მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

ბიძინა ივანიშვილის ბოლო შანსი _ მეორე ასი დღე

09.05.2018 ნახვები: 1595

„უზენაესი ბელადი თვითონ უნდა იყოს სამართლიანი და მიუხედავად ამისა, უნდა იყოს ადამიანი. ეს ამოცანა ურთულესი ამოცანაა შესასრულებლად. არ არსებობს მასზე უფრო რთული ამოცანა…“ _ ემანუელ კანტის ეს სიტყვები წინამდებარე წერილის უმთავრეს შეგონებად მიმაჩნია და ის ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ ნებისმიერი ლიდერისთვის უნდა იყოს უმთავრესი გააზრების ფაქტორი.

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში ვნებათაღელვის, საჯარო სივრცეებისა თუ მოყუჩებული და უარომატო სამზარეულოების აბობოქრების მიზეზი გახდა.
ამ დაბრუნებისას ბევრს დაავიწყდა 2017 წლის ზაფხული და ასევე აბობოქრებული საჯარო სივრცეები და სამზარეულოები, ერთი ტექსტით: „ბატონი ავად გამხდარა“ და უამრავი ვარაუდით: ტყუილია _ მართალია, გადარჩება _ ვერ გადარჩება და ა. შ.
მაშინ საზოგადოებას ამ ტყუილ-მართალზე ჩემეული ანალიზი შევთავაზე და აღვნიშნე, რომ „ქვეყანა ახალ ბატონს“ ეძებს. უფრო სწორად, მთელი პასაჟი ის გახლდათ, რომ თუ ივანიშვილი სხვადასხვა გარემოების გამო დიდი ხანი დარჩებოდა ჩრდილში ან არ გამოვიდოდა ჩეროდან, ხალხი „ბატონის“ გარეშე ვერ გაძლებდა და ახლის ძებნას დაიწყებდა.
ვრცელ ციტატას მოვიტან ლამის ერთი წლის წინანდელი ნააზრევიდან: „კარგით _ ჯანმრთელია, კარგად გრძნობს თავს, მაშინ რატომ ქმნის საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის და რატომ იმალება? იმას ვერ დავიჯერებ, რომ გლახუნა ავშანისძედ გადაიცვა და ხალხში დადის განწყობების გასარკვევად პიპასთან ერთად. ისიც დაუჯერებელია, რომ საკუთარი „ვირთხა“ ხელქვეითების ქცევები აინტერესებს და მათ სცდის.
განრიდებას შესაძლოა ჰქონდეს ორი საფუძველი:
პირველი, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი სურვილების რეალიზებას, წარმოიქმნება პრობლემა. იგი ხვდება, რომ „მან საკუთარ გრძნობებში საკუთარი თავის რეალიზებაც ვერ შეძლო. და რად იქცა ის? სრულიად შემთხვევითი ვითარების მარიონეტად. საკუთარი მდგომარეობის მონად“ (მერაბ მამარდაშვილი, _ „ცნობიერების ტოპოლოგია“).
ამ შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ივანიშვილი ბევრ რამეს მიხვდა და, სავარაუდოდ, ახლა მას მაქებრები უფრო ეზიზღება, ვიდრე მძაგებლები. მლიქვნელებზე გული ერევა და მის ფანტომობას, კახურად რომ ვთქვათ: „წადით, თქვენი!..“ უდევს საფუძვლად.
და მეორე ფაქტორი _ ფული. ესეც ჰიპოთეტური განსჯაა. აქაც „მდგომარეობის მონობაა“ განმაპირობებელი ფაქტორი. რამდენიმე ხნის წინათ მსოფლიოში ცნობილ მილიარდერთან მომიწია საუბარი. მას ივანიშვილზე, ლამის, სამჯერ მეტი ფული აქვს. სამწუხაროდ, მის უნებართვოდ ვინაობას ვერ გავამხელ, მაგრამ მოვიყვან ფრაგმენტს ჩვენი დიალოგიდან: „ნებისმიერ ხელისუფალს უნდა ესმოდეს, რომ მილიარდერს ფული არ უნდა წაართვა. შესაძლოა, ოჯახის წევრს შეეხო, მაგრამ ფული, ქონება არ უნდა წაგლიჯო“. როცა ჩავეკითხე ოჯახის წევრის შეხებაზე, ერთი შეხედვით, საშინელი პასუხი მივიღე: „ვენდეტა უვადოა და ოჯახის ფარგლებს არ სცდება“. ისევ ჩავეძიე: „სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ფულსა და ქონებას ართმევ?“ მან გაიღიმა და მიპასუხა: „სხვა შემთხვევა გაქვთ საქართველოში“…
ეს დიალოგი ამომიტივტივდა თავში ივანიშვილის „ავადმყოფობისას“. დიახ, ფული! შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან რაღაც მნიშვნელოვანი მესიჯი მიიღო პოლიტიკურ პროცესებში არაფორმალურ მონაწილეობაზე და ვითარებას ალაგებს. დიახ, ფულია ივანიშვილისთვის რწმენა და სალოცავი! ფულია მისი ძალაუფლების განმსაზღვრელი და, რა თქმა უნდა, ყველასა და ყველაფრის სანაცვლოდ იბრძოლებს მის გადასარჩენად. შესაბამისად, სულ ფეხებზე კიდია, „ვრცელდება ინფორმაცია ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ“. დიახ, ფული უნდა გადაარჩინოს, რომ სხვა ყველაფერს მიხედოს.
რეალურად, არც ეს ვითარებაა ივანიშვილისთვის სასარგებლო, რადგან უკვე რომელ წამს გამოჩნდება ივანიშვილი და რამდენად პომპეზურად, მნიშვნელობა არ აქვს, ზემოხსენებულ „სასტავს“ ამ შემთხვევაშიც უჩნდება განცდა: ა) ბატონს ფეხებზე კიდია და მას ვერაფერს გამორჩება, თუნდაც საკუთარ ოცნებაში; ბ) ბატონზე დიდი ბატონი არსებობს და მაშინ ამ ბატონს რატომ უნდა ემსახურონ, უმჯობესი არ არის, ისეთ ბატონი მოძებნონ, რომელიც დიდ ბატონთან იქნება დაახლოებული?..
ივანიშვილისა და სახელმწიფოსთვის, სამწუხაროდ, სამართლიანობის ლოზუნგით სახელმწიფოს სათავეში მოსული „ოცნება“ ისეთივე უსამართლო აღმოჩნდა, როგორიც მისი წინა, წინამორბედები და უარესიც _ მან წინა ხელისუფლებების ყველა უგვანობა გააუმჯობესა. ის, რომ „მაშინ, იმ 9 წელს“, რაღაც ცუდად იყო, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ახლა არსებობს ცუდად მოქცევის, მართვისა და საქმიანობის ლეგიტიმაცია. უბრალოდ, ის რაც ახლა ხდება, ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების სამართალია, რომელიც მუდამ „მართალია“ და, საბოლოოდ, თავისი სამართალი კლავს.
ეს გაქცევა, დამალვა, თამაში ადასტურებს, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლო ზემოაღნიშნული ურთულესი ამოცანის შესრულება.
და თუ ბატონი ავადაა, გულწრფელად ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ასევე გულწრფელად ვწუხვარ, რომ მან ქვეყანას დაპირებები ვერ შეუსრულა ან როგორ შეუსრულებდა, როდესაც მისი სამართლიანობის ინსპირაცია მხოლოდ წართმეული ფულის „ამოღება“ აღმოჩნდა?
იმის მიუხედავად, რამდენად საღსალამათად არის ივანიშვილი, ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს. რას ვიზამთ? _ ეს ფილოსოფიის კანონია. დროსა და ვადას კი მნიშვნელობა არ აქვს…“
და პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი ფილოსოფიურადაც და პრაგმატულადაც, აგერ დევს. იმიტომ, რომ დაინახა _ ქვეყანა ახალ ბატონს ეძებდა.
და რა ხდება ახლა? ბიძინა ივანიშვილი იმაზე უფრო რთულ მდგომარეობაშია ამჟამად, ვიდრე მაშინ, როდესაც, 2012 წელს, არჩევნების გამარჯვების შემდეგ, მისთვის საკმაოდ არაკომფორტულ ვითარებას დათანხმდა და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.
2013 წლის მერე, როდესაც ბატონმა ივანიშვილმა ქვეყნის არაფორმალური მართვა დაიწყო, დიდი დრო გავიდა და ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, სხვა ვითარებაა და უფრო რთული. რთული იმ მხრივ, რომ 2012 წელს ნებისმიერი ცვლილება შესაძლებელია იმით გამართლებულიყო, რომ „ნაცების დროს ცუდი გახლდათ“, მაგრამ ახლა? ახლა რეფორმებს დაარქმევენ ცვლილებებს? ახლა რას უზამენ „ყველაზე ეფექტიანი მთავრობის“ წევრებს? თუმცა ცალკე საკითხია, აპირებს კი ვინმე რეფორმებს?
ისევ წარსულს დავუბრუნდები _ 2013 წელს, ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლიდან ასი დღის თავზე „მარტოობის ასი დღე _ ხალხს დაშორებული „ოცნება“ _ გამოვაქვეყნე. სახელმწიფოს პროგრესის მსურველსა და მისი წარმატებების აუცილებლობით გულანთებულს იმ ასმა დღემ იმედები გამიქარწყლა და მარკესის ინსპირაციით ასეთი რამ დავწერე: თუ კარგად მიმოვიხედავთ ირგვლივ და გონებასაც არ დავიჩლუნგებთ, მივხვდებით, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში მიყრუებულ სოფელ მაკონდოდ გადავიქცევით და საბოლოოდ, თითოეული ჩვენგანის გვარიც ბუენდია იქნება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 11 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ, ბატონი ივანიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში დროის ათვლის ახალი ასი დღე დაიწყება. სამ თვეზე ოდნავ მეტი ვადა, როდესაც მიყრუებული მაკონდო უნდა ააჟრიამულოს და ბუენდიების გვარის ნაცვლად ყველას ჩვენი გვარი დაგვიბრუნოს.
ბატონი ივანიშვილი, მიუხედავად თავისი, ვერშემდგარი და მერკანტილიზმით აღსავსე „ჭკვიანი მრჩევლების“ რჩევისა, თუ არ შეძლებს იმის გააზრებას, რასაც მარკესი გვეუბნება _ მხდალი ადამიანი თუ საზოგადოება უიმედო და უპერსპექტივოა და სამუდამოდ განწირულს ან წითელი ჭიანჭველები შეჭამენ ცოცხლად, ან სხვა რამ უწმინდური მოუღებს ბოლოს _ დამარცხდება და საბოლოოდ განადგურდება, როგორც პიროვნება.
გვსურს თუ არა ამის აღიარება, ვის უყვარს და ვის სძულს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტის კონსტატაცია მოვახდინოთ _ ივანიშვილი უდავოდ ჭკვიანი ადამიანია. უბრალოდ, იგი ბიზნესმენია და დროს სხვაგვარად აღიქვამს. ანუ ივანიშვილისა და დანარჩენი საქართველოს (ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ადამიანის) საათი სხვა დროს აჩვენებს. ქართული სახელმწიფოსთვის, საუბედუროდ, ივანიშვილის მიერ დროის აღქმა _ მისი შენელებული მოქმედების ნაღმები, გნებავთ, სიკეთეები _ დანარჩენი საქართველოსთვის სხვა დროსა და სხვა ვითარებაში ფეთქდება და ხორციელდება. ეს ქმედებები _ დროს აცდენილი _ ხან უდიდეს და არათანაზომად „მსხვერპლს“ იწვევს, ხან კიდევ პოზიტივს კარგავს და არც სახელმწიფოს არგია, არც ქვეყნას და არც მის მოსახლეობას. დიახ, ბიზნესში შესაძლოა, იმდენი ითმინო, ვიდრე სასოწარკვეთამდე არ მიიყვან კონკურენტს და მუხლებზე არ დაეცემა და თავის ქონებასა და საკუთარ თავსაც კი ჩალის ფასად არ შემოგთავაზებს. პოლიტიკაში ეს პროცესი სხვაგვარად მთავრდება _ საკუთარი თავის შემოთავაზება და მუხლებზე დაცემა პირველი და შუა ფაზაა. სასოწარკვეთას პოლიტიკაში სასოწარკვეთილის განადგურება მოჰყვება. ეს პოლიტიკური კლასიკაა და ამის შეცვლა ვერც ერთმა უდიდესმა მმართველმა ვერ მოახერხა.
შესაძლოა, ბატონი ივანიშვილის გარემოცვას ეცინება კიდეც იმის გამო, რომ ეს ქვეყანა მაკონდოდ აქცია და ყველას ერთი გვარი მოგვანიჭა, მაგრამ ჩვენ _ ხალხს, საზოგადოებას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ტრაგიკომიკური ყოფის ავტორები კვლავ ჩვენ ვართ და თუ დღეს კიდევ ვინმე ფიქრობს, იმედოვნებს, ოცნებობს, რომ ხვალ-ზეგ ვითარება გამოსწორდება, მერწმუნეთ, ეს უფრო მეტი სასოწარკვეთილების მიზეზი გახდება ვითარების ვერგამოსწორების შემთხვევაში.
დიახ, ბიძინა ივანიშვილის მეორე 100 დღე ის ფაზა გახლავთ, როდესაც მანკონდოდ ქცეული საქართველოს მოსახლეობა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს არა მხოლოდ „ოცნების“ მომავალთან დაკავშირებით, არამედ თავად ივანიშვილის პერსონის მიმართ და აქ იმაზე აპელირებს, რომ სახელმწიფოში ბევრი რამ ხდება პოზიტიური და ხალხს „პირადი ბანკირების“ არყოლის პირობებშიც კი ფული, თურმე, „ბღუჟა-ბღუჯად“ რომ აქვს _ არ და ვერ გამოდგება. ზურაბ ჟვანიას თქმის არ იყოს, ქვეყნის წარმატებული სტატისტიკა და მდგომარეობა მაცივარია.
ქართული სახელმწიფოს მესვეურებისა და მისი კონფორმისტი საზოგადოების სენია პოლიტიკური და სოციალური „კარტინკის“ არასწორი რაკურსით ხედვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ისევე როგორც ბუენდიები, ჩვენც უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები ვართ _ გვიყვარს და გვძულს (გვძულს ისინიც კი, რომლებიც გვიყვარს), ვშრომობთ და ვფუქსავატობთ თოვლის ბაბუის მოლოდინში, ვომობთ (ჩვენ მეტწილად ომობანას ვთამაშობთ) და რაც ყველაზე მთავარია, გვჯერა, რომ არასოდეს აღვიგვებით პირისაგან მიწისა. არადა, მაკონდო აღარ არსებობს(!). თუმცა ისტორიის გაკვეთილები ჩვენთვის ხომ არასოდეს იყო გასათვალისწინებელი და ახლა ნობელიანტი მარკესის „სწორხაზოვანი, თანმიმდევრული და რამდენადმე ზედაპირული“ (მარკესის სიტყვები „მარტოობის ას წელზე“, _ ავტ.) „ნაცოდვილარი“ რაღა გასათვალისწინებელია? და ის, რომ მაკონდო არ არსებობს, პირდაპირი გაგებით სულაც არ ნიშნავს, რომ არ იარსებებს საქართველო, უბრალოდ, ვინ არ იარსებებს საქართველოში, ამ კითხვაზე უნდა გასცენ პასუხი „მესვეურებმა“, კონფორმისტებმა და მლიქვნელებმა.
„ოცნების“ გამარჯვების შემდგომი ასი დღის თვალნათელი მაგალითი გახლდათ ის, რომ მაშინ, 2012-ში, „ოცნებას“ გამარჯვების არ სჯეროდა. მაშინ და იმ ხნიდან მოყოლებული არავინ ჰკითხა „ოცნების“ ლიდერ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, _ რატომ არ ჰყავდა მას წინასწარ შერჩეული ის გუნდი, რომელსაც „ოცნების“ პროგრამისთვის უნდა შეესხა ფრთები? რატომ არ ჰყავდა ფინანსთა, ეკონომიკის, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები მოაზრებული? სხვა სფეროებზე არაფერს ვამბობ, რადგან სწორედ ეს მიმართულებები იყო პარტიის _ კოალიციის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „ოცნებას“ დღემდე არ სჯერა, რომ სწორედ ის მართავს სახელმწიფოს. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, მართავს შიშით. ივანიშვილის მეორე ასი დღის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ეს გახლავთ _ შიში! მშიშარა ხელისუფლება კი ვერც რეფორმებს გაატარებს და ვერც ვერანაირ შედეგებს მიაღწევს. პოზიტიურ შედეგებზე ვსაუბრობ.
შემდგომი გამოწვევა, რომელზედაც ივანიშვილს პასუხის გაცემა მოუწევს, ცნობილი დევიზია: „ვინც ჩვენთან არაა, ის ჩვენი მტერია!“ ეს დევიზი ერის დეგრადაციისა და პიროვნების მორალური გახრწნის უებარი საშუალებაა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო იღებს ორ კასტას _ „ჩვენთან“ ყოფნის მსურველ ჩარჩებსა და ძალად მარგინალიზებულ პირებს. ქვეყნაში „ჩარჩული“ ფსიქოლოგიაა დამკვიდრებული _ ერთი სარფიანად ყიდულობს, მეორენი ცდილობენ, მიეყიდონ. რაოდენ ცოტანი არიან ღირსეულნი (ხელისუფლების გადასახედიდან მარგინალიზებულნი), რომლებიც ასე არ ფიქრობენ. მაგრამ არიან და ეს უკვე შვებაა, რადგან ეს არაპოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება ის პასიონერული ნაწილი, რომელიც სტაგნაციას დიდი ხანი არ მოითმენს.
„ივანიშვილის ბიზნესსტრატეგია მილიარდებამდე სავალ გზაზე ყოველთვის იყო ისეთი კომპანიებისა თუ აქციების ყიდვა, რომელიც „ქვევით“ მიექანებოდა, მერე? მერე ის, რომ ამოქაჩავდა და ხუთჯერ მეტ მოგებას ნახულობდა. მაგარია! სწორი სტრატეგიაა ბიზნესში. მაგრამ შეუძლია ბატონ ივანიშვილს გვითხრას, _ წინასწარ, საჯაროდ განუცხადებია თუ არა ოდესმე თავისი ბიზნესინტერესის შესახებ? ალბათ, _ არა. იმიტომ, რომ ბიზნესში ასე არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს. არც პოლიტიკური არენაა ქარვასლა! გაჭირვებული და პრობლემებით დახუნძლული ადამიანებით მანიპულირება რამდენად ჯდება მორალურ ჩარჩოებში? თუ პოლიტიკა და ბიზნესი მორალს არ ცნობს?“ _ ვწერდი 2013 წელს („მარტოობის ასი დღე _ ხალხს დაშორებული „ოცნება“). გარეთ 2018 წელია. გაჭირვებული და პრობლემებით დახუნძლული ადამიანების რაოდენობა ბევრად გაიზარდა და დროთა განმავლობაში ამ ადამიანებით მანიპულირება უფრო გაჭირდება, რადგან გაჭირვებამ და სასოწარკვეთამ გაბოროტება იცის და გაბოროტებული ადამიანების ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება, მისი პროგნოზირება გარდა ერთი ფინალისა _ „გკლავს“ _ შეუძლებელია. ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელსაც ვერც თალაკვაძის ყალბი და მდინარაძის კომკავშირული პათოსი, მით უფრო, ქუმსიშვილის „ბღუჯა-ბღუჯა“ თეზა გააქარწყლებს და მასზეც მოუწევს ბატონ ივანიშვილს პასუხის გაცემა.
„კადრები წყვეტენ ყველაფერს!“ _ საბჭოეთიდან შემორჩენილი ეს ლოზუნგი დღესაც აქტუალურია. მარკესის რომანში ადამიანური იმედების მსხვრევის თემა არაერთგზის მეორდება და ამ მხრივ იგი ტრაგიკულია, მაგრამ უიმედობას როდი გვიტოვებს გულში! სწორედ ასეა ხოლმე ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების დროს. კადრები კი ბატონი ივანიშვილის აქილევსის ქუსლია. თავი დავანებოთ იმას, რომ „ოცნებამ“ მრავალი ღირსეული პროფესიონალი დატოვა „გაღიმებული“ თავისი საკადრო პოლიტიკით. ყურადღება მივაპყროთ პოლიტიკურ თანამდებობებს. აქ „სკამი მოკლეა“. ივანიშვილის ნდობის ხარისხი „ქართუს“ მიღმა კადრების მიმართ ნულს უტოლდება. „ქართუ“ კი არც არასოდეს ყოფილა პოლიტიკური კადრების სამჭედლო და ამას თუნდაც ივანიშვილის შემდგომი ორივე პრემიერ-მინისტრის ნათელი მაგალითიც ცხადჰყოფს. სახელმწიფოსთვის სამწუხაროდ, ამ მხრივ და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის შემხედვარე, მინიმალურია იმის იმედი, რომ ბატონი ივანიშვილი ნიჭით აღვსილ, სამშობლოსადმი მსახურების სურვილით გულანთებულ იდეალისტებს ჩააყენებს სახელმწიფოს სამსახურში. და რაოდენ არ უნდა დაიიმედოს მან თავი იმით, რომ თუ მექანიზმი ააწყო, სახელმწიფოს მართვა ავტოპილოტზეც შეიძლება, ისევ შეცდომას დაუშვებს. ავტოპილოტზე ნამართი სახელმწიფოს „გადასარჩენადაც“ დაბრუნდა იგი პოლიტიკაში.
ასევე ივანიშვილის მეორე ასი დღის გამოწვევად რჩება კომპლექსები… „ოცნების“ ხელისუფლებას აშკარად აქვს კომპლექსები, რომელიც პროგრესირებადია. თუ თავს დავანებებთ ბიძინა ივანიშვილის უკვე ჩვეულებად ქცეულ გადათქმებს ცალკეულ საკითხებთან მიმართებით და ეს შესაძლოა, იმითაც „გავაპრავოთ“, რომ ადამიანია და შეცდომების აღიარების არ ეშინა, ნამდვილად საგანგაშოა სხვა კომპლექსი _ უინიციატივობა და მასთან დაკავშირებული შიში (შიში ზემოთაც ვახსენე, თუმცა ამ შემთხვევაში ინიციატივებთან დაკავშირებულ შიშებზე ვსაუბრობ). ხელისუფლებაში ავიწყდებათ, რომ ცდება ის, ვინც აკეთებს… მაგრამ ცხადია, რომ ივანიშვილმა და გუნდმა აიჩია სხვა გზა _ ინიციატივას რომ შეცდომა მოყვეს ცუდია და სჯობს, ვიყოთ უინიციატივოები. რა თქმა უნდა, აქ კომპლექსურ და რეფორმატორულ ინიციატივებზე ვსაუბრობ და არა ცალკეულ შემთხვევებზე, რაც გუნდის პოლიტიკურ მერკანტილიზმსა და კორუფციულ შედეგებს უკავშირდება. ამ კონტექსტში კვლავაც გავიმეორებ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ერთ ქორწილში თავმოყრილი ხალხის რაოდენობის ეშინია. და სწორედ ეს გარემობაც განაპირობებს საჯარო მოხელეებისა თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან იდეების ატროფიას.
ისე, პოლიტიკური ვიზავის პრიზმაში ივანიშვილისა და ზოგადად ქართული სახელმწიფოს (არ ვაიგივებ) გამოწვევად ეკლესია რჩება და არა მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ან, გნებავთ, ნებისმიერი ლიდერი თუ პოლიტიკური ძალა. თუ რატომ, ამის შესახებ სხვა არაერთ სტატიაში ვრცლად მაქვს ნასაუბრები.
და ყველაზე მთავარი _ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ბატონი ივანიშვილისთვის _ არც ძალაუფლება და არც ხელისუფლება განსაზღვრავს სიზმრის შინაარსს, რომელიც შეიძლება ცხადში კოშმარად იქცეს. ძალიანაც რომ მინდოდეს მე ან საქართველოს ნებისმიერ მცხოვრებს, საკუთარ სიზმარს ვერ გაჩუქებთ. იცით, რას ვამბობ? ხელისუფლება _ „ოცნება“ ხომ მილიონობით ფულს იხდის სხვადასხვა კვლევისთვის. რატომ არ დაუკვეთეთ ერთი კვლევა იმის გასარკვევად, თუ რამდენმა ადამიანმა მოგცათ ხმა, რომელთა ოცნება ივანიშვილს კი არა, საქართველოს, საკუთარ შვილებსა და საკუთარ ღირსებას უკავშირდება. მერწმუნეთ ეს საკმაოდ დიდი ციფრია, იმაზე დიდი, ვიდრე ის მეტობა, რომელმაც თქვენ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა ორჯერ გარგუნათ. მართლა ფიქრობთ, რომ თქვენს პროგრმას, თქვენს დაპირებებს, თქვენგან შესაძლო წყალობას მისცა ხმა უამრავმა ადამიანმა?
2012 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ, ამ თარიღიდან ასი დღის თავზეა ნათქვამი ეს სიტყვები: „თქვენ, ბატონო პრემიერო (ბიძინა ივანიშვილი, _ ავტ) და თქვენი გუნდი ისეთი კატასტროფული სიჩქარით დაშორდით ხალხს, რომ თუ ასე გააგრძელებთ, 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩვენ გვეყოლება „ოცნება“ და დანარჩენი საქართველო სწორედ იმავე ანალოგიით, როგორც „ნაციონალები“ და დანარჩენი საქართველო იყო. საზოგადოებისგან დისტანცირებისთვის, მაინცდამაინც, „ცოცხი“, რეკეტი და ვინმეს თვისუფლების შელახვა ან შეზღუდვა არაა სავალდებულო“. და ახლა, 2018 წელს, იცით, სად ხართ? ბატონ ივანიშვილს აუხსნა ვინმემ, რომ უფსკრულია ხელისუფლებასა და საქართველოს მოქალაქეებს შორის? და ახლა ამ მოქალაქეების საპირწონედ იმ ადამიანებს ნუ დამისახელებთ „მოქალაქეთა კავშირდან“ მოყოლებული, ყველა მმართველი პარტიის კონფერენციასა და ყრილობაზე მქუხარე ტაშით რომ აჯილდოებს პრეზიდიუმში მსხდომთ და მგზნებარე სიტყვებით გამოსულ ავანტიურისტებს.
დიახაც, „ოცნებამ“ დღემდე ვერ მოიცალა ხალხისთვის და დღემდე მხოლოდ კეისარზე რუდუნებს და ხალხს ხალხის ვერ მიაგო. ასე ფიქრობთ, რომ ეს არ არის გამოწვევა და ისიც დააყოლეთ, რატომ მიიჩნია ეს აბსურდი მნიშვნელოვნადო? პასუხს მეორე ასი დღის მერე დავწერ, თუ გნაბავთ, ერთ ასსაც გადავამეტებ, თუ, რა თქმა უნდა, ვითარება იგივე დარჩა.
დაინახავს და იგრძნობს ამ ყველაფერს ასი დღის განმავლობაში ბატონი ივანიშვილი?

***
პილარ ტერნერა _ ოჰ, ეს გმირი უნდა გახსოვდეთ, მისი ფერადი ბანქოთი. ბანქო რომ მხოლოდ გასართობი საშუალება არაა, ეგეც მოგეხსენებთ, ალბათ, და საკმაოდ ბევრი ადამიანი მის სხვა „თვისებებსაც“ ენდობა. რასაც ვუყურებ, ბატონ ივანიშვილს არ უვარგა პილარ ტერნერა (ტერნერები) და არა მგონია, ასი დღის შემდგ მაინც შეელიოს მათ. თუმცა მას აქვს ეს მეორე ასი დღეც, რომელსაც ივანიშვილის ბოლო შანსი შეგვიძლია ვუწოდოთ.

***
რამდენჯერმე მოვისმინე მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრემიერ კვირიკაშვილსა და მის კორუმპირებულ და დეგრადირებულ გუნდს (აქ არ ვგულისხმობ მთავრობის შემადგენლობის ცალკეულ პერსონებს, არამედ სისტემას, რომელიც ღარიბაშვილმა და კვირიკაშვილმა შექმნეს) ივანიშვილი სხვაგვარად მოუვლის. ჯერ ახალგაზრდებს წამოწევს და მერე ამ ახალგაზრდებსაც მიუჩენს ადგილს. კარგით, დავეთანხმოთ ამ მოსაზრებას და მივიღოთ ის, როგორც კარგი გეგმა, მაგრამ იმას რა ეშველება, რომ გარეთ 2018 წელია? ან იმას, რომ პოლიტიკაში დროს სხვა დატვირთვა აქვს? და უმთავრესს _ ივანიშვილის საათი ახლა 22-ე საუკუნეშიც რომ იყოს და დანარჩენი საქართველოსი _ 2018 წელს, მისთვის ახლა ცაიტნოტია. გნებავთ, ჭადრაკის საათი წარმოიდგინეთ, სადაც წამი წამზე ჩამოვარდება ალამი და გნებავთ, ქვიშის საათი, სადაც სულ მალე დაილევა ქვიშა. და მაინც, რამდენია ეს დრო? მხოლოდ 100 დღე! დანარჩენი ყოველი მომდევნო დღე, კვირა, თუ გნაბავთ, თვე, ტექნიკური შესვენებაა _ ტაიმ აუტი ფინალამდე. ამ ასი დღის შემდეგ ან ივანიშვილის ნებით, ან მის გარეშე ამ ქვეყანაში ბუენდიები აღარ იქნებიან და ეს ქვეყანაც არ იქნება მიყრუებული მაკონდო.
მტრისა და მოყვრის გარჩევა რომ არ შეგვიძლია, ეს ჩვენი ბედოვლათობაა. უმადურობა სენია, რომელსაც ვერც ერთი ამპარტავანი ვერ უმკურნალებს. ბედოვლათობამ და უმადუობამ აღგავა მაკონდო. ბნელ ოთახში შავი კატის ძებნაში ნუ დახარჯავთ ენერგიას, მით უფრო, როცა იცით, იქ კატა არაა. გველი ეძებეთ უბეში, შეცდომები კი საკუთარ მიზნებსა და გონებაში – ეს ჩემეული შეგონება კი „ოცნებას“ სრული და ინდივიდუალური შემადგენლობით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც კეთილი ზრახვებით, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ.

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა