ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

კონსტანტინე გამსახურდია: ცეცხლქურუმები და მოგვები იბერიაში

02.26.2021 | 11:35 ნახვები: 795

ავტორისგან: ჩემი ბოლო სტატია ახლახანს გამოქვეყნდა თსუ-ს ბილინგვურ ჟურნალში, რომელსაც ჰქვია"სპეკალი." ეს არის სტატია ჩემი სადისერტაციო ნაშრომიდან, რომელიც უნდა დამეცვა 1992 წელის თებერვალში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, (იმჟამად დირექტორი ბატონი თამაზ გამყრელიძე) თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო ვერ დავიცავი, არადა მზად მქონდა; მისი ერთი ნაწილი ცალკე წიგნადაც კი გამოქვეყნდა თბილისში 1995 წელს; შემდეგი შესაძლებლობა იყო შვეიცარიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, 1999 წელს, თუმცა იქაც იყო ობიექტური მიზეზები, რის გამოც ეს არ მოხერხდა და ბოლოს აქ, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე განახლებული, "დააფდეიტებული" ფორმით თავის ლოგიკურ ფინალამდე მოვიდა. (სავარაუდოდ ამა წლის სექტემბერში)

სტატია ეხება ცეცხლქურუმებს და ცეცხლტაძრებს საქართველოში, როგორც ქრისტიანობის დამკვიდრებამდე (სახელწიფოს დონეზე) ისე მისი დამკვიდრების შემდეგ.

***
როგორც წერილობითი წყაროების მწირი და ლაპიდარული, თუმცა საინტერესო ცნობები, ისე არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემები, დათარიღებული შესასწავლი პერიოდით, მიანიშნებენ, რომ იბერიაში ჯერ კიდევ აქემენიანთა პე-რი¬ოდში უნდა შემოეღწია აჰურა მაზდას კულტის რომელიღაც ფორმას. როგორც იბე¬რია, ისე კოლხეთი მოქცეული ჩანს აქემენიანთა იმპერიის პოლიტიკური გავლენის სფეროში. მათი მმართველები აქემენიანთა ძალაუფლებრივ-პოლიტიკურ ვერტიკალ¬ში, დიდი ალბათობით, მენაპირე „სატრაპებად" აღიქმებოდნენ.
ალექსან¬დრე დიდის წარმატებული ლაშქრობისა და სიკვდილის შემდეგ ირანში, რასაც შედეგად მალევე მოჰყვა მის დიადოხოსებს შორის იმპერიის გადანაწილება, ვითარება ცალსახად შე¬იცვალა. ის გარემოება, რომ ფარნავაზმა სახელმწიფოს უმთავრესი კულტისთვის სა¬ხე¬ლი სწორედ ირანული რელიგიური ონომასტიკონიდან აიღო - არმაზი/აჰურა მაზდა/ოჰრმაზდი - მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ სინამდვილეში ეს ღვთაება არ ყოფი¬ლა უცნობი და ეს იმ შემთხვევაშიც, თუკი თვალს გავუსწორებთ იმ ფაქტს, რომ არმაზის კულტი და იდეოლოგია შინაარსობრივად საერთოდ არ იყო არც „ირანული" და არც „ზოროასტრული". იგი ასეთად არც იბერიის მაცხოვრებელთა მიერ იყო აღ¬ქმუ-ლი.
და მაინც ძნელი წარმოსადგენია, ირანული რელიგიის ამ უცნობ ფორმას წარმატება ჰქონოდა ქართლში - ამის ტრაგიკული მაგალითი „მეფეთა ცხოვ-რებაშიც" გვხვდება, როდესაც მეფე ფარნაჯომის მცდელობამ, ირანული რელიგიით ჩაენაცვლებინა ადგილობრივი კულტი, კრახი განიცადა. ეს მით უფრო ნიშან¬დობ¬ლივი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იბერები არ განეკუთვნებოდნენ ინდო¬ირანულ მოდგმას არც ტომობრივი, არც ენობრივი თვალსაზრისით. მათ საკუთარი რელიგიური ნარატივები ჰქონდათ. დიდია ცდუნება, რომ „ქართლის ცხოვრებაში" ნახსენები „არიან ქართლის" მიღმა დავინახოთ ავესტური და საშუალო სპარსულ ტრადიციაში არსებული „არიელთა" პირველსამშობლო „airyanem vaējah". ამისგან გან¬სხვავებულია ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრება, რომლის თანახმად, ეს ტერმინი წარმოადგენს უფრო ანატოლიური „ჰარი-ქვეყნის" მოგონებას, რაც ხურიტულ ეთნოსსა და მათს ანატოლიურ სამშობლოს უკავშირდება [თაყაიშვილი, 1948: 621-627]. დღეს არც ეს თვალსაზრისია ერთადერთი, მაგრამ სხვა მოსაზრების განხილვას ამ სტატიის ფორმატში აღარ შევუდგები.
ქართულმა ფოლკლორმა შემოგვინახა რამდენიმე ზღაპარი, რომლებშიც ირანული სინამდვილისთვის დამახასიათებელი ონონმასტიკონი ფიგურირებს. ასეთია, მაგალითად, ერთ-ერთი ზღაპრის პერსონაჟის სახელი „თრითინო", რომელსაც ყურადღება მიაქცია გიორგი ახვლედიანმა [ახვლედიანი, 1914]. ეს სახელი აშკარად ენათესავება ავესტურ Θraētaona-სა და საშუალ სპარსულ Frētūn-ს. ამავეზე მიანიშნებს ქართული დემონოლოგიის ზოგიერთი პერსონაჟი, მაგალითად, „ეშმა" (შდრ.: ავესტური aēšma, „მძვინვარება"), ან თუნდაც დევი (შდრ.: ავესტ. daēuva, „ბოროტი სული"), ასევე, საქართველოს მთის რელიგიური კულტის „დასტური", რომელიც უნდა ენათესავებოდეს dastūr,-ს, ზოროასტრელ მოგვთა იერარქიის ერთ-ერთ წოდებას. ქართულში არის არაერთი თეოფორული სახელიც, რომელიც მხოლოდ ირანული ონომასტიკონის გათვალისწინებით იშიფრება.
ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის ლეგენდა
ჩვენს ყურადღებას იქცევს „ქართლის ცხოვრების" ერთი ცნობა, რომელიც მიანიშნებს ირანის ექსპანსიაზე კავკასიაში ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში, ალექსანდრე დიდის გამოჩენამდე: „წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო. ვერ წინააღუდგეს მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხითი და ქართლი, მოტყუენა ყოველივე, იავარყვნა ყოველი ციხენი და ქალაქნი და დაუტევნა ერისთავნი და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა და წავიდა"[ქართ. ცხ., I:15].
ცხადია, აქ ლაპარაკია საშუალო სპარსული წყაროებიდან კარგად ცნობილი Ādur Gušnasp-ის ცეცხლტაძრის დაარსების შესახებ. ის, მართლაც, „ქავათა" დინასტიის უდიდეს წარმომადგენელს, ქაიხოსრო სიავუშის („შიოშის") ძეს უნდა დაეარსებინა. აქედანვე იღებს სათავეს მიდია-ატროპატენას უძველესი ტრადიცია მაზდაისტური ცეცხლის კულტისა. ზოგიერთი ავტორის მიხედვით, ამ ტრადიციის საკულტო ცენტრი იყო შიზის (შემდგომში - ტახტ-ი სულეიმანი) საკურთხეველი, სადაც ენთო საკრალური ცეცხლი „Ādur Gušnasp", თუმცა თავად ძველ გადმოცემებს შორის არ არსებობს თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან, სხვა ვერსიების მიხედვით, ცეცხლტაძარი მდებარეობდა არა შიზში, არამედ განძაკში. ეს ორი ლოკაცია, მიუხედავად დიდი სიახლოვისა, არ უნდა იყოს აბსოლუტურად იდენტური.
ვ. მინორსკი აღნიშნავს, რომ შიზის ლოკალიზება „Takht-e Soleymān"- ის სიახ-ლოვეს პირველად ჰენრი როულინსონმა მოახდინა [Minorski, 48]. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ, მართლაც, აღმოჩნდა ცეცხლტაძარი, თუმცა მისი განსაკუთრებული სიძველე არ დადასტურდა. იგი სასანურ ეპოქაში უნდა იყოს აგებული. 1963 წელს აქ აღმოაჩინეს საბეჭდავი წარწერით „მოვბედი ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრისა", რომელიც დათარიღებულ იქნა 400-425 წლებით. გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტაძარი წარმოადგენს კომპლექსს, კოლონადებიან ეზოს, გარედან მიდგმულ რიყის ქვით ნაგებ გუმბათოვან ნაგებობებს, დიდ დარბაზს კოლონადითა და სასანური აივნით [Schippmann, 1971:352].
როგორც ვხედავთ, არქეოლოგიური მონაცემები ვერ გვავარაუდებინებს აქ IV-V საუკუნე¬ებზე ადრეული ტაძრის არსებობას, მაგრამ საკითხი მაინც ვერ ჩაითვლება გადაჭრი¬ლად, ვინაიდან არსებობს ამ ადგილებთან დაკავშირებული მიდიური ტრადიცია ცეცხლ¬მსახურებისა. იგი აირეკლა როგორც ჰეროდოტესთან, ისე საშუალო სპარსულ, სომ¬ხურ და არაბულ წყაროებში. შეუძლებელია იგი ცარიელ ნიადაგზე აღმოცენე¬ბუ¬ლიყო.
მიდიელ მოგვებს, რომლებიც იყვნენ მცველნი ამ ტრადიციისა, თავიანთი წარმომავლობის დასაბამი უშორეს წარსულში ეგულებოდათ. ისინი თავიანთი მოდგმის პროტაგონისტად მიიჩნევდნენ მანუჩიჰრას, პარადატას (Paradata) ლეგენდარული ტრადიციიდან. ჰეროდოტეს მიხედვით, მოგვები თავიდან წარმოადგენდნენ მიდიელთა ერთ-ერთ ტომს და ფლობდნენ სასულიერო წოდების პრივილეგიებს. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილან ზოროასტრელნი. ისინი თითქოს მოგვიანებით მოერგნენ ზოროასტრიზმს და მასში შემოიტანეს ზურვანის, „შემოუსაზღვრელი დროის", თაყვანისცემის ელემენტები [Wikander, 1944:109]. სტ. ვიკანდერის ამ თეზისს არ ეთანხმებიან რ. ფრაი და მ. ლ. შომონი [Фрай,.. 1972: 129].
ამ გადმოცემათა ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ თვით აქემენიანთა ეპოქამდე აქ უნდა არსებულიყო ცეცხლმსახურების რაღაც უცნობი ფორმა ან კულტი, რომელიც შორს უნდა ყოფილიყო ზოროასტრიზმისგან. ქალაქ განძაკის დამაარსებლად, ირანის პროვინციული დედაქალაქების ნუსხის მიხედვით, ითვლება ირანის დაუძინებელი მტერი, თურანის მეფე აფრასიაბი (იგივე საშ. სპარს. Frāsiyāk). ეს ქალაქი, ავესტური ტრადიციის მიხედვით, „Čaečāsta"-ს ნაპირზე მდებარეობდა, ხოლო „Čaečāsta" „ღრმა, მარილიან ტბას" აღნიშნავს [Marquart, 1931:58]. ასეთი ტბა ამ რეგიონში არის ურმიის ტბა. ავესტური ტრადიციის მიხედვით, ამ ტბასთან მოკლა „Kava Haosravah"-მა, ანუ ქაიხოსრომ, თურანელი აფრასიაბი, რასაც მოჰყვა საკერპეს დანგრევა და ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსება. საშუალო სპარსული ტექსტის, „Menokh-i Khrat" -ის („სიბრძნის სული") მიხედვით, ქაიხოსროს რომ არ დაენგრია საკერპე „Čaečāsta"- ს ტბასთან, ბოროტი სული სამუდამოდ გაბატონდებოდა ამქვეყნად [The Book of Mainyo-i Khard, 1871: 94-95].
ბუნდაჰიშნი, ანუ საშუალო სპარსული კომპენდიუმი შესაქმის ისტორიისა, გვამცნობს, რომ თავად „Gušnasp-ცეცხლი" იჯდა ქაიხოსროს ცხენის ფაფარზე, კვეთდა სიბნელეს და ანათებდა სამყაროს, ვიდრე წყეული საკერპე (uzdesčar, uzdes-cadak) არ დაემხო.
როგორც ჩანს, ჰიდრონიმ Čaečāsta-დან წარმოსდგა საშუალო სპარსული ადაპტაცია Čez, რომელიც მოგვიანებით გარდაიქმნა არაბულ Şiz-ად, al-shiz-ად ან Jis-ად [Касумова, 1983:20], თუმცა მეცნიერებაში დღემდე ვერ გადაიჭრა შიზისა და განძაკის მიმართების პრობლემა, ვინაიდან ტრადიციის ეჭვქვეშ დაყენებას და მხოლოდ ემპირიული მასალის გათვალისწინებას მკვლევრები მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ ქალაქი სასანურ ერაში უნდა აღმოცენებულიყო. წყაროთა მონაცემების შეპირისპირება კი „Takht-e Soleymān"-ის ნაქალაქართან გვიჩვენებს, რომ იქ ვერ დაეტეოდა ისეთი დიდი ზომის ქალაქი, როგორიც უნდა ყოფილიყო განძაკი სასანურ ეპოქაში. ეს გაუგებრობა ჯერ კიდევ ისტორიულ წყაროებში იჩენს თავს. არაბი ავტორები, იბნ ალ ფაკიჰი [Ibn al Fakih, 32:246] და მასუდი [Al-Masudi,... IV-74] ცდილობენ, თავის დააღწიონ ამას და აღნიშნავენ, რომ „Ādur Gušnasp"-ის ცეცხლი გადაიტანეს განძაკიდან შიზში. იგივე მასუდი შიზის ტაძარს მოიხსენიებს იმ ათასი ცეცხლტაძრის რიცხვში, რომლებიც არსებობდნენ ზარათუსტრას გამოჩენამდე [Al-Masudi,... IV-74]. ამავე დროს სომეხი მემატიანე სებეოსი ახსენებს განძაკში მდებარე ცეცხლტაძარს, რომელშიც ენთო ცეცხლი „všnasp" [Schippmann, 328].
არაბი ისტორიკოსის, თაალიბის, მოწმობით, „Ādur Gušnasp"-ის ტაძრის მოსახილვად დადიოდა ბაჰრამ გური [Zotenberg, 558]. ამაში არაფერი იქნება გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ, როგორი რუდუნებით ინახავდნენ სასანიანები „ქავათა" ტრადიციას, რომელთან იდეოლოგიურ ბმასაც ისინი ყოველთვის წინ წამოწევდნენ. ორი სხვადასხვა ცეცხლსაკურთხევლის არსებობა დამაჯერებელი არ ჩანს, მით უმეტეს, არადამაჯერებელია ძირითადი ცეცხლტაძრის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეში „ბუნებრივი" ან სხვა მიზეზის გამო. ცხადია, რომ აქ საუბარია ერთსა და იმავე ტრადიციაზე, „საკერპე" მიუთითებს რაღაც კულტზე, რომელიც სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელი ჩანს ირანულ ზოროასტრიზმთან, მით უმეტეს, რომ იგი ირანის ყველაზე დიდ მტერთან, თურანელ „Frāsiyāk"-თანაა დაკავშირებული.
მიდიაში შესაძლოა, ვივარაუდოთ სემიტი ქალდეველების უცნობი კულტიც, რამდენადაც ირანის საკრალურ ისტორიაში, მაგალითისთვის, „Aždāhak" (ლეგენდარუ¬ლი მეფე-ტირანი, ურჩხულად ქცეული, რომელსაც მხრებზე ორი გველის თავი ამოუვიდა) ძველ ირანელთა ცნობიერებაში, ასევე, სემიტებთან იყო ასოცირებული. პროტო¬ირანელებისა და პროტოსემიტების კონფლიქტი სავსებით დასაშვებია, ასახულიყო რო¬გორც მითოპოეტურ, ისე რელიგიურ ტრადიციაში. რაც შეეხება უკვე პერიოდს ქრისტიანობის გამოჩენის შემდეგ, მეცნიერი ლარს ივარს რინგბომი, აანალიზებს რა გრაალის თასის შესახებ არსებულ ძველევროპულ ლეგენდებს, მიდის დას¬კვნამ¬დე, რომ ის აღმოსავლური წარმოშობისაა, ხოლო განძაკის ცეცხლსაკურ¬თხეველი, მისი აზრით, წარმოადგენს სწორედ გრაალის ტაძრის არქეტიპს. ამის საფუძველს მას აძლევს ერთ-ერთ სასანურ მონეტაზე გამოსახული მრგვალი ფორმის ტაძარი 18 სვეტით. რინგბომის მიხედვით, თითოეულ სვეტზე ამოკვეთილი უნდა ყოფილიყო ავესტის თითო გათა (საგალობელი). ამგვარი ჰიპოთეზა, მიუხედავად ხელოვ¬ნუ-რობისა, მაინც საინტერესოა კულტურის ისტორიის თვალსაზრისით.
ცნობილია, რომ მაზდაიზმის ენციკლოპედიის, „დენქარტის" მიხედვით, შაბურ I-ს (341-372 წწ.) სწორედ განძაკში უნდა შეენახა „ავესტა", გადაწერილი ხბოს ტყავებზე. გრაალი ქრისტიანობის აპოკრიფული თხზულებების სიმბოლოა. ეს ის თასია, რომელშიც ქრისტეს სისხლი იქნა შეგროვებული მისი ერთ-ერთი „დაფარული" მოწაფის მიერ. რა თქმა უნდა, ქრისტეს მოვლინებამდე და ჯვარცმამდე გრაალის თასი ვერ დაუკავშირდებოდა ჯვარცმულის სისხლს. ამის გამო რინგბომი მას განიხილავს წმინდა სასმელთან, ჰაომასთან, კავშირში. ეს ის სასმელია, რომელიც, „გათების" მიხედვით, გამოწურეს „ქავათა დინასტიაზე" უფრო ადრეული პერიოდის წმინდა მეფე-მოგვებმა, შემდეგ კი - თავად ზარათუსტრამ [Ringbom, 1960: 267-271].
ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსების ამბავი მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი X საუკუნის არაბი მწერლის, აბუ-დულაფას, ერთ-ერთ „რისალაში", რომელშიც ეს გადმოცემა დაკავშირებულია სახარებისეულ მეფე-მოგვებთან. ეს მნიშვნელოვანი ფრაგმენტია აღმოსავლური რელიგიებისა და ქრისტიანობის ურთიერთობათა ისტორიისა. როგორც „რისალა" მოგვითხრობს, სატაძრო ქალაქი შიზი დაუარსებია სპარსელთა მეფე ჰურმუზ იბნ ხოსროვშირ იბნ ბაჰრამს. როდესაც მან შეიტყო ბეთლემში კურთხეული ყრმის დაბადების ამბავი, გაგზავნა მოციქული, თან გაატანა ზეთი და საკმეველი, რათა მიერთმია იგი ახალშობილი ყრმის დედისთვის და კურთხევა გამოეთხოვა თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის. მარიამმა მოციქულს მისცა მიწით სავსე ტომარა და აუწყა, რომ ამ მიწაზე დაარსდებოდა ქალაქი. ჰურმუზას წარმომადგენელი უკან დაბრუნდა, მაგრამ გზად გარდაიცვალა ისე, რომ მეფემდე ვერ მიაღწია. როდესაც ჰურმუზამ ამის შესახებ შეიტყო, გაგზავნა ხალხი და დაავალა თავისი წარგზავნილის გარდაცვალების ადგილზე ცეცხლტაძრის აშენება. შეკითხვაზე, თუ როგორ გამოიცნობდნენ ამ ადგილს, ჰურმუზამ მიუგო, რომ იგი არ დაიმალებოდა მათგან. მართლაც, ღამით ჰურმუზას დელეგატთაგან ერთ-ერთმა იხილა კაშკაშა ნათელი, რომელსაც გამოსცემდა მარიამის მიერ პირველად წარგზავნილისთვის გატანებული მიწა. მან მონიშნა ეს ცეცხლოვანი ნათება და ღამე გაათენა იქ, დილით კი ბრძანება გასცა, ამ ადგილას აეგოთ ტაძარი. ეს კი იყო „Ādur Gušnasp"-ის ცეცხლტაძარი [Minorski, 1952:172-175].
ამრიგად, აქ ნახსენები ადგილის განსაკუთრებულობა ხაზგასმულია იმითაც, რომ ის მარიამის მიერ ნაკურთხ მიწას უკავშირდება. თუკი დავუშვებთ, რომ ჰურმუზა იბნ ხოსროვშირ იბნ ბაჰრამის უკან ჩვეულებრივი სასანიანი მეფეა ნაგულისხმევი, მაშინ წარმოუდგენელია, მსგავსი ტიპის გადმოცემა ირანის ქრისტიანული თემის მეინსტრიმულ ხაზს უკავშირდებოდეს. მათ საკმაოდ ცუდი გამოცდილება ჰქონდათ სასანიანებთანაც და მათ მიერ პრივილეგირებულ ზოროას¬ტრელ მოგვთა კლასთან. იგი შესაძლოა, წარმოდგებოდეს ისეთი აპოკრიფულ ტრადიციასთან წილნაყარი ჯგუფიდან, რომელიც განიცდიდა მანიქეური ან გნოსტიკური, ან თუნდაც „მაგუსაიების", იგივე პართული ხანის ელინიზებული მოგვების, ჯერ კიდევ ინერციით არსებული ელემენტების ზეგავლენას. ირანის „ჩვეულებრივი" ქრისტიანები კი მიიჩნევდნენ, რომ ღვთისმშობელმა და ეკლესიამ სწორედ ცეცხლთაყვანისმცემლობა დაამარცხეს, როგორც პაგანიზმის ერთ-ერთი სახეობა, და სპარსელები ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარეს. ამის გამოძახილი ჩანს დავით გურამიშვილთან, „დავითიანის" ერთ-ერთ ლექსში, სადაც პოეტი ასე მიმართავს ღვთისმშობელს:
„ბარბაროსთა სჯულთა დამხსნელო,
სპარსთ სიწმინდისა მთხრობელო,
ცეცხლთა თაყვანისცემისა
დამშრეტო, დამმაცხრობელო" [გურამიშვილი,1980:125].
არადა, არცერთ კანონიკურ ან აპოკრიფულ გადმოცემაში არ გვხვდება ცნობა, თითქოს მარიამ ღვთისმშობელს მოექციოს სპარსელები, ან ეს მისი დავალებით მომხდარიყოს. არ არის გამორიცხული, რომ აქ ნახსენები „სპარსნი" სწორედ სახარებისეული მეფე-მოგვები იყვნენ. იმ დროს გავრცელებული თეოლოგიური თვალსაზრისის მიხედვით, ისინი ქრისტიანებად მოიქცნენ, კერპთაყვანისმცელობას კი ზურგი აქციეს.
ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე განძაკი განთქმული ყოფილა ვერცხლეულითა და სიმდიდრით, რის შესახებაც ცნობას გვაწვდის პირველი საუკუნის გნოსტიკური შინაარსის პოემა „სიმღერა მარგალიტზე" [Quispel, 1967:39]. მას შემდეგ, რაც ირანში ფეხი მოიკიდა ქრისტიანობამ, ხოლო, თეოლოგიური დისპუტების შედეგად, ძირითად ხაზს განსხვავებული მიმდინარეობები გამოეყვნენ, აქ ყოფილა ნესტორი¬ანელი ეპისკოპოსის რეზიდენცია. 486 წელს შეკრებილი სინოდის საბო¬ლოო დასკვნაში მოიხსენიება ვინმე ჰოსეა, ეპისკოპოსი განძაკისა და ათურპატაკანისა [Marquart, 108]. ძლიერი ქრისტიანული თემის არსებობას აქ ადასტურებს „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა", რომელშიც წმ. ევსტათი, წარმოშობით განძაკელი, ვისაც მოგვობას სწორედ აქ ასწავლიდნენ, გარკვევით ამბობს: „და მე მოგვებაჲ არა თავს ვიდევ, რამეთუ განძაკსა ქალაქსა ქრისტიანენი უფროჲს არიან და ებისკოპოსნი და მღვდელნი და მათგანღა ყოველსა ზედა მივიწიე."
ირანის პროვინციული დედაქალაქების ნუსხაში გვხვდება ცნობა განძაკის დაარსების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეს ქალაქი აუშენებია ერან-გუშნასპს, ათურპატაკანის დიდ მხედართმთავარს. ცხადია, რომ მხედართმთავრის სახელი არის კომპოზიტი, შედგენილი განძაკის განთქმული ცეცხლის სახელის მიხედვით [Marquart,108]. საშუალო სპარსულ ტრადიციაში „Ādur Gušnasp" არის მეომართა წოდების (ავესტ. Rathaestar) საკრალური ცეცხლი. „არდაშირ პაპაკის ძის საქმეთა წიგნის" მიხედვით, თითოეულ სოციალურ ფენას, თითოეულ წოდებას ირანში თავისი საკრალური ცეცხლი შეესაბამებოდა: „Ādūr Farnbagh" მოგვებისა და სწავლულების ცეცხლია, „Ādur Gušnasp" - მეომრებისა და სარდლებისა, „Ādur Burzēn-Mihr" - მესაქონლეებისა და მიწათმოქმედებისა.
ამრიგად, ცხადია, რომ ადურ-გუშნასპის ცეცხლსაკურთხეველი იყო მიდიელი მოგვების საკულტო ცენტრი, შემდგომში იგი გარდაიქმნა ზოროასტრიზებული მობადების მთავარ საკურთხევლად. მისი გავლენა პართული და სასანური ეპოქების ჩათვლით სწვდებოდა კავკასიასაც - იბერიას, სომხეთს, ალბანეთს. ანტიკური ეპოქის პრიზმიდან თუკი შევხედავთ, მიდია საკმაოდ გადაბმული ჩანს კავკასიურ სამყაროსთან. ასე მაგალითად, მიდიური კულტურა კოლხეთთან ახლოს ეგულებოდა ჰეროდოტეს, როდესაც წერდა, რომ მედეა მივიდა მიდიამდე (VII, 62:I).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ადვილად წარმოსადგენია, „Ādur Gušnasp"-ის მეომრული კულტი იბერიაში შერწყმოდა ადგილობრივ ტრადიციას [Немсадзе, 1977:108-114]. თვით არმაზის კერპიც კი, რომელიც აღმართა ფარნავაზმა, განასახიერებდა მეომარს, სპილენძის ჯავშნითა და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ასევე, შემორჩენილი არიან მხედრული იერის მქონე ღვთაებანი - თეთრი გიორგი, კოპალე, იახსარი. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მთის რელიგიურ ტრადიციაში, რომელშიც მოცემულია ორივე კომპონენტი, ქრისტიანულიც და წარმართულიც, წმინდა გიორგის სალოცავის მსახურებს „დასტურები" ეწოდებათ (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, dastūr მაზდაისტურ რელიგიაში ეწოდება მოგვს, მოძღვარს, კულტმსახურების ინსტრუქტორს). ცეცხლს (Ādar ან Ādur) უკავშირდება ქართლის მეფეთა ონომასტიკონში ისეთი სახელები, როგორებიცაა „ადერკი" და „ადარნასე". ცეცხლტაძარს „შუშანიკის მარტვილობაში" აღნიშნავს საშუალო სპარსული წარმოშობის ტერმინი „ატროშანი" - შუშანიკი ამბობს, რომ „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმერთოთა" [ცურტაველი ი. 1979:I]. ეს სიტყვა, ისევე როგორც „ათეშგა", სემანტიკურად უნდა უკავშირდებოდეს საშუალო სპარსულ Ātar/Ātur-ს, იგივე Ādur-ს - „ცეცხლი". ავტორისთვის, ცხადია, რენეგატი ვარსქენის შემთხვევაში აწყობს ხელსაყრელია „ცეცხლის", როგორც სტიქიის, და არა აჰურა მაზდას, როგორც უზენაესი ღმერთის, ხაზგასმა.
კიდევ ერთი საკითხია, თუ რამდენად მოიაზრება ირანული რელიგია ქართული წარმართული კულტის თვალთახედვიდან რადიკალურად მტრულ მოვლენად? როდესაც არმაზის კერპი მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესების შედეგად დაემხო, „ქართლის მოქცევის" ტექსტის მიხედვით, ქურუმების ინტერპეტაცია შემდეგია: „ესე არმაზ ქართველთა და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან. ამან რამე მას ზედა ზღუა მოაქცია და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე." როგორც ამ ამონარიდიდან ჩანს, ქურუმთა თვალთახედვით, არმაზი მყარად „ქართულია," ითრუჯანი კი ქალდეველებისაა. რასაც აქ ვკითხულობთ, არის ტიპური ძველაღმოსავლური სტრუქტურის მქონე რელიგიურ-საკულტო ნარატივი გარკვეული ხალხისა და მისი ღვთაების შესახებ. ასე მაგალითად, ხეთურ წარმოდგენაში უცხო ღმერთები „უცხონი" რჩებოდნენ, ვიდრე ისინი „მტრებს" უწყობდნენ ხელს და შეეწეოდნენ მათს სამხედრო წამოწყებებს [Gordesiani,.. 2019:221-219].
თუკი დავუშვებთ, რომ ქალდეველთა ღმერთი ქართული ღვთაების მტერია, მაშინ თავად ქალდეველებიც გარკვეულ ეტაპზე მაინც მტრულ ძალად უნდა წარმოვიდგინოთ. ამის ახსნა კი ძნელი არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბაბილონელ ქალდეველებსა და მათს მეფე ნებროთს, რომელიც, ზოგადად, დამპყრობლის არქეტიპული სახეა.
და მაინც რომელი ღმერთი უნდა იმალებოდეს „ითრუჯანის" უკან? ნ. მარი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს სახელი მწიგნობრული გზით უნდა შემოსულიყო სემიტურიდან, ანუ სირიულ-არაბულიდან, და მან ამ ენობრივი გარემოსთვის სპეციფიკურად შეცვლილი ფორმა „ითრუჯანი" მიიღო [Марр, 1902: 25]. ფაქტია, რომ ითრუჯანს არც კერპი, არც საკრალური ცეცხლი, არც სალოცავი არ ჰქონია სადმე, აღმოსავლეთ საქართველოს რომელიმე არეალში. მის სახელს არ ატარებს არცერთი მთა ან მაღლობი. კ. კეკელიძეს ის მიაჩნია ირანულ „Atar-Atrošan"-ად, რაც მაზდას რელიგიის მიმდევართა საკრალურ ცეცხლს აღნიშნავს [კეკელიძე, 1936:266-270]. ვ. ვაწაძე თავის დისერტაციაში ითრუჯანს აიგივებს სიცრუის სულთან, ანუ „დრუჯ"-თან, რაც ამ თეზისის ავტორისთვის იმის დაშვებითა და გათვალისწინებით, რომ არმაზი ირანული ღვთაებაა, ზოგად სურათში ჯდება [ვაწაძე, 2009:62]. მაგრამ „Druj" ირანულ რელიგიურ სისტემაში არ არის ცალკე ღვთაება ან „Yazata". იგი განუყოფელია ანგჰრა მაინიუ-აჰრიმანისგან, რაც სიცრუისა და სიბნელის სულია და განსახილველია ირანული დემონოლოგიის კონტექსტში. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც არამეინსტრიმული მაზდაიზმის რომელიმე კულტის მსახურს ღმერთად მოეხსენიებინა აჰრიმანი. მით უმეტეს, რომ არცერთ მაზდაისტურ-ზოროასტრულ კოსმოგონიურ ტექსტში აჰრიმანი არ მოიხსენიება წყლის სტიქიასთან ან ჭექა-ქუხილთან მიმართებაში.
მაშ რომელი ღვთაების სახელის რეკონსტრუქცია არის შესაძლებელი არმაზის ქურუმთა ამ ინტერპეტაციიდან? ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია სახელის ფუძე თ-რ-ჯ-ნ/თ-რ-შ-ნ, რომელიც აღნიშნული ტექსტის ნუსხებში ამ თეოფორული სახელის სხვადასხვა ვარიანტის სახით გვხვდება: ითრუჯ - ანასეული ნუსხა, ითროჯან - ჭელიშური ნუსხა, ითარჯნა - მაჩაბლისეული ნუსხა, ითრუშნა - შატბერდული ნუსხა [ვაწაძე, 2009:62]. აქედან (მეტადრე შატბერდული ფორმიდან) შესაძლებელია თეოფორული სახელის, Tarhun/Tarhunt-ის, რეკონსტრუქცია, რაც ხათური ღვთაებაა, იგივე, რაც იეროგლიფური ლუვიური „Tarhunzas". ეს სახელი ნაწარმოები ჩანს ანატოლიური ფუძიდან tarh - „ძლევა", „დამარცხება" [Гамкрелидзе,..1984:320-321]. ეს უკანასკნელი, მართლაც, იყო ქარიშხლის, ატმოსფეროს, ჭექა-ქუხილის, ამინდის/უამინდობის ღვთაება. ამ თეზისამდე, ფაქტობრივად, მიდის მიხეილ წერეთელიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ითრუჯანის მიღმა ხურიტული ჭექა-ქუხილის ღვთაება თეშუბი (tešub) დგას [წერეთელი, 1924:84]. თეშუბი და ტარჰუნტი თითქმის ეკვივალენტური ღვთაებები არიან.
ქართულ წყაროებსა და ფოლკლორულ გადმოცემებში, ასევე, შემონახულია ცნობა სარკინეს გამოქვაბულის შესახებ, სადაც თავს აფარებდა ქაიხოსროს მიერ დევნილი აფრასიაბი. საფიქრებელია, რომ აქაც ისეთი საკულტო ობიექტია ნაგულისხმები, რომელიც „Čaečāsta"-ს მარილიან ტბასთან მდებარე „საკერპეს" მონათესავე უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, გამოქვაბულებში ღვთაებათა თაყვანისცემა უცხო არ არის არც ანატოლიისთვის და არც კავკასიისთვის.

კონსტანტინე გამსახურდია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა