებთან ველური მეთოდებით დაპირისპირებაში გადადის.

სიველურე, ერთ კაცზე წასეულ, კოსტიუმში გამოწყობილ სადეპუტატო ზონდერ-ჯგუფზე გაგვახსენდა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა იმის გააზრება, რომ უკვე სისტემის ლპობის იმ ფაზაში შევედით, სადაც მთელი ხელისუფლება სექსუალურ მოძალადეს იცავს, სპეცსამსახურები უთვალთვალებენ მსხვერპლს, პოლიციით სახლში უვარდებიან და კანონისა და ეთიკის ყველა ნორმის დარღვევით, პროპაგანდისტული არხებით ცდილობენ გადაფარონ ის ჭუჭყი და სიბილწე, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა და საქართველოში დღეს მოქმედ რეჟიმზე ამბობს მხოლოდ იმას, რომ ერთი, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი კაცის გადარჩენას შეუძლიათ გადააყოლონ საკუთარი ღირსების ის მცირე ნაგლეჯიც კი, რომელიც ოცნების მხარდამჭერს ჯერ კიდევ შერჩენია.

ამიტომაც მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში 12 პუნქტის შესრულება სრული ილუზიაა, ისევე როგორც იმის იმედად ყოფნა, რომ დროშით ხელში წყლის ჭავლთან მებრძოლი ქალით, ფერადი და გამბედავი ახალი თაობით, თუ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობით აღტაცებული ევროპელი პოლიტიკოსები თუ ჩინოსნები ყველაფერზე თვალს დახუჭავენ და კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. სრული გულუბრყვილობა და მეტიც უპასუხისმგებლობა იქნება თუ ჩვენ, ქართული საზოგადოება და ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოთმინებით დაველოდებით წლის ბოლოს, როდესაც ევროკავშირი იძულებული გახდება უარით გამოგვისტუმროს.

ბერბოკმა დაგვიბარა ევროპას, ქართველ ხალხთან, საერთო ღირებულებები და საერთო მომავალი გვაქვსო. ივანიშვილის მთავრობამ ცივილიზებულობის ნიშნად გლობალური აქციის ფარგლებში ერთი საათით შენობაში შუქი ჩააქრო, პარალელურად დეპუტატი ცემა, დასავლეთს აგინა, მედასავლეთეები მეხუთე კოლონად მონათლა, პუტინს ბირთვული ეგო მოფხანა და საკუთარი მანიაკის გადასარჩენად სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს სახლში შეუვარდა. ტოტალიტარიზმს თავისი განვითარების ლოგიკა აქვს. უარესებიც მოხდება და ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებია მთელ საზოგადოებას რა გველის, დროა მივხვდეთ რომ ასე თუ გაგრძელდა - ქვეყანაში შუქის ამნთები კი არა - ჩამქრობიც აღარ დარჩება!

გიორგი თარგამაძე

 

ფორმულა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა