საქართველოში ტერორიზმის საფრთხზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების ხარისხმა, გაცილებით მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი გასცა.
ყველაფერი დაიწყო 2025 წლის 7 მაისს, აშშ-ის საელჩოს განცხადებით.
აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს ოფიციალურად მოუწოდა, თავი შეეკავებინათ თბილისის რამდენიმე სავაჭრო მოლის (Galleria Tbilisi, East Point, Lilo Mall) მონახულებისგან - ტერორისტული საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო.
განცხადება იყო საკმაოდ კორექტული და მასში იყო რჩევა: „მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ამბებს განახლებისთვის. დამატებით ინფორმაციას, როცა გვექნება, შეგატყობინებთ“.
ამ განცხადებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) ცინიკური და მოულოდნელი ტექსტით უპასუხა:
„მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ უსაფრთხოების უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებებისგან.“
თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ის იყო, რომ არანაირი უსაფრთხოების პროცედურა არ განხორციელებულა: არ გადაეკეტა სავაჭრო მოლები, არ მოხდა ევაკუაცია, არ გამოჩნდა ნაღმის ძებნის ჯგუფები, სპეციალისტები ან გამაფრთხილებელი ბარიერები.
სუს-ის არგუმენტი საკმაოდ საეჭვოდ ჟღერდა: ეს, თურმე, „მორიგი ცრუ შეტყობინება“ იყო.
მაგრამ ცივილიზებულ მსოფლიოში უსაფრთხოების რომელი უწყება გაბედავს წინასწარ თქვას, რომ „ეს შეტყობინება ცრუა“, მაშინ როცა არანაირი უსაფრთხოების ქმედება ჯერ არ განხორციელებულა?
სუს-ის მყისიერი რეაგირება „ცრუ შეტყობინების“ კონტექსტში, ბადებს გონივრულ ეჭვებს. მით უფრო, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი ძალა შიდა პოლიტიკური ან საერთაშორისო მიზნებისთვის იყენებს უსაფრთხოების თემებით სპეკულაციას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშკარად ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, მზადდებოდა სცენარი, რომელსაც აშშ-ის საელჩოს პრევენციულმა რეაქციამ ხელი შეუშალა. ამას ადასტურებს სახელმწიფო უწყებებს რეაგირება საელჩოს ინფორმირებულობაზე.
მოდით უფრო კონკრეტულად.
საფრთხის დაუზუსტებლობის პირობებში პირდაპირი უარყოფა და პირიქით, საელჩოს დატუქსვა - რას ჰქვია შენი მოქალაქეები გააფრთხილეო, რბილად რომ ვთქვა, დიპლომატიური იდიოტობაა.
სუს-ში და ზოგადად ხელისუფლებაში (ნებისმიერში) უნდა ესმოდეთ, მსგავსი გაფრთხილებები სტანდარტულად განიხილება, როგორც რეალური საფრთხის პრევენცია, არა პანიკის დათესვა.
ბოლო წლებში, ე.წ. ბომბის ცრუ შეტყობინებების დროს, ხშირი იყო სკოლების, მოლების და სხვა დაწესებულებების ევაკუაცია და ტერიტორიის შემოწმება.
ახლა კი სავაჭრო ცენტრების ევაკუაციაც არ მომხდარა, რაც აშკარა დისბალანსია წარსულის და ახლანდელი რეაგირების შორის.
განცხადება შეიცავს პოლიტიკურ აქცენტს და დიპლომატიურ კორპუსზე ზემოქმედების მცდელობას, რაც ნორმალურ უსაფრთხოების სამსახურს არ შვენის.
მსგავსი ტექსტი - „თავი შეიკავონ შეუთანხმებელი განცხადებებისგან“ - უფრო ახდენს საზოგადოებრივი ეჭვების გამძაფრებას, ვიდრე უსაფრთხოების განცდის გაძლიერებას.
პირველი - შესაძლოა, უწყებამ არ მოისურვა საზოგადოებრივი პანიკის გამოწვევა და საკუთარი იმიჯის შელახვა, თითქოს „ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის.“
იყო საფრთხის სიმძაფრის დაფარვის მცდელობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის საელჩომ უზრუნველყო საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების პრევენცია.
ეს უფრო მძიმე ვარაუდია: შესაძლოა, შიდა ძალებმა (მათ შორის სპეცსამსახურმა) იცოდნენ, რომ რეალური საფრთხე იგეგმებოდა და ამაზე ან თავად მუშაობდნენ, ან იყვნენ სრულად ინფორმირებულები. საელჩოს მიერ დროულად გავრცელებულმა გაფრთხილებამ შესაძლოა, დაგეგმილი სცენარის ჩაშლა გამოიწვია, რაც დაძაბულობის დაფარვით ჩაანაცვლეს.
ეს ინციდენტი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია იმისა, რომ საქართველოში უსაფრთხოება პოლიტიკური კონიუნქტურის მძევალია.
თუ სახელმწიფოს სპეცსამსახური ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებელი რეაგირების ნაცვლად, პირველ რიგში უარყოფაზე და უცხოელი პარტნიორების მიმართ შენიშვნაზე კონცენტრირდება, ეს ძირს უთხრის არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ მოსახლეობის ნდობასაც.
მაქვს სხვა უფრო მნიშვნელოვანი გონივრული ეჭვიც, რომელსაც რიგი ფაქტორების გამო არ გავაჟღერებ, თუმცა ერთი მაინც უნდა ვთქვა - რეალურად ხომ არ იგეგმებოდა რამე, რუსეთის სპეცსამსახურების ინსტრუქტაჟითა და მონაწილეობით, რათა თუნდაც მინიმალური ზიანი, რომელსაც ამ „ღონისძიებით“ გამოიწვევდნენ, შეეტენათ ოპოზიციისთვის, ან „უცხო და მტრულად განწყობილი“ ძალებისთვის?
დიახ, თეორიულად შესაძლებელი იყო მინიმალური ზიანის გამოწვევით, ყველაფერი ოპოზიციას ან „უცხო მტრულ ძალებს“ დაბრალებოდათ.
ამ მოსაზრების გასამყარებლად გამოდგება ის, რომ ინფორმაციის ჩახშობის და გადაფარვის მცდელობა აშკარად შეიმჩნეოდა. საეჭვოდ დისტანცირებული პოზიცია ოფიციალურ მედიასაშუალებებშიც აისახა.
რატომ არის ეს ფაქტი ასე ყუადღსაღები და დასაფიქრებელი?
უამრავ სხვა მეთოდთან ერთად ტერორი ხშირად გამოიყენება როგორც პოლიტიკური ტექნოლოგია.
ისტორიას ახსოვს ბევრი შემთხვევა, როცა ტერორიზმი ან მისი იმიტაცია გამოიყენებოდა: შიშის ატმოსფეროს გასაძლიერებლად; ძალის დემონსტრირებისთვის; „გარეშე და შიდა მტრის“ შექმნისთვის ან მათ გამოსაკვეთად; შიდა კონტროლის გასაძლიერებლად და გასმართლებად.
მით უფრო რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა, ცალკე სალომე ზურაბიშვილის განცხადება 26 მაისთან დაკავშირებით და ირაკლი კობახიძის პასუხი - „ხელი არავის წაუცდეს“...
კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამაზე. არის ერთი, თითქოს კონსპირაციული, მაგრამ რეალური კონტურებისგან შემდგარი ვარაუდი: ხომ არ იგეგმებოდა პოლიტიკური ქმედება, რომელსაც მცირე და კონტროლირებადი ზიანი ექნებოდა, მაგრამ რისი წარმოჩენაც მოხდებოდა, როგორც „ დივერსია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ოპოზიციას ან დასავლეთს „შეეტენებოდა“?
ამ ეჭვს გასამყარებლად საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ოფიციალურმა უწყებებმა მკაფიოდ თქვეს - „ცრუა“ და არ განახორციელეს საერთაშორისო სტანდარტების უსაფრთხოების ღონისძიებებში. ანუ რეალური პროცესის მართვა მათ ხელში იყო. ღილაკს თავად ფლობდნენ...
ამ ისტორიაში, მოყვანილი არგუმენტებით ყველაზე თვალსაჩინო და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ:
ა)აშშ-ის საელჩოს განცხადებამ გააჩერა შესაძლო სცენარი;
ბ) ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ მოქალაქეების უსაფრთხოების ზომების გატარება;
საბოლოოდ, იმპროვიზირებული სპექტაკლი ჩაიშალა.
ახლა დავუშვათ, რომ ზემოთ აღწერილს არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.
თუმცა, ამ ყველაფრის გასაქარწყლებლად ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება, რადგან პირადად ჩემთვის არასაკმარისია - „ცრუ შეტყობინება“.
ამიტომაც, მოსახლეობას უნდა მიეცეს სრული, გამჭვირვალე ინფორმაცია - როდის შემოვიდა შეტყობინება, რას აკეთებდნენ რეალურად, რომელი უწყება მოქმედებდა და როგორ.
კარგი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, საერთაშორისო პარტნიორებმა შეისწავლონ: იყო თუ არა რეალური საფრთხე, ხომ არ იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაცია პოლიტიკური მიზნებისთვის.
და მაინც, ბოლოს შეგახსენებთ, რომ „არაგამჭვირვალე ხელისუფლება – არაგამჭვირვალე რისკების წყაროა“.
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი