“ორდე ბატონო, თქვენ იდეალისტი ხართ, ერთი შეხედვით , თქვენი მეგობარიც, მაგრამ საშიში იდეალისტები…”
გეგე დადიანის (გოჩა მირცხულავა) რომანიდან "საშიში იდეალისტები" მინდა ხაზი გავუსვა მთავარი პერსონაჟის, - ორდე ქორდავას მხატვრულ სახეს.
რომანი მოგვითხრობს, თითქმის შუახნის ასაკს მიტანებული , მეტად სამართლიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი და აწ უკვე , შემდგარი , ჩამოყალიბებული ადამიანის, ნამდვილი მამაკაცის,-ისტორიას, რომლისთვისაც სტატუსი - თავისუფლებისა, “ლანგრით არავის მოურთმევია” …
დავესესხები ,ჯანსუღ ჩარკვიანს და მართლაც, “თავისუფლება ლომთა ხვედრია”, ორდეც, ამ თავისუფლების გზაზე, შეიძლება ითქვას, “ლომის ტყავით” შემოსილი შედის, საკუთარი სულიერი სამყაროს, ბნელ, ღრმა და უღრან ტყეში და იმის რწმენით, რომ ლომის ტყავშია ,ფაქტობრივად, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია… მისი აბჯარი, მასში არსებული ძლიერი რწმენაა, ძლიერი სიყვარულია, - შესაბამისად ღმერთი. მან ეს ძალა თავად იპოვა, საკუთარ თავში, ძალა, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე მიუძღვის და უნათებს, უკვალავს სავალს. ეს ძალა ხომ , -თავად მზეა…
ხოლო, ტყეში არსებული “ნადირ-ცხოველი” , თუ ,სხვადასხვა სახის “ხაფანგი”, ორდესთვის, ფაქტობრივად ,უკვე დაძლეულია, რადგან, უკვე აღარ ეშინია, იცის, როგორ დაიხსნას თავი მათგან, როგორც, ძლიერმა ლომმა, რომელიც ტყის გვირგვინოსანი მეფეა.
სხვა თუ არაფერი, მას ხომ ცხოვრების მთავარი ჯილდო, საოცარი შვილები ჰყავს , -ორი პატარა ორდე . ამასთან, შვილივით ძვირფასი ადამიანისაგან დატოვებული მოგონებები. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავშეწირული, ნიჭიერი ყმაწვილის, ახალგაზრდა, თუმცა, ჩამოყალიბებული მწერლის სიტყვებია, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი მეგზური გახდა, - “ არ მეშინია” ,ორი სიტყვა,რომელმაც წლების შემდეგ, მასაც , ავტორსაც და უამრავ ადამიანს, უდიდესი წარმატება მოუტანა. განსხვავებული ორიენტაციის ნათლული ჰყავს, რომლის მიღებაც არ გასჭირვებია, მისი ძალა ხომ სიყვარულშია… მეგობრები ჰყავს, რომელთაც მისი სწამთ და სჯერათ , უამრავი თბილი მოგონება აქვს, საყვარელ ბებოსთან, ერთგულ და მზრუნველ დედასთან, რომლისთვისაც ბედნიერების საზომი ორდეთი იწყებოდა და სრულდებოდა… მაშ, გასაკვირი არც ის უნდა იყოს მკითხველისთვის, რომ არჩევანის წინაშე მდგომი მამაკაცი, საყვარელ ქალსა და დედას შორის, არჩევანს დედაზე აკეთებს. ვფიქრობ, ორდეს ვერავინ გაამტყუნებს ,საკუთარ ,პატიოსან გადაწყვეტილებაში . და მაინც, ცოლყოფილი ნატალი, მისი ფარული გულშემატკივარია.
მიუხედავად იმისა, რომ ორდეს, ბნელი დღეები, საკუთარი მზის ძებნაში, სრულიად მარტოს აქვს გამოვლილი, ის საკუთარ თავსაც კი საყვედურობს, რომ მანაც კი მიატოვა სირთულეების ჟამს, თუმცა, მაინც არაფერი აქვს საწუწუნო, რადგან, დღეს ის არის, ვინც უნდოდა ყოფილიყო… თანაც, არაჩვეულებრივი ადამიანები ჰყავს გვერდით… შესაბამისად, არც უფლება აქვს იმისა, რომ ეშინოდეს …
მან ძალიან რთული გზა გაიარა ბავშვობიდან დღემდე. მოუხდა პირისპირ დარჩენა, საკუთარ სისუსტეებთან, შიშებთან, კომპლექსებთან, რომლებიც პირად ცხოვრებაშიც კი დიდი ბარიერი იყო მისთვის. თვალი გაუსწორა წარსულს , აწმყოს , გაშალა ტაბუდადებული საკითხები -საკუთარ თავთან. დაისახა უმთავრესი მიზანი, რომ გამხდარიყო უკეთესი და ბევრიც იშრომა , ამისათვის, რომ შეექმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. არ არის ადვილი შენში არსებულ უძლურებებს თვალი გაუსწორო, მერე ორი “მესგან” საუკეთესო თვისებები აკინძო და გააერთიანო.
ცხოვრება ხომ დიდი სიურპრიზია, ის ზოგჯერ ისეთ ადამიანებთან გვაკავშირებს, რომელთან ერთობითაც, ჩვენი წინსვლა და პიროვნული განვითარება გარდაუვალია… განა მარტო ვერ შეძლებდა ორდე, საკუთარი მიზნებისათვის ხორცშესხმას ?! … მაგრამ, როგორც ,ბ. გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, -“ადამიანი ადამიანისთვის მზეა”…
ორდეს განა ცოტა მეგობარი ჰყავს ?!
მაგრამ, მემე … ოო, მემე … ის ნამდვილი მეგობარია, ნამდვილი მონათესავე სულია ორდესთვის. შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრების მთავარი აღმოჩენა და გვირგვინი.
მემეს გაცნობით ორდეს ცხოვრება სრულიად იცვლება…
მემე ძიროვნულად, ძალიან სულგრძელი, ემპათიური, მიმტევებელი ადამიანია. ისიც, ზედმეტად სულისშემძვრელი წარსულით… მისი ეს დადებითი თვისებები კი , ნათლად ჩანს , მშობლებთან დამოკიდებულებაში, რომელშიაც ბოროტებას სიკეთით პასუხობს და ნაცვლად იმისა, რომ გაბოროტდეს , ან რწმენა შეერყას, - რჩება ნამდვილ , ღირსეულ ადამიანად… მართალია, გამოურევს ხოლმე , შიგადაშიგ სიფიცხესაც, მაგრამ, ესეც ,უდაოდ, საჭიროა , ზოგჯერ… უნდა აღინიშნოს, რომ მის ადამიანურ ღირებულებებს , განსაკუთრებით კი, ახლადგაცნობილი მეგობრის მიმართ გამოვლენილ ,იშვიათ თავდადებასა და ერთგულებას, ვერც ერთი სიფიცხე ვერ გადასწონის…
ხუმრობა იქით იყოს და , ვფიქრობ, მემეში ძალიან გაუმართლა ორდეს, მისი სახით ცხოვრებაში, უდიდესი მხარდამჭერი, მოტივატორი და გამორჩეული მეგობარი შეიძინა… მათ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდათ და ენთუზიაზმი , იმისა, რომ არამხოლოდ, გენიოსი, პატარა მწერლის წიგნისათვის მიეხედა ორდეს, არამედ, მემესთან ერთად შეექმნა ორგანიზაცია, რომელიც დაეხმადებოდათ ადამიანებს, “საკუთარ ტყეში” შესვლის არ შეშინებოდათ, რომ მათაც ეთქვათ, ხმამაღლა , ორდეს და მემეს მსგავსად, რწმენით გაჟღენთილი სიტყვები ,- “ არ მეშინია” … სიტყვები, რომელიც მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე, მთავარ ინსტრუმენტად იქცეოდა. ამ ორმა ადამიანმა შეძლო, ამ ორმა ადამიანმა , უდაოდ, აჯობა საკუთარ თავს და გახდნენ კიდეც სამაგალითონი სხვებისთვის.
რაც შეეხება აზროვნებას , მას “დარობოტებულ” სოციუმში, საკმაოდ დიდი გამბედაობა სჭირდება. თუმცა, მეგობრებს, არც ამის შეშინებიათ, ისინი “წუთისოფლის თეატრის” მსახიობები , ნამდვილად არ არიან, სხვადასხვა ნიღბით…
შესაბამისად,სოციუმს,რომელშიაც,- კერპთაყვანისმცემლობა, ფარისევლობა, უსიყვარულობა, შური და გაუტანლობა, სუფევს,- რთულია დაანახო ჭეშმარიტება. ასეა, სამწუხაროდ, ბრბოს ფილოსოფია. თუკი მათ არ ჰგავხარ, ძალიან უჭირთ და “უმძიმთ” შენი მიღება , წიგნში ავტორი ,ყურადღებას ამახვილებს სოციუმზე, რომ “ქრისტე ჯვარს, სწორედ ხალხმა აცვა, თორემ, პილატემაც კი ვერ გაბედა ეს “… სოცოუმზეა დამოკიდებული, არამხოლოდ კონკრეტული პერსონების, არამედ, თავად სახელმწიფოს მომავალი…
და “დარობოტებული” ,დაშანტაჟებული, შეშინებული, დამფრთხალი ადამიანები, რომელთაც საკუთარი ლანდისაც კი ეშინიათ, ვერც თავიანთ პირად ცხოვრებას წარმართავენ ადეკვატურად და ვერც , ცხადია, სამშობლოს, თავისუფლებისა და დამოუკოდებლობისათვის ბრძოლაში ვერ შეიტანენ წვლილს… ასეთ ადამიანებს, სამწუხაროდ, არც წარსული აინტერესებთ, არც აწმყო და მომავალიც სულ ერთია მათთვის. ერთადერთი, რაც ადარდებთ, პრიმიტიული ყოფიერებაა და საკუთარი მუცლის მიღმა, სამწუხაროდ , ვერაფერს ამჩნევენ … შესაბამისად, ასეთი ბრბო, ცხადია, რომ მოაზროვნე პიროვნებას ვერ აიტანს… მის სინათლეს, საკუთარ სიბნელესთან შეფარდებით, ვერ გაუძლებს და შეეცდება ისიც ჩააქროს , ჩააქროს, რათა, მამხილებელიც არავინ ჰყავდეს… ასეთი ადამიანებისთვის ხომ “კომფორტის ზონა” და “დღევანდელი ულუფა” , ხვალინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია…
პერსონაჟები განიცდიან, რომ ასეთი ადამიანები არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ , ირგვლივ ყველას ანადგურებენ, რადგან , სამშობლოს მომავალს და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის ბედს, განსაზღვრავს , თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. მათ უნდათ, რომ ეს “საშინელი სისტემა” დაანგრიონ. ძალიან უნდათ, რომ თამამად იცხოვრონ, თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში, იქ, სადაც, ახალგაზრდები თავს კი არ იკლავენ, არამედ, სიცოცხლე უხარიათ. ეს კი, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ცრუ რწმენებით, ფანატიზმით, ფარისევლური სულით შეპყრობილ სოციუმში, იქ, სადაც კერპებს ეთაყვანებიან და დავიწყებული ჰყავთ ჭეშმარიტი ღმერთი. საკუთარი მეობა კი , სადღაც ჰყავთ მიჩქმალული … მათ არ შეუძლიათ მონობისა და მორჩილების ერთმანეთისაგან გარჩევა… ვერც სიტყვა - “თავისუფლების” დეფინიციას იგებენ ადეკვატურად, ფიქრობენ, რომ თავისუფლება ისაა, როდესაც საკუთარ პრიმიტიულ სურვილებს ემონებიან, არადა , ეს სიტყვა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ისინი ფიქრობენ. ჭეშმარიტი თავისუფლება ხომ , პრიმიტიულ” მინდაზე” მაღლა დადგომა, ჭეშმარიტების ძიება და მისკენ სვლაა.
მე, როგორც ამ რომანის მკითხველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ - მორჩილება ნამდვილად არ არის მონობა, თუნდაც სასულიერო პორებთან მიმართებით. ან პირიქით, არც მონობა არის მორჩილება. მთავარი აქ მაინც ამ საოცარი სიტყვის ადეკვატური გააზრებაა. ქრისტიანი, თუკი ვინმეს უნდა დაემორჩილოს, პირველ რიგში, ეს მასში არსებული ღმერთია , შემდეგ კი , სინდისის ხმა , ე.წ “პატარა ღმერთი” ადამიანში, რომელიც საუკეთესო მამხილებელია, ოღონდ მხოლოდ მაშინ ,თუ კი აქვს ის ,ადამიანს, რა თქმა უნდა.
თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ-ჩვენი პირადი ჯვარი გვაქვს სატარები, ჩვენ-ჩვენ პირად ტყეში ვართ შესასვლელი ,ჩვენ-ჩვენი დაბრკოლებები გვაქვს გადასალახი.
ჩვენი წილი ,-ყვედრება,ფურთხება, დაცინცა,ძაგება,ღალატი, სისხლი, ტკივილი, - მხარზე გადებული ჯვრით, გოლგოთის გზაზე… ამას , უსათუოდ ჯვარცმა მოჰყვება, შემდეგ , აღდგომაც და ამაღლებაც…
და თუ შეგაშინებს, შენი წილი ჯვრის ტვირთვა, თუ სიმხდალე შეგიპრობს… გამოდის, რომ მხოლოდ სიტყვით, სტატუსით ხარ ქრისტიანი… და ვერც ერთი დაზეპირებული წესის , თუ “რიტუალის” შესრულება , ვერ გაქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანად. საერთოდაც, რწმენა და შიში , ეს ორი ,ერთად ? -რა მოსატანია- ქრისტიანისთვის …
განა თავად ქრისტე არ გვეუბნება ? - “ რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ -ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე” … - ეს კი შეუძლებელია მოხდეს “დარობოტებულ” სოცოუმში… “ ზედაპირულ “ პიროვნებებში. ეს შეუძლებელია მოხდეს, თუ ადამიანი არ განმარტოვდა საკუთარ თავთან, თუ არ ჩაუღრმავდა მას და ვერ მოახერხა აზროვნება, საკუთარი გულის შემეცნება … რომელსაც, სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა გაურბის… საკუთარი თავის გაცნობა , რომელიც , წინა პირობაა იმისა, რომ შეიცნო და გაიცნო თავად ღმერთი , ღმერთი, რომელიც , -თავადაა ჭეშმარიტება , ის ჭეშმარიტება , რომელიც გაგათავისუფლებს .
მაგრამ , რატომ გაურბის ამას ადამიანი? პასუხი ერთია , - მას ეშინია .
თითოეული პიროვნების პერსონალური ხედვა და არჩევანი, ცხადია, პატივსაცემი და მისაღებია, თუმცა, სამშობლო არ არის მხოლოდ ორდესი ,მემესი, ნატალისი, ჩემი ან თქვენი… ის თითოეულ ქართველს ეკუთვნის… შესაბამისად, ქვეყნის მომავალი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა… თითოეული ჩვენგანის ცალკეული არჩევანი ქმნის სამშობლოს… ხოლო, ვინ რა არჩევანს აკეთებს დღეს, ამას უსათუოდ მომავალი გამოაჩენს….
სწორედ, ამიტომ გადაწყვიტა, ორდემ და მემემ, ამ ორგანიზაციის შექმნა… უამრავი ადამიანიც შემოკრიბეს გარშემო და როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც მოუტანეს სარგებელი… რამაც, ვფიქრობ, გაამართლა. თოთოეულ გულწრფელ მცდელობას და შრომას, -აუცილებლად მოჰყვება , დადებითი შედეგები…
მათ შექმნეს ისტორია… მათ არ უცხოვრიათ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილებს. მათ თქვეს და გააკეთეს. მათ დაძლიეს შიში . მათ გაიმარჯვეს. და მისცეს სხვებსაც ამის შანსი…
ვფიქრობ , რომ ამ ქვეყნად , ყველას თავისი მისია აქვს. იქნებ ორდესა და მემეს მისიაც, სწორედ ეს იყო…
მე პირადად, რომანი, “ერთი ამოსუნთქვით” წავიკითხე… გასაოცარი ემოციები დამეუფლა , თითოეულ პერსონაჟთან მიმართებით… წიგნი იდეალისტებზეა, რომლებიც არ არიან საშიშები, რადგან თავად შიში დაამარცხეს. იდეალისტებზეა, რომლებიც არასოდეს ნებდებიან , თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სიყვარულისკენ - ღმერთისკენ მიმავალ გზაზე…
თითოეული წამი, რომელსაც მკითხველი, ამ წიგნის კითხვას დაუთმობს, აუცილებლად შეიტანს წვლილს, მის პიროვნულ “გამოფხიზლებასა” და გავითარებაში.
იდეალისტები არ არიან საშიშები, საშიშები ისინი უფრო არიან, რომლებიც იდეალისტები არ არიან…
ავტორი - მარიამ ლოლაძე