ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

დონალდ ტრამპი და მეოთხე მსოფლიო ომი

01.13.2021 | 11:32 ნახვები: 1036

ალბათ 60 წლის წინ, როდესაც პირველად გაჩნდა ტერმინი „ცივი ომი" და მას ხშირად განიხილავდნენ როგორც „მესამე მსოფლიო ომს" (რაც შინაარსობრივად აბსოლუტურად ზუსტი განსაზღვრება იყო პირველ ტერმინთან მიმართებაში) ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „მესამე, ცივი მსოფლიო ომის" შემდეგ მეოთხეც იქნებოდა. 

განსაკუთრებით ძნელი იყო ამის წარმოდგენა 1989 წელს „ბერლინის კედლის" დანგრევის, ფერადოვანი ფოიერვერკების, საყოველთაო სასიხარულო ყიჟინას, „ბორკილთა მსხვრევის" ტკბილი სულისკვეთების, საბჭოთა იმპერიის დანგრევისა და პიროვნული თავისუფლების, ლიბერალიზმის იდეათა ტრიუმფალური გამარჯვების ფონზე.
მხოლოდ ახლა თუ ჩნდება იმის გაგება და აღქმა, რომ მას შემდეგ, რაც კომინიკაციები გრანდიოზულად განვითარდა, მთელი მსოფლიო მოიცვა, ინტერნეტმა ყველა კუთხე/კუნჭულში, ყველა სმარტფონში, ყველა კომპიუტერში შეაღწია - როდესაც გლობალური ქსელის მეშვეობით ატომური ელექტროსადგურების დესტაბილიზაციაც კი არის შესაძლებელი, ხოლო ე.წ. „სოციალურმა ქსელებმა" უძლიერესი საზოგადოებრივი საკომუნიკაციო ინსტიტუტის ფუნქცია და კოლოსალური გავლენა შეიძინეს, პლანეტაზე მეოთხე მსოფლიო ომიც გაჩაღდებოდა. ომი, რომლის დროს დიდი სახელმწიფოები სწორედ კომუნიკაციების, სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების და „სოციალური ქსელების" მეშვეობით ცდილობენ (ახერხებენ!) მტრული სახელმწიფოს დესტაბილიზაციას, მისთვის ეგზისტენციური პრობლემების შექმნას - არსებულ სოციალურ მანკიერებათა კიდევ უფრო „გასიმსივნებით", ურთიერთდაპირისპირების გაღვივებითა და წარმატებული დესტაბილიზაციით.
ეს არის მეოთხე მსოფლიო ომი, ოღონდ „კარიბის კრიზისების", „ბერლინის კრიზისების", მთავარ მოწინააღმდეგეთა შორის უშუალო სამხედრო „ჯახის" გარეშე კორეაში, ვიეტნამში თუ აფრიკაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არ ვამბობ, რომ სწორედ რუსეთის მრავალწლიანმა და ლამის „მარადმა" მმართველმა პუტინმა, ვისაც არ ასვენებს და არც ოდესმე განეყრება „სამშობლოს" (სსრკ) დანგრევით გამოწვეული ბოღმა, „აირჩია ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად". არა რასაკვირველია. ამას ვერც შეძლებდა. მაგრამ დიდწილად რომ შეუწყო ხელი - ჰილარი კლინტონის პირადი კომპიუტერიდან კონფიდენციური სახელმწიფო დოკუმენტების მოპარვით და სხვა უამრავი „ტექნოლოგიური" პროვოკაციით, მათ შორის რუსეთის „საინფორმაციო ჯართა" (ეს შეფასება კი არ არის - რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ცალკე სახეობაა, ავიაციისა და ფლოტის მსგავსად-დ.გ) უთვალავი „ბოტ"-ისა და „კლონის" მეშვეობით - აბსოლუტურად უდავოდ მიმაჩნია.
მაგრამ რატომ? სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა: რატომ იყო დაინტერესებული პუტინი სწორედ ტრამპი და არა კლინტონი გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტი 2016 წელს?
ახლა უკვე საბოლოოდ ცხადია რატომაც: რუსეთის საგრეო დაზვერვის სამსახურის ანალიტიკურმა ცენტრებმა სწორად გათვალეს, რომ პოპულისტი, ქარიზმატული, ამერიკელთა „ძირფესვიანი ნაწილის" (WASP - თეთრკანი ანგლოსაქსი პროტესტანტი) იმმანენტურ ინსტინქტებზე სახიფათოდ მოთამაშე ტრამპი აუცილებლად შეასრულებდა მძლავრი „დესტაბილიზატორის" როლს ამერიკული საზოგადოებისა და თვით ამერიკული სახელმწიფოსათვის.
პუტინის და მისი გლობალური ბერკეტების როლი არ ყოფილა გადამწყვეტი, მაგრამ ნამდვილად არსებითი იყო. მათ შორის შემდგომდროინდელ პროცესთა და ტენდენციათა (2016-2020) გაძლიერება/გამნწვავებაში. თანაც ამერიკულივე „სოციალური ქსელების" გამოყენებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დამთავრდა იმით, რითაც უნდა დასრულებულიყო: ბრბოს მიერ ამერიკული და მსოფლიო დემოკრატიის „საკრალურ ტაძრად" მიჩნეული კონგრესის დარბევით, გლობალური თავსლაფდასხმით და ამერიკის ზესახელმწიფოს შერყვნით.
ამერიკული ელიტები ამ ისტორიულ მარცხს უკვე აცნობიერებენ. ამიტომ მათი მიზანია, „ზარალის" შემცირება/კომპენსირებისთვის, არა მხოლოდ იმ სოციოპატთა გასამართლება, ვინც „კაპიტოლიუმზე" მდებარე შენობაში შეიჭრა, არამედ თვით ტრამპის თვალსაჩინოდ, სამაგალითოდ დასჯაც.
სწორედ ამიტომ დგას დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტი მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვრამდე, ესე იგი ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე (20 იანვარი) სულ რამდენიმე დღე რჩება.
„დემოკრატები" ცდილობენ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ქვეყანას თავსლაფი დაასხა საკუთარი აშკარად ავადმყოფური ეგოს დასაკმაყოფილებლად, არა უბრალოდ „გაუშვან", არამედ სამაგალითოდ და სამარცხვინოდ გააგდონ თეთრი სახლიდან.
გარდა იმპიჩმენტისა, განიხილება, ასევე, კონსტიტუციის იმ შესწორების ამოქმედება, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტს, პრეზიდენტის ქმედუუნარობის შემთხვევაში, აქვს უფლება მთავრობის წინაშე დასვას სახელმწიფოს მეთაურის გადაყენების საკითხი. თუმცა ამჟამინდელი „ვიცე" მაიკ პენსი მაინც „ფეხს ითრევს" და ეს საკითხი, ისევე როგორც იმპიჩმენტის შესაძლებლობა ესოდენ მოკლე ვადაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„უოთერგეიტის" სკანდალის შემდეგ (1974წ), როდესაც დადასტურდა, რომ სახელმწიფის მეთაურის ბრძანებით სპეცსამსახურებმა „დემოკრატიული პარტიის" შტაბ/ბინაში მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს, კონგრესმა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის იმპიჩმენტი წამოიწყო. ნიქსონმა ჭკუა იხმარა, საბოლოო კენჭისყრას არ დაელოდა და მაშინვე გადადგა. შემდეგ იგი მისმა შემცვლელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა შეიწყალა.
პრეზიდენტ ტრამპს ვიცე/პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომ უნდოდეს, ვერ შეიწყალებს. ამის უფლება არა აქვს. ამიტომ ტრამპი კიდევ უფრო მეტ ლაფს ასხამს თავის დიდებულ ქვეყანას და სერიოზულად განიხილავს „სანამ გვიან არ არის" საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობას!
ეს ყველაზე უარესია რაც შეიძლება დიადი იდეის მატარებელ ქვეყანას დაემართოს: ზესახელმწიფო შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სასაცილოდ და დასაცინად: ეს უკვე ნამდვილად ამერიკის „დასასრულის დასაწყისი" გახდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კითხვა: ვინ უფრო გავლენიანია ამერიკაში? პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც სულაც არ არის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი, ილონ მასკი, ვინც მილიარდერთა სიაში პირველ ადგილზე გავიდა ახლახანს, ოღონდ მარსზე გადასახლებას აპირებს, თუ სოციალურ ქსელ Twitter-ის დამფუძნებელი და მფლობელი ჯეკ დორსი?
რა თქმა უნდა დორსია ყველაზე გავლენიანი: გასულ შაბათს, მისი ბრძანებით, Twitter-მა სამუდამოდ (!) დაბლოკა დონალდ ტრამპის ექაუნთი. არადა, აშშ 45-ე პრეზიდენტის „თუითთა" გამომწერი 85 მილიონზე მეტი ადამიანია ამერიკაში.
ეს სოციალური ქსელი, პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის თვალსაზრისით შეუდარებლად უფრო ძლიერია, ვიდრე თუნდაც Facebook. პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის გუნდმა სწორედ Twitter გამოიყენა ჯერ მისი გასაPRებლად, შემდეგ კი ტრამპი ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ახერხებდა ათეულობით მილიონი მომხრისათვის „ხმის მიწვდენას".
და რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს „ახალი პლატფორმის", „ახალი ტელევიზიის" (საკუთარ FOX-ზე ნაწყენია) შექმნაზე, ვერაფერი ვერ შეცვლის Twitter-ს. გამორიცხულია!
ანუ, რა გამოდის? ტრამპს, რომელიც პოლიტიკიდან არსად წასვლას არ აპირებს და უკვე აჟღერებს კიდეც გეგმას, ჩაებას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში, სოციალურმა ქსელმა ყველაზე მძლავრი იარაღი წაართვა კომუნიკაციისთვის, რაც თითქმის გამორიცხავს მის გაპრეზიდენტებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა სხვა, კიდევ უფრო დიდი პრობლემები დასძლია.
ერთ-ერთი მათგანია „რესპუბლიკური" პარტიის გახლეჩა. ამერიკელი „რესპუბლიკელები" ვეღარ მიაღწევენ კონსენსუსს, ღირს თუ არა ისევ ტრამპის დასახელება კანდიდატად. სავარაუდოა, რომ ისინი საკუთარ რიგებში იპოვიან ახალგაზრდა პოლიტიკოსს, რათა შეუნარჩუნონ ქვეყანას „მემარჯვენე-ცენტრისტული" (სწორედ ესაა „რესპუბლიკელთა" არაექსტრემისტული ნაწილის პროგრამა) მიმდინარეობა და ამ პოლიტიკოსით დაუპირისპირდნენ 4 წლის შემდეგ „მემარცხენე/ცენტრისტულ" „დემოკრატიულ პარტიას"
შეძლებს ტრამპი ძლიერი „მესამე პარტიის" შექმნას? თითქმის 200 წლიანი „ორპარტიული" ტრადიციის შემდეგ, ამერიკაში ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ან შესაძლებელი იქნება მხოლოდ როგორც კონგრესის, ასევე თეთრი სახლის გადაწვის, ანუ რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შედეგად.
თუმცა... ტრადიციას რაც შეეხება: ამერიკის როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა და თვით ოდესღაც „ფოლადისებრ მტკიცე" ამერიკულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, ამ მოვლენების შედეგად, ისეთი რყევა განიცადეს ტრამპის პარანოიდული მმართველობის შედეგად, რომ დაბეჯითებით უკვე აღარაფრის გამორიცხვა აღარ შეიძლება.
დონალდ ტრამპმა ამერიკის საძირკველი შეარყია!

ავტორი: დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა