ახალგაზრდებმა რუსთაველი დღესაც გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
ალეკო ელისაშვილი - მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის საერთო სიას უჭერს მხარს
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, ბორდი შევქმნათ, თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, მოადგილედ სოფო ჯაფარიძე
3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2-ს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ალეკო ელისაშვილი - მშიშარა და ლაჩარმა მამუკა მდინარაძემ ჩემთვის პასუხის დაბრუნება რომ ვერ გაბედა, პოლიციელები დამასია ტურებივით

აფხაზური რკინიგზა და კაპიტულაცია

02.16.2021 | 14:04 ნახვები: 786

ბოლო 8 წლის მანძილზე პერიოდულად აქტიურდება აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი და როგორც წესი, ძირითადად ამ თემაზე დისკუსიის გახსნის ინიციატორად სომხეთი გამოდიოდა.
გასაგებიცაა რატომ - ერევანს ჰაერივით სჭირდება გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი მარშრუტების დივერსიფიცირება და სწორედ სომხეთია ამ საკითხის გადაწყვეტაში მთავარი დაინტერესებული მხარე.
საქართველოს პასუხი ყოველთვის იყო „კარგი იდეაა, მაგრამ...". ამ ‘მაგრამ"-ების ჩამონათვალი კი ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ არავითარი რკინიგზა უახლოეს პერიოდში არ გაიხსნება.
მოსკოვი ამ საკითხზე საერთოდაც დუმილს ინარჩუნებს - სავარაუდოდ, რკინიგზის საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატში ასე თუ ისე განიხილებოდა, თუმცა, ოფიციალურად არც ერთი მხარე ამაზე არ საუბრობს.
ყველაზე საინტერესო აფხაზური მხარის რეაქცია იყო - მოძრაობის აღდგენისადმი ხაზგასმული, დემონსტრაციული გულგრილობა, თითქოს მათ ეს თემა საერთოდ არა აინტერესებდათ.
გარდა ტრადიციული აფხაზური ქედმაღლობის და სამყაროს აღქმის სრულ არაადეკვატურობის, ამ მიდგომას ასევე ხელს უწყობდა ერთი უცნაური ახირება: აფხაზების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სოხუმთან ურთიერთობების აღდგენა პირველ რიგში თავად საქართველოს ინტერესებშია.
ისინი ფიქრობენ, რომ თბილისი ამ საკითხით იმდენად დაინტერესებულია, რომ მზადაა ფაქტიურად აღიაროს აფხაზეთი დამოუკიდებლობა - სრულიად გაუგებარია რატომ, თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი განწყობა იქ დღესაც დომინირებს.
ალბათ, ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ აფხაზურ კუდაბზიკობას და სიამაყეს 2020 წლის ოქტომბერმა ბოლო მოუღო.
2020 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანმა 45-დღიან ომში სომხეთი პირწმინდად დაამარცხა, რამაც სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო რუკა რადიკალურად შეცვალა - ბაქომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა და მას ერევანთან არავითარი რეალური პრეტენზიები არ დარჩა. შესაბამისად აზერბაიჯანთან და თურქეთთან სომხეთის საზღვრების გახსნა ამჯერად მხოლოდ სომხეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხვდება, რადგანაც სომხეთს, როგორც სახელმწიფოს და როგორც სოციუმს, ომში დამარცხებით გამოწვეული იდენტურობის კრიზისიდან გამოსვლისთვის მხოლოდ ერთი გზა დარჩათ - სიმწრის შერბილება ეკონომიკური სარგებლით და წინსვლით.
სწორედ ამ დროს, როდესაც ქართული ტრანზიტი და მასთან ერთად, აფხაზეთის რკინიგზა, სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვის ზღვარზეა, აფხაზური მხარე მოულოდნელად გამოცოცხლდა.
სადღაც გაქრა მათი ქედმაღლობა და ამ საკითხისადმი ზემოდან ქვემო ყურების მრავალწლიანი ჩვევა. დღეს სწორედ აფხაზური მხარე, მთავრობის, პრეზიდენტის, და პარლამენტის დონეზე საუბრობს რკინიგზის გახსნის აუცილებლობაზე.
ოღონდ ამას ისე აკეთებს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ახსენოს საქართველო - თითქოს, ეს საკითხი ყველას ეხება - რუსეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსაც კი, ოღონდ არა თბილისს.
საბოლოო ჯამში საქართველო მაინც ახსენდებათ, ოღონდ ისევ ძველი რიტორიკით - „თბილისი უნდა მიხვდეს, რომ მისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება მომგებიანია".
როგორც ცნობილია, საქართველოში ძალიან ძლიერია ქვეცნობიერი, ინსტინქტური, და უნებლიე კაპულანტური განწყობები, როდესაც „ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების" გულის მოსაგებად, საზოგადოების დიდი ნაწილი მზადაა ყველანაირი პრინციპები დათმოს.
ეს უმნიშვნელო ფაქტორი არაა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თუ არა, დიდი ნაწილი სააკაშვილის ადმინისტრაციის ერთ-ერთ უდიდეს და უპატიებელ დანაშაულად ერგნეთის ბაზრობის დახურვას მიიჩნევს.
„ოსები და ქართველები ერთად ვაჭრობდნენ, თანამშრომლობდნენ, ქორწილებში დადიოდნენ" - ასეთ სიტყვებს ხშირად გაიგონებთ დღესაც.
ოსურ ქორწილებში ჰაბეზგინების მირთმევისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი მზადაა საკუთარი ქვეყნის დანგრევას და ცოცხლად ლპობას მშვიდად უყუროს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აფხაზეთის რკინიგზა პრაქტიკული თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებად მავნეა, ვიდრე კონტრაბანდის გიგანტური წყარო დედაქალაქიდან 50 კილომეტრში.
საქართველომ ეს მორიგი სატყუარა არ უნდა ჩაყლაპოს - „ადამიანებს შორის ურთიერთობების აღდგენა" და სახელმწიფო ღალატი ერთი და იგივე არაა. აფხაზებთან კონტაქტების დამყარება მნიშვნელოვანია, ოღონდ არა ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრის ფასად.
დღეს აფხაზური მხარე გამოსავლის ძიებაშია - საკმარისია სომხეთმა გახსნას რუსეთისკენ გზა აზერბაიჯანის გავლით - აფხაზეთის რკინიგზა უსარგებლო ჯართი გახდება. ამიტომაც სოხუმისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რკინიგზის დროული გახსნა, მანამ, სანამ ერევანი, ბაქო, და ანკარა საბოლოოდ შეთანხმდნენ ტრანზიტზე.
ეს გარკვეული საფრთხეა საქართველოსთვისაც, რომელიც ადრე თუ გვიან ექსკლუზიური სატრანსპორტო დერეფნის როლს დაკარგავს და ეს უკვე დღესაც ნათელია. მაგრამ დღევანდელ პირობებში აფხაზური ტრანზიტის გახსნა დაუფარავი და ღია სახელმწიფო ღალატია.
მანამ, სანამ ენგურზე დგას აფხაზური საბაჟო და ფსოუს არ აკონტროლებს ქართული მხარე - ნებისმიერი სახის ოფიციალური მიმოსვლა დაუშვებელია. ამ საქმეში შველად ვერც გაურკვეველი შვეიცარიული კომპანია გამოდგება, რომელსაც 2011 წლის ქართულ-რუსული ფარატინა ქაღალდის თანახმად, საზღვრებზე გამავალი ტვირთების კონტროლი ევალება.
საზღვრების კონტროლი არის სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლება და ვალდებულება, და მას ვერანაირი უცხოური კომპანია ვერ ჩაანაცვლებს.
შვეიცარიელების დაყენება ფსოუზე და მით უმეტეს ენგურზე, თბილისის მიერ დაკარგულ ტერიტორიაზე იურისდიქციის ოფიციალურ დათმობას ნიშნავს. ამ საკითხზე არავითარი განსხვავებული ინტერპრეტაცია არ შეიძლება არსებობდეს.
იმედია, ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებასაც, და ხელისუფლებასაც.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა