რობინ დანიგანი - ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მაია სანდუ - საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე
გიორგი გახარია - როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ?
მეუფე საბა - საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს
გიორგი გახარია - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს
ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა

რაც შეიძლება სწრაფად და დიაგონალზე

17.09.2020 ნახვები: 680

ლელა ოჩიაური

არ დავიწყებ კორონავირუსზე, პანდემიაზე, ეკონომიკურ კრიზისზე, ვაქცინაზე, ვირუსის მსხვერპლზე, განკურნებულებისა და დაავადებულების რაოდენობაზე, პროცენტულ შეფარდებაზე, კლასტერებზე, მეორე ტალღაზე, პირბადეების ტარების აუცილებლობაზე, 1 თუ 2-მეტრიან დისტანციის დაცვასა თუ არდაცვაზე, მუშკეტრებადწოდებულ და მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ ექიმებზე, კარანტინზე, თვითიზოლაციაზე, წარმატებულად ჩატარებულ ონლაინგაკვეთილებსა და ლექციებზე, ასეთივე საქმიან შეხვედრებსა და მსგავს თემებზე საუბარს. კომპეტენტური აზრების გამოთქმას. ამაზე უჩემოდაც ბევრსა და სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ.
ისევე, როგორც ბევრსა და დამაჯერებლად ლაპარაკობენ იმაზეც, თუ რა მდგომარეობაა დღეს კულტურაში და რა ელოდება მას უახლოეს თუ არცთუ უახლოეს მომავალში. აფასებენ აწმყოს და ფიქრობენ მომავალზე. მთელი მსოფლიო და რა თქმა უნდა, საქართველოც ეძებს გამოსავალსა და შველა/გადარჩენის გზებს. ეს მოცემულობა ჯერ კიდევ გაურკვეველი, ბუნდოვანი და ამოუცნობია. დღეს და აქამდე კი, კულტურის სფეროდან, როგორც ვნახეთ, ყველაზე „ცოცხალი" და არაერთგვაროვანი რეაქცია, პირველ რიგში, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კიდევ უფრო აქტიურად, თეატრს, თეატრის წარმომადგენლებს ქონდათ.
ამჯერად, პირველი დარტყმითი ტალღაც გადავლილია. ახალ და უცნობ დაავადებაზე პირველი მძაფრი რეაქციაც უკვე ჩავლილია და ის პერიოდიც დასრულდა, როდესაც მსოფლიოს თეატრები ინტენსიურად შეუდგნენ სპექტაკლების ონლაინ - პირდაპირი თუ ჩანაწერების - ჩვენებას - ძველის, ახლის ან შედარებით ახლის; როდესაც მომღერლები და მუსიკოსები, ასევე მთელი მსოფლიოდან, სხვადასხვა ქვეყნიდან თუ ქალაქიდან, ცენტრალურ დაცარიელებულ მოედნებსა თუ საკუთარ აივნებზე, სოლო და ერთობლივ, კამერულ თუ გალა კონცერტებს მართავდნენ, სოციალური ქსელებისა თუ სხვა ონლაინ პროგრამების მეშვეობით.
ვირტუალური მუზეუმებიც „გაიხსნა", ბიბლიოთეკებიცა და კინოთეატრებიც. ერთი სიტყვით, რაც არქივებში ინახებოდა და საავტორო უფლებებითა თუ სხვა აკრძალვებით იყო შეზღუდული, მიუწვდომელი ან ნახევრადმიუწვდომელი იყო დიდი აუდიტორიებისთვის, ხელმისაწვდომი გახდა.
არასდროს დამავიწყდება, როგორ მიგზავნიდა მსახიობი ნატო მურვანიძე, ყოველდღიურად, ამა თუ იმ თეატრის პროგრამებსა და ჩვენების დროსა და „ადგილს", როგორ ვუცვლიდით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ამა თუ იმ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, როგორ ვავრცელებდით ლინკებს „ფრენდებსა" და მეგობრებში, როგორ ველოდით სიახლეებს და როგორ აღმოვაჩინეთ ახალი სამყაროები, კარის იქ შეღებით, სადაც ადრე კარი არ იყო.
კოვიდთან ერთად ცხოვრების/თანაცხოვრების პირველი ეტაპიც გადალახულია და ჩვენც, ასე თუ ისე, მოვერგეთ სამყაროსთან კავშირის ახალ ფორმასა და წესრიგს.
სწორედ „კოვიდის" წყალობით მოგვეცა შესაძლებლობა, უკეთ დაგვენახა, როგორ გამოჩნდა ქართული თეატრი საერთო ფონზე, ერთად და დამოუკიდებელი ჩართულობებით მსოფლიო თეატრალურ კონტექსტში და როგორია მისი ადგილი დღეს, ქვეყნის შიგნითა და ისევ და ისევ მსოფლიო თეატრის ფონზე. თვალნათლივ და თვალსაჩინოდ. თუნდაც უკვე არაერთხელ ნანახი და დღეს უკვე განსხვავებულად დანახული სპექტაკლების მაგალითზე. სათქმელი ბევრია და ალბათ ამ ყველაფრის თქმის, გაანალიზების, შეფასების, ამაზე მსჯელობის დროც მოვა.
მოვა იმ სალექციო ციკლის შეფასებს დროც, რომლის იდეაცა და ორგანიზებაც თეატრმცოდნე მაკა ვასაძეს ეკუთვნის - „შექსპირი ქართველი რეეჟისორების შემოქმედებაში" (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის), რომლის მონაწილეებიც რეჟისორების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რომლებსაც უილიამ შექსპირის პიესები ბევრჯერ ან ერთხელ მაინც დაუდგამთ - რობერტ სტურუადან და თემურ ჩხეიძიდან დაწყებული - ყველაზე ახალგაზრდებით - ვთქვათ, იოანე ხუციშვილით, დათა თავაძითა და იოსებ ბაკურაძით დამთავრებული. ეს პროექტი ცაკლე თემაა და საფუძვლიან ანალიზს იმსახურებს.
მოვა იმ, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარე შეხვედრების ციკლის ანალიზისა და შეფასების დროც - „ქართული თეატრი კარანტინში", რომლის მეორე სეზონმაც ჩაიარა და რომლის ათეულობით „რესპონდენტი" - რეჟისორები, დრამატურგები, მსახიობები, ხელისუფლებისა და თეატრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფესტივალების ხელმძღვანელები - არა მხოლოდ პანდემიით დაზარალებულის მდგომარეობაში მყოფ თეატრს აფასებს და მის აწმყოსა თუ მომავალზე მსჯელობს, პანდემიისვე პირობებში, არამედ ზოგადად აფასებს თეატრს, სახელმწიფო პოლიტიკას, თეატრების დაფინანსების საკითხებს, თეატრში მომუშავე და თეატრებს მიღმა არსებული, როგორც პროექტის ავტორსა და წამყვანს, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს უყვარს თქმა - დამოუკიდებელი რეჟისორების, დამოუკიდებელი მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების - იმ ადამიანების ბედსა და მდგომარეობას, რომლებსაც „კოვიდმა" ყველაზე დიდი ზიანი მოუტანა, არა მარტო შემოქმედებითი, არამედ მატერიალურიც.
შეიძლება ონლაინ დისკუსიების მონაწილეების ნაწილმა ვერ გაიგო პროქტების კონცეფცია და ასეთი ლექცებისა თუ საუბრების მიზანი, ამოცანა და ფორმატი. უმეტესობამ „ზუსტად" შეაფასა რეალობა, მაგრამ მხოლოდ ამით შემოიფარგლა; ვიღაცამ ერთი მოსაზრებაც ვერ გამოთქვა, თუ როგორ ხედავს თეატრის მომავალს, ან რას ფიქრობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს არსებული ვითარების გამოსასწორებლად, ზოგადადაც და კონკრეტულადაც. ზოგმა „ასპარეზი" იპოვა და შესაძლებლობა არამიზნობრივი ბრალდებებისა თუ პრეტენზიების აგრესიულად ამოსათქმელად გამოიყენა.
მთავარია, რომ ამ საუბრების დროს გამოთქმული მოსაზრებები იმსახურებენ მოსმენას, ანალიზს, კვლევას, ბევრი საკითხის გადახედვასა და „მიყურადებას" და არა მხოლოდ, ვთქვათ, თეატრმცოდნეების მხრიდან (რომლებზეც, როგორც „აღმოჩნდა", ყოფილა ქართული თეატრის ბედი და უბედობა დამოკიდებული, რომლებიც, თურმე, ყველა პრობლემაში, რომლების წინაშეც დგას უახლესი ქართული თეატრი, მთავარი დამნაშავეები და განვითარების ხელისშემშლელები არიან), არამედ, ყურადღებასა და რეაგირებას საჭიროებს, უშუალოდ, მათგან, რომლებიც საქართველოს სახელოვნებო ცხოვრებას უძღვებიან (აქტიურად თუ მოკრძალებით) და პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ვალდებულია იზრუნოს ქვეყნის მოქალაქეებზე, რა პროფესიისაც უნდა იყვნენ ისინი; რომელსაც არ გააჩნია კულტურის პოლიტიკა და საერთოდაც, ნაკლებად აღელვებს ქართული კულტურისა თუ ქართველი ხელოვანების ბედი. ნებისმიერ - ცხოვრების ჩვეული მსვლელობისას, თუ ექსპტრემალურ პირობებში.
ყოველ შემთხვევაში, თავიანთ თუ საერთო სატკივარზე ასე საჯაროდ, ერთად და მეტ-ნაკლებად სისტემატიზებულად ქართველ ხელოვანებს (ამ შემთხვევაში, თეატრის წარმომადგენლებს) არასდროს უსაუბრიათ. და ხელისუფლებას თამამად და თავისუფლად შეუძლია ამ მოსაზრებებსა და შეფასებებს დაეყრდნოს.
არ ვგულისხმობ რეცეპტებს, არც გეგმების დაწყობას. პანდემიამ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ ნებისმიერო გეგმის დასახვა უტოპიაა, ბევრი მიზეზითაც და იქიდან გამომდინარეც, რომ არ ვიცით, ხვალ რა მოხდება, რა გველოდება. ძნელია განსაზღვრა, რა იქნება ცხოვრების რომელიმე სფეროში. მსოფლიოს მომავალი და აწმყოც კი, გაურკვევლია. არც რეგულაციების სწორად განსაზღვრა შეუძლია ვინმეს და არც, ვთქვათ, იმის განჭვრეტა, სკამების როგორი განლაგება იქნება მისაღები და უსაფრთხო თეატრალურ, საოპერო დარბაზებში, კინოთეატრებში თუ, როგორც უწოდებენ, მასობრივი თავშეყრის სხვა მსგავს ადგილებში.
ეს არარეალური მდგომარეობა, რომლის ბოლომდე გაცნობიერება და რეალობის ფარგლებში მოქცევა შეუძლებელია. რადგან ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და როგორ გაგრძელდება ცხოვრება.
და მაინც, რაც უნდა მოხდეს, ყველა შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ალტერნატული, პარალელური და „შემოვლითი" გზები, უნდა არსებობდს გეგმა „ბ", „გ", „დ" და უნდა არსებობდეს იმ გზის გაგრძელების გამოცდილი გეგმაც, რომლითაც მსოფლიო ცივილიზაცია აქამდე მოვიდა.
და სწორედ ამიტომ, რომ მომავალი გაურკვეველია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება ის ინიციატივები თუ წამოწყებები, რომლებსაც ადამიანები „ახლა და აქ" მიმართავენ და ამისთვის, თანამედროვე მოცემულობებს, შესაძლებლობებს იყენებენ. სწორედ არსებულ პირობებში ეძებენ გამოსავალს. არ ჩერდებიან და მოქმედებენ.
ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, პანდემიის საწყის დღეებში, კარანტინის გამოცხადებისა და საზოგადოებაში „ქცევის წესების" დადგენის შემდეგ, მომხდარი ფაქტები, რომლებიც უშუალოდ თეატრს, ახალ „რეგულაციებს" მორგებულ პროექტებსა და რეალურიდან ვირტუალურ სივრცეებში გადანაცვლებას უკავშირდება.
მაგალითად, როგორიც იყო, დიმიტრი ხვთისიაშვილის მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში", ნიკა ფაიქრიძის მონაწილეობით. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სარეპერტუარო და წარმატებული სპექტაკლის, ქართულ ინტერნეტსივრცეში პირველი ონლაინ და „ცოცხალზე" არანაკლებ წარმატებული ჩვენება ახალგაზრდა მსახიობმა არა თეატრის სცენიდან, არამედ სცენადქცეული საკუთარი ოთახიდან გამართა, რომელშიც მთლიანად გადაიტანა, მოათავსა დეკორაცია ანუ თეატრი.
აღსანიშნავია დმანისის თეატრისა და მის სამხატვრო ხელმძღვანელ, ლაშა ჩხვიმიანის, არ მომერიდება, ვთქვა, არაჩვეულებრივი ინიციატივა, მოფიქირება და წარმატებული ექსპერიმენტი - „თეატრი კომიქსში" - სარეპერტუარო სპექტაკლების გაკომიქსება, სპექტაკლების ფოტოების მიხედვით, რითაც იდეის ავტორები და შემსრულებლები თეატრალური ხელოვნების ტრადიციული საზღვრებიდან გავიდნენ და ვირტუალური სივრცის შეატყვის ენაზე აამეტყველეს, რაც მანამდე „ცოცხალი" იყო და ამჯერად, „დმანისელების" „ფეისბუქგვერდზე" სხვაგვარად გაცოცხლდა.
შემდეგ, ასევე ახალგაზრდების, უფრო მოზრდილმა ჯგუფმა, დრამატურგებმა და რეჟისორებმა - თემო რეხვიაშვილმა, დავით ხორბალაძემ, ვალერი ოთხოზორიამ, ანა სანაიამ, ალექსანდრე გოგოლაძემ - თემურ ჩხეიძის სახელოსნოდან, დრამატურგ დავით გაბუნიასა და რეჟისორ დათა თავაძის კურატორობით, სამ მსახიობ - ქეთა შათირიშვილის, მაგდა ლებანიძისა და იოსებ ხვედელიძის მონაწილეობით, სამეფო უბნის თეატრში, ტექსტების, შეიძლება ითქვას, უნიკალური, რეკორდული და შემოქმედებითად არანაკლებ აღსანიშნი, 9-საათიანი ნონ სტოპ კითხვა მოაწყეს, სახელწოდებით, „იქ დრამაა", დღევანდელობის რიგ საკითხებსა თუ განწყობა-შეგრძნებებზე გამოძახილით, მოქმედების ორ „განზომილებაში" მოქცევით - „ცოცხლად" - სამეფო უბნის თეატრის ქუჩაში გამავალ, სპეციალურ თეატრალურ სივრცედქცეულ ფოიეში (სივრცის დიზაინი - ქეთი ნადიბაიძე), მაყურებლისა და ქუჩიდან მინით გამიჯნულ სივრცეში და „ლაივში" - ონლაინ.
ამ მოვლენებამდე, ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე, ორმა ახალგაზრდამ - დავით თარბამ და ქეთევან სამხარაძემ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის III კურსის სტუდენტებმა - „პიესების ონლაინ კითხვის პლატფორმის" დაანონსება დაიწყეს და მალევე, ერთი-მეორის მიყოლებით, პატარა ინტერვალით, ორი ონლაინ სპექტაკლი წარმოადგინეს, რომლებსაც პიესების ონლაინ კითხვა უწოდეს.
ეს სპექტაკლები, საგანგებოდ დაწერილ და ვირტუალურ სივრცესმორგებულ პიესებზე დაიდგა. თუმცა, ამგვარ „მორგებას" ხელი არც ერთისთვის შეუშლია, ყოფილიყო თანადროული, შეიძლება ითქვას, ზეთანადროულიც, პრობლემებისა და მათი გამოხატვის კუთხით და არ ყოფილიყო ხელოვნური ან ნაძალადევი.
პლატფორმის დამფუძნებელების თქმით: „ამ ეტაპზე პლატფორმაზე წარმოდგენილია ორი პიესა, რომელიც მაყურებლის წინაშე, ლაივ რეჟიმში ფეისბუქ გვერდისა და „იუთუბ" არხის დახმარებით წაიკითხეს და გაითამაშეს".
ეს „წაკითხული და გათამაშებული" სპექტაკლებია:
„ASAP" - დრამატურგი - გურამ მაცხონაშვილი, რეჟისორი - დავით თარბა, ტექნიკური რეჟისორი/მონტაჟი - ქეთევან სამხარაძე, კომპოზიტორი - ლევან ბაშარული, მხატვარი - ბექა ჩხაიძე. მონაწილეობენ: TSIRA - ეთო (ცოი) ალექსაშვილი, I კურატორი - ანი იმნაძე, II კურატორი - მარიამ ჯოლოგუა, III კურატორი - ნინო კასრაძე.
და „შემდეგი გაჩერება „დიაგონალი" - პიესის ავტორი - ანა სანაია, რეჟისორი - ქეთევან სამხარაძე, კომპოზიტორი - ლევან ბაშარული, მხატვარი - ანინა ლებანიძე.
იმის მიხედავად, რომ პროექტს „პიესების ონლაინ კითხვა" ეწოდება, პროექტის ავტორები „პროგრამაშიც" - ასე უთითებენ - კითხულობენ და თამაშობენ: ინანო - სოფო ლეჟავა, დაჩი - ნიკუშა ფაიქრიძე, დემნა - ბექა ლემონჯავა, დეა - ანკა დიდმანიძე.
სწორედ სიტყვა - თამაშობენ - არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ „კითხვასთან" ტრადიციული გაგებით, არამედ თეატრალური წარმოდგენის მთავარ ხერხთან - თამაშთან, როგორც სპექტაკლის არსებობის პირველად განმსაზღვრელ საფუძველთან. ბაზისთან.
ეს „კითხვები" უფრო სპექტაკლებია, ახალ სივრცეში, ახალი ფორმებისა და ახალი თეატრალური ხერხების ძიება, რასაც თეატრის ვირტუალური ფორმატის, შესაძლებლობების ძიება შეიძლება ვუწოდოთ, ხერხებით, რომლებსაც რეჟისორებიცა და მსახიობებიც იყენებენ, ზუსტად შერჩეული და სივრცეს მორგებული პიესების დადგმით.
კრიტერიუმებს, რომლებიც ნებისმიერ სპექტაკლს ნებისმიერ სივრცეში მოეთხოვება, ASAP-იც და „შემდეგი გაჩერება „დიაგონალიც" აკმაყოფილებენ. ორივე შემთხვევაში ნაპოვნია ფორმა, რომელიც ზუსტად იმ ადგილისა და პირობებისთვისაა ორგანული, რომლისთვისაც ისინი შეიქმნა.
ქეთევან სამხარაძე და დავით თარბა ასე ხსნიან პლატფორმის იდეას, ჩანაფიქრს, ძირითად კონცეფციასა და შექმნის მიზეზებს: „პიესების ონლაინ კითხვა" ახალი ლაბორატორიული ხასიათის თეატრალური ონლაინ პლატფორმაა, სადაც უახლესი ქართული და უცხოური პიესებია წარმოდგენილი. ჩვენი მიზანი ახალი ავტორებისა და პიესების მოძიება და წახალისებაა. პლატფორმა პანდემიის დასაწყისში შეიქმნა, მაშინ, როდესაც პირველად, სწორედ თეატრების კარი დაიკეტა. და ის მიმდინარე თეატრალური გამოწვევის საპასუხო რეფლექსია იყო. პლატფორმის შექმნის საფუძველი ლაბორატორიულ პირობებში საკითხისადმი ინოვაციური მიდგომაა, რაც პროექტების დისტანციური საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასა და ონლაინ სივრცეების ათვისებას გულისხმობს".
როდესაც, უშუალოდ დარგის სპეციალისტებს თუ არ ჩავთვლი, პლანეტის მოსახლეობის 99 პროცენტმა, 3 თუ 4 თვის წინათ პირველად გაიგო, რომ არსებობს „ზუმი", „გუგლ მითი" და სხვა მსგავსი „კავშირები" სამყაროსთან; დიდმა ნაწილმა პირველად „მოათავსა" და მოსინჯა თავი ინტერნეტსივრცეში; უმეტესობამ პირველად გამოიყენა „ლაივი", „ლაივსთრიმინგი" - შემოქმედებითი იდეების გამოსააშკარავებლად. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სურვილი, გამოიყენო ეს შესაძლებლობები და შემოქმედებით პლატფორმაზე გადაიტანო, მოძებნო ახალი თეატრალური მოედანი, „ტერასა" და იქ მოყვე ამბავი, ახალი გამომსახველი, მხატვრული ხერხების, პირადი აღქმების გამომხატველი ფორმებისა და ინდივიდუალური სტილისტიკის მეშვეობით.
ეს ყველაფერი, სპექტაკლების წარმოდგენის ასეთი ფორმა და „ადგილი" მართლა იმდენად ახალია, რომ ჩვეული მიდგომით აღქმა და გაანალიზება რთულია. ესაა ახალი ფორმების, ხერხების, შესაძლებლობების, გამომსახველი საშუალებების ძიება. რომლის შეფასების კრიტერიუმები, ნორმები, დადგენილი წესები არ გაგვაჩნია, არ ვიცით და ახლა ჩვენც, ამ ახალგაზრდებთან ერთად უნდა აღმოვაჩინოთ. მივყვეთ ფეხდაფეხ და ავ-კარგზე, არსსა და რაობაზე ვიფიქროთ.
„შემდეგი გაჩერება „დიაგონალისა" და ASAP-ის მოქმედების ადგილი შეიცვალა. და არა იმ მხრივ, რომ „შემდეგ გაჩერებაში" მოქმედება „ბარსელონაში ხდება". ისინი ბუნებრივად დაცილდნენ ტრადიციულ სცენას (დარბაზში) და სცენად - მონაწილეების ბინები „გადაკეთდა". თითოეული ინტერიერი (როგორიც ისინი არის), საიდანაც მსახიობები მოქმედებაში ერთვებიან, თეატრალური დეკორაციის ნაწილად იქცევა, რომლებსაც ვირტუალური სივრცე აერთიანებს.
სამუშაო პროცესის „კულისებს" პლატფორმის დამფუძნებლები ასე აღწერენ: „პროექტზე მუშაობა ოთხ ნაწილად იყოფა. წინარე სამუშაოში ჩართულები არიან დრამატურგი (სურვილისამებრ), რეჟისორი, მხატვარი და კომპოზიტორი. ვადგენთ კონცეფციას, ვიზუალურ კონტენტს. მონტაჟდება და ადაპტირდება ტექსტი. მეორე ეტაპზე იწყება მედიუმისა და არსებულ ხელსაწყოთა შესაძლებლობების კვლევა. მესამე ეტაპზე ერთვებიან მსახიობები. რეპეტიციები თავიდან ბოლომდე დისტანციურად მიმდინარეობს.
მეოთხე ეტაპი კი, ე.წ პოსტფროდაქშენია. პლატფორმა მუშაობს სახლის პირობებში, კუსტარულად შეკოწიწებული ტექნიკითა და სრულიად მოხალისეობრივად. ძირითად სამუშაოს პროექტის შემქმნელები - რეჟისორები ასრულებენ".
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის, რაც გაკეთდა და რომ გაკეთდა. რომ ამ პროქტის ავტორ-რეჟისორებს აღმოაჩნდათ სათქმელი, პოზიცია, ძალა და „რაც შეიძლება სწრაფად" მოინდომეს იდეის განხორციელება, რისთვისაც არ მიმართეს უკვე არსებული შესაძლებლობების ახალ მოცემულობაზე უხერხულ, ნაძალადევ მორგებას. სწორედ აქ - ინტერნეტსივრეში დაიწყებს ძალების მოსინჯვა და არ გაჩერდნენ. და, რაც მთავარია, იპოვეს ეს ახალი გზები და ენა, მსახიობებთან ერთად, ზუსტი ამოცანებისა და პირობების განსაზღვრით და შედეგი მიიღეს.
მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, რომ ქეთევან სამხარაძე და დავით თარბა ახალგაზრდები არიან, რომლებსაც, ფაქტობრივად, არ აქვთ სარეჟისორო გამოცდილება. არ აქვთ საკმარისი პრაქტიკა, მაგრამ მათ, „პლატფორმის" შექმნით, აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ ყოველთვის და ყველა ვითარებაში არსებობს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გააქტიურების გზა, რაღაცის აღმოჩენის პერსპექტივა, თუ გაქვს იდეა და იდეის გადაწყვეტის უნარი.
ალბათ რთულია მუშაობა უკონტაქტოდ, არა ერთ სივრცეში, ტრადიციულ ფორმატში, მაგიდასთან, ძგიდეებში თუ სცენაზე რეპეტიცების გარეშე, როგორც მსახიობების, ასევე რეჟისორებისა თუ პროექტის სხვა მონაწილეებისთვის.
ასეთ შემთხვევაში, ძირითადი დატვირთვა მსახიობებზე მოდის. მათ უნდა ზუსტად ამოხსნან და გააძლიერონ სარეჟისორო ჩანაფიქრის ეფექტი, სწორად და ზუსტად მოძებნილი ნიუანსებითა და შტრიხებით. ინტონაციებით, ტონებით, ამა თუ იმ ვითარებას მორგებული ემოციური „შეფასებითა" და ბალანსირებით. ხასიათები, ხასიათების თვისებები, რომლებსაც არტისტები - ეთო (ცოი) ალექსაშვილი, ანი იმნაძე, მარიამ ჯოლოგუა, ნინო კასრაძე, სოფო ლეჟავა, ნიკუშა ფაიქრიძე, ბექა ლემონჯავა, ანკა დიდმანიძე - პერსონაჟებს სხვადასხვა არართგვაროვანი დეტალით უქმნიან, განსაზღვრავენ ორივე წარმოდგენის თავისებურებებს, არაერთგვაროვნებასა და მნიშვნელოვნად აპირობებენ წარმატებას.
რთულია მუშაობა დრამატურგებისთვის, რომლებმაც პიესები არსებულ მოცემულობას უნდა მოარგონ, შეთხზან ტექსტები, რომლებიც მონიტორიდან „ზუსტად" აჟღერდება და ამითაც ხელი შეუწყონ ვირტუალურ სივრცეში გამართული სპექტაკლის მხატვრული, სტრუქტურული, კომპოზიციური, დრამატურგიული ფორმისა და წყობის ჩამოყალიბებას.
დავით თარბა და ქეთევან სამხარაძე იყენებენ ინტერნეტტექნოლოგიების შესაძლებლობების, თეატრალური, კინო და ტელეხერხების სინთეზს. რომელიც მოცულობითობასა და მხატვრულ გამომსახველობას აძლიერებს და ქმედითობას ანიჭებს, კომპიუტერის ეკრანითა და ონლაინ ჩართული მსახიობების იძულებით სტატიკურობას.
„ბოლო გაჩერება „დიაგონალში" - სხვადასხვაფერ „ფანჯრებში" „ჩასმული" 1, 4 და 7 ეკრანი, რომლებზეც მსახიობებთან ერთად, დრამატურგი, კომპოზიტორი და ზოგჯერ რეჟისორიც ჩანან (ანა სანაია წამყვანის როლს/ფუნქციას ასრულებს, ლევან ბაშარული ცოცხლად აფორმებს მოქმედებას და ქეთი სამხარაძეს სპექტაკლი მიყავს), მკვეთრი და ნათელი გამოსახულება, მხატვრული წესრიგი ქმნის სივრცობრიობის, თავისუფლების, „სიცოცხლის" ეფექტს, რაც მდიდრდება რეჟისორული კონცეფციის სახეობრიობით, ფრაგმენტულობით, „კლიპურობით", ობიექტების გაელვებით; მკაფიო და ჩარჩოებით „მოწესრიგებული" ერთიანი სივრცით, რომელიც საკუთარი კანონების მიხედვით მოქმედებს.
ASAB-ში - სამი ან ოთხი „ეკრანია" - „მოჭრილი" სახეები, კადრებში მოქცეული მსახიობები ინკრუსტაციის, ჩაბნელებულ-გამონათებულ ფონზე, დეფორმირებული გამოსახულებითა თუ ბუნებრივ გარემოში; საერთო, საშუალო, ახლო ხედები და დეტალები; ტიხრები, ქმედითი, გრაფიკული ნახატი; ცარიელი, ობიექტებისგან გათავისუფლებული და ფერებით შეცვლილი „კადრების" მონაცვლეობა, გამოსახულებისა და ფერების ცვალებადობა, კონტურითა და ლოკალური და მჭახე ტონების ლაქებით გამოკვეთილი სხვადასხვა ობიექტი, აბსტრაქტული ხაზებისა და ფერების მოძრავი ერთიანობა; დინამიკური სილუეტები, კოლაჟურობა, მოძრაობის დინამიკა, დიაგონალზე, ვერტიკალზე, ჰორიზონტალურად, თუ პარალელურად. ქაოსი და წესრიგი, როგორც სამყაროში არსებული მოვლენების ერთობლიობა. ანიმაციური კადრები თეატრის საზღვრებში კინოს „ჩართულობის", ონლაინ სივრცის შესაძლებლობების გაფართოებისა და გამოყენების კიდევ ერთი შედეგიანი ნაბიჯია.
ტექნოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, როდესაც მონიტორზე ერთდროულად რამდენიმე „ეკრანი" ჩანს და თითოეული, მონაწილეების ჩართულობით, ტექსტის წარმოთქმისას, თავისით აქტიურდება (გამოსახულებისა და სცენების სიმწყობრის მართვა, საკუთარი სურვილითა და ჩანაფიქრით, ასეთ პირობებში ვერ ხერხდება), როგორც რეჟისორები აღნიშნავენ, სწორედ პოსტპროდუქციის ეტაპზე აღწევს სისრულესა და მხატვრულობას. მოქმედების გადაღება-ჩაწერისა და ეკრანზე დემონსტრირების ასეთ ხერხს, შეიძლება პანორამული და „სამეკრანიანი" კინოს პრინციპი ვუწოდოთ. აქედან გამომდინარე, თავისთავადი მონტაჟით, თავისთავადი საერთო კომპოზიციური გადაწყვეტითა და კადრების თანაფარდობით. რასაც ორგანულად და სახიერად სდევს და ააქტიურებს მუსიკა. ხმოვანების თავისებურება და ზუსტად მოძებნელი ჰარმონია თუ დისჰარმონია. ისევ და ისევ, სამყაროში არსებული განადგურების პროცესზე ექსპრესიული პასუხი.
ჩვენ ვლაპარაკობთ ფაქტზე და რატომღაც მთავარი გვავიწყდება - რასაც ეს ფაქტი ემსახურება (უნდა ემსახურებოდეს) და რაც ნებისმიერი შემოქმედებითი აქტივობის მთავარი მიზანია (უნდა იყოს). ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც მოხდა/ხდება (და გვინდა, მოხდეს) და ნაკლებად გვაინტერესებს, როგორ?! რა ფორმით, როგორი ფორმატით, რა მხატვრული (თუნდაც, ტექნიკური) ხერხებით. რადგან თეატრთან გვაქვს საქმე, იმის ანალიზით (მცდელობით მაინც), რაზეც მცირედი წარმოდგენა მაინც გვაქვს.
ამ შემთხვევაში, ეს ორი სპექტაკლი ახალ რეალობას მორგებული ახალი თეატრალური ფორმებისა და მისი ადექვატური სტილისტიკის, გამომსახველი ხერხებისა და სამეტყველო ენის ძიების გზებია, თამამი ექსპერიმენტები, რომლებიც წარმატებით დასრულდა.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, დავით თარბასა და ქეთევან სამხარაძის ინფორმაციით: „ამ ეტაპზე პლატფორმა აქტიურად ეძებს ახალ ავტორებს, პიესებსა და დონორებს შემდეგი პროექტების უფრო ხარისხიანად და მასშტაბურად განხორციელებისთვის".
ჩვენთვის კი, მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ იდეის, პიესების ავტორები, რეჟისორები, კომპოზიტორი, მსახიობები - შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფის წევრები ახალგაზრდები არიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ „პლატფორმის" ჩანაფიქრმა გაამართლა. იმის თქმაც შეიძლება, რომ ყველაფერი გამოცდილებიდან, პრაქტიკიდან, მოქმედებიდან იწყება. ასე რომ არა, ბევრი უნარი და შესაძლებლობა, შეიძლება არც გამომჟღავნებულიყო. ახლა კი რეალობაა.
სამყარო კი ახალი რეალობის წინაშეა. თეატრიც/ხელოვნებაც, ძველ და უკვე მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გარდა, ახალ ფორმებსა თუ არსებობის გზებსა და ფორმებს ეძებს და ჯერ დასკვნების გამოტანა, სრულფასოვანი შეფასებები და განსაზღვრებები, ადრეცაა და არასაკმარისიც იქნება.
ყველაფერში, საქმიანობის ყველა სფეროში, მედიცინაშიც კი, ექსპერიმენტების, ცდების, „სამაგიდო" რეპეტიციებს დროა. ასეთ რეალობაში აღმოვჩნდით და ცხოვრების თავიდან სწავლა გვიწევს, თეატრიც სწავლობს ახალ სიტყვებსა და ახალ ენაზე მეტყველებას.
დღეს როგორც მსოფლიოს, ისე ქართულ თეატრში განახლდა რეპეტიციებიც, სპექტაკლების ჩვენებებიც და აქა-იქ ფესტივალებიც მიმდინარეობს (მართალია, სცენის - თეატრის შენობის გარეთ). რეჟისორები, მსახიობები, დასები ეძებენ ეზოებს, პარკებს, მოედნებს, გაშლილ სივრცეებს, მართავენ ფიცარნაგებს, (შეიძლება ფარდაგებსაც აგებენ) და თამაშობენ. მაგრამ მაინც „ტრადიციული" ფორმითა და ფორმატში. შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული და ახალ სივრცეებს შეთავსებული ცვლილებებით.
თუმცა, ეს არაა სიახლე. ასეთი შემთხვევები, ქუჩის ჩვენებები თუ თეატრებიდან ქუჩაში/მოედნებზე/პარკებში გატანილი წარმოდგენების გამოცდილება უხსოვარი დროიდან არსებობს. ქართულ თეატრშიც ასე ხდებოდა და ზოგჯერ დღესაც ასეა, განსაკუთრებით, ფესტივალების მსვლელობისას. ამ ალტერნატივას იყენებდნენ - „საჩუქარი", ბათუმის მონოპიესების, ახალი დრამის, ფოთის, თბილისის თეატრალური - ფაქტობრივად, ყველა მოქმედი - ფესტივალი და ესა თუ ის რეჟისორი. ამდენად, თეატრი ღია სივრცეში ორგანულად და ბუნებრივად გადავიდა.
რა თქმა უნდა, თეატრი არასდროს დაკარგავს „თავის ადგილს", ჭერს. ისევე, როგორც ინტერნეტსივრცეში განხორციელებული დადგმები ვერ შეცვლიან „ცოცხალ" თეატრს, სადაც უნდა თამაშდებოდეს ის. რადგან ყველა თანხმდება, რომ თეატრი უშუალო ურთიერთობაა, პირდაპირი კონტაქტი მაყურებელსა და მსახიობებს შორის და არა ეკრანის, მონიტორისა თუ პლასტიკატის ბარიერით გამიჯნული ორი განზომილება. ესაა მისი მთავარი ძალა, მიმზიდველობა და მაგია.
მე მაინც ოპტიმისტი ვარ და იმედიანი. ამიტომ მჯერა, რომ, როდესაც ყველა სივრცე, ყველა კარი, ყველა გზა და ყველა დარბაზი გაიხსნება, ბარიერებიც გაქრება და აკრძალული აღარაფერი იქნება, პანდემიის პერიოდი კი მოგონებად იქცევა, ამ დროში, გამოსავლის ძიების მიზნით ამოქმედებული ყველა პლატფორმა, ყველა განზრახვა და „მოძრაობა", ყველა ექსპერიმენტი და პროექტი, პირველადი თუ ტრანსფორმირებული სახითა და ფორმით, ქართული თეატრისა და მისი მომავლისთვის შედეგს გამოიღებს.
დარწმუნებული ვარ, რომ უკვალოდ და უშდეგოდ არაფერი გაქრება და ეჭვი არც იმაში მეპარება (როგორ პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს - ასე ვხედავ და მინდა მოხდეს), რომ განახლებული, ახალი ქართული თეატრის დასაწყისთან, პირველ რიგში, ახალგაზრდები, ახალბედა და ინიციატივიანი ენთუზიასტები უკვე დგანან და ახალი ქართული თეატრიც სწორედ მიღებული სტრესების, ტრავმების, კარჩაკეტილობის, პირადად დაგროვილი მარაგებისა და უკვე მიღებული გამოცდილებით დაიწყება. ეს არაა ბოლო გაჩერება. პირველი გაჩერებაა, საინტერესო და მრავლისაღთმქმელი მოგზაურობის წინ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა