„ლიბერთი ბანკს“ სამართალმემკვიდრეობის გარდა, სავარაუდოდ ,საბჭოური მენტალიტეტიც გადაეცა, ასე ეხმიანება „ნეიშენ ჯორჯიას“ დაკვეთით APPA-ს მიერ ჩატარებულ კვლევას ანალიტიკოსი, ეკონომისი მამუკა შველიძე.
„გვესმის იდეალური არავინ და არაფერი არაა. ყველა ბანკს ეყოლება უკმაყოფილო მომხმარებელი. მაგრამ გამოკითხვის ტენდენციაა ყურადსაღები. „ლიბერთი ბანკის“ ნეგატიური შეფასების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია ყველა სხვა დანარჩენზე. სხვა ბანკების მაჩვენებლები დაახლოვებით ერთნაირია. როგორც იტყვიან, წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილ სამართალმემკვიდრეობასთან ერთად, „ლიბერთი ბანკს“ სავარაუდოდ, საბჭოური მენტალიტეტიც გადაეცა. რიგ სფეროებში მონოპოლისტები არიან, რაც არ აიძულებს მას სიახლეების დანერგვას და მომსახურეობის გაუმჯობესებას“, - აცხადებს შველიძე.
შველიძე ყურადღებას ამახვილებს ნეგატიური განწყობების ფორმირების ცალკეულ მიზეზებზე.
„ „ლიბერთი ბანკის“ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ რიგ მიმართულებებში მონოპოლისტია. ლიბერთი 1 მილიონამდე პენსიონერს ემსახურება, რომელებიც დიდად მოხიბლულნი არ არიან მისი სერვისით და ბანკთან ურთიერთობის წესებით. ამას ყველაფერს ხედავენ, გრძნობენ მათი ოჯახის წევრებიც, რომელთაც პირდაპირი შეხებაც რომ არ ჰქონდეთ ამ კონკრეტულ ბანკთან, ნეგატიური განწყობები ექმნებათ. დავრდომილი ადამიანის ბანკში მიყვანას რომ მოგთხოვენ ან დამატებითი ხარჯების გაღებას ნოტარიუსისთვის, თან თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ვის შეიძლება პოზიტიური განწყობები ჩამოუყალიბდეს, სულაც კონკრეტული ბანკის ოფიცერი თავზე რომ გადაჰყვეს კლიენტს?“, - აცხადებს შველიძე.
მოსახლეობის მხრიდან „საქართველოს ბანკისადმი“ არაკეთილგანწყობას რაც შეეხება ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბანკის დიდი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე სერვისების გაუმჯობესების ინტერესის არ ქონაა.
„საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში მიზეზი დიდი ფინანსური რესურსებია. ამ მიზეზების გამო ისინი მომსახურეობას არ აუმჯობესებენ“, - აცხადებს შველიძე და დასძენს, - „ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც კონკრეტული მიზეზების გამო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებით ბმაშია ამ ორ ბანკთან, რომელთა სერვისებით კმაყოფილი არ არის“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საბანკო სისტემის მიმართ მოსახლეობის განწყობების შესწავლის მიზნით, „ნეიშენ ჯორჯიას“ დაკვეთით APPA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმართ არსებობს.